დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - ნინო დოფიძე “ჰანამის (ჰანამი – საკურას ყვავილობით ტკბობა) მთელი ხიბლი მისი სილამაზით შორიდან ტკბობაა.” იუკიკოს მომავალი მამამთილი. ზოგჯერ კითხვა დაუმორჩილებლობის აქტია ყოველგვარი პირობითობების მიმართ, სწორად წარმართული კითხვა კი ყველაფრისგან დაგიცავს საკუთარი თავისგანაც კიო, – ამბობს დანიელ პენაკი წიგნში “რომანივით საკითხავი” და ძალიან მიყვარს დანიელ პენაკიც და ეს ამბავიც. მიყვარს ლიტერატურის ჯადოსნური ძალა, მოგცეს ყველაფერი და იქცეს შენს მთავარ მცველად და საყრდენად. ჯილდოა მკითხველისთვის ასეთი საკითხავი, როგორც ჯუნიჩირო ტანიძაკის დიდი საგა “ნაზი თოვა” და თუ რატომ ვფიქრობ ასე, შევეცდები ქვემოთ უფრო ვრცლად მოვყვე. ავტორს წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირის, საჩიკოს პროტოტიპად საკუთარი მესამე ცოლი, მაცუკო მორიტა ჰყოლია და ცოლის დებისგან კი დები მაკიოკების პერსონაჟები გამოიკვეთენ. რომანი აუკრძალავს სამხედრო ცენზურას, რომლის კვალი წიგნშიც ჩნდება თხრობის ბოლოს დღესასწაულების და სიხარულების, პომპეზურობის შეზღუდვების და აკრძალვების სახით, თუმცა მაინც გამოცემულა სამ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. “ნაზი თოვა” დები მაკიოკების ამბავია. მათი თავგადასავალი ჩემთვის ყველაზე საინტერესო, შორეულ და იდუმალ ქვეყანაში ვითარდება და დებთან ერთად, მკითხველისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამბავი იაპონიაა, თავისი ყოფა-ცხოვრებით, წესებითა და ტრადიციებით, ქალაქებითა და ისტორიით. წიგნში ასახული ქვეყანა საუკეთესო მასპინძელია და თავს კიდევ უფრო გაყვარებს. დები მაკიოკების საგვარეულო დიდება, მამის სიკვდილის მიუხედავად, არ გამქრალა, ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს მისი სიმდიდრე, სიუხვე და ხელოვნებისადმი სიყვარული და მფარველობა. მამას უფროსი ქალიშვილის, ცურუკოს ქორწილისას სამი სახელგანთქმული მხატვრისთვის დაუხატინებია იაპონიის სამი ცნობილი ხედი და სამფენიანი კიმონო შეუკერავთ. იუკიკოს ქორწილისთვის კი, რომელიც როგორც იქნა უნდა შედგეს, მრავალი მიაის (წყვილის გასაცნობი შეხვედრა) და წუხილის, ლოდინის შემდეგ, საჩიკოს ნახმარი კიმონოების ყიდვამ მოუწია, რადგან 7 ივლისის ბრძანებით შეიზღუდა ფუფუნების საგნების შეძენა და მამაც დიდი ხნის მკვდარი იყო. ოთხი და: ცურუკო, საჩიკო, იუკიკო და თაეკო განსხვავებული და საინტერესო დები არიან. თითქოს წელიწადის ოთხ დროს ჰგავნან. ჩემი წარმოდგენით, მათ შორის უფროსი და ცურუკო ზამთარია, საჩიკო – შემოდგომა, იუკიკო – გაზაფხული, თაეკო კი – ზაფხული. დებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. განსაკუთრებით საჩიკოა ყველა მათგანის შემკრები, მოსიყვარულე, დედასავით მზრუნველი და თავისუფლების თვისებით ყველაზე უფრო შემკული. მისთვის მთავარი ბედნიერება ყველას კარგად ყოფნა და მშვიდი, მყუდრო დღეებია, როცა არაფერი აფერხებს ბედნიერებას, როდესაც ყველა ისე ცხოვრობს როგორც უხარია. რა თქმა უნდა მასაც აწუხებს “მთავარი სახლის,” საკუთარი ოჯახის, მეგობრების, გარშემომყოფების, საზოგადოების აზრი, თუმცა ისე არა რომ პიროვნული თავისუფლება შეეზღუდოს ან მის ცხოვრებას რაიმე ჩრდილი მიადგეს. მის ამ სიმშვიდესა და ბედნიერებას საყვარელი მეუღლე, ტეინოსკეც განაპირობებს, რომელიც საჩიკოს მსგავსად თავისუფლებისა და ბედნიერების ადამიანია. მას ძალიან უყვარს საჩიკოს დები, მოსწონს მათზე ზრუნვა და დიდ სინაზეს იჩენს მათთან ურთიერთობაში. ცხადია საჩიკოს და ტეინოსკეს თანაცხოვრებას სიძნელეებიც ახლავს, მაგრამ თითქმის უმნიშვნელო, რადგან მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ჰყავთ შესანიშნავი ქალიშვილი ეცუკო, გულწრფელები არიან, სიმდიდრე არაა მათთვის სიხარბე, სიცოცხლით ტკბობა ყველაზე კარგად ეხერხებათ. თაეკო, ყველაზე პატარა და ყველაზე თანამედროვე დაა, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და ებრძვის მოძველებულ, ოჯახურ ტრადიციებს, რომელიც ავალდებულებულებს დაემორჩილოს უფროს დას და სიძეს, ე.წ. მთავარ სახლს, მათი მითითებით გადაწყვიტოს რა უნდა მომავალში, გათხოვება თუ დიზაინერობის სწავლა პარიზში. თაეკოს განსაკუთრებულად უყვარს დასავლური წეს-ჩვეულებები, ჩაცმულობა და მათი თავისუფლება და არაფერს იშურებს იმისთვის, რომ თავგადასავლებში გადაეშვას, თუმცა ასევე არ ივიწყებს ძველ, იაპონურ ტრადიციებს, არც მისგანაა დაშორებული და სწავლობს იამამურას ცეკვას, რომელიც ძალიან ტრადიციული და განსაკუთრებულია როგორც ჩაცმულობით ისე წარმოდგენით და თაეკოს შესრულებული ცეკვა “თოვლი” ისეა აღწერილი, სინაზით და ცოცხლად, რომ ნამდვილად ნანახი მგონია რომ მაქვს. აქვე არ მასვენებს ერთი ფიქრი, თაეკოს ხასიათი თუ არ მიგვანიშნებს უნდა მიგვანიშნებდეს ავტორის სურვილს, რა ურჩევნია მას და მგონია რომ მისთვისაც ორივე კულტურის არსებობა ყველაზე კარგი პოზიცია იქნებოდა, დასავლურის გათვალისწინება, რასაც ვერაფერი შეაჩერებს და ძველი, იაპონური ტრადიციების დაცვა და მოფრთხილება, რაც ერთმანეთს ხელს ვერ და არ შეუშლის. მთავარი შიში ხომ ესაა ხოლმე, რომ სიახლე ძველს გაანადგურებს. დებიდან ყველაზე მეტად მაინც იუკიკო მომწონს, მისი ძალიან ჩუმი, მორიდებული, უთქმელი ხასიათის, კითხვის სიყვარულის გამო, ამოვიწერე კიდეც მისი წაკითხული წიგნები: ბაირონის პოემა “შილონის ტყვე,” ანატოლ ფრანსის ნოველები და დაფნა დიუ მორიეს “რებეკა.” იუკიკოს ძალიან უყვარს ოსაკა და საჩიკოსთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მორჩილება ტოკიოში წაიყვანს, უფროსი დის ცურუკოს და მისი მეუღლის მოთხოვნით, რომლებსაც ევალებათ უმცროს დებზე ზრუნვა, მათი გათხოვება, და ეს ეთვლებათ მთავარ მოვალეობად. იუკიკო საჩიკოს დახმარებით მაინც ახერხებს ტოკიოსგან თავის დაღწევას, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაბრაზებდა მისი სიჩუმე და სურვილებზე უარის თქმა. ძალიან დიდი ხელოვნებითაა აღწერილი და მოთხრობილი თითოეული პერსონაჟი, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისწრაფებები და ცხოვრების ფაქიზი, პოეტური სტილი. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია საჩიკოს მსახური ო-ჰარუ. მისი ერთგულება და მისდამი ბატონების, საჩიკოს და ტეინოსკეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. მათ ო-ჰარუ უყვართ, ენდობიან, ახლობლად და თანასწორად მიიჩნევენ და ისევე ზრუნავენ მასზე, როგორც ოჯახის წევრზე. ძირითადად წიგნის პერსონაჟებზე საუბარს შევყევი, მაგრამ მათი ცხოვრება გვიყვება წიგნის სათქმელს, მის სურვილს შეინარჩუნოს ქვეყნად სიფაქიზე, პოეტურობა, რომანტიკა, სიცოცხლით ტკბობა (რაც უკვე ალბათ მეორეჯერ ვახსენე და არ ვთვლი რომ ზედმეტია), წმინდა იაპონური ხასიათი, რომელმაც იცის სიცოცხლის, ბუნების, დღის ფასი, ჰანამით (საკურას ყვავილობის პერიოდი) ტკბობის რიტუალი და ტრადიცია აქვს და მთელი რიგი დღესასწაულების ბუნების ძალის, მშვენიერების აღსაქმელად და გასააზრებლად. ვგულისხმობ თუნდაც საჩიკოს და ტეინოსკეს სიმწვანის საყურებლად წასვლას ნარაში და წვიმის წვეთების ხმაურის სავანეში განმარტოებას და იმას, როცა შეგიძლია ასეთი სახელი დაარქვა სავანეს და დააწერო ალაყაფს “წვიმის წვეთების ხმაურის სავანე.” ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რაც იკვეთება და რასაც ასეთი დიდი ლიტერატურა ადასტურებს ხოლმე ისაა, რომ სამყარო ერთი მთლიანობაა, უხილავი თუ ხილული კავშირებით და ადამიანი მის დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ნაწილში ბედნიერებისთვის, თავისივე წარმოდგენილი ბედნიერებისთვის იბრძვის, მიისწრაფვის, მიემართება და სულ ერთნაირი, მსგავსი ნაბიჯებით, განსხვავებული ფერებითა და ხასიათით, სიმაღლითა და სიდაბლით და ზუსტად ეს განსხვავებულობაა მამოძრავებელი ძალა. კოლინ მაკალოუ - "ბარდნარის ჩიტები"
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - სესილი ერაგია „ბარდნარის ჩიტები“ ყველაზე ნათლად გვანახებს, რომ ცხოვრება, არაფერია, თუ არა ბუმერანგი, რომელიც ადრე თუ გვიან ყოველ ჩვენგანს მიუბრუნდება. ვიძენთ რამეს? - ეჭვი არაა, რომ ცხოვრება მას უმალ გამოგვტაცებს. „იქნებ ჯოჯოხეთი სწორედ აქაა - მიწიერი უდაბნოს ხანგრძლივ ტყვეობაში? იქნებ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთის ატანა სიცოცხლეშივე გვიწევს...“ წიგნში მრავალ პრობლემურ თემასთან ერთად, წამოწეულია ქალთა აღიარების საკითხი. ვიქტორიანული ეპოქის მიერ ქალის როლის გაუფერულება, რომანშიც იკვეთება, განსაკუთრებით მძაფრად კი მაშინ წარმოჩნდება, როცა ახალშობილი, ვაჟის ნაცვლად გოგონა აღმოჩნდება (ნამდვილ კაცად ხომ ის მიაჩნდათ, ვინც ვაჟებს ზრდიდა!) „რას წარმოადგენს დედისთვის ქალიშვილი? მას, ვინც საკუთარ ტკივილს, საკუთარი ახალგაზრდობის ანარეკლს ახსენებს და გაივლის იმავე გზას, რომელიც თვითონ გაუვლია? რომელიც მასავით დაღვრის ცრემლებს? არა, მამაო! ვცდილობ დავივიწყო, ქალიშვილი რომ მყავს, და თუ მაინც ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ ისე, როგორც ვიფიქრებდი ვაჟიშვილზე. ვაჟიშვილები - აი, ვინ არ ავიწყდება დედას.“ წიგნის მრავალფეროვან პერსონაჟთა შორის, ფიონას გამოვარჩევდი. ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება სხვისთვის და სხვისი ინტერესებისთვის ცხოვრობდა; რომელმაც გრძნობები ჩაიკლა, გულგრილობის ნიღაბი აიფარა და ვერც შვილების შეყვარება შეძლო სათანადოდ... შეუძლებელია გვერდი ავუარო ფრენკს, რომელიც ვერ შეეთვისა ოჯახს და მშობლიურ ფესვებს მოწყდა, რათა გაუბედურებული კვლავ დაჰბრუნებოდა მას. პეტსი, რაინერი, ჯეიმსი - ისინი, ჯერ კიდევ ბავშვები ემსხვერპლნენ ომს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მომკვდარა. ზოგი სულიერად განადგურდა, ზოგი სამუდამოდ დასახიჩრდა. „ბარდნარის ჩიტების“ პერსონაჟები, - როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს - ისე ქრებიან, რომ ანთებას ვერც ასწრებენ. რა რჩება მათგან? ან რა რჩებათ თავად მათ განვლილი ცხოვრებიდან? მოვალეობები, მოვალეობები, მერე კი... მერე ცხოვრება მთავრდება. მოსაგონარიც კი არაფერია. „გზის სირთულეებს სრულად მხოლოდ ის იცნობს, ვისაც ფეხი დაუსხლტა და დაეცა“. პერსონაჟებს ყოველივე ეს საუკეთესოდ მოეხსენებათ და ისიც იციან, რომ ბედნიერება ტანჯვის გარეშე არ მიიღწევა, სწორედ ამიტომ სჩადიან თვითმკვლელობის ტოლფას საქმეებს და წუთითაც კი არ იხრიან წარბს. დასკვნა ერთია - „საუკეთესო ადამიანებს რატომღაც ყველაზე მეტი ტანჯვა ხვდებათ წილად“. მეგიცა და რალფიც დაბადებულიყვნენ იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც უყვარდათ და ვინც ეძვირფასებოდათ, თანდათანობით, მტკივნეულად გამოსცლოდათ ხელიდან და დაეკარგათ. ისინი, იმ ძველი კელტური ლეგენდის ჩიტები იყვნენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხლებოდნენ ეკალს და დასისხლიანებული მღეროდნენ იმ ერთადერთ სიმღერას, რომლის ფასი მხოლოდ თავად უწყოდნენ... „ეკალი გულს რომ უგმირავს, სიკვდილის მოახლოებას ვერც კი ამჩნევს: მანამ გალობს, ვიდრე ბგერების ამოთქმის ძალა შესწევს. მაგრამ ჩვენ, გულში ეკალს რომ ვისობთ, გვესმის, რასაც ვაკეთებთ. ყველაფერი ვიცით, მაგრამ გულს მაინც ვიფლეთთ. მაინც ვგალობთ.“ ... ვარდი. ფერფლი. ვარდის ფერფლი. ღმერთო, მაინც რა ლამაზი იყო ეს სიყვარული...
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - ოლანი ბიწაძე ბრაზილიელი მწერლის კლარის ლისპექტორის რომანის „ველურ გულთან ახლოს“ მთავარ პერსონაჟს ერთ-ერთ ეპიზოდში ბავშვობაში მამის მიერ საგანგებოდ მისთვის დაწერილი ლექსი ახსენდება: „გვირილა იას იცნობდა. ერთი – ბრმა, ერთიც – გიჟი. ბრმას შეშლილის ხმა ესმოდა და ლაპარაკი მისი, ბოლოს კი ის დაინახა, რაც სხვამ არავინ იცის…“ მართალია, მამამ ჟოანას ეს ლექსი უბრალოდ გასართობად დაუწერა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ სტრიქონებში შეიძლება იკითხებოდეს კონკრეტულად ამ ტექსტის პროტაგონისტის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანის პირობა, ზოგადად კი კაცობრიობის მარადიული საფიქრალი: ვინ არის ადამიანი – ის, ვისაც სხვები ხედავენ თუ ის, ვისაც თავად ხედავს საკუთარ თავში. „ველურ გულთან ახლოს“ ცნობიერების ნაკადის რომანია, შინაგანი მონოლოგებით დაწერილი და მიუხედავად ამისა, მკაფიოდ სტრუქტუირებული საიმისოდ, რომ წარსულსა და აწმყოში, ბავშვობასა და ზრდასრულობაში წარმართულ ნარატივში არა მარტო პერსონაჟ(ებ)ის იდეოლოგიური დილემები გამოიკვეთოს, არამედ მათი გამომწვევი შესაძლო მიზეზები. ჟოანა ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში კარგავს მშობლებს, მოგვიანებით გოგონაზე უარს ამბობენ აღმზრდელი ბიცოლა და ბიძა, საბოლოოდ კი მისგან მიდის ქმარიც. თუმცა, არცერთი „წასვლა“ ჟოანასთვის არ აღიქმება „მიტოვებად“, არამედ არჩევანად, რომელიც მან თავად გააკეთა, ბიძგად, რომლის გამომწვევიც თვითონვე იყო. შეიძლება ასეც ითქვას: ჟოანას აქვს კითხვები და ვიღაცების „წასვლა“ ზოგჯერ ამ კითხვების უზუსტესი პასუხებია. ლიტერატურულ ნაწარმოებზე მსჯელობისას რომან ინგარდენი აღნიშნავს, რომ ტექსტის საგნობრივი შრე ყოველთვის შეიცავს „განუსაზღვრელობით ადგილთა“ წყებას, რომელთა რეკონსტრუირება და კონკრეტიზება მკითხველის ამოცანაა. რეცეფციული ესთეტიკის საფუძვლად ქცეული ცნებების მოხმობა მართებული იქნება კლარის ლისპექტორის რომანის განხილვისასაც, რადგან ტექსტი სწორედ ინგარდენისეული „განუსაზღვრელობითი ადგილების“ ერთობლიობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათგან ნაწილის განსაზღვრა, კონკრეტიზება პროტაგონისტის მისიაა, ნაწილისა კი – მკითხველის. ერთი მხრივ, წარსულიდან მომზირალი და აწმყოში გაჭედილი ჟოანა ცდილობს კითხვების ქაოსის დალაგებას, მეორე მხრივ კი, ჟოანას წარსულსა და აწმყოზე, მის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე ორიენტირებული მკითხველი აღადგენს იმას, რამაც ადამიანის რეალური სახე, მისი დანიშნულების მკაფიო სურათი უნდა მოგვცეს. ცხადია, ეს მარტივი გზა არაა, რადგან საკუთარი თავის პოვნის გზა ყოველთვის იმდენად ვიწრო ბილიკებზე გადის, რომ შეიძლება მათზე სიარულისას საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის მნიშვნელობა დაგავიწყდეს, ან უარესი – რაღაცის პოვნის სურვილით შეიარაღებული, შენგან დამოუკიდებლად, განიარაღდე. ჟოანას გზის ვიწრო ბილიკები ზოგჯერ კითხვების სახით ფორმულირებული დილემებია, ზოგჯერ – მარადიულად თანმდევი წარსულის მოგონებები, აუხსნელი სურვილები, სხვების ცხოვრებაში საკუთარი როლის განსაზღვრის მცდელობები და ა.შ. ამ ბილიკების „სივიწროვე“ კი სწორედ პერსონაჟისა და მკითხველის რეკონსტრუქციისა და კონკრეტიზაციის უნარის მოშველიებით შეიძლება „გაფართოვდეს“. ბედნიერების არსი: მიზანი თუ საშუალება? – ერთხელ ჟოანამ მასწავლებელს ჰკითხა: „რის მისაღწევად არის საჭირო ბედნიერად ყოფნა?“ მართალია, მასწავლებელს მისთვის არ უპასუხია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვის დანიშნულება მთელი რომანის განმავლობაში სწორედ კითხვით წინადადებად ყოფნაა, მისი ექო ტექსტის ყველა ნაწილში ისმის, თითქოს ყველაფერი, რასაც ჟოანა აკეთებს და ამბობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს: ადამიანებს გვჭირდება, რომ ბედნიერები ვიყოთ, თუ ბედნიერება იმისთვის გვჭირდება, რომ კიდევ სხვა რაღაცას მივაღწიოთ? ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ბედნიერების არსის ბინარულობაა, რადგან სანამ ბედნიერებას არ მივაღწევთ, მანამდე არ ვიცით, რომ მას მეორე მხარეც აქვს. და წარმოიდგინეთ იმ გოგონას მდგომარეობა, რომელიც ამ კედელს ჯერ კიდევ ბავშვობაში ეჯახება, თუმცა ჟოანას ძალა სწორედ იმაშია, რომ ის არ ცდილობს, კედელი გაანგრიოს, მასში გავლას ცდილობს. წერტილი განზომილების გარეშე – მარტოობის მაქსიმუმი – მარტოობის გარდაუვალობის გაცნობიერებას ადამიანების უმრავლესობა სასოწარკვეთილებამდე, ნებისმიერი გზით მარტოობისგან გაქცევის მცდელობებამდე მიჰყავს, ჟოანა კი მარტოობისგან კი არა, მარტოობისკენ გარბის, რასაც ბავშვობაში რამდენადმე გაუცნობიერებლად, მოგვიანებით კი თვითნებურად აკეთებს. არ ეწინააღმდეგება ინტერნატში მისი გაგზავნის იდეას, ერთადერთ ნაცნობებთან დაშორებას, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ სინამდვილეში ობოლმა ჟოანამ უკვე კარგად იცის საკუთარი მარტოობის გარდაუვალობის, იმის შესახებ, რომ ნაცნობებთან ყოფნა არ გამორიცხავს მარტოობის, სხვების მიერ შენი ვერგაგების, ვერმიღების შეგრძნებას. მოგვიანებით ჟოანა ოტავიოს (ქმარს) ეტყვის: „გიფიქრია, რომ წერტილი, ერთადერთი წერტილი განზომილების გარეშე, მარტოობის მაქსიმუმია? წერტილს თავის თავის იმედიც კი არ შეიძლება ჰქონდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი თავის გარეთაა.“ ჟოანა ხვდება იმას, რასაც ადამიანები, როგორც წესი, ან ვერ ხვდებიან, ან მიხვედრისთანავე ივიწყებენ. შეიძლება ითქვას, რომ რიგითი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მეგობრების გაჩენის, კარიერის აწყობის, დაქორწინების, შვილების ყოლისა თუ სხვათა შესახებ სწორედ ამის დავიწყების მცდელობაა, საკუთარი თავის გარეთ ყოფნის შიშით გამოწვეული სადღაც მყოფობა, ვიღაცებთან მყოფობა. და მიუხედავად იმისა, რომ ჟოანაც ქორწინდება, შვილის ყოლის ინიციატივა უჩნდება, მას გაცნობიერებული აქვს, რომ წერტილია განზომილების გარეშე. წერტილი, რომელსაც საკუთარი თავის იმედიც არ აქვს. საკუთარი თავის უგულებელყოფა, როგორც თვითრეალიზების შესაძლებლობა – ჟოანას ისტორია სხვების მიერ მისი უგულებელყოფის ისტორიაა. მასზე უარს ამბობდნენ გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, რადგან ნებისმიერი ფორმით მისგან წასვლა, იქნება ეს გარდაცვალება თუ ინტერნატში გაგზავნა, გოგონას თავს უგულებელყოფილად აგრძნობინებდა. თუმცა ჟოანას სჯერა, რომ „მარტოობა იქიდან მოდის, რომ ყოველ სხეულს უსათუოდ საკუთარი დასასრული აქვს… სიყვარული სიკვდილში წყდება…“ ამიტომაცაა, რომ მას არ ეშინია არც იმის, რომ მასზე სხვები ამბობენ უარს, არც იმის, რომ თავად თქვას უარი სხვებზე და მეტიც, უარი თქვას საკუთარ თავზე. ფურცელზე საგანგებოდ ჩაწერილ წინადადებას – „პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს უგულებელყოფს, უფრო სრულად ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას“ – ჟოანა გონებაში კითხვას უსვამს: სიმართლეა თუ ტყუილი? ერთადერთი, რითაც ამ ფრაზის ჭეშმარიტება შეიძლება შემოწმდეს, მისი რეალობაში განხორციელება, საკუთარი თავის უგულებელყოფაა. ჟოანა ასეც იქცევა და მკითხველი, რომელიც მორიგი კითხვის პასუხის კონკრეტიზებას ცდილობს, ჟოანას ნაცვლად ასკვნის: სიმართლეა, სიმართლე! ერთი ცხოვრების ტრაგედია – ვიღაცამ თქვა, ყველაზე ნაკლები, რაც ადამიანებს აქვთ, დროა და მაინც, ისე ვიქცევით, თითქოს დრო ყველაზე მეტი გვქონდესო. ცხოვრებისეული დროის მიმართ ჟოანას დამოკიდებულება მფლანგველური ნაკლებადაა, თუმცა არც ბოლომდე გაცნობიერებული. ჟოანა მხოლოდ რომანის დასასრულს იაზრებს, რომ მარტო ერთი ცხოვრება აქვს და ისიც ხელიდან უსხლტება. ამ „აღმოჩენამდე“ მისვლას წინ უსწრებს მთელი რომანი, რომლის დასასრულიც, რაღაც მხრივ, პერსონაჟ ჟოანას დასასრულიცაა, თუმცა არ გამორიცხავს მკითხველის ინტერპრეტაციაში მისი მომავლის რეკონსტრუქციას. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟოანა, რომელიც ერთი ცხოვრების, ერთხელ ცხოვრების ტრაგედიითაა შეძრული, აუცილებლად იპოვის ღმერთს, რადგან მის საპოვნელად მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს – მან ღმერთს მოუხმო – მაგრამ ეს ღმერთი არ იქნება რელიგიური სუბსტანცია, არამედ ღმერთი საკუთარ თავში და ჟოანა კი აღარ იქნება „ღამე ვარსკვლავების გარეშე“, არამედ ფეხზე წამომდგარი „ლამაზი და ძლიერი კვიცი“. ჟოანას ცხოვრებისეული გზის ბოლოს, ტექსტის დასასრულს იკვრება ნაწარმოების ეპიგრაფად გამოტანილ ფრაზაში ჩამოთვლილი სამეული: „ის იყო მარტო. უგულებელყოფილი, ბედნიერი, ცხოვრების ველურ გულთან ახლოს.“ ჩვენ ჟოანასთან ერთად გავდივართ ვიწრობილიკებიან გზას, რომანის საგნობრივი შრეების აქტუალიზებით ვამჟღავნებთ დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ მარტოობის, უგულებელყოფილობისა და ბედნიერების ძალას. ზუსტად ასე ვუახლოვდებით ცხოვრების ველურ გულს: ბოლოს კი მას დავინახავთ, რაც სხვამ არავინ იცის.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი: გურამ მგელაძე ,,უნდა მოძებნო ხსოვნის ნაფლეთები და შეაწებო, ფაქიზად შეაწებო, რომ შენს არსებობას აზრი დაუბრუნო, აზრი დაუბრუნო ყველაფერს, რაც დაგეფანტა და გაგებნა, რადგან ყველაზე ძნელი უაზრობაა, რომელიც თანდათან ადამიანივით გიახლოვდება და მხრებზე გაწყობს სველ ხელებს…“ ანდრო ბუაჩიძე „ცარიელი ოთახი“ ანდრო ბუაჩიძის მოთხრობებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულის „ტრამვაი, სახელად წარსული“ კითხვისას მისივე ლექსის ერთი ფრაზა ამეკვიატა: „მე ვმოგზაურობ ახლა ჩემს ვრცელ მახსოვრობაში“… ცხადია, შემთხვევით არ ქცეულან ეს სიტყვები წიგნის ერთგვარი ფარული ინტონაციის, ტემპორიტმის განმსაზღვრელ რეფრენად. ყოველი მოთხრობა ხომ წარმოადგენს მედიტაციას ხსოვნაზე, მეხსიერებაზე და ზოგადად, დროზე, დროის სტრუქტურაზე, მის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანატომიაზე. კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების მთავარი პერსონაჟი (ის თავისი პოლისემანტიკური ბუნებით გაცილებით მეტია, ვიდრე მწერლის პიროვნული თვისებების ერთგვარი მხატვრული სიმულაკრი) ფაქიზი სულიერი წყობის ლირიკული სუბიექტია, მტკივნეულად, მთელი სიმძაფრით რომ განიცდის ყოფიერების აბსურდულობას, ყოფიერების სიხისტეს… აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თხრობაში შეჟონილია მელანქოლიის, მოწყენილობის, გარინდებისა და ლირიზმის ძლიერი ნაკადი, რაც განსაზღვრავს კიდეც კრებულის კომპოზიციურ მთლიანობას და ამბის დრამატურგიული ხაზების კალაპოტს. აქ მოთხრობილი ისტორიების ტრაგიკომიკურ ბუნებასა და ეგსისტენციალური სკეფისის განცდას მწერლისეული ხედვის წერტილი, მისი ინტროსპექციული ბუნება განაპირობებს. ხშირია ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების და რთულად ასახსნელი, სახელშეურქმეველი ემოციური მდგომარეობების მოხელთების მცდელობები. მაგ. სადარბაზოში არსებული ნაღვლიანი ბურუსი და ამ ბურუსის ნოტიო მდუმარება, ზაფხულის მოთენთილი და ტკბილი სიზანტე, დაქსელილ ძარღვებში რომ გივლის და თვლემას გგვრის, ქალაქური შემოღამებები, ჩრდილების წრიალი, ხეების შრიალი და რაღაცნაირი „ფხიზელი“ გარინდება. ანდრო ბუაჩიძისეული ურბანისტული აღწერები ზღვარზეა რეალობასა და ირეალობას შორის, რაც კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს მის ტექსტებში ასახულ ქალაქს. ხშირია გროტესკული გარდასახვები ( მძაფრად ექსპრესიონისტული ტონალობები, რამაც ედუარდ მუნკის ფერწერული ტილოები მომაგონა), რაც უკვე ოთხმოცდაათიანების თბილისის ამბებში მჟღავნდება. ქალაქი დაცარიელებულ საიქიოს ჰგავს თავისი შემზარავი ღამეებით და კოშმარის მეტაფიზიკური განზომილებით… *** „იქნებ ადამიანი მთელი თავისი არსებით მახსოვრობაა და მეტი არაფერი. ოღონდ ეს მახსოვრობა შეგრძნებებისგან შედგება და ეს შეგრძნებები უსასრულოა და როცა ადამიანები ქრებიან, შეგრძნებებიც წყვეტენ ნათებას.“ – აი, ასეთ თვალსაზრისს ვხვდებით პირველივე მოთხრობაში. მართლაც, რომ დავაკვირდეთ, კრებულს ხსოვნის აკლდამაც შეიძლება ეწოდოს, ოღონდ მასში ასახული ემოციური ნაკადის სიტყვებად გარდასახვას და სხვადასხვა ასაკთან თუ ხასიათის შტრიხთან „შედუღაბებული“ ამბივალენტური მდგომარეობების, ქცევების აღწერას უბრალო მხატვრული რეკონსტრუქციის ფუნქცია არა აქვს. ის განცდითია იმდენად, რამდენადაც თავის არსში გულისხმობს კათარტულ ასპექტს, როგორც მთხრობელისთვის, ასევე მკითხველისთვისაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ მოთხრობაში ასახული ამბავი (დავარქვათ მას შეგრძნებების ნარატივი) თავისივე თავის დამკვირვებელია. საკუთარი ცნობიერის (ხშირად ქვეცნობიერის) წიაღში ჩაბრუნებულ მზერას მტკივნეული სიშიშვლით ამოაქვს „ბნელ ხვეულებში მიძინებული ამოუცნობი ქიმერების“ ხსოვნის ნაფლეთები… გახსენების პროცესი მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც თხრობა თავისთავად გულისხმობს საჯაროობის, ხილვადობის რადიუსის ზრდას. შედეგად, ის რაც მეტად ინტიმური, პერსონალური და კამერულია ხდება სხვების ინტერპრეტაციის, განხილვის, ანალიზის საგანი, თუმცა ანდრო ბუაჩიძისეული ამბები დაცლილია ყოველგვარი ხმაურისგან, ეპატაჟისგან, რადგან ყოველი მათგანი ჭვრეტით-მედიტაციური ხასიათისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან კითხვის სპეციფიკურ სტრატეგიას, მეთოდს მოითხოვს. აქ არ უნდა აჩქარდე, არ უნდა აქოშინდე, არ უნდა წაბორძიკდე, რათა სრულფასოვნად შეიცნო ( შეიგრძნო!) ყოველი მოთხრობის იდუმალი, ქვეტექსტუალური მუსიკა და ლირიზმის ნათება, მისი მაცოცხლებელი ენერგია. *** ემილ ჩორანი თავის საკულტო წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ დროის სპეციფიკურ აღქმაზეც ამახვილებდა ყურადღებას: „ბავშვობიდან ვგრძნობდი საათების სვლას, თავისუფალს ყველანაირი კავშირისგან, ყველა ქმედებისა და მოვლენისაგან, დროის განცალკევებას იმ ყველაფრისაგან, რაც ის არ იყო, მის ავტონომიურ არსებობას, მის განსაკუთრებულ სტატუსს, მის იმპერიას, მის ტირანიას. ცხადზე ცხადად მახსოვს ის შუადღე, როცა დაცარიელებული სამყაროს წინაშე პირველად ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ დაუმორჩილებელ წამთა რბოლა, რომლებიც საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობდნენ. დრო ჩემს ხარჯზე სცილდებოდა ყოფიერებას.“ აშკარაა, რომ განცდის ამგვარი სიმძაფრე მოდერნისტული ცნობიერების პირმშოა, კრიზისული ეპოქის გამოხატულებაა, პიროვნების შინაგანი სულიერი ლანდშაფტის ანარეკლია. ანდრო ბუაჩიძისეული დრო, ჩორანის მსგავსად, ხედვის უჩვეულო რაკურსში „იშიფრება“, ხოლო წარმოსახვის გამღიზიანებლებად, უმეტეს შემთხვევაში, დროის ქარტეხილის გამო სახეცვლილი ქალაქი უბანი, შენობები, ნივთები თუ ადამიანები გვევლინებიან. პროტაგონისტი ოდისევსივით დაეხეტება მეხსიერების ბნელ ტალანებში, ქვეცნობიერის ცხრაკლიტულში, თავის პერსონალურ ჰადესში, რათა ხსოვნის ნაფლეთების „შეწებების“, „შენივთების“ მეშვეობით, წარსულში ჩაკარგულ ხმათა „რეანიმაციის“ წყალობით საზრისი, ერთგვარი საყრდენი დაუბრუნოს საკუთარ არსებობას. ამ თვალსაზრისით, ყოველი მოთხრობა ხსნის დაუოკებელი მოთხოვნილებიდან და სასიცოცხლო სივრცის პოვნის სურვილიდანაა ამოზრდილი. დავაკვირდეთ „აგარაკის“ პირველივე ფრაზას: „ კიკეთის სახლი დამესიზმრა. ამ სახლმა ბაბუაჩემი გამახსენა, რადგან ის უმეტესად კიკეთში გადაღებულ ფოტოებზეა აღბეჭდილი.“ აი, ეს კამერტონი განსაზღვრავს თხრობის მდინარებას, მის ლინგვისტურ ქსოვილს, ემოციურ სპექტრს, ტექსტში „კოდირებული“ მარადიული ძრავის გუგუნს. დროს აქ პირდაპირ შენობები „ ასხივებენ“ და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ერთდროულად ორი პარალელური რეალობის მიჯნებს შორის ან მათი „შეჯახების“ შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული ველის ეპიცენტრში აღმოჩნდი. ეს იმ ტიპის განზომილებაა, სადაც კალენდარული დროის აღქმა უფერულდება, ხოლო საგნები და მოვლენები კი ცნებამდელ მდგომარეობებს უბრუნდებიან. „აგარაკში“ მეხსიერების მრავალპლასტიანი ბუნება დროის რამდენიმე ნაკადის მეშვეობით საცნაურდება: პირველია რეპრესიების პერიოდი ( ბაბუას ხაზი), მეორეა -პროტაგონისტის ბავშვობა და ბოლოს – აწმყო დრო ანუ ფუტურო რეალობა. ამ გამოშიგნული და ცნობიერებადაზიანებული ყოფიერების იმიჯია კიკეთის აგარაკის და ზოგადად, სივრცის სავალალო მდგომარეობა: „ უკვე სახლთან ვიდექი და შევყურებდი ჩამოფხავებულ კედლებს. ეს ისეთი რეალობა იყო, რომელსაც მოჩვენების მისხალიც არ ერია. შორიახლოს მდგარ სხვა სახლებსაც გავხედე. იქაც ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. არამცთუ არავინ არ იყო, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ აქაურობა კარგახნით მივიწყებოდა ყველას.“ შემდეგ: „ … მთელი ეს სამყარო რეალობაში დაემსგავსა ოკეანის ფსკერზე დაშვებულ გემს, რომლის კაიუტები მოღიავებულია და იქ არავინ შედის და იქიდანაც აღარავინ გამოდის. და ვგრძნობ: რეალობაზე უფრო მძაფრად ეს სამყარო ჩემს ქვეცნობიერებაში არსებობს. მე ხომ იქ მუდმივად ვარ, მუდმივად ვეხები იმ რიფებს, რომლის ქვეშაც ეს სამყაროა გაშლილი. უცნაურია, ახლაც კი, ახლაც, როცა კიკეთში ჩემი სახლის ჩატეხილი კიბის საფეხურზე ვზივარ, მე იმ ქვეცნობიერ უკუნში დავდივარ და ხან რას ვეჯახები და ხან რას…“ *** დასაწყისში ხედვის წერტილზე ვსაუბრობდი და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ „შინ ვერდაბრუნებას“. ამ, შინაგანი მონოლოგის მახასიათებლებით რეკონსტრუირებული, მოთხრობის არსიც სწორედ ხედვის წერტილის განსაზღვრაში, საჭვრეტი ლინზის ფოკუსის გასწორებაში მდგომარეობს. საერთოდ, ანდრო ბუაჩიძის პოეტიკის ერთ-ერთი უარსებითესი კომპონენტი სწორედ შინაგანი მზერის, ხედვის დიაპაზონის უჩვეულო, უნიკალურიც კი, მდგომარეობაა. თბილის მასთან ხშირად შორი მანძილიდან ჩანს ( „ საღამოვდება და მე შემიძლია ჩემი მაღალსართულიანი სახლის მეთორმეტე სართულიდან გავხედო სივრცეს, გავხედო თრიალეთის ქედს, ქვემო და ზემო ბაგებს, წყნეთს, შორს, ქედის ხერხემალზე გამწკრივებულ მუქყვითლად მოციმციმე ელნათურებს. იქით ბეთანიაა, კიკეთია, მანგლისია, მარადისობაა, სხვა მხარეა, უკვე განვლილი ცხოვრებაა, ენითუთქმელი ნაღველია.“), ხშირად კი უშუალოდ კონკრეტული უბნიდან, რესტორნიდან, ქუჩიდან, სასაფლაოდან, ხიდიდან. „ ტრავმაი, სახელად წარსული“, მაგალითად და „მანათობელი წერტილები“ დიუსელდორფში მოხვედრილი პროტაგონისტის ხეტიალს ასახავს: სასტუმროს ნომერი, ბისმარკშტრასე, ჰაინრიჰ ჰაინეს ხეივანი, ჩიხები, დუმილი, სიბნელე… „მოთხრობისთვის თემას დავეძებ“ – საკუთარ თავს ახსენებს მთხრობელი და ნელ-ნელა ქვეცნობიერის ფსკერიდან ნაფლეთებად ამოდიან შთაბეჭდილებები, ხმები, საგნები, ამბები, მტკივნეული შეგრძნებები… ის დიუსელდორფშის ქუჩებშიც საკუთარ ქალაქს ეძებს, საკუთარი ქალაქის აკუსტიკას. უფრო უკეთ, იმას, რაც მხოლოდ ნარატორის მეხსიერების კედლებზეა შემორჩენილი. შედეგად ჩნდება სიუცხოვის, სევდის და ეგსისტენციალური მოწყენილობის, სულიერი ლტოლვილობის, მარტოსულობის განწყობა… „შინ ვერდაბრუნებაში“ ავტორი ვაკის სასაფლაოს ატმოსფეროს იხსენებს: „ … სასაფლაო მარადისობის სივრცეშია განფენილი. მარადისობა, ენითუთქმელი მუდმივობა აქ სითხესავით ყველაფერზეა გადაღვრილი – ქვებზე, წარწერებზე, კვიპაროსებზე, რკინის ღობეებზე, დღისით იგრძნობა ეს გადმოღვრილი მუდმივობის ნათელი და იგრძნობა ღამითაც“. ეს ფრაგმენტი მთლიანი კრებულის მეტაფორადაც შეგვიძლია აღვიქვათ, რადგან ყოველ მოთხრობას ( ისევე, როგორც ლიტერატურულ პორტრეტებს) უცნაური, ჟელატინის სუბსტანციისმაგვარი მუდმივობის მკვრივი სხივი აკრავს გარსივით… გავიხსენოთ „სოლოლაკში“ ასახული გარემო: სადარბაზოებში გამეფებული ბურუსის ნაღვლიანი სინოტივე, ხმების, ბგერების, გრძელი სხივების პანოპტიკუმი, მოძრავი ჩრდილების გაუთავებელი, მთრთოლვარე ტოკვა, ჰაერში მოძრავი მტვრის ნაწილაკები და დროის ფრთხილი, უხმაურო დინება… *** წერილის სათაურად გამოყენებული „ყოფნის ხსოვნა“ ემილ ჩორანის ფრაზაა. ვფიქრობ, ანდრო ბუაჩიძის „ტრამვაი, სახელად წარსულის“ ორი მაგისტრალური თემის მოხელთება სწორედ ამ, მეტაფორასავით ტევადი, ფრაზის სახით შეგვიძლია. კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ხსოვნისა და ყოფიერების შეხების წერტილებს იკვლევს. ანდრო ბუაჩიძე ჩვეული ოსტატობით, ლირიზმის უმძაფრესი შეგრძნებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენობრივი არსენალისა და სააზროვნო დიაპაზონის მეშვეობით ახერხებს ხსოვნის ჰადესში მოგზაურობასა და ცნობიერების ფსკერზე მიძინებული მთვლემარე შთაბეჭდილებების „შეღვიძებას“. განცდა კი , კრებულის კითხვისას რომ მეუფლებოდა, ვლადისლავ ხოდასევიჩის ერთ ბრწყინვალე ლექსშიცაა ასახული, რომელიც, სხვათა შორის, ანდრო ბუაჩიძემ თარგმნა და „ტრამვაის“ ეპიგრაფადაც გამოდგებოდა: „ ჩამოვიფერთხავ ქუთუთოზე ძილის ნამცეცებს, და ვარ მთელი დღე მღელვარებით და შფოთვით სავსე. საღამოობით დავეცემი, თითქოს ამცელეს, ბოლო ამბორი დაღლილობის წამაქცევს წამსვე. მაგრამ არ მოაქვს მოსვენება ძილშიაც იღბალს, და მესიზმრება მიწიერი, მშფოთვარე ცხადი, ჩემივე ბოდვა მეყურება სიზმრების მიღმა, და დღეს ვიხსენებ უკვე განვლილს და არანამდვილს.“
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - თემუკა ზოიძე ამ ბოლო დროს გამომცემლობა პალიტრა L-მა მისთვის სახასიათო კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების გარდა სულ უფრო აქტიურად დაიწყო უახლესი მსოფლიო ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი ტექსტების გამოცემაც (მაგალითად, თვალი მიადევნეთ სერიას ლიტერე ინვენტე). ამავდროულად კი, ცოტა არ იყოს დაგუბებულ ქართულ საგამომცემლო სივრცეში ახალი გამომცემლობა პოლინომიალი გამოჩნდა იშვიათად დახვეწილი ლიტერატურული ალღოთი და ისეთ განსხვავებულ, ცოტა სარისკო გზამკვლევებს თუ არ უფრთხით, რომლებმაც შეიძლება თქვენთვის აქამდე სრულიად უცნობი, მაგრამ გამორჩეულად საინტერესო საკითხავი გაპოვნინოთ, მათი გამოცემები არ უნდა გამოგეპაროთ. სწორედ ამ გამომცემლობების ჩვენთან ჯერ დამსახურებულზე ნაკლებად ცნობილ იმ ორ სიახლეზე მინდა მოვყვე, რომლებზეც წინასწარ ბევრი მეც არაფერი ვიცოდი და მხოლოდ ორივეს წაკითხვის შემდეგ გამიელვა თავში, რომ ამ წიგნებს გარკვეულწილად საერთო ტკივილი აერთიანებს. ისიც შეიძლება, რომ საერთოდაც რაღაცას ვაჩმახებ და არც არაფერი აქვთ საზიარო, გარდა იმისა, რომ ორივე ძალიან მაგარია და სულ არ უნდა ბევრი ლაილაი, უბრალოდ უნდა წაიკითხო (ვინიცობაა, ამ რევიუს ბოლომდე ჩაკითხვა დაგეზაროთ და მოკლე რეკომენდაცია გირჩევნიათ). ისე მოხდა, რომ ჯერ ჯოან დიდიონის ჯადოსნური ფიქრის წელიწადი წავიკითხე და მერე მალევე მარიკე ლუკას რეინეველდის მძიმეა დღის ბოლო მივაყოლე. ერთი შეხედვით, ეს ტექსტები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მათი შემოქმედები: ჯოან დიდიონი კლასიკოსად ქცეული გარდაცვლილი ავტორია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მარიკე ლუკას რეინეველდი კი თანამედროვე მწერალი; ის ამერიკელია, ეს ნიდერლანდელი; იმას უფრო ჟურნალისტად იცნობდნენ, ეს კი უმეტესად პოეტობდა; იმან მემუარები დაწერა, ამან კიდევ რომანი გააშანშალა. ერთი სიტყვით, ცა და დედამიწაო, მაგრამ მოიცათ, მე ჩემი უნდა გითხრათ და მაგათ შუა ხიდი გავდო, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაზე ტყუილად კი არ ვსწავლობ! (ბებიაჩემს არ გააგებინოთ ოღონდ, ჰგონია, დიპლომატი უნდა გამოვიდე) ისე, რა მაგარი იქნებოდა, ჯოან დიდიონი რომ ყოფილიყო ბებიაჩემი. განა მარტო ჩემთვის, მაგისთვისაც დიდი ამბავი იქნებოდა, რადგან, სამწუხაროდ, შვილიშვილი არ ჰყოლია. თუ რატომ შეიძლება მოგინდეს, დიდიონი ბებიაშენი იყოს, სულ რომ არაფერი იცოდე მასზე, ამისთვის მისი ფოტოების დათვალიერებაც კმარა: მისი მტკიცე და თან სევდიანი მზერისთვის თვალის გასწორება ერთ რამედ ღირს. ეს პატარა და თხელი ქალი, ხშირად სიგარეტით ხელში ან მზის სათვალით საუცხოო ქარიზმას რომ ასხივებს, თავის სფეროში რევოლუციონერი იყო, რომელმაც ამერიკული ლიტერატურის სხვა გიგანტებთან ერთად “ახალი ჟურნალისტიკის” ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. ჯოან დიდიანმა სახელი, პირველ რიგში, დოკუმენტური პროზით გაითქვა და თავის ესეებში ავთენტურად, მაგრამ ამავე დროს თავისი უნიკალური პერსპექტივით აღწერა და შემოინახა მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებები, ფიგურები, რომლებმაც ამერიკული კულტურა განსაზღვრეს, ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობდა და მოგონებებს აგროვებდა. ამასთანავე, ის წერდა სცენარებს ფილმებისთვის, რომლებიც შეიძლება უკვე გინახავთ და გიყვართ კიდეც, და გამოქვეყნებული აქვს არაერთი რომანი, ბესტსელერებად რომ იქცა. ყოველივე ეს კი ლამის თანაბარი წარმატებით გამოსდიოდა თავდაუზოგავი შრომით გამოთლილი თავისი სამწერლობო ენით, წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს ყველაზე: დიდიონის საგულდაგულოდ დალაგებული სიტყვები და წინადადებები ჰარმონიულობით მუსიკალურ კომპოზიციას მიემსგავსება. ჯოან დიდიონის ყველაზე ცნობილი ტექსტი ჯადოსნური ფიქრის წელიწადია, რომელიც თავისი ცხოვრების შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდში ტრაგიკული შემთხვევების დაუნდობლობამ დააწერინა: მაშინ, როცა საავადმყოფოში უგონოდ მყოფი შვილის გადარჩენის უმცირეს შანსებს ებღაუჭებოდა და ამაზე უარესი აღარაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ერთი ჩვეულებრივი ვახშმობისას ქმარი თვალწინ გარდაეცვალა. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დიდიონი მემუარებში იმის გამოკვლევას, თუ როგორ მოქმედებს გლოვა ადამიანზე - ერთი მხრივ, საკუთარ ქმედებებს, განცდებს აკვირდება, ამავდროულად კი ამ თემაზე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას შეისწავლის და საკუთარი თავისთვის პასუხების ძიებასთან ერთად მკითხველს გლოვის, როგორც ფენომენის, სიღრმისეულ გააზრებას სთავაზობს. თუმცა, ეს წიგნი არ არის მხოლოდ გლოვაზე, მეტიც, მგონია, რომ ის უფრო სიყვარულზეა. სწორედ მაშინ, როცა დიდიონმა ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა და ნელ-ნელა დაიწყო მიხვედრა, რომ ქმრისთვის სახლში ძველებურად გამზადებული ფეხსაცმელების მიუხედავად, ის უკან აღარ დაბრუნდება, მათი ურთიერთობის დრო გაჩერების ნაცვლად უკუღმა იწყებს სვლას და ვახშმობისას გულის მოულოდნელად გაჩერების წინა წამების, წუთებისა თუ დღეების გახსენებასთან ერთად მთელ განვლილ ურთიერთობას სულ სხვა თვალით აფასებს, ათწლეულობით ნაგროვებ საერთო მოგონებებს ახლებურად აცოცხლებს. თუ ჯადოსნური ფიქრის წელიწადი სიყვარულზეა, მძიმეა დღის ბოლო უსიყვარულობაზე გვიყვება. ეს წიგნიც სიკვდილით იწყება: პროტაგონისტი და ნარატორი, ათი წლის იასი, რომელიც მკაცრ რელიგიურ ოჯახში იზრდება, საშობაო სუფრისთვის მოსუქებული კურდღლის გადასარჩენად ღმერთს შესთხოვს, რომ თავისთან საყვარელი ცხოველის ნაცვლად იასის უფროსი ძმა წაიყვანოს. და ასეც მოხდება. ამინ. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ იასის გარე სამყაროსგან ისედაც ჩაკეტილ ოჯახს უსაზღვრო დარდისა და ტკივილის მუქი ფარდები ჩამოეფარება, რომლებთანაც დროდადრო ბიბლიიდან დაჟინებით ამოკითხული ნაწყვეტები ვერას გახდება. აუხსნელ მწუხარებასთან გასამკლავებლად ოჯახის წევრები სხვადასხვა დესტრუქციულ, მეტწილად თვითდესტრუქციულ ქცევებს მიმართავენ და ერთმანეთისთვის ნუგეშისცემის ნაცვლად საკუთარ თავებს იდანაშაულებენ: დედას ჰგონია, რომ წარსულში აბორტის გაკეთების გამო დასაჯა ასე უფალმა და ჭამაზე ლამის მთლიანად ამბობს უარს, უფროსი ძმის დაკარგვით გაოგნებული შვილები კი ფიქრობენ, რომ ცუდი ყოფა-ქცევის გამო მოიწიეს ეს ყველაფერი. იმ რელიგიური რწმენით მოწამლულებს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღმერთის მრისხანებით გაშინებს და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას დუჟმორეული გპირდება, გამოსავლად მხოლოდ თვითგვემა ესახებათ. ეს კი ყველაზე სასტიკად ბავშვობისა და ზრდასრულობის გასაყარზე მყოფ მოზარდებზე მოქმედებს, რომლებიც არსაიდან დამტყდარი უბედურების აუტანელი სიმძიმის გამო სიცოცხლისა და სიკვდილის, სურვილისა და დანაშაულის, სიყვარულისა და მარტოობის, სხეულისა და სამყაროს შესწავლას მეტისმეტად სასტიკ გარემოებაში იწყებენ. უზომო სევდის მიუხედავად, დიდიონის ენამ კითხვისას მაინც შეიძლება გაპოვნინოს შვება, აი, მძიმეა დღის ბოლო კი ფიზიკურ დისკომფორტს განგაცდევინებს. ამ რომანში აღწერილი სცენები არც ისე იშვიათად იმდენად შემზარავია, რომ body horror-ის ჟანრს თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ. კითხვის პროცესში პერიოდულად მახსენდებოდა იენ მაკიუენის ცემენტის ბაღი თავისი დამთრგუნველი ატმოსფეროთი და მიხაელ ჰანეკეს ფილმების სისხლისგამყინავი ულმობელობა. ამ ეფექტს მარიკე ლუკას რეინეველდი თავისი უაღრესად პოეტური ენით აღწევს, რომელიც მცირეწლოვანი მთხრობლის პირით წარმოთქმული განსაკუთრებულად მშვენიერი და იმავდროულად შემაძრწუნებელია. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მის ამ სადებიუტო რომანს, რომელმაც საყოველთაო აღიარება და ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა 2020 წელს, მისი მშობლები შიშით ვერ კითხულობენ. თავზარდამცემ სიუჟეტთან ერთად ეს, ალბათ, იმის ბრალიც უნდა იყოს, რომ რომანში აღწერილი მოვლენები ნაწილობრივ მარიკე ლუკას რეინეველდის პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული: თავადაც ნიდერლანდების ერთ-ერთ ფერმაში, რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და სამი წლის ასაკში დაკარგა ძმა. დიდიონის მემუარული ჯადოსნური ფიქრის წელიწადისგან განსხვავებით მძიმეა დღის ბოლო კია ფიქცია, მაგრამ მაინც ავტორის ბიოგრაფიით ნასაზრდოები. თანაც ამ ორი წიგნის პროტაგონისტები შეუვსებელი დანაკარგის შემდეგ დაახლოებით ერთ გზას გადიან: ორივე თავს იდანაშაულებს მომხდარში; ტანჯავთ ეჭვი, რომ უბედურების არიდება შეეძლოთ; უჭირთ დაჯერება, რომ რაც მოხდა, აღარ შეიცვლება; რაციონალობის საწინააღმდეგოდ გარდაცვლილი ახლობლის დაბრუნებას იმედით ელოდებიან. და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ უსაშველოდ მძიმეა, საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებულ კიდევ სხვა უამრავ წვრილმანზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებენ. განსაკუთრებით დღის ბოლოს.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: გიორგი ნიჟარაძე იმ დროისთვის, როდესაც ბოჰუმილ ჰრაბალი მცირე რომანს - „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ - წერს, პრაღაში გაზაფხული ჯერ კიდევ არ „დამდგარა“. მის „მოსვლამდე“ სამი წელია დარჩენილი. არც ის უამრავი ომი მომხდარა ჯერ, რომელსაც ჩვენი სამყარო მომავალში იხილავს. თუმცა, რა საჭიროა „პრაღის გაზაფხული“, როცა ჰრაბალის ქვეყანას ოკუპაციის დიდი და მტკივნეული გამოცდილება უკვე აქვს. ჰრაბალი აქაც კლასიკური ჰრაბალია, თუმცა, არც ისე სიტყვაუხვი, როგორც მის მთავარ ნაწარმოებებში. ქართული თარგმანიც, როგორც წინა ორ შემთხვევაში, რასაკვირველია, მოწოდების სიმაღლეზეა. „ორმოცდახუთი წელია, გერმანელებმა არა მხოლოდ მთელი მსოფლიო ვერ დაიპყრეს, ჩვენი პატარა ქალაქიც კი დაკარგეს“ - თხრობის დასაწყისშივე გვეუბნება 22 წლის ჩეხი ბიჭი, რკინიგზის სადგურის მორიგე, მილოშ ჰრმა და თავის ტრაგიკომიკურ სპექტაკლზე გვეპატიჟება. პირველივე ფრაზამ შესაძლოა ამბივალენტური გრძნობები გამოიწვიოს, გააჩნია რა ეროვნების ან მსოფლმხედველობის ადამიანი კითხულობს მას. თუმცა, მგონი მაინც სასაცილოა, მინიმუმ - ღიმილის მომგვრელი. აქედან იწყება ემოციების მყისიერ ცვლილებათა მთელი კასკადი, რომლის მატერიალური განსხეულება ალბათ ყველაზე მეტად ელექტროკარდიოგრამის გამოსახულებას ჰგავს. ორი საწინააღმდეგო პოლუსი ცალსახაა, პოლუსებს შიგნით კი შიგადაშიგ ბრაზის, გულისრევის, აღფრთოვანების და კიდევ ბევრი სხვა შეგრძნება ჭარბობს. ორმოცდახუთი წელია და სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება. თუმცა, მილოშ ჰრმას თავისი გასაჭირი აქვს. სამედიცინო წიგნის მიხედვით ejaculatio precox სჭირს, თუმცა, აბა ვის სცხელა მილოშისთვის, როდესაც წუთი-წუთზე სამყაროს ბედი უნდა გადაწყდეს. საერთოდაც, რა ფასი აქვს ერთ ადამიანს, როდესაც საქმე სამყაროს ბატონობას უკავშირდება?! დათრგუნული მილოში გასაჭირის გამო თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა სიკვდილი მისთვის ჯერ ვერ მოიცლის, რადგან მილოშს საქმე აქვს გასაკეთებელი - გერმანელი ჯარისკაცი უნდა მოკლას და სისხლისმღვრელ ომში, უნებლიეთ, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. თავიანთი გასაჭირი აქვთ დისციპლინარული კომიტეტის წევრებს, რომლებსაც ხმა მიუვიდათ, რომ რკინიგზის მთავარმა მორიგემ, ვინმე პან ჰუბიჩკამ, თანამშრომელ ტელეგრაფისტ ზდენკა წმინდანს საჯდომი რკინიგზის სადგურის ბეჭდით მოუხატა. იმავეს გაკეთებაზე არც თავად იტყოდნენ უარს, თუმცა, მაგას ხომ დიდი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა, რომელიც მხოლოდ პან ჰუბიჩკას აღმოაჩნდა. გოგონა კი ბედნიერია, კინემატოგრაფში გადანაცვლებას აპირებს. თუმცა, პან ჰუბიჩკა უნდა დაისაჯოს ამ მძიმე დანაშაულისთვის! მერე რა, რომ პიროვნების თავისუფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. რკინიგზის სადგურის ბეჭედზე ხომ გერმანული სიტყვებია ამოტვიფრული, რაც გერმანული ენის შეურაცხყოფას გულისხმობს! გარეთ კი, ამასობაში, სიკვდილი ზეიმობს. ზღვა სისხლი მოჟონავს არტერიებიდან, თუმცა, ეს არტერიები ცხოველებს ეკუთვნით: ბოცვრებსა და ბატებს, ძროხებსა და ცხვრებს, ცხენებსა და ღორებს, ხარებსა და თხებს. თურმე, პან უფროსის ცოლს ცხოველის დაკვლის თავისი მეთოდი აქვს: თუ გინდა, რომ მისი ხორცი უფრო გემრიელი და ნაზი იყოს, ბლაგვი დანა ცხოველს ყელში უნდა გაუყარო და იქამდე უნდა ატრიალო და ატრიალო, სანამ წივილით არე-მარეს არ აიკლებს და ბოლოს წივილს საერთოდ შეწყვეტს. როგორც ჩანს, ზოგიერთები რთულ პერიოდშიც არ კარგავენ მაქსიმალური სიამოვნების მიღების შანსს. უი, ჰო. სადღაც ადამიანებიც კვდებიან. თუმცა, სამყაროს ბატონობა დევს სასწორზე. ნაწარმოების ფინალურ სცენაში მილოშ ჰრმას გონება უნათდება. ვინ იცის, გერმანელი ჯარისკაცი მშვიდობიანობის დროს რომ ენახა, იქნებ ერთმანეთი მოსწონებოდათ და საერთო ენაც გამოენახათ. მაგრამ, განა რისი შეცვლა შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს ან სიცოცხლეს? მილოშის ჰიპნოტიზიორმა ბაბუამ გერმანელების ტანკების წინააღმდეგ ჰიპნოზით ბრძოლა სცადა, თუმცა, ტანკმა მისი საქციელი ყურად არ იღო, ზედ გადაუარა და თავი მოაწყვიტა. სამაგიეროდ, ამ ამბავმა სოფლის მაცხოვრებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია: ერთნი ამბობდნენ ბაბუა სრული გიჟი იყოო, მეორენი კი ამტკიცებდნენ, ყველა ჩეხი მასავით რომ მოქცეულიყო, ვინ იცის გერმანელები რას გაახერხებდნენო. ვინ იცის, იქნებ მართლა აქვს ადამიანთა ერთიანობას აზრი? იქნებ ერთი ადამიანის სიცოცხლესაც აქვს ფასი? ან, იქნებ მართლა სჯობს შინ დავაყენოთ ტრაკები? ვინ იცის...
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ნანა აბულაძე წაგიკითხავთ ისეთი წიგნი, რომელზეც ვერც ის გითქვამთ, მომეწონაო, და ვერც — ის, არ მომეწონაო? ამ წერილშიც ერთ ასეთ, უჩვეულო, წიგნზე უნდა გესაუბროთ, წინააღმდეგობრივ განცდებს რომ აღუძრავს მკითხველს. ეს წიგნი მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახია“, რომელიც 2021 წელს გამოსცა „დიოგენემ“. უჩვეულო თემის გამო როდია — მარგინალები და მარგინალობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გავრცელებული თემაა. ბოლო დროს მკითხველებისა თუ ლიტერატურული წრის მიერ ატაცებულ-შეყვარებული წიგნებიდან სულ მცირე სამის დასახელება შემიძლია, სწორედ ამ თემაზე რომ არის: „მესამე ნაპირი“, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, „მსხლების მინდორი“. ეს ჩამონათვალი კიდევაც გაგრძელდება, „მეორე ოთახს“ კი ამ ნუსხიდან შეცვლილი პერსპექტივა გამოარჩევს — ტექსტში აღწერილი მოვლენები თავად მარგინალების მიერ კი არაა აღქმული და გადმოცემული, არამედ იმგვარი პერსონაჟის მიერ, რომელიც, მართალია, მარგინალია, მაგრამ მარგინალთა ჯგუფს არ ეკუთვნის. ის ორ სხვადასხვა ონტოლოგიურ მდგომარეობას შორისაა გაჭედილი, ზღვრულ ფაზაშია ანუ ლიმინალურ ფაზაში. ლიმინალობა ნიშნავს გარდამავალ მდგომარეობას — ამ მომენტში პერსონაჟს (ან გმირს, ან ადამიანს) უკვე დაკარგული აქვს ძველი იდენტობა, მაგრამ ახალი ჯერ არ შეუძენია. ასეთ მდგომარეობაშია, მაგალითად, ტარიელი ასმათთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრებისას — ის აღარც ძველი ტარიელია, სასახლეში რომ ცხოვრობდა არხეინად და სატრფოს დავალებით ხატაელებს აწიოკებდა, მაგრამ ჯერ არც — ის ახალი ტარიელი, რომელმაც ნესტან-დარეჯანი უნდა დაიხსნას.[1] ოდისევსისთვის ლიმინალური ფაზა, ალბათ, ნიმფა კალიფსოსთან ცხოვრების ხანაა. გახსოვთ? შინ ოდისევსი შენიღბული ბრუნდება და მას ვერავინ ცნობს (ერთგული ძაღლის გარდა). ათენას მიერ მისი გარდასახვა ბერიკაცად შეგვიძლია, წავიკითხოთ, როგორც მინიშნება იმაზე, რომ ამდენთავგადასავალგამოვლილი ადამიანი ვეღარ იქნება ის, ვინც და რაც ამ თავგადასავლებამდე იყო. მაგდა კალანდაძის რომანის პროტაგონისტისთვის კი, ელენესთვის, ლიმინალობა სექსუალობას უკავშირდება — ელენე ქვიარი ქალია, ოღონდ — „კარადაში“ ანუ თავის სექსუალურ ორიენტაციას საგულდაგულოდ მალავს; არ ერევა აქტივისტების წრეში და ცოტა ხანს ქმარიც კი ჰყავს, რომელსაც საბოლოოდ შორდება და მარტო რჩება. როგორ ფიქრობთ, რის შემდეგ იწყება ლიმინალობის ფაზა ელენეს ცხოვრებაში? ეს გარდამტეხი გამოცდილება, რომელიც ელენეს ძველი ონტოლოგიური მდგომარეობიდან აგდებს და ახალში გადაჰყავს, პირველი სიყვარულია — მას თავისი გერმანულის მასწავლებელი, ლიანა, უყვარდება, რომელთანაც ფარული, ხუთწლიანი რომანი დააკავშირებს. თუ ტექსტს წაიკითხავთ, ნამდვილად მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ეს ამბავი ძალზე ძუნწადაა გადმოცემული, მთხრობლის კომენტარებისა და მსჯელობის გარეშე, გაუანალიზებლად. თუმცა მაინც არის ერთი მინიშნება, რომ სწორედ პირველი სიყვარულია ახალ ფაზაში გადამყვანი ბიძგი — ელენე თანატოლების გამოცდილებას თავისას უპირისპირებს: „[…] ჩემს კურსელებს რომ მანქანის უკანა სავარძლებზე ზასაობისგან და სკვერების ძელსკამებზე ძუძუებში ხელების ფათურისგან ნერვები ჰქონდათ დაწყვეტილი, მე საღამოობით წრიულ ავტობუსს მივყვებოდი ხოლმე საბურთალოზე, მეექვსე სართულის თეთრ კარზე ზარს ვრეკავდი და მთელი ღამე ვუყურებდით ფილმებს, ვსვამდით კარამელის ჩაის, ვტყნაურობდით მაშინაც კი, როცა გვეძინა […] დედაჩემიც მშვიდად იყო, რომ სხვებივით ვიღაც უსაქმურ ბიჭებთან არ დავწანწალებდი.“ (გვ.17) ესე იგი, ლიანასთან ურთიერთობა გარკვეულ საზღვარს აჩენს ელენესა და მის თანატოლებს შორის, ამ ურთიერთობის წყალობით, ელენეს აქვს ის გამოცდილება, რომელიც მის თანატოლებს არ (უფრო სწორად, ვერ) აქვთ. ეს გაუცხოება იმ წრესთან, რომელიც ადრე ელენესთვის ახლობელი იყო, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრდება: „ლიანასთან გატარებულმა წლებმა მეგობრების შეძენის უნარი ერთიანად დამიჩლუნგა. არავის ვენდობოდი, ვერავის ვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვცდილობდი ყველასთან დისტანცია შემენარჩუნებინა […]“ (გვ.36) ელენე რომ ჰეტერონორმატიულ საზოგადოებას არ ეკუთვნის, ცხადია დედასთან მისი ურთიერთობიდანაც — დედას ის მაინც ყოფილი ქმრის, რეზოს, ცოლად მიაჩნია და მათ შერიგებას მოელის. დედა-შვილს შორის ამ კონფლიქტის კარგი ილუსტრაციაა სცენა მკერავთან. მკერავიც, ცისანა, დედის აზრზეა, საზოგადოებრივი მორალის მხარესაა: „კიდე ეწევა შენი გოგო ბედს, ცოტა თავს მიხედავს და იქნება ისევე ანგელოზივით,“ — ანუგეშებს ის ელენეს დედას. ელენე კი ამ სიტყვების გაგონებისთანავე დგება და მკერავს ემშვიდობება, რის გამოც დედისგან საყვედურების წყებას მიიღებს „უცხვირპირობის“, „უპატივცემულობისა“ და „უსაქციელობის“ შესახებ. რა თქმა უნდა! ქალმა ხომ უნდა მოითმინოს, როცა მის პირად ცხოვრებაში ხელებს აფათურებენ, სულერთია, ამას მშობელი დედა სჩადის, თუ უცნობი ადამიანი. ელენე კი ასე არ მოიქცა. და აქ ამ პასაჟის მეორე მნიშვნელობაც იკვეთება: ის, რასაც ხშირად ჩვენი გარშემომყოფები „ზრდილობად“ და „ტაქტად“ შეფუთავენ ხოლმე, სინამდვილეში, ქალების დაჩაგვრისა და გაუბედურების, მათზე ზეწოლის საშუალებაა. ელენეც სწორედ იმიტომ არ ეკუთვნის ამ, დომინანტურ, ნორმათა წესრიგს, რომ ამ ზეწოლას თავს არ უხრის. თუმცა ვერც ბოლომდე შეწინააღმდეგებას ბედავს, რადგან შეწინააღმდეგება სხვა ნორმათა წესრიგში მოაქცევს. ეს მეორე ნორმათა წესრიგი კი სწორედ ისეთივე უცხოა ელენესთვის, როგორიც პირველი — როცა შეყვარებული, ლილი, შესთავაზებს, ეგ თავისუფალი ოთახი შენს ბინაში ლენას მიაქირავე, ჩვენს წრეში ტრიალებს და კარგი გოგოაო, ელენეს რეაქცია ასეთია: „შენი და ჩემი წრე ერთი და იგივე არ არის-მეთქი, ლილი, გავიფიქრე, მაგრამ თქმით კი არაფერი მითქვამს.“ (გვ. 18) თუმცა ოთახს მაინც გააქირავებს — ასე შემოდიან ტექსტში ლენა და მისი მეგობარი ქვიარაქტივისტები: ნიკო, ცოტნე და ნუცა. სწორედ მათთან ურთიერთობისას ხდება ცხადი ელენეს გაუცხოვება ლილის „წრესთან“. ამ გაუცხოვებას რამდენიმე კომპონენტი აქვს: 1.სხვა სამეტყველო ენა: „ბიჭები გაურკვეველი ჟარგონით კამათობენ, როგორც ვხვდები, რაღაც ახალგამოსულ სერიალს თუ შოუს აკრიტიკებენ.“ (გვ.33) აქვე კარგი მაგალითია თავად ლილის მეტყველება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ელენეს სამეტყველო სტილისგან და, როგორც ჩვენში უყვართ ხოლმე თქმა, „უხამსობების“ სიუხვით გამოირჩევა: „რა რავი, შეჩემა, შენც სულს მოითქვამ […]“ (გვ.18) „არა, ბებიაშენისამ, ბიძაშვილები ვგონივართო, გადაიხარხარა.“ (გვ.29) „[…] ლილი კი ცოფდება ხოლმე, შიგ ხო არა გაქვს, ვიღაც კაცებში ხო არ გეშლებიო […]“ (გვ.93) 2.სხვა დამოკიდებულება არსებულ ნორმათა წესრიგთან: ელენე ლენასა და ლილის სწორხაზოვან აზროვნებას საყვედურობს. მაგალითად გამოდგება ის მონაკვეთი, რომელშიც ელენეს ნიკოს დირექტორობა გაუკვირდება მისი „კაფანდარა“ აღნაგობის გამო და ლენა დასცინებს. „აი, ამას ვგულისხმობ, როცა ლენასნაირი გოგოებისგან თავის შორს დაჭერა მინდა ხოლმე. ყოველი სიტყვა უნდა აკონტროლო, […] და ისეთი არაფერი წამოგცდეს, რაც ამ სამყაროში არსებულ რეალობას აღწერს […] ლილისაც სულ ამაზე ვეკამათები — ხშირად უჭირს ზღვრის გავლება რაც არის და რაც უნდა, რომ იყოს, იმას შორის.“ — გვიხსნის ელენე (გვ. 37) 3.სხვა ნორმათა წესრიგი: ნუცა და ნუკო ჩხუბობენ და ელენე ნიკოს დამშვიდებას შეეცდება, დაწყნარდიო, — ეტყვის. მაგრამ ამ ნათქვამს სულაც არ მოჰყვება ის რეაქცია, რომელსაც ელენე მოელის — ლენას გაეცინება, ნიკო კი განუმარტავს: „ჩვენო, ერთმანეთს როგორც წესი, ეგეთ რაღაცებს არ ვეუბნებითო. არ გვგონია, რომ აღელვებულ და გაბრაზებულ ადამიანს დამშვიდება სჭირდება, პირიქით, ბრაზი ლეგიტიმურია და არც ვინმეა ვალდებული, ტონი გაასწოროსო.“ (გვ.59) დააკვირდით: „როგორც წესი“ — ამბობს ნიკო და ამით ზოგად ნორმაზე მიგვანიშნებს. ეს ნორმა კი ელენესთვის ახსნის შემდეგაც უცხო რჩება: „ვერაფერი გავიგე“ — გამოგვიტყდება ის. 4.სხვა ინტერესები: ელენემ არ იცის, რომელ სერიალს განიხილავენ ბიჭები კიბეზე ასვლისას, მათ მიერ შერჩეული ორი სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია კი ერთნაირ „ბრაგაბრუგად“ მიაჩნია (გვ. 51); ოდნავადაც არ ადარდებს კლიმატის პრობლემები ანუ „ეს ბუნების დაცვა თავისი საკითხავი მასალებიანა“(გვ. 50). ასევე, წარმოდგენა არა აქვს, რა „ვაგინა-მონოლოგების“ დადგმაზე ელაპარაკება ლენა (გვ. 57). ზემოთ წინააღმდეგობრიობა ვახსენე და აი, მიზეზამდეც მივედით — ეს გაუცხოება ელენესგან მკითხველს გადაეცემა, რადგანაც მთელი ამბავი და ყველა პერსონაჟი ელენეს თვალთახედვიდან არის დანახული. სწორედ ამის გამო ტოვებს ტექსტი უცნაურ, წინააღმდეგობრივ განცდას — ის წარმოაჩენს ქვიართემს, როგორც სხვას და ყოველ გვერდზე გვიმტკიცებს ამ სხვაობრიობას. ქვიართემი ერთგვარი სუბკულტურა გამოდის, ხოლო მთხრობელი, ელენე, ამ სუბკულტურასა და კულტურას შორის გაჩხერილი, აჩენს დისტანციას სხვასა და მკითხველს შორის, რაც ტექსტის ბოლომდე ნარჩუნდება. ეს დისტანცია კი, თავის მხრივ, სწორედ მთხრობლის ლიმინალური მდგომარეობითაა გამოწვეული — ის ხომ თავს ქვიართემს არ მიაკუთვნებს. მისთვის ქვიართემი მართლაც ისინი არიან, სხვები. ხშირად პირდაპირ ასეც მოიხსენიებს, ნაცვალსახელით: „[…] ყველა ამათი მტერია და ამათ რომ ჰკითხო, მარტო თვითონ არიან ცამდე მართლები და შეუცდომლები.“ (გვ. 96, ხაზი ჩემია — ნ.ა.) საკითხის ასე დასმა ერთ საჭირბოროტო კითხვას აჩენს: რისთვის გვჭირდება მარგინალობის/მარგინალების რეპრეზენტაცია ლიტერატურაში? იმისთვის, რათა ვუთხრათ მკითხველს, რომ ეს სხვები არიან და სხვათა პრობლემებია? თუ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ: მარგინალობა არ არსებობს? განა მარგინალობაზე წერისას ავტორის განზრახვა დიქოტომიის ჩვენ/სხვა ჩამოშლა არ უნდა იყოს? „მეორე ოთახი“, პირიქით, ხომ არ ამყარებს ამ დიქოტომიას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავ ელენეს უნდა გავადევნოთ თვალი — ის (და მასთან ერთად, მკითხველიც) ამ სხვას ნელ-ნელა უახლოვდება. დაახლოების მოტივაცია კი დაუძლეველი ცნობისმოყვარეობაა — ელენე განზრახ გადის ოთახიდან, რათა შეიტყოს რაზე საუბრობენ ლენა და მისი მეგობრები; ლილის ნაცვლადაც ინტერესის გამო მიდის აქციის გადასაღებად. მართალია, ეს ყველაფერი ერთ დიდ შიშად და სირცხვილად უჯდება, მაგრამ უკან არ იხევს. ამასობაში, ირკვევა, რომ ლენა არც ისეთი სხვა ყოფილა, როგორიც თავდაპირველად გვეგონა. ამ მხრივ, საყურადღებოა ის მონაკვეთი, ლენა რომ სამინისტროში მიდის, შეხვედრაზე, რათა 17 მაისის აქციის დეტალები შეათანხმოს, ამ შეხვედრისთვის კი საგანგებოდ გამოეწყობა კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. ელენეს აღქმაში ეს ოდნავ აფერმკრთალებს იმ ზღვარს, მასა და ლენას შორის რომ არსებობს: „რომ ჰკითხო, დიდი მეამბოხეები და დამრტყმელები არიან, არადა, აგერ, სამინისტრო უხსენეს და უცებ ჩემხელა ქუსლებზე შეხტა ეს სიფრიფანა გოგო.“ (გვ.102) ეს ზღვარი საბოლოოდ გადაილახება ტექსტის ფინალში, რომელშიც ლენას თითქოს უწყინარი წამოწყება ელენეს საბოლოოდ გამოიყვანს ლიმინალური ფაზიდან და ელენეც ეგუება ამას. „ნეტავ დედას ვინ მოუყვება.“ — ესაა რომანის ბოლო ფრაზა. ელენემ უკვე იცის, რომ ის, რასაც მალავდა, გაცხადდა და იღებს კიდეც ამას, როგორც გარდაუვალ მოცემულობას. ამიტომაც იმას კი არ ფიქრობს, დედაჩემმა არ გაიგოსო, არამედ ისღა გაეფიქრება, ნეტავ ვინ მოუყვებაო. მოყოლით კი აუცილებლად მოუყვებიან და ელენეც ვეღარ დაბრუნდება დედასთან, როგორც აქამდე, რადგან ის უკვე გამოვიდა „კარადიდან“, სხვა ონტოლოგიურ მდგომარეობაში გადაინაცვლა, სხვა გახდა. ამ სხვად ქცევაში სხეულიც მონაწილეობს. სხეულს ელენესთვის ამბივალენტური დატვირთვა აქვს: ის, ერთი მხრივ, სიამოვნების, ხოლო, მეორე მხრივ, ტკივილისა და სირცხვილის წყაროა (მაგალითად იკმარებდა ის მონაკვეთიც, რომელშიც ელენე გვიამბობს, როგორ შეეცვალა ფორმა მის სხეულს და როგორ ეუბნება ამის გამო უარს ლილის სექსუალურ ურთიერთობაზე; ასევე — პასაჟები, რომლებიც თვიურისას სხეულებრივ დისკომფორტს აღწერს). ელენ სიკსუ, მწერალი და ფემინისტი მოაზროვნე, მიიჩნევს, ქალმა თავისი სხეული უნდა დაწეროსო, — ასე უნდა დაუახლოვდეს ქალი ენას, რომელიც ნორმათა სისტემაა და ამიტომ მასკულინური ფენომენია, და საკუთარ სექსუალობასაც, რომელსაც უზღუდავენ, ე.ი. დაიბრუნოს ენაც და სხეულიც. ენას, სხეულსა და სექსუალობას შორის ეს კავშირი ელენეს შემთხვევაშიც მყარდება — ის თანდათან გადალახავს ტაბუს: „მერე უკვე თამამად წარმოვთქვი: „მუტელი“ — თავი დაბლა დავხარე და ნაპრალში თითები შევაცურე. მუტელი. მეჩვენებოდა, რომ იმ ოთახში შევედი, რომლის კედელზეც წეღან უბრალოდ ყური მქონდა მიდებული. მუტელი. აი, რა ყოფილა თურმე. აი, როგორ რქმევია.“ (გვ.58) სხეული მონაწილეობს ფინალურ სცენაშიც — ის თავისებურად ეპასუხება ელენეს გარშემო დატრიალებულ ამბავს: „ფეხებს შორის სისველეს ვგრძნობ. თბილი სითხე მუხლებამდე ჩამდის. ფეხებს ერთმანეთს ვატყუპებ და წამოდგომას ვცდილობ. „გადაუღე, გადაუღე“, — მესმის ისევ და ახლა ტელეფონი მანათებს სახეში. თვალებს ვხუჭავ. წინ ყველაფერი ბრჭყვიალებს. გახურებული ლოყით ისევ ასფალტს ვეკრობი. „წამოაყენე, გადავიყვანოთ“, — ბრძანებას გასცემს ვიღაც. ჟაკეტის სახელოთი ცხვირიდან წამოსულ სისველეს ვიწმენდ. მალე გათენდება [….]“ (გვ. 113) ამ პასაჟში ყველაფერი ერთადაა: დაკავების სცენაც, დიალოგიც, გარემოს აღწერაც, ფიქრიც და სხეულებრივი შეგრძნებებიც. სხეული უკვე აღარ არის ცალკე, ის ამ ერთიანობის ნაწილად იქცა, ამ ქაოსის ნაწილად და ამ ქაოსთან, გარესამყაროსთან დიალოგსაც მართავს. აქ საბოლოოდ დაიძლევა ყოველგვარი გაუცხოება: მკითხველის წინააღმდეგობრივი განცდები თანაგანცდაში გადადის, ელენე კი თავისი ოთახიდან — „მეორე ოთახში.“ რომანის სათაურმა ბევრს ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ მოაგონა. არადა, სინამდვილეში, ამ შესიტყვების საკვანძო კომპონენტი არის არა „ოთახი“, არამედ — „მეორე“ ანუ იგულისხმება არა ქალის პირადი სივრცე, არამედ სწორედ ამ სივრცის გადალახვა და შესვლა სხვა სივრცეში, სხვა მდგომარეობაში, სხვა ფაზაში. ეს პროცესი საკუთარ სხეულთან დაახლოებასაც მოიაზრებს — აკი ელენემ ის თავად შეადარა ოთახს, რომელზეც აქამდე, „უბრალოდ ყური ჰქონდა მიდებული“. ახლა უკვე შეგვიძლია, ზემოთ დასმულ კითხვასაც გავცეთ პასუხი: „მეორე ოთახში“ ზღვარი ჩვენსა და სხვას შორის არ იშლება, ის მხოლოდ გადაილახება. ავტორის ამ ესთეტიკურ პოზიციასაც, შეგვიძლია, მოვედავოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ტექსტს თავისი არგუმენტი აქვს: „ლილისაც სულ ამაზე ვეკამათები — ხშირად უჭირს ზღვრის გავლება რაც არის და რაც უნდა, რომ იყოს, იმას შორის.“ „მეორე ოთახი“ გვიყვება იმის შესახებ, „რაც არის“. თუ სიმართლეს არ უფრთხით, გირჩევთ ამ წიგნს. თუ უფრთხით, მაინც გირჩევთ — ეგებ ელენესთან ერთად დაძლიოთ ეგ შიში… [1] ამის შესახებ იხ. მაკა ელბაქიძის ძალზე საინტერესო სტატია „ვეფხისტყაოსნის“ ქრონოტოპი ლიმინალობის თეორიის კონტექსტში.“ კადმოსი, no.2 (2010): 25–47.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ოლანი ბიწაძე ,,რატომ არ შემიძლია ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო?“ -ამ კითხვის დასმით ირლანდიელი მწერლის სალი რუნის ნაწარმოების პერსონაჟი თითქოს პარადოქსულ სურვილს აჟღერებს (ადამიანებს, როგორც წესი, სურთ, არაჩვეულებრივები იყონ ხოლმე), თან მკითხველსაც აეჭვებს, მაშინ წიგნს ,,ჩვეულებრივი ადამიანები“ რატომ ჰქვიაო. საერთოდაც, ვინ არის ამ წიგნში ჩვეულებრივი? ან რა არის ჩვეულებრიობის საზომი? კითხვის ავტორის შეფასებითვე, ჩვეულებრიობის დასტური სხვებისგან მიღებული სიყვარულია და თუ არავის უყვარხარ, გამოდის, შენში რაღაც რიგზე ვერ არის, ,,ბუნების შეცდომა“ ხარ. სინამდვილეში ეს მიდგომა ისეთივე მცდარია, როგორც მარიანის (ერთ-ერთი პროტაგონისტის) დასკვნა, რომ არავის უყვარს. ის ერთ ადამიანს მაინც უყვარს, ზუსტადაც რომ მისი არაჩვეულებრიობის გამო, და ისევ პარადოქსამდე კი მივდივართ, მაგრამ არაჩვეულებრიობის ნიშნით შეყვარებული ადამიანიც ჩვეულებრივია. ტექსტი ორი ახალგაზრდის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ზრდასრულებად ჩვენ თვალწინ ყალიბდებიან. მათი გაზრდის პროცესზე ბევრი რამ ზემოქმედებს დაწყებული პატარა ქალაქის სოციალური გარემოთი, გაგრძელებული პატარა ქალაქიდან დიდში გადასვლით გამოწვეული სტრესით თუ თვითდამკვიდრებისას განცდილი კრახით ან გამარჯვებით, დასრულებული იმ ადამიანებით, რომლებიც ყველა ამ ეტაპზე გმირების ცხოვრებაზე, მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ნებით თუ უნებურად კვალს ტოვებენ. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ მარიანზეც და კონელზეც ისე არაფერს უმოქმედია, როგორც ბავშვობას, რომელიც შესაძლოა ნაწარმოებში არ ჩანს, თუმცა მისი მოქმედების შედეგებს ჩვენ ორივე გმირის მაგალითზე ვხედავთ. შემთხვევითი არაა, რომ ,,არასასურველი ბავშვის“ სტატუსით გაჩენილი კონელი მთელი ცხოვრება იტანჯება მიუღებლობის განცდით, იმის ირიბი შიშით, რომ არავის სჭირდება, ან უარესი - არ სჭირდება მას, ვინც უყვარს; მოძალადის ოჯახში გაზრდილი მარიანი კი ძალადობის საპასუხო ვარიანტებიდან ყველაზე მცდარს ირჩევს - მორჩილებას, დანებებას. მარიანიც და კონელიც ცხოვრებისეული სატყუარებით ცდილობენ თავიანთი შიშების კომპენსაციას, ოღონდ ისინი დროდადრო როლებს ცვლიან. სკოლაში კონელია პოპულარული ბიჭი, რომელთან მეგობრობაც ყველას უნდა, კოლეჯში კი მარიანია პოპულარული გოგო. მაშინ მათი გზები სად იკვეთება? ყველგან და არსად. ყველგან იმიტომ, რომ სკოლაშიც, კოლეჯშიც მარიანი და კონელი ერთი სოციუმის წევრები არიან; არსად იმიტომ, რომ სოციუმის დაუწერელ კანონებს უფლებას აძლევენ, მათი ცხოვრება განსაზღვროს, გადაწყვეტილებები მათ ნაცვლად მიიღოს, საჯაროდ სათქმელი და დასამალი ინფორმაცია დაახარისხოს. თუმცა, შედეგად იმას კი არ იღებენ, რაც სურთ, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ რაც ეგონათ, რომ სურდათ, თურმე გაცილებით რეალურ სურვილს ფარავდა - ერთად ყოფნის სურვილს. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ნაწარმოების კითხვისას მთავარი განცდა, რომელიც, როგორც მკითხველს, არ მტოვებდა, პროტესტი იყო. საამისოდ ტექსტში ბევრი მიზეზია, თუმცა, ვფიქრობ, მათი კლასიფიკაცია შეგვიძლია. მარიანის შემთხვევაში ზუსტად იმასთან გვაქვს საქმე, რაზეც ლუიზ გლიკი ესეში ,,შურისძიების შესახებ“ საუბრობს - ,,გაბრაზება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ შენკენ ნასროლი ისარი მიზანს მოხვდა, დაიჭერი და ახლა სისხლი გდის.“ მართლაც, მარიანიც გლიკისეულ გზას ირჩევს - ოჯახის წევრებისგან, თანაკლასელებისგან, პარტნიორებისგან მიღებულ დამცირებას მრისხანებით კი არ უპასუხოს, არამედ თავდაჭერილობით, სიმშვიდით, გულგრილობით, რასაც ადამიანები სიამაყედ მონათლავენ და ჩათვლიან რა, რომ მათმა მცდელობამ დამცირებული არათუ შეურაცხყო, არამედ გააამაყა, იფიქრებენ, რომ ნასროლი ისარი მიზანს აცდა. ეს მხოლოდ ფასადურად, სინამდვილეში კი რა ხდება? მარიანი ზუსტადაც რომ დამცირებულია, ფიზიკური თუ მორალური ძალადობისგან ,,დაჭრილი“ და ,,შინაგანი სისხლდენით“ კვდება. კონელის შემთხვევაში უზარმაზარ გაუბედაობასთან გვაქვს საქმე. მისი გაუბედაობა იმდენად იმ მოტივით არაა პროვოცირებული, რომ ,,კაცებს ქალების თავისუფლების შეზღუდვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე პირადი თავისუფლების კვლევა,“ -რამდენადაც უბრალოდ პირადი თავისუფლების კვლევის შიშით. ამიტომაცაა, რომ კონელი მატერიალურ მდგომარეობას თუ სხვა რიგ ფაქტორებს უფლებას აძლევს, დაჩაგრონ. ,,თუ გჩაგრავენ, საკუთარი თავის შესახებ ახალს ვერაფერს ისწავლი, მაგრამ თუ მჩაგვრელი ხარ, შენს თავში ისეთ რამეს აღმოაჩენ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დაივიწყებ,“ -ვფიქრობ, ,,ჩვეულებრივი ადამიანების“ ეს ფრაზაა გმირების სამაშველო რგოლი. ოღონდ ეს რგოლი დაზიანებულია და გმირების გადარჩენა არ შეუძლია. კონელიც და მარიანიც მანამ ვერ გადარჩებიან, სანამ არ მიხვდებიან, რომ დაჩაგრულის სახელთან შეგუება საკუთარი თავის ძიებაზე უარის თქმას ნიშნავს, და თუ ძველ ჩინურ სიბრძნეს დავუჯერებთ, ,,როცა კაცი თავს ვერ პოულობს, მას თავისი მოდგმა შთანთქავს.“ მათ ამის შესახებ გაუცნობიერებლად იციან და ამიტომაც გაურბიან ოჯახს, თუმცა, აკი, მარიანი ბოლოს ხვდება - ,,ადამიანებს ვერ გაექცევი, მათგან ვერ გათავისუფლდები, ფუჭი იქნება ყველა მცდელობა.“ იქნებ ადამიანებისგან გაქცეული ისევ ადამიანებისკენ უნდა გაიქცე? ალბათ მხოლოდ ეს არ იქნება ფუჭი და ალბათ ამიტომაც აქვს ტექსტს მოლოდინიანი ფინალი. მე ისეთი დასასრულები მიყვარს, რომლებიც ,,დასასრულის“ ეტიმოლოგიას არ ამართლებს და ბოლო ფრაზის წაკითხვის შემდეგ მრჩება განცდა, რომ იმის იქით იმაზე საინტერესო ამბებია, ვიდრე ბოლო ფრაზამდე იყო. ,,ჩვეულებრივი ადამიანების“ წაკითხვის შემდეგ კი, როცა ამ წიგნზე ვფიქრობ, ვფიქრობ ,,ბუნდოვნად მბზინავ ალუბლებზე“, რომელთა ბზინვარებასაც შეიძლება ბევრი ვერავინ ამჩნევდეს, მაგრამ თვითონ ალუბლები ხომ მაინც ამჩნევენ, არა?
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მანანა ერემაშვილი “რა იყო ჩემი ცხოვრება, აბა, მითხარი! წამში გაირბინა. ვინმეს რომ ეთქვა, აბა, ეთერო, შენი ცხოვრება მომიყევი, რას მოვყვებოდი? სიბერის გეგმვას? საყვარელი რომ გავიჩინე ბოლო დღეებში, ან იქნებ მაგას? სხვის სამსახურში რომ გავატარე ყმაწვილქალობა? რას მოვყვებოდი? სხვა რა იყო ჩემი ცხოვრება, თავგადასავალი?“ - თ. მელაშვილი ვინ არის ქალი? ან იქნებ კითხვას არასწორად ვსვამთ. იქნებ ქალი „რა-ობა“ უფრო მეტადაა ვიდრე „ვინ-ობა“? პიროვნულობა ხომ ინდივიდის სურვილების, ოცნებების, ვნებების ერთობლიობას გულისხმობს, მაგრამ რა ემართება „ქალურობას“ თუ ჩამოთვლილთაგან თითოეული საზოგადოების ფართო ასპარეზზე განსჯის საგნად იქცევა და ნელ-ნელა გაუჩინარების პირას დადგება. სად გადის ზღვარი მორჩილებასა და თავისუფლებას შორის და რა დროს იწყება ქალური ამბოხი მიყუჩებული ემოციების გასაცოცხლებლად. ეთეროს პერსონაჟი თამთა მელაშვილის რომანიდან „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სხვა არაფერია, თუ არა მიძინებული ქალურობის გამოღვიძება. განაცრისფერებული ცხოვრებიდან ჭრელ ყოველდღიურობაში გადანაცვლება, ძიება იმ ავთენტურობისა, აქამდე მხოლოდ დილით ადგომა და სხვა ქალებზე ადრე მაყვლის შესაგროვებლად წასვლა რომ ეგონა გმირს და ალბათ, ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა წამი სიკვდილთან მიახლოებისა; მდინარეში გადავარდნის ტრაგიზმის გაცნობიერება ხდება ის გარდამტეხი მომენტი ეთეროს ცხოვრებაში, რომელმაც უბიძგა შინაგანი ძვრებისკენ. მასში არა „პარფიუმერიის“ გამყიდველის, მარტოხელა, ნაპოლეონსა და ტარხუნის ლიმონათზე შეყვარებული ადამიანის, არამედ ვნებებით, ემოციებით აღსავსე ქალის სახე იღვიძებს. ქალი, რომელსაც სურს აწ უკვე „სამარეს მიტანებული“ სხეული სექსუალურ ასპარეზზე გამოცადოს. სხეული გამბედავი, მეამბოხე ინსტანციაა, განსხვავებით გონებისგან. მთელი ტექსტის განმავლობაში ეთეროს ფიქრებს და შეხედულებებს არა თუ ვერბალიზებული ფორმით ვეცნობით, არამედ მისი ჩუმი, შინაგანი ხმები გვესმის, რომელსაც მკითხველის გარდა, მსმენელი არ ჰყავს. ვნებით აღვსილი საკუთარ ემოციებსაც კი ვერ გამოხატავს, იმალება, ვაი, და ვინმემ არ დაინახოს, არ მოუსმინოს, არ მიუხვდეს. მხოლოდ საკუთარ თავთან თუ იქნება გულწრფელი, რადგან სხვა დანარჩენი სამყარო მის მიმართ დაუნდობელია; განა შეიძლება, გაამხილოს გინეკოლოგთან ვიზიტის სურვილი მაშინ, როდესაც ორმოცდარვა წელს მიტანებული შინაბერაა?! განა სრულიად ამორალური ქმედება არაა ქალისთვის სახლში მამაკაცის სტუმრობა, თანაც გვიან ღამით?! ქალმა უნდა იცოდეს, რომ იგი აუცილებლად იქცევა საჯარო განხილვისა და განსჯის ობიექტად. ეთერომ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იცის, თუ როგორი უმოწყალოა პატრიარქალური იდეოლოგიით შეპყრობილი საზოგადოება. ოჯახი, რომელიც თავშესაფარი უნდა ყოფილიყო დაობლებული ეთეროსთვის, არაფერი აღმოჩნდა, გარდა მოსამსახურედ გადაქცევის საშუალებისა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უვლიდა ორ მამაკაცს-მამასა და უფროს ძმას, მათთან მხოლოდ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მოგონებები აკავშირებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის ცხოვრებაში მამაკაცის ადგილი აღარაა, მხოლოდ საკუთარი თავია. მის ცნობიერებაში კაცი მსახურებასა და ძალადობასთან, დაკარგულ თავისუფლებასთან ასოცირდება. იგი თავად არის საკუთარ სივრცეში დომინანტი და სწორედ ამ დომინანტობის სხვასთან გაზიარების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობის შიში აიძულებს პერსონაჟს, უარი თქვას პირად ცხოვრებაზე. ეთეროს პერსონაჟი ერთიცაა და თან მრავალიც. მისი ამბავი პირადულიცაა და საზოგადოც. უამრავი ქალია ჩვენ გარშემო, რომლებსაც ეთეროს მსგავსად ჩუმი ამბოხი გაუმართავთ საკუთარ თავთან და დამახინჯებულ წარმოდგენებთან. იბრძვიან თავის დამკვიდრებისთვის, ემოციების ხმამაღლა გამოთქმისთვის, ცხოვრების გაგრძელებისა და ვნებების ქმედითუნარიანობისთვის, მაშინაც კი, როდესაც პატრიარქალური საზოგადოება უსინდისოდ იმუქრება მარტოხელა დედის სტატუსითა თუ განწირული მომავლის ხატებით და აიძულებს ქალს, ეძებოს თავშესაფარი ან იბრძოლოს გადარჩენისთვის.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მარიამ მახარაძე ათიოდე წლის წინ, როდესაც „სამეფო კარის თამაშების“ პირველ სერიას ვუყურე, დედოფალმა სერსეი ლანისტერმა ჰელიოსის ასული კირკე გამახსენა, რადგან „კირკე“ ინგლისურად წარმოითქმის, როგორც „სერსი“. გულწრფელი ვიქნები თუ გეტყვით, რომ სახელების მსგავსებამ ცოტათი იმედიც კი გამიცრუა. ჩემთვის კირკე უფრო საინტერესო და ამოუცნობი პერსონაჟია, ვიდრე მისი ჯორჯ მარტინისეული სეხნია. უცნაური ხასიათის ქალღმერთი, რომელიც ადამიანებს ღორებად აქცევს, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმნის ურჩხულ სცილას და თვით ყველაზე გამორჩეული გმირებიც კი უფრთხიან. თუ ოქროს საწმისის მითში კირკე, მასავით ძლიერი და იდუმალი ქალის – მედეას ჩრდილშია მოქცეული, „ოდისეაში“ უკვე კარგადაა გამოკვეთილი მისი პერსონაჟი. ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე მოხერხებულსა და ცბიერ ოდისევსსაც კი უჭირს მასთან გამკლავება. შეიძლება ჰომეროსის ნიჭის დამსახურებაცაა რომ აიელი გრძნეულის ისტორიებს საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავს აქტუალობა. ამბობენ ბრიტანელი მხატვარი ჯონ უოთერჰაუსი შეპყრობილი იყო კირკეს სახებით. მხატვრის მიერ შექმნილ ყველა ნახატზე განსხვავებულ ქალს ვხედავთ, შურისმაძიებელს, მოწყენილს, მომხიბლავს, სასტიკს. კირკეს მრავალსახებს ვხვდებით წიგნებში, ფილმებში, მხატვრობაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კედელზეც კი, თუმცა, მხოლოდ მადელინ მილერმა მოახერხა, რომ მითიური ქალღმერთი ჩემამდე მოიყვანა, ჩემს ახლობელ ადამიანად ექცია, ჩემთვის ნაცნობი ემოციებით და განცდებით. როგორია 21-ე საუკუნის ქალი მწერლის თვალით დანახული კირკე? პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი არა, როგორსაც მანამდე ვიცნობდით. ის კვლავ წარმატებით აქცევს კაცებს ღორებად, ქმნის მითოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ურჩხულს, ძმის მკვლელობის შემდეგ სისხლს და ცოდვას ბანს მედეას, მაგრამ უკვე თანაგრძნობას იწვევს, გულშემატკივართა მთელ არმიას იძენს და, ჩვენდა გასაკვირად, გვინდა, რომ გაიმარჯვოს კიდეც. საინტერესოა როგორ ახერხებს მითიური პერსონაჟი გაჯეტების ხანის მკითხველთა გულის დაპყრობას? ალბათ იმით რომ ის თავისი დროის ფემინისტია, ფემინისტი იმ გაგებით, რომ იბრძვის თავისი უფლებებისთვის, ცდილობს იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ შეეგუოს არსებულ რეალობას. როცა სანთლის შუქზე ძილის წინ ბებია მითებს მიყვებოდა, მეგონა, რომ ღმერთებს და ქალღმერთებს იმის გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდოდათ. თუმცა, ასე არ ყოფილა. ბერძენი ღმერთები ძალიან ჰგვანან ადამიანებს - უყვართ, სტკივათ, ეჭვიანობენ, უხარიათ და განიცდიან, მოკვდავთა მსგავსად. ასეთია კირკეც. ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს რაც ბედნიერებისთვის საკმარისი უნდა იყოს. ძლევამოსილი მზის ღმერთის, ჰელიოსის ქალიშვილია და ოლიმპოზე ცხოვრობს, მაგრამ სხვა ღმერთებისა და ქალღმერთებისგან განსხვავებით არაფრითაა გამორჩეული, რაც მისი გარიყვისა და დაცინვის მიზეზი ხდება. ჩვენი დროის ქალღმერთის ამბავშიც სწორედ ეს მომწონს. არ არის თავიდანვე ძლიერი და იდეალური. არც ისეთი ლამაზია, როგორც აფროდიტე ან არტემიდა, არც განსაკუთრებული უნარები აქვს, მაგრამ თავიდანვე ვგრძნობთ რომ ის დანებებას არ აპირებს. კირკე მამის ფეხებთან წოლასა და მოსმენასაა მიჩვეული. ყველაფერს გვიან ხვდება, ეშინია მამის, ვერ ეწინააღმდეგება დედას, ბებიას, და-ძმას, გამუდმებით დაცინვის ობიექტია, მაგრამ დგება მომენტი როცა საკუთარი უნარების შესახებ გაიგებს და ირწმუნებს. ამ წამიდან მისი შესაძლებლობების ზღვარი იშლება. ნაწარმოების დასაწყისში ვხედავთ ქალს, რომელიც დასჯილია და მზადაა მდუმარედ მიიღოს სასჯელი, კრთის მზის ღმერთის წინაშე, მაგრამ უნდა, რომ იყვიროს: დიახ, ეს მე ვარ, ვისაც ჯადოქრობა შეუძლია, ვინც ღმერთების ნება შევცვალე, ვინც მოკვდავი უკვდავად და ქალღმერთი ურჩხულად ვაქციე! მაგრამ არ შეუძლია. ჯერ არა. კირკემ ბევრი რამ უნდა გამოიაროს, საკუთარ ძალებში უნდა დარწმუნდეს, რომ წლების შემდეგ შეძლოს და ღმერთებს, მათ შორის მამამისს, წინ აღუდგეს და გაბედულად უთხრას: „მე ასე მსურს!“ ძლევამოსილ ათენას კი მიუგოს: ცას მხრებით დავიჭერ, რომ ვერაფერი დამაკლო. ფურცლიდან ფურცელზე მარტოსული, დაბნეული, სუსტი ქალი ჩვენს თვალწინ, დაუღალავი შრომის და საკუთარ თავზე მუშაობის წყალობით, ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ პერსონაჟად იქცევა და საწადელსაც აღწევს – პოულობს თავისუფლებას. ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის საფლავის ქვაზე ვხვდებით წარწერას: „არაფრის იმედი მაქვს, არაფრის მეშინია, თავისუფალი ვარ.“ ალბათ, ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის თავისუფლების მიღწევა. თუ არაფრის გეშინია და არც არაფრის იმედი გაქვს, ესე იგი შენი თავის ბატონი თავადვე ხარ. ნაწარმოების ბოლოს კირკე თავისუფალია. მას არ აქვს ღმერთების იმედი, იცის, რომ თუ ოდესმე დახმარების ხელი დასჭირდა, ის მისივე მკლავის ბოლოსაა. რისი უნდა ეშინოდეს ქალს, რომელიც ზღვის ფსკერზე ჩადის ისეთი იარაღის მოსაპოვებლად, რომელიც ზევსსაც კი დაამარცხებს? კირკე თავისუფალია. თავისუფალი, მიუხედავად გადასახლებისა, რადგან თავისუფლება პირველ რიგში შინაგან თავისუფლებას გულისხმობს. კაზანძაკისის წაკითხვის შემდეგ, ცხოვრების რთულ მომენტებში სულ მახსენდება მისი გმირის, ალექსის ზორბასის საქციელი. როცა ჭექა-ქუხილი და ძლიერი ტალღები მის სახლს დანგრევას უქადდა, ფანჯარასთან მივიდა და ხმამაღლა შესძახა: „ჩემს სახლს ვერ დაანგრევ, ჩემს ცეცხლს ვერ ჩააქრობ, ჩემს სახლში ვერ შემოხვალ!“ ალბათ, ასეთ ძლიერ ადამიანებად არ იბადებიან. ზორბასად და კირკედ უნდა გადაიქცე. ამისთვის კი უამრავი თავგადასავალი უნდა გადაგხდეს. მადელინ მილერის ეს შესანიშნავი ბესტსელერი ფაქტობრივად კირკეს ოდისეაა. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენი გმირი სახლში არ ბრუნდება, არამედ საკუთარი თავის ძიებაშია. წიგნში გვხვდება ის ისტორიები, რომლებიც ბევრჯერ მოგვისმენია, წაგვიკითხავს, გვინახავს ნახატებზე თუ კინოში. ზოგი ისტორია შეცვლილია, თუმცა არ გინდა წამოყვირება, რომ ეს ასე არ იყო (ვიცით კი როგორ იყო?). მწერალი კარგად იცნობს ბერძნულ მითოლოგიას და გვაწვდის ვერსიებს, რატომ შეიძლებოდა ოლიმპოზე მცხოვრები ქალღმერთს კაცების ღორებად ქცევით შეექცია თავი? იმიტომ, ხომ არა, რომ სასტიკ სამყაროში თავი დაეცვა? შეიძლება ითქვას, რომ ავტორი მაგიური რეალიზმის ელემენტებსაც იყენებს. კარგად იცის, რომ ამბის ძალა არა უშუალოდ ამბავში, არამედ მის გადმოცემაში და ფსიქოლოგიაშია. ის იმდენად რეალურად აღწერს მითიურ ამბებს, რომ მარტივად ვემორჩილებით, მივყვებით და ვიჭყიტებით ოლიმპოს მთაზეც, მინოტავრის ლაბირინთშიც, ზღვის ფსკერზეც. მთავარ გმირს ყველგან მივყვებით და გვინდა რომ გაიმარჯვოს. ვფიქრობ, რომ ამ წიგნით მკითხველი სიამოვნებას მიიღებს არა მხოლოდ ძველის ძველი ამბების ახლიდან და ცოტა სხვა, ქალის თვალით დანახული პერსპექტივის წაკითხვის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ცხოვრების რთულ მომენტებში, როცა ვფიქრობთ რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები, გაგვახსენდება აიას გრძნეული და ვიკითხავთ: რას იზამდა ჩემ ადგილას კირკე? ცას მხრებით დაიჭერდა, ყველას წინ აღუდგებოდა. ერთ ეპიზოდში, ზღვის ურჩხული, ტრიგონი ეუბნება: „არ მოგწონს ეს სამყარო ბავშვო? მაშინ ახალი შექმენი!“ დიახაც, რომ ახალს შექმნიდა. მას არ მოსწონს ღმერთები. მიაჩნია, რომ მოკვდავებთან უფროა მისი ადგილი, ვიდრე ოლიმპოზე. უკვირს, როცა ოდისევსის სიტყვები ესმის: „ჯერ არასდროს შევხვედრივარ ღმერთს, რომელსაც ასე მოსწონს ღმერთობა“. არც მიწისაა და არც ცის. კუნძულ აიას ჯადოქარია. ასე, რომ კარგად მოკალათდით, მოემზადეთ ძალიან მარტივი ენით, ახლიდან მოყოლილ უძველესი ამბების კიდევ ერთხელ, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხად. თუმცა, კი ბევრჯერ შეგეკვრებათ სუნთქვა მედეას, აიეტის, კოლხეთის, პასიფაეს და სხვა ნაცნობი სახელის გაგებისას. არ აქვს მნიშვნელობა მითოლოგია გიყვართ თუ არა. ვფიქრობ, რომ წიგნი უნდა მოეწონოს მათაც, ვისაც მითოლოგია უყვარს და მწერალს აუცილებლად აპატიებენ კლასიკურ სიუჟეტიდან მეტად ორგანულ გადახვევებს, და მათაც, ვისაც მითოლოგია დიდად არ იტაცებს. ანუ, ყველას.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ია გელიტაშვილი იუვალ ნოა ჰარარი 1976 წელს ისრაელში დაიბადა. ჰომო საპიენსი – კაცობრიობის მოკლე ისტორია 2011 წელს ებრაულ ენაზე, 2014 წელს ინგლისურად, ხოლო 2020 წელს ქართულად გამოვიდა, თარგმნა ნიკა სამუშიამ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სერია აკადემიაში გამოსცა. იქამდე, სანამ უშუალოდ კაცობრიობის მოკლე ისტორიაზე მოგიყვებოდეთ, გავიხსენებ ფროიდსა და ადამიანის სამ, კოსმოლოგიურ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ, დარტყმას: თავიდან ადამიანს სწამდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში უძრავად დგას, მზე მთვარე, პლანეტები მის გარშემო მოძრაობენ. ადამიანი ვერ გრძნობდა დედამიწის მოძრაობას, მაგრამ ხედავდა როგორ ჩადიოდა და ამოდიოდა მზე, მთვარე, როგორ ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ცაზე ვარსკვლავები. იგი თავს ხედავდა იმ წრის ცენტრში, რომელიც სამყაროს მიემართებოდა. ამ ილუზიის დანგრევა ნიკოლაი კოპერნიკის სახელს უკავშირდება, ესაა პირველი, კოსმოლოგიური შეურაცხყოფა ადამიანისთვის. მეორე ბიოლოგიური შეურაცხყოფა მდგომარეობს ადამიანისა და ცხოველის მსგავსებაში, რის შესახებაც დარვინის შრომები მოგვითხრობს: ადამიანი არ წარმოადგენს სხვა არაფერსა და უკეთესს თუ არა ცხოველს. ყველაზე მტკივნეული და მესამე ფსიქოლოგიური შეურაცხყოფაა – „მე“ არაა ბატონი საკუთარ სახლში. ქვეცნობიერისა და ცნობიერის მუდმივი ჭიდილი. აქვე მოვიხმობ კონრად ლორენცის ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვას, რადგან ჰარარის მარტივად გადმოცემული იდეები მეტად მარტივად გასაგებია აკადემიურ კონტექსტში, განსაკუთრებით მაშინ თუ ყოველ დილას დავუსვამთ ჩვენს თავს კითხვას ვართ თუ არა ბედნიერები? ლორენცი ერთ-ერთ ცოდვად კაცობრიობის ინდოქტრინაციასა და გრძნობების გაცივებას ასახელებს, რომელშიც ადამიანის სწრაფ ზრდას მოიაზრებს დედამიწაზე და სიხარულისა და მწუხარების უნარების სწრაფ მონაცვლეობას, როდესაც ადამიანს იმდენად ეშინია მწუხარების, და არ უნდა მისი განცდა რომ ამასთან ერთად სიხარულის უნარიც უქვეითდება. ეს მის სურვილში, აღარ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, გამოიხატება. მოცემულ ავტორებზე ყურადღების გამახვილებით გაჩვენებთ, რომ ჰარარის ტექსტი არ არის რაიმე ახალი, მაგრამ მოცემულია იმდენად მარტივი ენითა და მაგალითებით რომ ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ისტორიისა და სამეცნიერო ნაშრომების ცოდნა. ეს არ არის წიგნი, რომელიც წინასწარი სიუჟეტის გადმოცემით უინტერესო ხდება, რადგან ის თავად ქმნის სიუჟეტს თქვენს თავში, იწყებთ ფიქრს, რომელიც ჭორაობაზე მეტია და კითხვების დასმას… ახლა კი, გადავიდეთ უშუალოდ ჰარარის წიგნზე, რომელშიც ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის სრული ისტორია ჰარარისეული ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი. მას მოჰყავს მაგალითები ფაქტების გასამყარებლად და სვამს მუდმივად კითხვებს, რომელიც ეხება ადამიანის ბედნიერებას, მისი განვითარების ეტაპებს, მის გარშემო არსებულ ცხოვრებასა და თავად მას, რადგან ის არის ის, ვინც კითხვებს პასუხი უნდა გასცეს… მისი თანამედროვე და მარტივი შედარებები ტექსტს სასიამოვნო საკითხავ მოქნილობას სძენს „როგორც მთავრობა გადაანაწილებს ქვეყნის ბიუჯეტს თავდაცვიდან განათლების სისტემაში, ისევე ნაწილდებოდა ადამიანის ენერგია კუნთებიდან ნეირონებში’’. ადამიანის ცხოვრებაში ცეცხლის გაჩენის მნიშვნელობა და მისი დანთების შესაძლებლობა ნებისმიერი მაშინ არსებული ადამიანისთვის – ‘’ცეცხლის მოშინაურებით ადამიანს მიეცა წვდომა კონტროლირებად და პოტენციურად უშრეტ ენერგიის წყაროზე. არწივისგან განსხვავებით ადამიანს შეეძლო ზუსტად განესაზღვრა სად და როდის დაანთებდა ცეცხლს და ამ რესურსს უამრავ საქმეში იყენებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის ძალა, ადამიანის სხეულის ფორმით, სტრუქტურით ან ღონით არ იზღუდებოდა. ერთ ქალს უბრალო კაჟის ქვით ან ჯოხით მთელი ტყის გადაწვა სულ ერთ საათში შეეძლო. ცეცხლის ათვისებამ სამომავლო სურათი განსაზღვრა’’. ასევე ჰარარი უშვებს, რა მოხდებოდა მაშინ, თუ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა: რა მოხდებოდა მაშინ თუ ‘’ჰომო საპიენსთან ერთად ნეანდერტალელები და დენისოვებიც გადარჩენილიყვნენ, რა ტიპის კულტურები, საზოგადოებები და პოლიტიკური სისტემები ჩამოყალიბდებოდა მსოფლიოში, სადაც ადამიანთა რამდენიმე, განსხვავებული სახეობა იცხოვრებდა? რა ფორმით წარმოიქმნებოდა რელიგიები? შერაცხავდა ბიბლია ნეანდერტალელებს ადამ და ევას შთამომავლებად? მოკვდებოდა იესო დენისოვების ცოდვების გამოსასყიდად? მიუჩენდა ყურანი ადგილს სასუფეველში ყველა პატიოსან ადამიანს, განურჩევლად სახეობისა?’’ ჰარარის მიერ წარმოდგენილი ადამიანის შესაძლო გადარჩენა უკავშირდება მის მრავალრიცხოვან ჯგუფებთან თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის უნარს, მის გრძელვადიან გეგმებს, წარმოდგენებს, აზროვნებისა და განვითარების უნარს, ნებას, სინამდვილისა და გამოგონილი ამბების აღრევას, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს დაპატრონებისა და სხვა სამყაროების დაპყრობის მცდელობას. ადამიანის, როგორც მოცემული სახის მქონეს, გაქრობასა და გადაშენებას. ტექნოლოგიურ და ნებისმიერ პროგრესს, რომელმაც გამოიწვია თუ არა ადამიანის ბედნიერების სურვილის მოკვდინება, რადგან იმდენად ვართ ორიენტირებულები არ ვიყოთ უბედურები – ამის ფონზე შეგვწევს ბედნიერად ყოფნის შესაძლებლობა? და ბოლოს, როგორ მოვედით აქამდე?… თუ ადამიანთა ისტორიის გადააზრებასა და ახალი საკვლევი კითხვების გაჩენას ჰარართან ერთად არ შეუშინდებით, მაშინ წინ მშვენიერი მოგზაურობა გელით თქვენსავე ძალიან მოკლე ისტორიაში.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: თემურ ზოიძე წიგნის ეფექტური დასაწყისის განსაზღვრა რთული ამოცანაა, მაგრამ თუ სამანტა შვებლინის რომანს უსაფრთხო მანძილი გადაშლი, აუხსნელად იგრძნობ, მაინც როგორია ჩამთრევი დასაწყისი: მას ვეღარ მოწყდები და მხოლოდ გვიან თუ მიხვდები, რამდენად ღრმად შეტოპე. როგორც ამბობენ ხოლმე, უსაფრთხო მანძილი თხელტანიანი რომანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. არა, რთული და დამღლელი საკითხავი ნამდვილად არ არის, მაგრამ მწერლის ნაამბობის, წიგნში აღწერილი ისტორიის მისაღებად და გადასახარშად გარკვეული დრო და ენერგიაა საჭირო. ამიტომაც ვერ წაიკითხავ მას ერთი ამოსუნთქვით: სხეული ხშირად მოგთხოვს ღრმად ჩასუნთქვას, რათა მიღებულ ემოციებთან გამკლავება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სამანტა შვებლინის ენა საკმაოდ სადაა და არც გადატვირთული მხატვრულობით გამოირჩევა, თავისი წერის სტილით, თხრობის ტემპით მაინც მაშინვე აჯადოებს მკითხველს. მართალია, ღრმა წყალივით შეიძლება შეტოპო მის ნაამბობში, მაგრამ ნაპირზე გამობრუნებაც მოგიწევს ხოლმე: წარამარა შეიძლება დაუბრუნდე უკვე წაკითხულ გვერდებს, რათა მთელი სიუჟეტის, რომელიც უცნაურ პაზლს ჰგავს, აწყობა შეძლო. თუმცა აქედანვე გეტყვით, რომ წიგნის დასრულების შემდეგაც შეიძლება ვერ იპოვოთ თავსატეხის დაკარგული ნაწილები. ერთი შეხედვით, მთელი რომანის სტრუქტურა ორ პერსონაჟს — ამანდასა და დავიდს შორის გამართული დიალოგია: დავიდი ამანდას მის ცხოვრებაში მოულოდნელად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გახსენებაში ეხმარება და დროსა და სივრცეში ახლართულ მთხრობელს ამოსავალი წერტილის პოვნაში ეშველება. ამ პროცესში დავიდი მშრალ, ლაკონიურ მითითებებს გასცემს: "ახლა რას ხედავ?", "ამას მნიშვნელობა არ აქვს", "გააგრძელე", რითაც მოგონებების ლაბირინთში დაკარგულ ამანდას მიმართულებას აძლევს, ამავდროულად კი, თითქოს, მკითხველისგანაც ყურადღების მეტად დაძაბვას ითხოვს, რათა არაფერი გამორჩეს. თუმცა კითხვის პროცესში ნელ-ნელა ეჭვი გიპყრობს, რომ მათი საუბარი უფრო მონოლოგია: წიგნის სტრუქტურაც რომ არა (ამ ორ პერსონაჟს შორის გამართული საუბარი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არ არის), ისე ჩანს, გეგონება ამანდას არა გვერდით მჯდომი დავიდი, არამედ გონების ხმა ელაპარაკებაო. "დრო აღარ არის" — ყველაზე ხშირად ამას იმეორებს დავიდი და ამანდასთან ერთად შენც სუნთქვა გიჩქარდება, რადგან გრძნობ, რომ წიგნი ისე შემოგეცლება ხელში, უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ მოასწრებ. თუმცა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არგენტინელი მწერლის სამანტა შვებლინის 2014 წელს გამოცემული ეს რომანი ესპანურიდან ქართულად თამარ ლეჟავამ თარგმნა და წიგნს ორიგინალი სახელწოდება შეუნარჩუნა, თუმცა ინგლისურ თარგმანში მას ცხელებიანი სიზმარი დაარქვეს. ეს ვერსია უკეთ გამოხატავს ამ წიგნის ატმოსფეროს: ალბათ, ერთხელ მაინც ყველა ყოფილა ისეთ სიზმარში, საიდანაც თავის დაღწევას სასოწარკვეთილი ცდილობ და არაფერი გამოგდის. სწორედ ასეთ კოშმარში იმყოფება რომანის ნარატორიც, ამანდა, რომელსაც ფიზიკურთან ერთად სულიერი ტკივილები ტანჯავს. სანაცვლოდ ორიგინალი სახელწოდება უსაფრთხო მანძილი უკეთ ეხმიანება წიგნის ერთ-ერთ მთავარ თემას: მშობლის საერთო შფოთვას, რომ საფრთხისგან შვილის დაცვა ერთხელაც შეიძლება ვეღარ შეძლოს, ამას კი დედა-შვილს შორის არსებული მუდმივი კავშირი, რომელიც ჭიპლარით გადაბმული ემბრიონიდან იწყება, მყისიერად გრძნობს. ამის გამო ეს რომანი განსაკუთრებით ახლობელი იქნება ყველა მშობლისთვის. თუმცა ამავდროულად უსაფრთხო მანძილის განცდა უფრო მასშტაბურადაც შეგვიძლია გავიგოთ: სამანტა შვებლინმა აღნიშნა, რომ წიგნის იდეა ნამდვილმა ამბებმა, პესტიციდებით წყლის მოწამვლის ფაქტებმა შთააგონა, რის გამოც არგენტინაში უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, ჯანმრთელობა მძიმედ დაზიანდა. ეს კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორ დავკარგეთ უსაფრთხო მანძილი ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან: ვწამლავთ ბუნებას და უნებურად ისიც ვეღარ გვიცავს ჩვენ, როგორც ამ რომანის ორმა პერსონაჟმა დედამ ვერ შეძლო ბოლომდე დაეცვა შვილები. ლათინოამერიკელი მწერლისგან, ალბათ, ბევრი ტრადიციული მაგიური რეალიზმის ელემენტების გამოყენებას ელის, თუმცა სამანტა შვებლინს უფრო მეტად მისტიკა შეამოაქვს თავის ტექსტში, სადაც ყოველდღიური პრობლემები ზებუნებრივ ძალებს ხვდება, რადგან სხვაგვარად, მხოლოდ ადამიანური ძალებით მათთან გამკლავება უკვე შეუძლებელი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველგვარი შემზარავი ურჩხულების, სახიფათო მოჩვენებებისა და ცივსისხლიანი მკვლელების გარეშე, წიგნის ფურცლები ცივი ოფლით იჟღინთება და ჟრუანტელდავლილი კანივით იბურძგლება, რადგან ამ სულ ერთი ციდა რომანში აუხსნელის მიმართ უსახელო შიში ბუდობს.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ანი დიდიშვილი „არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მდგომარეობა შევუმსუბუქო“, – ჰიპოკრატე ევთანაზიას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-4 ასეული წლით ადრე, საკუთარ ფიცში ახსენებს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თან იმდენმა და იმხელებმა, რომ მთვარეზეც კი მოვახერხეთ ფეხის დადგმა, მაგრამ ევთანაზიაზე კონსენსუსი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო დაუძლეველი ამბავია კაცობრიობისთვის, რადგან ამ დროს ერთმანეთს ეჯახება ერთი მხრივ სიცოცხლის და მეორე მხრივ – პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება. საქართველოს კონსტიტუცია სიცოცხლის უფლებას მე-15 მუხლით იცავს: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლე რომ აბსოლუტური უფლებაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა მოიცავს თუ არა სიცოცხლის უფლება სიკვდილის უფლებას, საკითხავი აი, ეს არის! 1984 წლის ალკმაარის საქმე: 95 წლის მოხუცი პაციენტი ხშირად კარგავდა გონებას, რადგან არ შეეძლო საკვებისა და სითხის მიღება. მან ექიმს მოსთხოვა ევთანაზიის გაკეთება, რის საპასუხოდაც ექიმმა გამართა კონსილიუმი, სადაც დადგინდა, რომ პაციენტს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მან შეასრულა მოხუცის თხოვნა, თუმცა ევთანაზიის გამოყენების შემდეგ ის გაასამართლეს. აპელაციის შედეგად უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმი დადგა კონფლიქტის წინაშე: მას უნდა შეენარჩუნებინა ადამიანის სიცოცხლე ან გაეთავისუფლებინა ის ფიზიკური ტანჯვისგან. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ექიმმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დანიელ ვისერის „მთის დედოფალი“ ევთანაზიის თემას ეხმიანება და თხრობის უნიკალური მანერით გადმოსცემს რობერტ ტურინის ცხოვრების ქრონიკებს მზრუნველობის სახლში – 45 წლის რობერტ ტურინი თავისი ნებით ცხოვრობს დაწესებულებაში. გარესამყაროსგან სრული იზოლირებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, საკუთარ იდენტობას არ ღალატობს – ისევ ძველებურად უყვარს სასმელი, ენამახვილობა და ფლირტი. ტურინს გაანალიზებული აქვს თავისი როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი მდგომარეობა და ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ევთანაზიაა. სიცოცხლის დასრულების უამრავი ხერხი არსებობს, თუმცა, რატომ არ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი კანონიერი, უმტკივნეულო და ამავდროულად წყნარიც იყოს?! „მთის დედოფალში“ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, ტურინი თავად გვიყვება საკუთარ ამბებს და მისი თვალებით აღქმული გარემო წიგნის დასაწყისშივე რადიკალური და მკაფიოა: „საკმარისია, ბატონმა ტურინმა საკუთარ სხეულს დახედოს, რომ მისთვის მაშინვე ცხადი ხდება, როგორი დაუნდობელია ბუნება. ვის უნდა დააბრალოს, თუ არა ბუნებას, რომ 45 წლის მამაკაცს, სხეული რომ 65-ისას მიუგავს, 85 წლის მოხუცივითაც კი არ შეუძლია სიარული“. ტურინის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არაა უაზროდ ტრაგიკული, პირიქით, ზედმეტად რეალისტურიც კია – მან იცის, რომ მისი ცხოვრება უაზრო და უინტერესოა, ტკივილები უძლიერდება, რცხვენია მედდების, რომელთაც უსიამოვნო საქმის შესრულება უწევთ და აბეზრებს ზოგიერთი მათგანის დამრიგებლური ხასიათი. რა გასაკვირია რომ მას ობიექტურად სურს სიკვდილი და მუდამ ცდილობს შვეიცარიაში მოხვედრას, იქ, სადაც ევთანაზია ნებადართულია. საზოგადოებრივი ემპათია და სხვისი ჯ ა ნ ს ა ღ ი სურვილების პატივისცემა ნაწარმოების მთავარი ღერძია და მარტივად რომ ვთქვათ, წიგნი სწორედ იმაზეა თუ როგორ ცდილობს ერთი ადამიანი ნებაყოფლობით თქვას უარი იმ სამყაროზე, რომელსაც აღარაფერი აქვს რობერტ ტურინისთვის დარჩენილი. ავტორის მთავარი მოწოდება და პროტაგონისტის ერთადერთი თხოვნა, რომ ვიღაცამ თანაუგრძნოს, მისცეს ტანჯვის დასრულების შესაძლებლობა, სიკვდილისადმი უბრალო ან მომენტალური ობსესია არაა. საზოგადოების პასუხი ტურინის უდიდეს თხოვნაზე, რომელსაც იმაზე მეტჯერ იმეორებს ვიდრე ჰოლდენ კოლფილდი კითხვას „სად მიფრინავენ იხვები, როცა ცენტრალურ პარკში ტბა იყინება?“, ორივე შემთხვევაში ანალოგიურია: ტურინი და ჰოლდენი გიჟები ხომ არ არიან?! მზრუნველობის სახლში ცხოვრების ერთფეროვანი და მონოტონური რიტმი ცვლის ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციის ძველებურ ფორმებსაც. კვირაში ერთხელ ტურინს სტუმრობს ულამაზესი ცოლი და ცდილობს ამ შეხვედრისთვის სასაუბრო თემები წინასწარ შეარჩიოს ხოლმე, რათა მის ოთახში უხერხულმა სიჩუმემ არ დაისადგუროს. როცა სათადარიგოდ შეგროვებული სასაუბრო თემები იწურება „ხანმოკუ“ (იაპონური სიჩუმის კულტურა) ცოლ-ქმრის პანაცეად იქცევა: „საკმარისია, ბატონმა ტურინმა მოისურვოს, რომელიმე მათგანს აუხსნას, რომ სჭირდება ადამიანი, რომელიც შვეიცარიაში წაიყვანს, რათა ტურინმა, ბოლოს და ბოლოს, შეძლოს და წერტილი დაუსვას საკუთარ ცხოვრებას, მაშინვე მუნჯდებიან. …განუმარტავენ, რომ სულიერად ჯანსაღად არის, რომ ძალიან ადრეა და მისთვის სიკვდილის დრო ჯერ არ დამდგარა. …ტურინმა ხომ Youtube-ის ვიდეოებშიც ნახა, რომ ადამიანები, რომლებიც შვეიცარიაში უმტკივნეულო მოკვდინების მიზნით მიდიან, სრულიად ნორმალური ადამიანებივით გამოიყურებიან“. და ბოლოს, ტურინის, როგორც მარტოხელა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წარმოსახვითი მეგობარი, კატა სახელად დუკაკისი, რომელიც მის ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს ხდის. ყველას, ვინც ამ კატის არსებობას იგებს, ეჭვი შეაქვს ტურინის საღ გონებაში და დუკაკისი მათ თვალში გაფანტული სკლეროზის ანდერძია. წარმოსახვითი მეგობრის, როგორც თანამზრახველის (Partner in crime – თითქოს ქართული არ გვყოფნის) არსებობა საერთოდ არაა გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ნიშანი. პროტაგონისტს სჭირდება მეგობარი, სახე, რომელიც ახლობელია, მას კარგად იცნობს, დაცლილია პერსონალურობისგან და ტურინს აძლევს იმპროვიზაციის, საკუთარი გემოვნებით სხვისი ჩამოყალიბების საშუალებას.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ია კელერმანი ყურებიან სარწეველა სკამში ჩავჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე, ასე მარტივია სხვის ტყავში შეძვრე და მისი უკეთ გაიგო. ყოველი ახალი ამბის წინ, საზურგე შეამოწმო და მიხვდე – მზად ხარ თუ არა, ახალი თავგადასავლისათვის. კითხვის პროცესში ბევრ ისეთ ამბავს ნახავთ, რომელიც დღევანდელობასთან ძალიან ახლოსაა, არ მიყვარს ეს სიტყვათა შეთანხმება, თუმცა კითხვის დროს, არ არსებობს, იგივე არ დაინახოთ. სიკვდილის ქრონიკებიდან დაწყებული, ადამიანისა და საზოგადოების გაუცხოებით გაგრძელებული, წარსულში დაბრუნებითა და გაანალიზებით, როგორ იქეცით ბედნიერ და იმედით სავსე ადამიანიდან, უიმედო და უბედურ ადამიანად, არა მხოლოდ თქვენ, არამედ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ცხოვრების იმედსა და ბედნიერ მომენტებს 30 წლის წინ იზიარებდით, რა შეიცვალა?… წიგნი მუდმივი კითხვის დასმის მცდელობაა, სხვებსა და საკუთარ თავზე დაკვირვებით. ჰო, რა შეიცვალა? რა მოხდა? რატომ აღარ დარბიხართ ღვინით ხელში იმ ადამიანთან, რომელიც ერთ დროს თქვენი საუკეთესო მეგობარი იყო, დავიჯერო ეს მის გარდაცვალებას უკავშირდება? და ირბენდით მაშინ, თუ ის ისევ ცოცხალი იქნებოდა? არა? მაშინ რა მოხდა? ჰო, თქვენგან ვითხოვ პასუხს, ცოტახანს გაჩუმდით, სხვებს არა მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ, რა მოხდა? რატომ გიხარიათ სხვისი სიკვდილი, გგონიათ თქვენ მუდამ ცოცხალი იქნებით?…. ამ კითხვას პროტაგონისტსა და მისი თვალით დანახულ საზოგადოებას კი არ უნდა ვუსმევდე, არამედ ვჩერდებოდე, აღარ ვაგრძელებდე წერას და საკუთარ თავს ვეკითხებოდე. ავსტრიელი ავტორის, პროზაიკოსისა და დრამატურგის თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა“ მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ავტორი ძალიან კარგად იცნობს იმ სფეროს, რაზეც წერს. ქართულად თარგმნილი ორივე წიგნი თეატრს, მის გარშემო არსებულ სიტუაციას, საზოგადოების სურვილებს, მოლოდინებს, რეალობას, ადამიანებს, მათ ცხოვრებას, საკუთარი თავის ამ საზოგადოების ნაწილად ვეღარ მიჩნევას ეხება, თუმცა თან ისე, რომ მას ვერ გაექცევი. ბოლო დროს, საზოგადოებას, რასაც მედია კიდევ უფრო ამძაფრებს, თან გასდევს სიკვდილის ქრონიკა და ყველა მედია საშუალება ნეკროლოგადაა ქცეული. წიგნი პროტაგონისტის თხრობით და ძველ, არასასიამოვნო, მეგობრებთან შეხვედრით იწყება. შეხვედრა მოსალოდნელი და ამავე დროს, შემთხვევითია და პერსონაჟს მეგობრის გარდაცვალების შესახებ, აწვდის ინფორმაციას, რომელიც ისედაც იცის. აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, პერსონაჟი ხაზს უსვამს როგორი ბედნიერები არიან აუერსბერგერები არასასიამოვნო ამბის გადმოცემით, მწუხარებაზე დაკვირვებით, რომელსაც მათი ნათქვამი შენს სახეზე აჩენს. წიგნს წინ უძღვის ვოლტერის ფრაზა – „რადგან ვერ შევძელი ადამიანების გონზე მოყვანა, ვარჩიე, მათგან შორს ვყოფილიყავი ბედნიერი“, რომელსაც სხვადასხვა ფორმულირებით ტექსტში ხშირად აჟღერებს პროტაგონისტი. ძველ მეგობრებთან ვახშამზე მიწვეული პერსონაჟი ყურებიანი სავარძლიდან აკვირდება შეკრებილ საზოგადოებას და მთლიანი წიგნი ერთგვარი „თავის მართლებაა“, წარმოდგენაა იმ საზოგადოების მანკიერების, რომელშიც 30 წლის განმავლობაში ტრიალებდა და უკვე 20 წელია ჯერ გაუუცხოვდა და შემდგომ გაექცა კიდეც. ბერნჰარდის ტყის ჩეხვა, რომელსაც ავტორმა აღზნებაც უწოდა, გაუცხოებულ ადამიანს საშუალებას აძლევს დააკვირდეს იმას, რასაც ერთ დროს, უკანმოუხედავად გამოექცა. აძლევს ანალიზის შესაძლებლობას. „ეს ქალაქი ხომ ჩემი ქალაქია და მუდამ ჩემი ქალაქი იქნება და რომ ეს ადამიანები ჩემიანები არიან და მუდამ ჩემიანები იქნებიან-მეთქი და მივრბოდი და მივრბოდი და ვფიქრობდი, რომ მე, როგროც ყველაფერ საშინელს, გენცგასეზე ამ საშინელ, ეგრეთ წოდებულ შემოქმედებით ვახშამსაც გადავურჩი’’. ორმხრივი უარყოფითი დამოკიდებულება, რის დასანახავადაც საუბარი არ არის საჭირო, ისედაც ჩანს, მოშორებით, დამკვირვებლის პოზიციაში მჯდომი ერთი ადამიანიდან ნელა გადაიტან მზერას მეორე ადამიანზე და ყველაფერი ცხადია „როგორც ათწლეულების მანძილზე მარიდებდნენ თვალს, როგორც ათწლეულების განმავლობაში მე ვარიდებდი“ – „ყველა გრძნობს რომ მძულს, რომ მეზიზღებიან, ესმით კიდეც“ – პროტაგონისტის დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, ცალმხრივი არ არის, თუ იგი ფიქრობს რომ ვახშამს დაუფიქრებლად დათანხმდა, მისი აზრით, მასპინძლებმაც დაუფიქრებლად დაპატიჟეს. წიგში ხშირია მის მიერ, მუდმივი აღნიშვნა იმის, რომ ისევ სკამზე ზის, ისევ აკვირდება, ისევ იხსენებს და უცებ ამის ფონზე, საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას, რომ ამ ადამიანებთან ერთად, ბედნიერიცა და მომავლის იმედით სავსეც იყო, ჰოდა რა უქნა საკუთარ თავს? ან რა უქნეს ადამიანებმა საკუთარ თავს, რად იქცნენ, როგორ გადაააქციეს ცხოვრება შემოქმედებით ვახშმად, რომელიც ყოველთვის სხვისთვისაა მიძღვნილი და თან იმისთვის, ვინ ყოველთვის იგვიანებს, ვინც არასდროს არ მოდის. წიგნი დღევანდელობას შემოქმედებითი უიმედობითაც მოგაგონებთ, წარმოდგენილი ყველა პრობლემა, რეალობასთან დაჯახებას და ბავშვობის ასაკიდან გამოსვლას ძალიან ჰგავს, მაშინ, როცა შედეგებს სთხოვ შენს თავს და მიზეზები უცნობია, ამიტომაც უკან დაბრუნება, ყურებიან სავარძელში მოკალათება, შორიდან დაკვირვება და მდუმარედ ყველა ამბის თავიდან გავლა გიწევს. კმაყოფილების მომგვრელი უმაღლესი მწვერვალი, რომელმაც თავისი ნიჭი ვენაში ჩამოსვლის პირველ კვირაშივე გაფლანგა. ჩარჩენილობა – „ჯოანას დაკრძალვის ფაქტზე მეტად ის მთრგუნავდა, რომ მის კუბოს უკან სულ შემოქმედებითი გვამები მისდევდნენ, სულ ხელმოცარულები, რომლებიც გადაუღებელმა თავსხმა წვიმამ სასაცილოობამდე გაასაცოდავა“. „ნამდვილი ცხოვრებით არ გიცხოვრია, მხოლოდ ნათამაშევი ცხოვრება გაქვს. არა ნამდვილი, ყველაფერი, რაც შენ გეხება და ყველაფერი, რაც შენ ხარ, მხოლოდ ნათამაშევი“ – სასაფლაო აღვიქვი ყველაზე უფრო ბუნებრივ რამედ დედამიწაზე. და ბოლოს, ისე ახლოს ვართ ადამიანებთან გვგონია ეს კავშირი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგვყვება, არადა ძაალიან მალე მთავრდება ყველაფერი და ადამაინები იმაზე მეტად ხდებიან უცხოები ჩვენთის, ვიდრე მაშინ არიან, როცა გვგგონია რომ ყველაზე კარგად ვიცნობთ მათ. „ტყის ჩეხა“ – დაგაფიქრებთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე, რომლისთვისაც, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გიკითხავთ რა უყავით საკუთარ თავს, და თუ კითხვა სხვისი მისამართით გაგიჩნდათ, სხვას დააბრალეთ, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თქვენს თავს კითხეთ, წამოდექით ყურებიანი სავარძლიდან და ამბავი გააგრძელეთ, რადგან ყველასა და ყველაფერს გაექცევით საკუთარი თავის გარდა.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ნანა აბულაძე ფენტეზი გიყვართ? ჰოო? მაშინ „მეხამრიდი“ თქვენთვისაა! არაა? მაშინ ეს რეცენზია ორმაგად ყურადღებით უნდა ჩაიკითხოთ. დავიწყოთ სულ თავიდან, ე.ი. ჟანრის თავისებურებიდან. ფენტეზის თავგადაკლული მკითხველი არც მე მეთქმის, მაგრამ ერთი კი შემინიშნავს: ზოგადად, ეგეთი წიგნები ორნაირად იწერება: ავტორი ან თავიდანვე საოცრებათა სამყაროში ამოგაყოფინებთ თავს (ასეა, მაგალითად, „ბეჭდების მბრძანებელში“) ან ჯერ ჩვენი რეალობის მსგავს სამყაროს გიხატავთ და მერე პერსონაჟებთან ერთად გადადიხართ სხვაგან, კარის, კედლის ან კარადის მიღმა (როგორც „ჰარი პოტერში“ ან „ნარნიას ქრონიკებშია“). ჰოდა, ახლა თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც არცერთ ამ სქემას არ მიჰყვება: აქ ზღვარი ჩვენი რეალობის მსგავს სამყაროსა და მიღმიერ სამყაროს შორის მოშლილია - ისინი ერთ სივრცეში თანაარსებობენ. თავიდან გგონია, რომ ეს სივრცე პერსონაჟის ცნობიერებაა, რადგან მთხრობელი პროტაგონისტია და ამბავსაც მისი თვალით ვხედავთ. ამიტომ ფიქრობ, პროტაგონისტს რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა აქვს (ალბათ, უფრო - შიზოფრენია), ეს ყოველივე, რასაც რეალობად აღიქვამს, ჰალუცინაციებია და ყოჩაღ ავტორს, რომ ასე გარისკა და ამბავს მას აყოლებსო. მერე მოულოდნელად ირკვევა, რომ რაის ჰალუცინაციები - ეს ყველაფერი მართლა ხდება, მისი ძმა მართლა შამანი იყო და მისი და მისი ძმისნაირები კიდევ არიან, კაცობრიობას ჯერარნახული საფრთხე ემუქრება, ძმა კი სად არის, არავინ იცის. და ეს ყველაფერი ერთ, თითქოს არაფრით გამორჩეულ, ოცი წლის გოგოს, დეას, ატყდება თავზე! რა უნდა ქნა ასეთ სიტუაციაში? ალბათ, დაკარგული ძმა უნდა მოძებნო; ამ გზაზე კი ვის და რას აღარ გადაეყრები: ჟღალთმიან აკას - შენი ძმის საუკეთესო მეგობარს, კაც-კუდიანს, რომელსაც დედაშენი უყვარს, საზარელ ჰური-ტურის, მიღმიერი სამყაროდან მეტად უჩვეულო გზით რომ გადმომხტარა და მთელ სოფელს აწიოკებს, თვალოვს, რომელსაც მგლად ქცევა შეუძლია, მამაც ტაოს, ცოტა არ იყოს, მელანქოლიურ დიმას, ფოცხთავას, იისფერ ძაღლს... ყველა პერსონაჟს აქ ვერ ჩამოვთვლით და არცაა საჭირო, მაგრამ ისინი ისე ცოცხლები არიან, თავს უმალ გამახსოვრებენ. „ჩვენი პროტაგონისტი დეა“ კი ძმას ეძებს და ამ ძებნაში საკუთარი თავს პოულობს. წიგნს ისეთი მოულოდნელი, ნათელი და კეთილი ფინალი აქვს, სიცოცხლის სიყვარულით აგავსებს - იქ სიკვდილი ქრება, არა, კი არ მარცხდება (როგორც ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში) ან კვდება (როგორც გოდერძი ჩოხელთან), არამედ ქრება. და თუ გაინტერესებთ, როგორ, ეს წიგნი უთუოდ უნდა წაიკითხოთ. ეს ამბავზე ვთქვით ორიოდე სიტყვა, ახლა ისიც მიმოვიხილოთ, როგორაა ეს ამბავი დაწერილი: ტექსტში, რასაკვირველია, არის გადაძახილები სხვა ტექსტებთან (იქნება ეს დაკარგულის ძიებისა და ქვესკნელში ჩასვლის მოტივები, თუ სიზმარში ნანახი ძაღლი, რომელიც ყეფს, ფრანც კაფკაფკაფკაფკაფო), მაგრამ ეს ყველაფერი ისეა შეფერილი ირონიით, რა სამკითხველო გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, მაინც ლაღად წაიკითხავთ. მეტიც, თავად ამ გადაძახილ-გადმოძახილების არსებობაც კი ირონიზებული აქვს ავტორს: „თმაგაშლილი აკაც გამოლივლივდა თავის გრძელ თეთრ ღამის პერანგში. გაოცებულმა ავხედ-დავხედე, მისტერ როჩესტერის ყოფილი ცოლი მომაგონა. „ჯეინ ეარი“ წაკითხული გაქვთ? არა? მაშინ დაიკიდეთ.“ ირონია კიდევ ერთ საქმეს შველის - ტექსტში არის ადგილები, მის იდეას რომ გვიცხადებს. ამას თავად დეა გადმოგვცემს, ცოტა არ იყოს, მგზნებარე სიტყვებით: „როგორც ტიტანები, ისე უნდა შევუდგეთ ცის თაღს და ჩამოქცევისგან ვიხსნათ. ამისთვის კი საკუთარი პატარა ცხოვრებებიდან უნდა გავიდეთ. წელში უნდა გავიმართოთ და ზემოდან გადავხედოთ ყველაფერს [...] ჩვენ ზემოთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა [...] რომელსაც თითქმის ვეღარ ვხედავთ, გამონაბოლქვის, განათებების და იდიოტური, უშნო კორპუსების გამო. დახარბებულები ვართ უფრო და უფრო მეტ მატერიალურ კომფორტს და გვავიწყდება, რომ ეს ვერასდროს დაგვაკმაყოფილებს. ადამიანი აუცილებლად უნდა ხედავდეს ვარსკვლავებს ღამით. ასე ვართ შექმნილები. მხოლოდ ეს გაგვახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში, სიტყვები საჭირო არაა, არც ფიქრი. უბრალოდ, ზურგზე უნდა გაწვე და ცას უყურო. ღრმად დამარხული სული გაიღვიძებს, უძველესი რამ, რაც ყოველთვის არსებობდა.“ ეს გამოსვლა ყალბ და უგემურ ჭკუის სწავლებაში გადაიზრდებოდა, რომ არა ირონია, რომლითაც დეა თავის ნათქვამს აფასებს: „რა ვიბოდიალე? მგონი, ჩემი ნათქვამიდან ერთი სიტყვისაც არ მჯეროდა.“ ირონიის გარდა, ტექსტს ცოცხალი ენაც ახალისებს, თითქოს უმნიშვნელო დეტალების აღწერა კი საოცარ კინემატოგრაფიულობას სძენს. შეგხვდებათ ისეთი წინადადებებიც, რომლებიც უფრო ფრაზებია და რომლებშიც თვითონ სიტყვები მოქმედებენ: „ისეთი მადლიერი ვიყავი, მადლობა ვერ გადავუხადე.“ მე ვფიქრობ, ეს არის წიგნი იმაზე, რაც სინამდვილეში სჭირს თანამედროვე ადამიანს და რაზეც ჩვენ ყველა ამ ეპიდემიის ფონზე კიდევ ერთხელ დავფიქრდით. ამიტომ სწორედ ახლაა ამ წიგნის წაკითხვა საჭირო. ბოლოს კი აი, რას ვიტყვი: ეს წელია, აღარაფერს ვგეგმავ. ადრე ვგეგმავდი, ყველაფერს და სულ. ჰოდა, ამას წინათ დავფიქრდი, ჩემი არხეინობა შეცდომა ხომ არაა-მეთქი. ეგეთი ფიქრები გულს ამძიმებს და მეც სასოწარკვეთას არაფერი მაკლდა, „მეხამრიდიდან“ რომ წამომიტივტივდა ეს პასაჟი (მომყავს ისე, როგორც მაშინ გამახსენდა): „-რა გინდათ, ვაღიარებ, რომ აზრზე არ ვარ! არ არის საკმარისი, რომ ვინმე დამეხმაროს? -საკმარისია, დეა, ყველაფერი საკმარისია. ყოველთვის ყველაფერი საკმარისი იყო. რა გჭირთ ამ ადამიანებს? რა პრობლემები გაწუხებთ, ადექით და, უბრალოდ, იცხოვრეთ. ძნელია?“ დავმშვიდდი. ჰო, კარგ წიგნებს შეუძლიათ, გვანუგეშონ, მით უმეტეს, თუ ამბავი „მეხამრიდივით“ ჩამთრევი აქვთ და პერსონაჟებიც - დასამახსოვრებელი.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მანო ერემაშვილი აირის მერდოკის რომანი „შავი პრინცი“ პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მასში ასახული თანამედროვე ეპოქის პრობლემების კონსტრუქციულ რეალობაში ასახვის გამო. მწერალი გრძნობს საკუთარ უპირატესობას-სიტყვის ხელოვნებას, მკითხველის გონებაში აშენებს და შემდეგ თავადვე ანგრევს არაერთ წარმოსახვით სამყაროს და ჩვენ, როგორღაც იმედგაცრუებულნი, ვიწყებთ წიგნის ხელახლა გადაკითხვას იმ იმედით, რომ პირადულ, ავთენტურ შთაბეჭდილებას შევიქმნით პერსონაჟებსა და მათ მიერ გადმოცემულ ალტერნატიულ ისტორიებზე. თუმცა, ძნელია ინდივიდუალურობის შენარჩუნება მაშინ, როდესაც პირველივე გვერდებზე, გამომცემლის წინათქმაში ვკითხულობთ: „ყოველი ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია, ხოლო უიღბლო შეყვარებულებს ყოველთვის სურთ თავიანთი ისტორიების მოყოლა“ და დიახ! ათასობით სასიყვარულო ისტორია წარმოგვიდგება თვალწინ და ჩვენდაუნებურად ფიქრობთ: „საწყალი ბრედლი, როგორ არ გაუმართლა?!“ შესაძლოა ასეც იყოს! ბრედლი პირსონი იწყებს წინათქმას და უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ის ცხოვრებისგან დაჩაგრული, ტრაგიკული წარსულისა და კრიზისული აწმყოს მქონე მწერალია, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ტანჯვაში განვლო და ასე იქნება მანამ, სანამ ავტორი ისევ არ მოინდომებს წიგნის მიწურულს თავისივე სიტყვებით აგებული ძლიერი, ურყევი კონსტრუქციის მქონე სამყაროს ნაწილებად დაშლას მხოლოდ რამდენიმე სიტყვით :“ ბრედლის ყველაფრის თავისებურად განმარტებისა და შემდეგ ვითომდა მწყობრი, ლოგიკური სურათის სურათის შექმნის უნარი აქვს. შეიძლება, ეს ყველას გვახასიათებს, მაგრამ წიგნებს არ ვწერთ. მან ჩვენი ერთობლივი ცხოვრების არც ისე სწორი სურათი დახატა“- და ჩვენ-წამკითხველნი, ვრჩებით მოტყუებულნი, სიტყვების მახეში გაბმულნი, რომლებსაც ვერ გადაგვიწყვეტია, წაკითხული ურთიერთგამომრიცხავი ისტორიებიდან რომელს ვიჯერებთ და რომელ პერსონაჟს თანავუგრძობთ. თუმცა, წიგნის ღირსება მხოლოდ სიტყვებით თამაში არაა. მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალ პერსონაჟთა სახეები. ქალები, რომლებიც ემორჩილებიან საზოგადოებრივ სტერეოტიპებს, მათ არ შეუძლიათ მამაკაცის მზრუნველობის გარეშე ცხოვრება და ყოველგვარ შეურაცხყოფას აიტანენ, ღალატსაც კი, მხოლოდ იმ მიზნით, რომ საყვარელ მამაკაცთან იყვნენ, სხვა შემთხვევაში მათი სიცოცხლე განწირულია, როგორც პრისცილას შემთხვევაში მოხდა. რეიჩელ ბაფენის პერსონაჟი კი ერთგავრი გალაშქრებაა ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად. პერსონაჟი ძალიან გრძელ და დაბრკოლებებით სავსე განვითარების გზას გადის პირველიდან ბოლო გვერდამდე. კითხვის დაწყებისთანავე ზარავს მკითხველს ქმრისაგან ნაცემი, დაუცველი ქალის მდგომარეობის წარმოდგენა, რომელიც საცოდავად მოკუნტულა საძინებელში და არავინაა მის გვერდით, გარდა ბრედლი პირსონისა (შემდგომში საყვარელი მამაკაცი), თუმცა, საბოლოოდ, მანაც დასცინა უბედური ქალის გრძნობებს და სასიყვარულო რომანი წამოიწყო ბაფენების ერთადერთ ქალიშვილთან-ჯულიანთან. მხოლოდ ერთი საღამო, ერთი ოჯახური კამათი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ რეიჩელი გადაქცეულიყო შურისმაძიებელ ქალად, რომელიც საბოლოოდ გათავისუფლდა მასკულინური წნეხისგან. და, რა თქმა უნდა, ჯულიანი. მისი პერსონაჟი ამბოხია ქალისთვის მიწერილი სტერეოტიპული ცხოვრებისა. ის არ ემორჩილება საზოგადოებრივ ნორმას; რომანტიკულ ურთიერთობას იწყებს კაცთან, რომელიც ასაკით მამად ეკუთვნის. ოხუნჯობს, დასცინის ხელოვანი ბრედლი პირსონისთვის ხელშეუხებელ სიწმინდეებს; ექსცენტრიკულ ტანისამოსში გამოწყობა და ჰამლეტის როლის გათამაშება სხვა რა უნდა იყოს თუ არა სარკასტული დამოკიდებულება მამაკაცური საწყისებისადმი და ფემინისტური სიძლიერის სააშკარაოზე გამოტანა. „შავ პრინცში“ ქალები თავისუფლდებიან დიდი ხნის განმავლობაში დადებული ბორკილებისგან, ოჯახური თუ საზოგადოებრივი მოვალეობებისგან. ასე იქცევა კრისტიანი, პრედლის ყოფილი ცოლიც, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზება არა „ოჯახში“, არამედ პოლიტიკურ საქმიანობაში ჰპოვა. ქალები თავს აღწევენ მამაკაცთა ჩრდილისგან და თავად წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას. (თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით პრისცილაზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ). მერდოკმა ამ წიგნით სააშკარაოზე გამოიტანა ორ პოლუსად გახლეჩილი- ფმინისტური და მასკულინური-სამყაროს საუკუნოვანი პრობლემატიკა, რაც დღემდე აქტუალური საკითხია თანამედროვე საზოგადოებისთვის. აირის მერდოკის ეს შესანიშნავი რომანი ახალი აღმოჩენაა ქართველი მკითხველისთვის და ვიმედოვნებ, „შავი პრინცი“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველ (და არა მარტო) ქალბატონებს, რომ ჩვენ ვართ ინდივიდები, რომლებსაც თავად შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების წარმართვა, რომ გვაქვს პირადი სურვილები, ოცნებები და ინტერესები, რომ არ ვართ სუსტი სქესის წარმომადგენლები, რასაც ჯერ კიდევ ასე ჯიუტად გვიმეორებს ქალებს მთელი სამყარო. სიყვარული არა თუ ჩაგვრა ან დამორჩიელბაა, არამედ-ურთიერთშეტანხმება, ჰარმონია. და თუ ეს უკანასკნელი დეფორმირებული და შელახულია ნირწამხდარი სტერეოტიპების მიერ, რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ინდივიდუალიზმისთვის მსგავსად მერდოკის პერსონაჟებისა?!
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ანა მაისურაძე ვერნორ ვინჯი (Vernor Vinge) ამერიკელი მეცნიერია, რომელმაც შეისწავლა მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება. შემდეგ კი დაიწყო მუშაობა სან-დიეგოს უნივერსოტეტში, სადაც იკვლევს დროისა და სივრცის სინგულარობას. ჩვენთვის, მკითხველებისთვის, იმითაა განსაკუთრებით საინტერესო, რომ სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, წერს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურას და საკმაოდ წარმატებულადაც. მას აქვს მოპოვებული “ჰიუგოს”, “პრომეთეს” და “ლოკუსის” არაერთი ჯოლდო, სხვადასხვა ნაწარმოებისთვის. სწორედ მან ჩამოაყალიბა ტექნოლოგიური სინგულარობის კონცეფცია (მომავლის კონკრეტული წერტილი, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება ხდება შეუქცევადი და უკონტროლო, რაც წარმოუდგენელ ცვლილებებს იწვევს ადამიანურ ცივილიზაციაში) და სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წარმოგვიდგინა წარმოსახვითი “კიბერსივრცე”. “ცეცხლი უფსკრულზე” (A Fire Upon The Deep) სწორედ ტექნოლოგიური სინგულარობით გამოწვეულ ერთგვარ აპოკალიფსს გვიხატავს. ადამიანები ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს, მანკიერებას, რომელიც ხდება უკონტროლო და გამანადგურებელი. ადამიანებმა შეძლეს მის შეჩერება, შორეულ წარსულში, თუმცა მომავალში, ადამიანთა პატარა ჯგუფი, მიტოვებული ლაბორატორიის კვლევისას, ახერხებს პანდორას ყუთის გახსნას და მანკიერების - ბოროტი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაშვებას. რაც მათ და უამრავ სხვა ცივილიზაციას ძალიან ძვირი დაუჯდება. ვინჯი ისე უბრალოდ აღწერს მთელ ამ საშინელებას, რომ ცოტა არ იყოს რთულია გენოციდის მაშტაბების აღქმა. ალბათ ამ კოსმოსური სივრცეების აღქმას ისიც ართულებს, რომ ფიზიკის არმცოდნე ადამიანისთვის ცოტა რთული გასაგებია, თუნდაც ის თუ გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილში, რატომ მუშაობს ტექნიკა სხვადასხვანაირად და ა.შ. სხვათაშორის, გალაქტიკის აგებულებაა პირველი რასაც ვხედავთ რომანში. სწორედ ამ ზონების თავისებურება თამაშობს გაამწყვეტ როლს სიცოცხლისათვის ბრძოლაში. თითოეული ზონა, თავისი პირობებით განსხვავებულ ცივილიზაციებს ბადებს. რაც უფრო ახლოა ვარსკვლავური სისტემა გალაქტიკის ცენტრთან, მით უფრო პრიმიტიულია მასზე არსებული ცივლიზაციები, ხოლო გალაქტიკის გარე რკალზე ცივილიზაციები ფაქტიურად, ღმერთებს უტოლდებიან და ხშირად, არც ანაღვლებთ მათზე დაბლა მდგომი ცივილიზაციების ბედი. თუმცა სწორედ ერთი შეხედვით პრიმიტიულ ცივილიზაციაზე აღმოჩნდება წამალი მანკიერების წინააღმდეგ. ზონების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ტრილოგიასაც, რომლის პირველ წიგნსაც “ცეცხლი უფსკრულზე” წარმოადგენს, “ფიქრის ზონები” ჰქვია. ტრილოგიის დანარჩენი წიგნებია “უფსკრული ცაში” და “ცის შვილები”, რომელთა ქართულად წაკითხვის დიდი იმედი მაქვს. პირველი წიგნის დასასრული ნამდვილად გიჩენს ინტერესს რომ დანარჩენი ნაწილებიც წაიკითხო. ნაწარმოებში რამდენიმე სიუჟეტური ხაზია. თხრობა საინტერესო და ჩამთრევია. კითხულობ და პერსონაჟებთან ერთად განიცდი თითოეულ მარცხს და გაბედნიერებს გამარჯვება. მოქმედება რამდენიმე პლანეტასა და სხვადასხვა რასებს შორის ხდება. ზოგიერთი სახეობა ნამდვილად ორიგინალური და ავთენტურია. რომანში წარმოდგენილია შემდეგი ინტელექტუალი არსებები: რომანში წარმოდგენილია შემდეგი ინტელექტუალი არსებები: ადამიანები. ძირითადად ადამიანთა ჩრდილოელ შთამომავლებს წარმოადგენენ და საუბრობენ ენაზე, რომელიც ნორვეგიულიდან არის წარმომდგარი. ძირითადად ადამიანთა ჩრდილოელ შთამომავლებს წარმოადგენენ და საუბრობენ ენაზე, რომელიც ნორვეგიულიდან არის წარმომდგარი. მანკიერება (Blight) უძველესი, ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ზეინტელექტი, იგი ბოროტია. იოლად მანიპულიტებეს ექნოლოგიებითა და ორგანული არსებებითაც. იპყრობენ სხვებს და ვრცელდებიან. უძველესი, ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ზეინტელექტი, იგი ბოროტია. იოლად მანიპულიტებეს ექნოლოგიებითა და ორგანული არსებებითაც. იპყრობენ სხვებს და ვრცელდებიან. დიროკიმები (Dirokimes) ადამიანებზე ძველი რასა, რომლების მათ მოსვლამდე ცხოვროფდნენ სიანდრა-ქეიზე. ადამიანებზე ძველი რასა, რომლების მათ მოსვლამდე ცხოვროფდნენ სიანდრა-ქეიზე. კალირები (Kalir) ინსექტოიდური ჰუმანოიდები, რომლებიც ვრინიმის ორგანიზაციაში მთავარ რასას წარმოადგენენ. ვრინიმი დიდი კორპორაციაა, რომელიც მართავს ინფორმაციას: გადამუშავება, გაგზავნა, მიღება და ა.შ. ინსექტოიდური ჰუმანოიდები, რომლებიც ვრინიმის ორგანიზაციაში მთავარ რასას წარმოადგენენ. ვრინიმი დიდი კორპორაციაა, რომელიც მართავს ინფორმაციას: გადამუშავება, გაგზავნა, მიღება და ა.შ. აფრაჰანტები ( (Aprahanti) პეპლისმაგვარი, ფერადფრთიანი ჰუმანოიდები, რომლებიც, ზღაპრული და უწყინარი შესახედაობის მიუხედავად ძალიან სასტიკი და მეომარი რასაა, რომლების მანკიერების მიერ დამყარებული ქაოსით სარგებლობენ და დაკარგული ჰეგემონიის აღდგენას ცდილობენ. თუმცა ჩემი ფავორიტი ორი რასა მინდა ცალკე გამოვყო და ისე გაგაცნოთ. ხროვები (Tines) კოლექტიური გონის მქონე ძაღლისმაგვარი არსებები. თითოეულის პერსონა 4-8 ელემენტს აერთიანებს. ლეკვობიდან იწვრთნებიან და ერთიანი ორგანიზმივით ფიქრსა და მოქმედებას სწავლობენ. შეუძლიათ გარდაცვლიი ელემენტები ახლით ჩაანაცვლონ და ამის საშუალებით, ზოგჯერ ასწლეულები ცოცხლობენ. ისინი არცთუ მშვიდობისმოყვარე არსებები არიან. პირველივე გამოჩენისთანავე, ისინი თავს ესხმიან ადამიანთა ხომალდს და ხოცავენ ხალხს. ეს ორ ბანაკად გაყოფილი არსებები ერთმანეთს არ ინდობენ. ერთმანეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში, არ ერიდებიან წამებითა და სასტიკი მეთოდებით ახალი ჯიშების გამოყვანას, უნიკალური მკვლელი ხროვების შექმნას. ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ჯოანა ასე აღწერს მათ: “თავდაპირველად ჯოანამ იფიქრა, რომ საქმე ძაღლებთან ანდა მგლებთან ჰქონდა. თუმცა, სინამდვილეში ეს არსებები არც ერთნი იყვნენ და არც მეორე. დიახ მათ ოთხი ვიქრო ფეხი და წამახული ყურები ჰქონდათ, მაგრამ გრძელი კისრითა და წითელი თვალებით ისინი შეიძლება უზარმაზარ ვირთხებად აღგექვათ.” მიუხედავად ერთმანეთისადმი გამოჩენილი სისასტიკის, ცბიერებისა და ვერაგობისა, ამ არსებებს დიდი ინტელექტუალური პოტეციალი აქვთ. ნიჭიერი და მოხერხებული რასაა. ძალიან ადვილად უღებენ ალღოს ადამიანურ ტექნოლოგიებს. მათი ერთ-ერთი ბელადი კი მეჩუქურთმეა, ხელოვანი და არქიტექტორია. ერთადერთი დაბრკოლება, რაც მეტ-ნაკლებად ხელს უშლით თითების არქონაა. ადამიანის ნაშიერთან დამეგობრებული ახალგაზრდა ხროვა, ამდი კი გვაჩვენებს, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა უფრო წვრთნის შედეგია, ვიდრე თანდაყოლილი თვისება. ადამიანებთან ურთიერთობისას ისინი ძალიან გვანან დედამიწაზე მცხოვრებ ძაღლებს. რომანის გამორჩეული ხროვები სწორედ ერთ-ერთი ლიდერი მეჩუქურთმე, ყარიბი ჯეკერამეფანი და ტირატექტი არიან, რომელიც თავის თავში გამწმენდის ბოროტ ელემენტს ებრძვის. მისი ეს ბრძოლა პიროვნულ გაორებას ჰგავს, და ძალიან საინტერესოა. სხვათაშორის, ვერნორ ვინჯს სურდა რომანისთვის დაერქმია “ხროვებს შორის” ( "Among the Tines"), თუმცა რედაქტორმა გადააფიქრებინა. სკროუდრაიდერები ( Skroders/Riders/Skroderiders) მცენარისმაგვარი არსება, ტოტებით, რომლებსაც ემოციების გამოსახატად იყენებს. ბუნებაში, ოდესღაც სქროურაიდერები ოკეანის ფსკერზე, უძრავად მყოფი არსებები არიან, რომლებსაც ხანმოკლე მეხსიერებაც კი არ გააჩნდათ, თუმცა 5 მილიარდი წლის წინ, ვიღაცამ ისინი ბორბლებიანი, მექანიკური საშუალებით აღჭურვა, ისევე როგორც, ხანმოკლე მეხსიერების ქონის უნარით. რის შემდეგაც, სქროუდრაიდერებმა ხელი ვაჭრობას მიჰყვეს. აი, როგორ გვიხატავს მათ ავტორი: “მოჟღურტულე არსება ექვსთვლიან ურიკაზე მდგარ პატარა, დეკორატიულ ხეს წააგავდა. ურიკა კოსმეტიკური ზოლებითა და ფუნჯებით იყო მორთული და მის 150X120 სანტომეტრი ფართობის მქონე ზედაპირზე იგივე ემბლება იყო გამოსახული, რაც დროშაზე. არსება დიდი სკროუდრაიდერი იყო, რომლის რასა თითქმის მთელ შუამიღმეთში ვაჭრობდა. სიანდრა-ქეის ჩათვლით. სკროუდრაიდერის მჭახე, ჟღურტულა ხმა ავტომატური თარჯიმნიდან მოდიოდა.” ვაღიარებ, სწორედ ამ არსებამ დაიპყრო ჩემი გული. “ლურჟი ნიჟარა” (ასე ჰქვია წიგნის მთავარ სკროუდრაიდერ პერსონაჟს) ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია, ყველა წიგნს შორის რაც კი წამიკითხავს. მე იშვიათად მიყვარდება პერსონაჟები. “ლურჯი ნიჟარა”, სწორედ ის ასეთი იშვიათ შემთხვევათაგანია. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მისნაირი მეგობრის ყოლით და მიუხედავად იმისა, რომ ოთახის მცენარე ორჯერ გავახმე (თან ერთი და იგივე მცენარე) “ლურჯ ნიჟარას” აუცილებლად მოვუვლიდი. არ მოვყვები მთელ იმ ამბებს რაც ამ საოცარი არსების თავს ხდება წიგნში, არ მინდა სპოილერი გამომივიდეს, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ სიკეთე, მეგობრობა და თავდადება, პირველ რიგში არჩევანია და ნებისმიერ არსებას შეუძლია წინ აღუდგეს მასში კოდირებულ ბრძანებებსა თუ ინსტინქტებს. ყველა ფანტასტიკის მოყვარულს ვურჩევ წაიკითხოს ეს საოცარი წიგნი.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მარიამ ქავთარაძე პაბლო ნერუდა ამბობდა ლორკაზე, მის ლექსებს სხეული აქვსო. ჰოდა, არიან მკითხველები, დამეწრმუნეთ, არიან, რომლებთაც ესმით, რას ნიშნავს ტექსტის სხეულებრივი ფორმა, რომ ზოგი ტექსტი თავისი ფეთქვის მიყურადების საშუალებას გაძლევს. ამ ფეთქვის აღქმასაც სჭირდება რაღაც თავისებური და დაწერას ხომ მით უფრო. პროზაში, მაგალითად, აპდაიკის „ბრაზილია“ ვთქვათ და შეუძლებელია, სულ სულ მცირედით მაინც არ იგრძნო ის, რაზეც ვლაპარაკობ. აქ იმხელა სიმაღლეს აღწევს მწერლის ოსტატობა ამ აზრით, ქვა რომ ქვაა, იმასაც შეიძლება ვენა მოუნახოს და სისხლი აუჩქაროს. მაგრამ პოეზია ცოტა სხვაა. პოეზიაში მეტად შეიძლება ჭირდეს აზრს ისრის ფორმა მისცე და ისროლო და ისროლო ზუსტად და მოხვდეს და მოხვდეს ღრმად, რადგან აქ აზრმა თან უნდა ითვალოს, ირითმოს, ირიტმოს, იცეკვოს და თან სათქმელი ისე თქვას, სურათი პირდაპირ გააცოცხლოს. ჰოდა, ესპანურ ლირიკაში ლორკამ შეძლო ეს - ლექსისთვის მიეცა არტერიული წნევა და თან ეს გაეკეთებინა იმდენად ყოფითი, ნაცნობი სიტყვებით, რომ უბრალო ესპანელ ხალხს, რომელზეც ასე გატაცებით იყო შეყვარებული პოეტი, გაეგო მისი, მოესმინა, ეგრძნო და ზეპირად ემღერა. ასე საზეპიროდ იქცა „ბოშური რომანსერო“, რადგან სწორედ აქ მოხდა ის, რისკენაც ლორკა მიიწევდა მთელი თავისი შემოქმედებით. „27-იანელთა“ თაობის სხვა წარმომადგენელთა შორის, ალტორაგირეს, ალესიანდრეს, ალბერტის, სნერუდას გვერდით იგი იყო ერთადერთი, რომელიც „გადაურჩა გონგორას ცივ სუნთქვას“ და გააგრძელა ავანგარდიზმისა და მაღალი კლასის უცხოდ ფაქიზი, ბალანსირებული შერწყმით. ეს პოეზია შეიყვარეს ბაროკოს გულშემატკივარებმაც, რომელნიც გონგორასეულ ჩიტებს, ვარსკვლავიან ცასა და ელვარე, ნაკლებმიწიერ სიტყვებს ეტრფოდნენ და უბრალო გლეხმაც, ვინც არც ერთის, არც მეორისა და არც მესამის კლასიკური სილამაზის სტანდარტები არ იცოდა და მით უფრო, არც ჰყვარებია, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერავინ ასწავლიდა, თუ როგორ ხტუნავს ვასაკა, ათასჯერ არ უნახავს? და აი, ამბობს ლორკა „პრესისოსა და ქარში“ „თავის პერგამენტის მთვარეს - უკრავს ბოშის გოგო დაირას დაფნებს და ბროლ-მინდვრებს შორის გზა დახტის ვასაკასნაირად“. - და ეს უკვე სხვა საქმეა. მაშინ, რევოლუციურ ესპანეთში, ფრანკისტებზე უკეთ არც არავინ უწყოდა ის, რომ ლორკამ ხალხთან სალაპარაკო ენა მონახა და ენასაც ხომ გააჩნია. მონახა ენა, როგორც განცდის კატალიზატორი, სადავე და ეს იმთავითვე იყო სისტემისთვის საფრთხე. ლორკა მემარცხენე, გამოუსწორებელი მეოცნებე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამდენად მძაფრი პერმანენტული აგრესიისა მემარჯვენეთა მიმართ, რომლის გამოხატვის ფორმა შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო მომწოდებლური, მისიონერული ხასიათისა, მიუხედავად მისი დევნისა, მკვლელობისა, ლორკა არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა არც სიცოცხლეში და არც მის მერე, მის სიტყვასა და იდეებს არ ჰქონია დიქტატორული შემართება. ის მღეროდა ანდალუზიაზე, ანდალუზიურ ნაღველზე და ალბათ, რომ გეკითხათ, სხვა არაფერი ენდომებოდა, ეცხოვრა ამაყ, თავისუფალ, დემოკრატიულ ესპანეთში, სადაც თავის აგერ ახლახან წაკითხულ ლექსებს მკერდავსე ქალები ცხელ ქურამდე მიიყოლებდნენ და ზეპირად იღიღინებდნენ. ჰოდა, თავისუფალ ესპანეთში ცხოვრება კი არ დასცალდა, მაგრამ ასე საღიღინო და რაღაცნაირ შეთვისებულ, შესისხლხორცებულ მწერლად კი იქცა კაცი, რომელმაც შეძლო და სევდა ყოველგვარი პათეტიკისგან, ყოველვარი მაღალფარდოვნებისგან დაცალა და მიწაზე ჩამოიყვანა, საგნების, ადამიანების, მოვლენების, სცენებისა და ატმოსფეროების ფორმა მისცა: „ჯერ ისევ ცას ხევენ მამლები, გარიჟრაჟს კინძავენ ხმა-ხმა, როცა სოლედად მანტოია ჩამოდის ბნელი მთის დაღმართს. სხეული, ყვითელი რვალი, სუნთქავს ცხენითა და ჩრდილით, ძუძუებს, გაკვამლულ გრდემლებს, ზრიალი ახსმია წყვილი“ გასაქანს თუ მისცემ, ალუზიებით შეიძლება გაივსოს თითო ლექსი. აგერ, ზემოთ მოყვანილ „შავი ნაღვლის რომანსში“, ცადეთ და ვერ დაინახეთ დონ კიხოტი? - არ გამოვა, აუცილებლად იპოვით სოლედად მანტოიაში ესპანელთა მეოცნებე წინაპარს და მამას და მშობელს და... მასში თუ არა, რომელიმე აქაურ ბოშაში მაინც, რომელთა ბოშურობა , აქვე მთარგმნელის შენიშვნა მოვიშველიოთ, მხოლოდ პოეტური პირობითობაა, ყველა მათგანი კი გინდა სახელით და გინდაც ხასიათით, ესპანელია. იყო დიდი, ასევე ესპანელი მწერალი , ბლასკო იბანიესი. მის გენიალურ რომანში, „სისხლი და ქვიშა“ არის ერთი პასაჟი, საქვეყნოდ რომელია და მსოფლიოში ცნობილი ტორერო, ხუან გალიარდო კორიდაზე შესასვლელად ემზადება. ემზადება და ბარე 5 გვერდი ეთმობა მისი ვნებათაღელვის აღწერას, მის ნერვიულობასა და სისხლის დუღილს, მაგრამ გარეთ გასვლისას, სადაცაა რომ ხარის პირისპირ უნდა ვიხილოთ, კულმინაციურ წერტილში ავტორი ტოვებს პერსონაჟს და ბრბოს ქაოსის, მოგრიალე ტრიბუნების, არენაზე მიმავალ ტორეროთა ცხენების გაუჩერებელი სირბილის აღწერაზე გადადის. ამ დროს ხედავ, რა გატაცებით წერს იბანიესი ამ ყველაფერზე, როგორ ეამაყება, როგორ უხარია და როგორ ბავშვივით უბრწყინავს თვალები, რადგან ესპანეთია, რადგან მისია, რადგან ასეთია და ოლე, ოლე... გაექცევათ ხოლმე კალამი ასე და ეს ყველაფერი კი, კარგია, მაგრამ სადაა პერსონაჟი? რას გრძნობს ახლა? მხრებში შედგომა უნდა, ბრძოლის წინ ყოველთვის რაღაც უჩვეულოდ ჩუმი, გამოუთქმელი წინათრგრძნობა შეიპყრობს ხოლმე - მკითხველი (და შეიძლება მხოლოდ არაესპანელი მკითხველი) ისეთი დაბნეული, ყელწაგრძელებული ეძებს გალიარდოს აღტიკინებულ ბრბოში, როგორც ნაცნობ, ძვირფას სახეს, მაგრამ ვერ ხედავს. მხოლოდ არენაზე გამოსვლისას უბრუნდება ენაგაოფლილი ავტორი მას და ჩვენც იბანიესს რას მივედრებით და ჩვენივე მწირი წარმოსახვით გვიწევს დანაკლისის შევსება, მაგრამ აი, ლორკასთან ვპოულობდეთ იქნებ მას, სულ სხვა სახელით, სულ სხვა გვარით, მაგრამ ვინ რას დაგიშლის და ვინ რას მოგკითხავს და იყოს ეს კაცი გალიარდო სწორედ იმ გაბნეულ თუ გამორჩენილ კადრში და თავად მკითხველმა განსაჯოს საკუთარი განცდით, რამდენად ჰგავს ის მას, მაგრამ შეხედეთ ანტონიო ელ კამბორიოს... არ დაიზაროთ და ერთხელ ორივეს ერთად შეხედეთ: „ანტონიო ტორეს ერედია, კამბორიოთა ძე და ძირი, მწვანე სიშავგრემნე მთვარის, თვალებზე კულული ხშირი. წნორის არგანი აქვს ხელში, მშვიდად, ტანაკრეფით მიდის, გზა სევილიისკენ უდევს, დღეს ხართა ბრძოლაა დიდი. ლიმონი დაკრიფა გზა-გზა, და წყალში იმდენი ყარა, რომ ფერი იცვალა ჩქერმა, დადინდა ოქროვან ღვარად" ხიბლში რომ შეხვალთ, არ გეკმაროთ იქნებ და იპოვოთ ფუენტესის არტემიო კრუსიც მასში და მრავალი და მრავალი კიდევ, სანამდის მეხსიერება და კიდევ უფრო, ემოციური ინტუიცია მიგყვებათ და მოხვიდეთ კიდეც იქნებ ჩვენებურ ყივჩაღის ბალადამდე. იმ ბალადამდე, ლეონიძემ რომ გადაათამაშა მერე, რომლის სულ სხვანაირ, თითქოს სულ სხვა სიუჟეტად გამოთლილ ალტერნატივას ლორკა „სხვისი ცოლის“ სახით გვთავაზობს ისევ „ბოშურ რომანსეროში“. "როგორც რომ მაყვლოვანს გავცდით, ჩათავდა ლელიც და ნარიც, სილაში მოვთხარე ღრმული, ჩავწურე მისი თმის ღვარი. ... და აღარც მინახავს მასუკან, რადგანაც მიმუხთლა იმ ღამით, ადგილს რომ ჩამყავდა ნარიყალს, საბედოდ მაჩვენა თავი, დამალა, რომ თურმე ქმარი ჰყავს." ჰოდა, არც მე ვიქნებოდი პირველი და არც თქვენ, რომელიც ასე იახლობლებდა ლორკას, მასში რაღაც უჩვეულოს სხეულით იგრძნობდა. „ბოშური რომანსერო“ 1928 წელს გამოქვეყნდა. ვინ ვინ და, აგერ წერედიანი თვითონ ამბობს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უპირველეს ლირიკოსად აქცია მწერალიო. შეიყვარეს და გააღმერთეს და მოიკითხეს მშობლიურ გრანადაში დაკარგული დიდი ვნებათაღელვით 1936-ში, მაგრამ ფალანგისტები მაშინ ჟურნალ-ჟურნალ მოჰყოლიან მოურიდებელ ტყუილებს, რომ მოკლეს აქ, რომ არა, თურმე აქ, რომ არა, ვაზუსტებთ - აი, აქ... მედიის ასეთი მიკიბვ-მოკიბვის ფონზე არა მარტო ესპანეთი, მსოფლიო ითხოვდა სიმართლეს ამ ადამიანის შესაზარი დასჯის შესახებ. მაშინ უკვე დიდმა ინგლისელმა მწერალმა, ჰერბერტ უელსმა სცადა ლორკას ამბის გამორკვევა და წერილი გაგაზავნა ფრანსკიტულ ზონაში, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „მოუთმენლად მოელის, შეიტყოს ახალი ამბები გამოჩენილი კოლეგის, ფედერიკო გარსია ლორკას ბედ-იღბლის შეასხებ“. პასუხად გრანადის სამხედრო გუბერნატორს, პოლკოვნიკ ესპინოსას უცნობებია: „დონ ფედერიკო გარსია ლორკას ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია“. სპინოსა მაშინ ცრუობდა და ასე ცრუობდა დიდხანს ყველა პასუხად დაუსრულებელ შფოთვაზე გამოწვეული იმ ახალგაზრდა კაცის უსამართლო სიკვდილით, რომელიც მსოფლიო ლიტერატურულმა წრეებმა სიცოცხლეში შეიყვარეს, სიკვდილის შემდეგ კი - გააღმერთეს. ლორკას სიკვდილის ობიექტურ და არგუმენტირებულ, შესაბამისი არქივით გამყარებულ ისტორიას თუ მოიძევთ, ნახავთ, რომ მრავალი მცდელობიდან ერთია მხოლოდ, ჯიუტი, ძალიან ჯიუტი ესპანელი ჟურნალისტის, რომლის სახელიც აღნიშვნას იმსახურებს, ხოსე ლუის ვილა სან ხუანის სტატია სათაურით „ფედერიკო გარსია ლორკას მკვლელობა: სრული სიმართლე“, დაწერილი ლორკას სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ, 1976-ში. სწორედ ამ წერილშია აღწერილი დიალოგი, რომელიც ლორკას დასაკავებლად მიმავალ ლუის ალონსოსა და პოეტის მეგობარ, მიგელ როსალესს შორის შედგა: - რაში სდებთ ბრალს ლორკას? - იკითხავს როსალესი. - „მას უფრო მეტი ვნება მოაქვს თავისი კალმით, ვიდრე სხვებს - თავიანთი პისტოლეტით“ - უბრუნებს ალონსო. ალონსო რომ მართალი იყო თავისი პერსპექტივიდან, ამის დამადასტურებლად მე ჩემი მხრივ საკმაო ვთქვი, ეგაა, რომ ლორკას დაასწრეს და მოიშორეს მანამ, სანამ მეტს ავნებდა მემარჯვენეებს, სანამ მეტად ააფორიაქებდა ესპანელ ხალხს თავისი სიტყვითა და სიჯიუტით, სიმტკიცით, შეუპუებლობით. ჰოდა, ამ „მავნებლობათაგან“ ერთ-ერთი უმთავრესი იყო „ბოშური რომანსერო“, რომლის წლევანდელი გამოცემა თარგმანის ხარისხით გაზვიადებული არ იქნება, ვთქვათ, მსოფლიო უმაღლესი კლასის თარგმანებს არ ჩამორჩება, ისევე, როგორც დავით წერედიანის სხვა ფანტასტიკური ნაშრომები. ანოტაციაში თვითონვე მიანიშნებს ამაზე: „მუსიკალური პოეტები ძნელად, ან საერთოდ ვერ ითარგმნებიან, მაგრამ ლორკა მხოლოდ მუსიკა არ არის, უპირატესად მეტაფორაა, მეტაფორული ეფექტი კი, როგორც ლორკასავე მაგალითიდან ჩანს, ერთი ენიდან მეორეში ნაკლები დანაკარგით გადადის“. ასე ჩათვალეთ, თავმდაბლობს მაინც მთარგმნელი აქ და ბოლომდე არ ამბობს, ლორკა გადმოქართულდა და ლამის ამ მეტაფორული ნერვის ფეთქვით ორიგინალს გაასწრო. „მთვარე, სულთმობრძავი ვერცხლი, და მთვარე, ნაფრცქვენი ნივრის, ყვითელი კოშკების თავზე ყვითლად თმაგაშლილი ივლის.“ ... რა ითქმის მეტი, ჩვენი, მკითხველის იღბალია, სხვა თუ არაფერი.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მანო სიდამონიძე ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვების დახმარებით დამეწერა აქტუალურ და მტკინვეულ თემაზე, ძალადობაზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული პერიოდის, XXI საუკუნის, მთავარი ამოძახილია. ფიზიკურად უხეშმა მოპყრობამ და სიტყვიერად მორალური ზიანის მიყენებამ შესაძლოა ადამიანი რადიკალურად გადაასხვაფეროს, წარმოდგენები შეუცვალოს, ფსიქიკა შეურყიოს და გააბოროტოს. საუბედუროდ, ისინი , რომლებიც ძალადობენ, ვერ აცნობიერებენ თუ რა ტრამვას აყენებენ სხვებს. მოძალადეები მსხვერპლს უნგრევენ ცხოვრებას და უმრავლესობა ამით კმაყოფილდება კიდეც.. გაუმართლებელია ასეთი ამოუხსნელი საქციელი! ლიან მორიარტის, ავსტრალიელი მწერლის, გახმაურებული რომანი ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია. წიგნში მოთხრობილია პირივის ნახევარკუნძულზე დასახლებული რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავრბული ოჯახის შესახებ, რომელთა ცხოვრებაშიც ავტორმა საინტერესო შტრიხები შეიტანა და ამის დახმარებით თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული ელფერი მიენიჭა. ჯეინი, ახალგაზრდა მარტოხელა დედა, გაექცა იმ მტკინვეულ მოვლენას, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა. გონებით იბრძოდა, არ ყრიდა ფარ-ხმალს, მაგრამ ეტყობოდა, რომ გული გაბზარული, ალაგ-ალაგ დალურჯებული და დასაფშვნელად გამზადებული ჰქონდა. საქსონ ბენკსი - ამ სახელს ამოფარებულმა ადამიანმა დაუნგრია ჯეინს ცხოვრება, ის ლამაზი და ბავშვური წლები, რომლებიც თითოეული ინდივიდის განუყრელი მეგობარია. მან 20 წლის ჯეინი მიწასთან გაასწორა. მასთან სექსუალური კავშირის დამყარებისას ყურში მუდმივად ჩასისინებდა, რომ მსუქანი, უშნო პატარა გოგო იყო, იაფფასიანი სამკაულებითა და უგემოვნო კაბით. ამ ღამისა და პიროვნების დავიწყებას ჯეინი 5 წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა სწორედ იმ საშინელ დღეს ჩაისახა ზიგი, უსაყვარლესი ბიჭუნა, რომელიც დედამ პირივის საჯარო სკოლაში შეიყვანა და იმედოვნებდა, რომ მისი სიმშვიდითა და სიბეჯითით ყველას მოხიბლავდა, თუმცა მოვლენები წარმოუდგენელად განვითარდა... პირივის საჯარო სკოლა, რომლის ლოზუნგიც ამგვარად ჟღერდა: ,,...სკოლაში არავის ჩაგრავენ, ჩვენ არ ვეგუებით ჩაგვრას, ჩვენ ხელს არ ვაფარებთ ჩაგვრას...’’ ა.შ და ა.შ. როგორც ჩანს, ეს უბრალო შეძახილი აღმოჩნდა, რადგან სკოლის პირველივე დღიდან ზიგის დასდეს ბრალი ამაბელას ბულინგში. მასწავლებელიცა და მშობლებიც სრულ გაურკევლობაში იყვნენ, არაფერი რომ ვთქვა ჯეინზე, რომელმაც იეჭვა, იქნებ გენებმა უყივლა და მამამისს დაემსგავსაო, თუმცა ყველაფერი სხვაგარად იყო. გარდა ჯეინის რთული ცხოვრებისა, ამ რომანში ყურადღებას იპყრობს სელესტი და მისი არაჩვეულებრივი, თითით საჩვენებელი ოჯახი. პერი, სელესტის ქმარი, შრომისმოყვარე კაცია, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი.ბუნებრივია, რომ ყველა დადებით მოვლენას თან სდევს უარყოფითიც. ამ შემთხვევაში კი სავალალოა ის ფაქტი, რომ პერი სელესტზე ძალადობს, ბინძურ სიტყვებს პირშივე ახლის, თუმცა, ამასთან ერთად, სიყვარულსაც ეფიცება. სწორედ მას დაემსგავსა ერთ-ერთი შვილი, ტყუპისცალი - მაქსი. დიახ, დიახ, სწორედ ის ჩაგრავდა ამაბელას და ამასთანავე აიძულებდა ზიგის, რომ ეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. პერი დიდ საიდუმლოს ინახავდა. ის ერთ ღამეს ჯეინს მისი დეიდაშვილის, საქსონ ბენკსის, სახელით გაეცნო და ცხოვრებაც დაუნგრია... რომანს კიდევ ჰყავს ბრჭყვიალა, ლამაზი, 40 წლის გმირი, მედლინი, რომელიც მეორედაა გათხოვილი, პირველი ქორწინებიდან კი 14 წლის აბიგაილი ჰყავს, თავქარიანი გოგონა, რომელიც ერთ დღესაც საშინელ ამბავში ეხვევა. მიუხედავად ასეთი არეულობისა, მედლინი მუდამ ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას და სელესტისა და ჯეინის ერთგული მეგობარია, განურჩევლად უყვარს ორივე. სამაგიეროდ არ მოსწონს და ვერ უგებს პირველი ქმრის ცოლს, ბონის, ქალს, რომელსაც ზემოაღნიშნული საიდუმლოს გამომჟღავნებისას გაახსენდა მამა, რომელიც დედამისზე ძალადობდა, ამიტომაც სასიკვდილოდ გაიმეტა პერი. ის არ შეუშინდა სასჯელს და პოლიციაში სიმართლეც აღიარა. აქ დამთავრდა ქალების ტრაგიკული ცხოვრება. ამბავი პატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც ყოვედღიურად ვსაზრდოობთ. ავტორმა დაგვანახა იმ მშიშარა კაცების ფსიქიკა, რომლებიც ქალებზე ძალადობენ. რომანის დაწერას საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ლიან მორეარტმა რადიოთი მოისმინა ქალის ინტერვიუ, რომელმაც მშობლების ძალადობრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. და ბოლოს, დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არ არსებობს ქვეყნად ისეთი ტკივილი, რასთან გამკლავებაც ქალებს არ შეგვიძლია. ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ისინი ცდილობენ, რომ დიდი პატარა ტყუილებისგან თავი შორს დაიჭირონ და ჯეინის თქმით, ეს სწორედ იმიტომ, რომ ,,ტყუილები ცხოვრებას ართულებს’’. პს: კიდევ ერთხელ ვუხდი მარი კორინთელს მადლობას ასეთი საოცარი თარგმანისთვის.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: გვანცა გუბელაძე ერთ მშვენიერ ზაფხულს, როდესაც ბებიაჩემს ვესტუმრე სოფლად, მაკრატელი ვთხოვე ფერადი ფურცლების გამოსაჭრელად. მაშინ შვიდი ან რვა წლის თუ ვიქნებოდი. ბებიაჩემი უსინათლო იყო და ლეიბის ქვეშ ინახავდა ნივთებს, რომელი ნივთებიც, იცოდა, აუცილებლად დასჭირდებოდა. ასე, მარტივად აღმოაჩენდა მათ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მაკრატლის ძიებაში ლეიბის ქვეშ სხვა ნივთებსაც წავაწყდი, მათ შორის, ფოტოს, რომელზედაც პატარა ბებიაჩემი დედასთან და მამიდასთან ერთად ხის ჩრდილში იდგა. თავიდან გამიკვირდა, როგორ შეიძლება, ლეიბის ქვეშ რაიმე მოათავსო - მეთქი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, ლეიბის ქვეშ ჩვენი ბებიები და ბაბუები ისეთ რამეებს ინახავდნენ, რაც სურდათ, არასდროს დაეკარგათ და დაევიწყებინათ, მაშინაც კი, თუ ამ რაღაცას ვერ ხედავდნენ. ეს წერილი არ არის ლეიბის ქვეშ შენახულ ნივთებზე, არც ბებიაჩემზე, რომელიც, რასაკვირველია, ძალიან მიყვარდა. წიგნზე მინდა გიამბოთ, რომელსაც ასე ჰქვია „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. ეპისტოლარული ჟანრის ამ ლიტერატურაში ადრესატი ყველასათვის უსაყვარლესი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია, ქალი, რომელმაც გასაოცარი სამყარო შექმნა ბავშვებისთვის და არამხოლოდ. როგორი წერილები არ უნახავს ლიტერატურას, ლამაზი ბაფთებით გამოკრული, სურნელოვანი ეთერზეთებით გაჯერებული, გაკრული ხელით თუ პირიქით, დინჯად შესრულებული. წერილები, რომელშიაც სიყვარულში უტყდებიან ერთმანეთს, წერილები, რომელშიც ტოვებენ, წერილები, რომელშიც დაბრუნებას ითხოვენ. მაგრამ ეს ყველასგან განსხავებული წერილებია. სხვა თუ არაფერი, ის ხომ ლეიბის ქვეშ ჰქონდა შენახული სარა შვარტს და მისი ცხოვრების თანამგზავრი და მრჩეველი გახდა. დიახ, ადრესანტი სწორედ ეს თორმეტი წლის გოგონა იყო, რომელმაც გაბედა და საკმაოდ თამამი წერილი მისწერა საყვარელ მწერალს. წარმოვიდგინე, ყველაფერი რომ დღეს ხდებოდეს, დღეს რომ საშუალება გვქონდეს ცოცხალ ასტრიდთან ურთიერთობის, როგორ მოვიქცეოდით? დიდი მონდომებით მოვძებნიდით ასტრიდს სოციალურ ქსელში, თვალს გადავავლებდით მის ყველა აქტივობას, გავხსნიდით “ჩათს” და მოუთმენლად დაველოდებოდით პასუხს წერილზე, რომელიც ასე იწყება: „ძვირფასო ასტრიდ !“ . ასტრიდიც გვიპასუხებდა, აუცილებლად გვიპასუხებდა. ისე, როგორც ყველა ბავშვს, რომელიც მას წერილს უგზავნიდა. უამრავი ბავშვიდან ასტრიდის ცხოვრებაში სწორედ სარა შვარტი შეიჭრა რაღაცნაირად გამორჩეულად. 1971 წლიდან - 2002 წლამდე მოყოლებული (ასტრიდის გარდაცვალებამდე) მათი ორმოცამდე წერილი არაერთ ამაღელვებელ ისტორიას იტევს... იგი თანაბარმნიშვნელოვნად იპყრობს, როგორც შვილების, ასევე დედებისა და ბებიების თაობის ყურადღებას. მთავარი სათქმელი ყოველთვის სტრიქონებს შორის იმალება, ერთი სიტყვიდან მეორე სიტყვამდე. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება სწორად ჩაწვდეს აზრს და გაითავისოს. ასე წერდა ასტრიდიც პასუხებს სარას. ფაქიზად არჩევდა თითოეულ სიტყვას, რათა თინეიჯერული სადარდებლით გზააბნეული გოგონასთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა და „მორალისტი“ კი არა, მისი მეგობარი გამხდარიყო. თავად ასტრიდმაც ხომ საკმაოდ რთული გზა განვლო. ვის თუ არა ასტრიდს, სხვას ვის უნდა გაეგო გოგონასთვის, რომელიც მსახიობობაზე აუსრულებლად ოცნებობდა, ვინც, საკუთარ თავს მახინჯ ბავშვად მიიჩნევდა, ვისაც მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ვინც მოზარდობის ასაკში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა? ერთ-ერთ წერილში ასტრიდი აღნიშნავს კიდეც, რომ სარა განსაკუთრებულად თავისიანად მიიღო. იქნებ იმიტომ, რომ ისინი რაღაცით ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს. იქნებ იმიტომ, რომ ორივეს ცხოვრება ერთ დიდ ბობოქარ თავგადასავალს წარმოადგენდა. ასტრიდ ანა ემილია პატარა ქალაქში იზრდებოდა, იგი იმ ქალაქში პირველი გოგონა იყო, რომელმაც თმა სულ მოკლედ, ბიჭურად შეიჭრა. ამ ფაქტმა თანაქალაქელების აჟიოტაჟიც კი გამოიწვია. 16 წლის ასაკში მან ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა, აქ შეხვდა რეინოლდს, თავისზე გაცილებით უფროს მამაკაცს. ორიოდ წელში ასტრიდი მისგან დაფეხმძიმდა. რეინოლდს უკვე ჰყავდა შვიდი შვილი და ცოლი, რომელთანაც განქორწინების საკითხებს აგვარებდა. მომავალ მწერალს სკანდალებისგან თავის არიდების მიზნით სტოკჰოლმში მოუწია გადასვლა. მატერიალური ხელმოკლეობის გამო, იძულებული გახდა გაჩენისთანავე გაეგზავნა ვაჟი, ლარსი, დანიურ ოჯახში გასაზრდელად. ასტრიდი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, სულ წუხდა... შვილის სანახავად ჩადიოდა ხოლმე, მაგრამ ეს არ უვსებდა არსებულ სიცარიელეს. 1928 წელს ასტრიდ ერიკსონმა სამეფო ავტოკლუბში მდივნად დაიწყო მუშაობა. მისი უფროსი სტურე ლინდგრენი იყო. ამბობენ, სტურეს ისე შეუყვარდა ასტრიდი, მის გამო ცოლი მიატოვაო. 1931 წელს ასტრიდი სტურეზე დაქორწინდა და თავისი ბიჭუნა ლარსი უკან დაიბრუნა. ამ ქორწინებასაც სდევდა თან სკანდალი და მითქმა-მოთქმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ასტრიდის პირადი ცხოვრება ნამდვილად არ გამოირჩეოდა სიმშვიდით. იქნებ მართალია და განსაცდელი მართლა ანიჭებს ადამიანს განუსაზღვრელ ძალას ? ისეთს, რომ ერთხელაც შენს მითს წერ და ასტრიდი ხდები. ამ წიგნში კიდევ ერთხელ გაიცნობთ ასტრიდ ლინდგრენს, როგორც გულწრფელობით, სილაღითა და სიკეთით სავსე მწერალს, ერთ მისთვის უცნობ გოგონას ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში უანგარო სიყვარულს რომ ანახებს. რამდენ მშობელს, რამდენ მასწავლებელს დაეხმარება ეს წიგნი გახდეს ასტრიდი და ამოიცნოს გარშემომყოფი ახალგაზრდების სურვილები, ფიქრები, განცდები, ტკივილები. რომ იმ მოზარდში, რომელიც სკოლას აცდენს, იგვიანებს გაკვეთილებზე, ჩადის ათასგვარ სისულელეს, გარბის სახლიდან, იმალება ადამიანი, საკუთარი სიმძიმეებითა და სიმსუბუქით და მას ერთადერთი რაც სჭირდება არის, იგრძნოს სიყვარული და სითბო. რამდენი მათგანი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, დაფიქრდება და საკუთარ თავს ჩაეკითხება: “რა შემიძლია ახალგაზრდის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად?” „უცნაურია, რომ მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა ხშირად ადამიანების მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს.“ - წერს ასტრიდი სარას, რომელსაც ის პრობლემები აწუხებს, რაც ნებისმიერ თანამედროვე თინეიჯერს შეიძლება აწუხებდეს. სარა შვარტივით მანაც შეიძლება მოწიოს სიგარეტი, ალკოჰოლით გაიჭყიპოს რომელიმე წვეულებაზე, ვერ გაუგოს მშობელს და ჰო, სამწუხაროდ, გახდეს ძალადობის მსხვერპლიც. თუკი ასტრიდის წიგნები ბავშვობაში სინათლით ავსებდა ჩვენს ყოველდღიურობას, ახლა ამ წიგნში თავმოყრილი წერილები, განსაკუთრებულად, თინეიჯერების მეგზური გახდება. უფროსებს კი, კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, გავაანალიზოთ, ურთიერთობებს ასაკი არ აქვს და მოზარდის უკან იმალება ადამიანი, რომელიც ჩვენგან ითხოვს ისე მოეპყრან, როგორც ზრდასრულს. ადრესანტი და ადრესატი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრილან. უკანასკნელი წერილი სარა შვარტმა 2002 წელს გაგზავნა. ასტრიდს პასუხი არ გაუცია. იგი ხომ სწორედ ამ წელს, 94 წლის ასაკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა. „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ 2012 წელს გამოვიდა. წიგნი ქართულად 2018 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. თარგმნა ლიკა ჩაფიძემ. ორიოდე სიტყვას თარგმანზეც ვიტყვი. მთარგმნელი ცდილობს ზუსტად შეინარჩუნოს ის ენა, რომელიც 12 წლის მოზარდის მეტყველებას უკვე ჩამოყალიბებული მწერლის მეტყველებისაგან განასხვავებს. ეს კი მკითხველს ეხმარება აღიქვას წიგნი, როგორც, ერთი მხრივ, ადრესანტისა და, მეორე მხრივ, ადრესატის ურთიერთობის შედეგად გადმოცემული ამბავი. „ტრარალანლალანლეი“ მკითხველებო, თქვენთვის ლეიბის ქვეშ წერილებია პატარა სარასგან და დიდი ასტრიდისგან. წერილები, რომლებიც არ უნდა დაკარგოთ და დაივიწყოთ. მიაკითხეთ... ფრთხილად გახსენით და წაიკითხეთ...
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ინგა ანთიძე ყველა ჩვენი ისტორიებიდან მოვდივართ. ისტორიებიდან, რომლებიც, ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. ზოგიერთი ჩვენგანი ჯიუტად ცუდ ამბებს ჰყვება მუდამ, მაშინ როცა სხვებს მხოლოდ კარგი დროება აქვთ გასახსენებელი, ზოგიც წარსულის გარომანტიკულებას ახდენს. სადავოა, რომელ ნაწილში ექცევა ჯანეტ უოლსის ამბავი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მისი ცხოვრების ისტორია 31 ენაზე თარგმნილი ბესტსელერისა და ამავე სახელწოდების ძალიან ცნობილი ფილმის საფუძველი გახდა. ჯანეტის მემუარები მის ბავშვობას აღწერს მშობლებთან, რომელთაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის შვილების გამოკვებაზე მეტად ადარდებდათ. ამ წიგნზე მოსაზრებები აუცილებლად გაიყოფა. ზოგისთვის უოლსების ოჯახის ისტორია ჯოჯოხეთი იქნება, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის კი – ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე ამბავი. გვერდით ჩავლილი ადამიანებისთვის უოლსები არაფრით გამოირჩევიან სხვა ათასობით უსახლკაროსგან, თუმცა მათი ცხოვრება დაუსრულებელი თავგადასავალია. აკი აღნიშნავს კიდეც ჯანეტის დედა – როზმარი, მამათქვენთან ცხოვრება მოსაწყენი არასდროს ყოფილაო. ვერც იქნებოდა, რექსი ხომ სხვა მამებისგან განსხვავებით ვარსკვლავებს ჩუქნიდა შვილებს. ჯანეტ უელსი შუშის სასახლე მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ შუშის სასახლე ინგა ანთიძე სიუჟეტის განვითარებასთან ერთად პერსონაჟებისგან დამაფიქრებელ კითხვებს ვაწყდებით და მხოლოდ მათზე ფიქრი თუ მოგწყვეტს კითხვის პროცესს. ერთხელაც უოლსების უფროსი გოგონა – ლორი კითხულობს როდის შეგიძლია თქვა, რომ სადმე გიცხოვრია, „თუ რომელიმე ქალაქში ღამეს გაათევ, ნიშნავს, რომ იცხოვრე იქ? თუ ორ ღამეს რომ გაათევ? თუ ორი კვირით რომ დარჩები?“. როზმარიც ხშირად აჟღერებს საინტერესო აზრებს, რომ დამნაშავედ არავინ იბადება, რომ ყველაში უნდა აღმოაჩინოთ ცუდის საპირწონედ კარგი თვისება და ადამიანი მის გამო შეიყვაროთ. ალბათ სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ჯანეტის მამასაც. რექსი გამოუსწორებელი ლოთია, რომელიც ლამის მთელ შემოსავალს სასმელსა და სიგარეტში ხარჯავს. თუ როგორ აღწერს მწერალი მამამისის პერსონას, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრება მხოლოდ თეთრ და შავ ფერებად არ იყოფა და სწორედ პერსონაჟების ამბივალენტურობა ართულებს რომანის გვერდით გადადებას. რექსის მთელი ცხოვრება ყველაფერ იმის წინააღმდეგ წასვლაა, რასაც საზოგადოების სახით ვიცნობთ. მას შეუძლია სხაპასხუპით მოჰყვეს ვრცელი ზღაპრები სამსახურებზე, რომლებიც არასოდეს ჰქონია და უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებზე, რომლებიც არასდროს აუღია. თუმცა სამსახურს ვერასოდეს ინარჩუნებს და შვილებს თავს უკეთესი მომავლის იმედებით და ოცნებებით უტენის. იქამდეც კი მიდის, რომ სათაურში ნახსენები შუშის სასახლის გეგმას ხაზავს. რექსსაც თითოეული ჩვენგანივით თავისი დემონები ჰყავს, თუმცა მათთან ბრძოლის ნაცვლად უკიდეგანო ოცნებებშია გადაშვებული და რეალობას თვალს ვერ უსწორებს. მორალურ სიცხადესა და კეთილშობილებას ასე დაშორებული ადამიანი ალბათ იშვიათად თუ შეგვხვდება, მაგრამ სწორედ მას შეუძლია ჯანეტში სილამაზე მაშინაც კი შეამჩნიოს, როცა თავად მისი ქალიშვილი ამას ვერ ახერხებს. როზმარის ქმარზე კიდევ უფრო მცირე რაოდენობით აქვს მშობლის ინსტინქტები, მაგრამ კლდიდან წყალში თავით ხტება, უდაბნოში ხატავს და ხმამაღლა კითხულობს შექსპირს. ლორის არ სჭირდება სამყაროში ალიაქოთი და მხოლოდ სულელური პატარა სტიპენდია უნდა. ბრაიანი შინ ეკლებით დაკაწრული სახითა და მკლავებით ბრუნდება და მადლობისა და ქება–დიდების მოლოდინის გარეშე ამატებს ფულს დების ყულაბაში. თავად ჯანეტს კი სურს მაჯის საათი ჰქონდეს იმ ადამიანებივით, რომლებსაც შეხვედრებზე ეჩქარებათ. ბავშვებმა ისწავლეს, როგორ ეზრუნათ საკუთარ თავებსა და ერთმანეთზე, მაგრამ ვერ გაუფრთხილდნენ მათ შორის ყველაზე სუსტს. უმცროსი გოგონა მაურინი – სითეთრემდე ქერა აბრეშუმივით თმისა და უამრავი წარმოსახვითი მეგობრის პატრონი დედმამიშვილებისგან განსხვავებით, სულ ეძებდა ვიღაცას, ვინც მასზე იზრუნებდა და ყოველთვის პოულობდა ვინმეს, ვისაც მისთვის ხელის გაწვდენის სურვილი ჰქონდა. თუ მცირე ემპათია და თანაგრძნობის უნარი მაინც გაგაჩნიათ, ეს წიგნი განრისხებამდე, მძვინვარებამდე, დაუოკებელ რისხვამდე მიგიყვანთ და ამავდროულად, განცვიფრებულს დაგტოვებთ, როგორ გადაურჩნენ ბავშვები აღწერილ ბნელ ყოფას. ამაზე ფიქრისას კუნდერა გამახსენდა, რომელიც „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“ ერთ–ერთ პერსონაჟზე ამბობს, რომ „გოგოს, რომელიც „რაღაც ამაღლებულს“ ესწრაფვის, ამის ნაცვლად კი ლოთებისთვის ლუდის მიტანა და და–ძმის ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვა უხდება, ცხოვრებისეული ძალების უზარმაზარი მარაგი უგროვდება, რომლის მსგავსიც არ დასიზმრებიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც წიგნებზე ეძინებათ ხოლმე.“ ჯანეტმა და მისმა და–ძმამ ცხოვრებაზე იმდენი რამ ისწავლეს, ეს ბუნებრივს ხდის მათ გამოღწევას საშინელი ბავშვობიდან. ავტორი ისე წერს მის მიერ განვლილ ჯოჯოხეთზე, რომ არსად იგრძნობა საკუთარი თავის სიბრალული. არასდროს განსჯის მშობლებს, უბრალოდ ყვება იმას, რაც იყო. შუშის სასახლის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია, რომ ავტორი ახერხებს უნიკალური გამოცდილების ხალხთან ისე მიტანას, რომ მკითხველმა საკუთარ ცხოვრებასთან პარალელი გაავლოს მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელზე საჭმელი არასდროს უძებნია. წიგნს თან იუმორის ტონალობა და განწყობა სდევს. შესაძლოა იმიტომ, რომ ჯანეტი ბავშვობაში მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. მაშინ როცა ყველა ბავშვი ერთნაირად გაჩხინკული და გარუჯულია. მათთვის მთავარია, ვინ დარბის სწრაფად და ვისი მამა არ არის ქალაჩუნა. „როგორ გგონია, იქნებ შეგეძლოს, აღარ დალიო?“ – მაგრამ მამისათვის დასმული ეს კითხვა რეალობასთან შემზარავი სიცხადით გაბრუნებს, დასასრულისკენ რექსის სიტყვები კი – “ხანდახან კარგი დრო მაინც გვიტარებია, არა?”, მკითხველს ფიზიკურ ტკივილს ჰგვრის. აუტანელი სიმწრითა და მთელი სიმძაფრით გრძნობ, მათი ცხოვრების ფონზე რა უმნიშვნელოა ჯანეტისთვის უცნობი სახელები სტენლი კუბრიკი და ვუდი ალენი, რომელთაც საღამოობით უდარდელად განვიხილავთ. გარეკანისთვის ალბათ იდეალური სურათია არჩეული – როზმარიმ ფანჯრებზე ვიტრაჯის ეფექტის შესაქმნელად ფერადი ბოთლები ჩაამწკრივა – რაც თითქოს სიმბოლოა, როგორ აფერადებდნენ უოლსები შვილების ბავშვობას გამოგონილი ამბებით, თუმცა ერთხელაც ახალი ამბების სააგენტოდან მოწოდებული ამბების შედეგად ჯანეტი იგებს, რომ დედა და მამა მოვლენათა დამახინჯებულ ვერსიებს უყვებიან და სამყაროც უფრო გასაგები ხდება. შეამჩნევს, როგორ არის ქვეყნიერებას მოწყვეტილი და დავიწყებული ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ და ძალაუნებურად მათ ცხოვრებასთან პარალელს ავლებ. იდეალურად არის არჩეული სათაურიც. შუშის სასახლე გრანდიოზული დაპირებების სიმბოლოა, რომელიც რექსმა ამ დაპირებების მსგავსად, ნამსხვრევებად აქცია. წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, ბავშვების გადმოსახედიდან დანახული რეალობა ზრდასრულების თვალით დანახულისგან რამდენად განსხვავდება და რაც უფრო უახლოვდება წიგნი დასასრულს, უფრო და უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთება, ავტორის დამოკიდებულებისა და შეხედულებების ცვლილება. გაზრდასთან ერთად, ჯანეტის წარმოსახვა და იმედები შუშის სასახლეზე თანდათან იმსხვრევა.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: თემუკა ზოიძე იენ მაკიუენი, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრიტანელ ავტორად მიიჩნევენ, მსოფლიომ პირველად „ცემენტის ბაღით“ გაიცნო. მართალია, ოცდათექვსმეტი წლის დაგვიანებით, მაგრამ 2014 წელს ქართულ ენაზეც პირველად მისი შემოქმედებიდან ეს რომანი ითარგმნა და მეც მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერმა მის შესახებ ამ წიგნით გავიგე. წიგნს სხვა წიგნი მოსდევს და წლებთან ერთად შეიძლება სულ გადაგავიწყდეს ზოგიერთი მათგანი, თუნდაც თავის დროზე ძალიან აღფრთოვანებულიყავი მისით, „ცემენტის ბაღი“ ის რომანია, რომელიც შენი საყვარელი წიგნი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ ერთხელ წაკითხვის შემდეგაც გონებიდან ვერ ამოიშლი მასში განვითარებულ ამბებსა თუ იქ გამეფებულ ატმოსფეროს: დღესაც კი ამ რომანზე ფიქრისისას მაშინვე უსიამოვნო სუნს ვგრძნობ, სხეული მეძაბება და მგონია, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი გაწებილია – ჰაერით დაწყებული, ჩემი კანით დამთავრებული. ეს ის შეგრძნებებია, რომლებიც წიგნის კითხვის დროს მქონდა და დღემდე უცვლელად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ამან მწერლის იმ დიდ ოსტატობაში დამარწმუნა, რომლითაც მოახერხა და ლამის ფიზიკურად განმაცდევინა წიგნში აღწერილი მოვლენები. ამიტომაც მისი მორიგი წიგნის ქართულ თარგმანს მოუთმენლად ველოდებოდი. იენ მაკიუენის ზემოთ ხსენებული პირველი წიგნისგან განსხვავებით, „მონანიება“ გაცილებით უფრო სქელტანიანი რომანია, რამაც შეიძლება ნაკლებად მონდომებული ან ოდნავ ზარმაცი მკითხველი დააფრთხოს. ამ ტიპის მკითხველი არც შეცდება: წიგნის პირველ ნაწილში ნაკლებად შეხვდებით დაძაბულ სიუჟეტს, დამაინტრიგებელ პერსონაჟებსა თუ ამბის განვითარების სწრაფ ტემპს, რამაც კითხვის პროცესი ბევრისთ - ვის შეიძლება მოსაწყენი გახადოს. თუმცა თხრობის ამ დუნე ტემპში მწერლის იმაზე დიდი ჩანაფიქრი იმალება, ვიდრე უბრალოდ კვანძის შეკვრამდე შესავლის დეტალურად გადმოცემაა: რომანის სიუჟეტი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ვითარდება, იენ მაკიუნმა კი მოახერხა და XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2001 წელს მოგვიყვა ეს ამბავი ისე, როგორც ამას სწორედ იმ პერიოდის მწერალი გააკეთებდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, კითხვის განმავლობაში ყოველი აბზაციდან აბზაცამდე იმის შეგრძნება მქონდა, რომ არა პოსტმოდერნულ რომანს, არამედ მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშს ვკითხულობდი; ეს წიგნი არა იენ მაკიუენის, არამედ ვირჯინია ვულფის უნდა ყოფილიყო: „გზა შუქურისკენ“ თუ წაგიკითხავთ, მარტივად მიხვდებით ლამის კინემატოგრაფიული სიზუსტით ყოველი დეტალი ისეა აღწერილი, რომ პერსონაჟებთან ერთად გრძნობ მზის მწველი სინათლისგან გამოწვეულ თავის ტკივილს, სახლის მოძველებული შპალერის სუნსა და ვახშმისთვის გაპრიალებული ვერცხლის დანაჩანგლის ბრწყინვალებას. მწერალი ენას ისე სრულყოფილად ფლობს და ყოველ წინადადებას ისე გამოზომილად აწვდის მკითხველს, რომ მასში გაბნეული სიტყვების კბილებს შორის მოქცევა და სათითაოდ დაგემოვნება შეგიძლია. ასეთი რამ სხვა ინგლისელ მწერალსაც გაუკეთებია: ჯონ ფაულზმა თავისი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარლით“ სცადა ვიქტორიანული ეპოქა იმ პერიოდისვე ლიტერატურული სტილით გაეცოცხლებინა და ამავდროულად პოსტმოდერნული ირონია არ დაევიწყებინა. ასე იქცევა იენ მაკიუენიც, როცა წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში თავისივე წერის სტილს მეორეხარისხოვან პერსონაჟს აკრიტიკებინებს. „მონანიება“ ოთხ ნაწილადაა დაყოფილი და ხსენებული თხრობის აუჩქარებელი ტემპის მიუხედავად, უკვე პირველივე ნაწილის ბოლოს სუნთქვა გეკვრის მასში დატრიალებული ამბების გამო: როგორ დაუნგრევს მოზარდი გოგონა ადამიანებს მთელ ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ სიყვარულით გაერთიანებული წყვილის სექსს ძალადობად მიიჩნევს. როცა ამ ეპიზოდს ვკითხულობდი, ქართულ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ სექსუალური განათლების ავკარგიანობას, ხოლო მოსახლეობის ნაწილი სიკვდილით ემუქრებოდა მას, ვისაც ბავშვებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება სურდა. ამის გამო წიგნის ეს მონაკვეთი ერთიორად ემოციური გამოდგა ჩემთვის და მომინდა, როგორღაც რუპორი მეშოვა, ქუჩაში გამოვსულიყავი და ხმამაღლა წამეკითხა ყველასთვის ეს რომანი, რათა ამჯერად მაინც ენახათ რამდენად საზიანოა ცოდნის ნაკლებობა, არასწორი წარმოდგენები და მათგან გამოწვეული უნებლიე აკვიატებები. წიგნის შემდეგი ნაწილი სულ სხვა პერპექტივიდანაა მოთხრობილი: ამჯერად მწერალი დეტალურად და შეულამაზებლად აღწერს მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს, რომლის ქარცეცხლშიც მკითხველისთვის უკვე ნაცნობი პერსონაჟები გაეხვევიან. მიუხედავად ამისა, კითხვისას ომის ძალადობრიობაზე მეტად ის გადარდებს, რომ წიგნის გმირებმა როგორმე მოახერხონ და მათგან დამოუკიდებელად გამოწვეულ ამ კატასტროფას გადაურჩნენ მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მათ ცხოვრებაში მანამდე დატრიალებულ უსამართლობას რომ პასუხი გასცენ. თუნდაც შურძიების მწველი სიამოვნების მისაღებად. შურისძიებაა ის მუხტი, რომლითაც მთლიანად ივსები კითხვის პროცესში. შურისძიება თუ არა, სამართლიანობის აღდგენის სურვილი წიგნის კითხვას შეუწყვეტლივ გაიძულებს და უფრო გაზიზღებას იმ ერთადერთ პერსონაჟს, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება დაანგრია. აი, სწორედ ამ დროს იწყება რომანის მესამე ნაწილი და იენ მაკიუნი კიდევ ერთხელ სევდიანად უღიმის მკითხველს: მთავარი ანტაგონისტი, რომელიც ყოველი გვერდის გადაფურცვლასთან ერთად უფრო და უფრო გძულდა, ისევე შეგეცოდება, როგორც დანარჩენები. მეტიც - კიდევ უფრო მოგიკვდება გული მასზე და საკუთარ თავზეც, რადგან რაა იმ ადამიანზე მეტად საწყალობელი, ვიდრე ის, ვინც მთელი არსებით ნანობს თავის დანაშაულს, მაგრამ გამოსწორება უკვე აღარ შეუძლია. შენ კი, ნებიერა მკითხველი, რომელსაც მორალური პრინციპების ერთგული და კეთილშობილი ადამიანი გეგონა თავი, აქამდე ეჭვშეუტანლად კიცხავდი მას. არ ვიცი რაღას უნდა ელოდეს ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ემოციების შემდეგ რიგითი მკითხველი ერთი რომანისგან, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, რაც მის ფინალში, წიგნის მეოთხე ნაწილში მოხდა. სულ რამდენიმე გვერდიანმა ეპილოგმა არა მხოლოდ მანამდე მოთხრობილი მთელი ისტორია, არამედ ყველა ჩემი წარმოდგენა, ემოცია თუ შთაბეჭდილება თავდაყირა დააყენა. ეს წიგნი მხოლოდ ვიღაცის სინანულის ცრემლებზე ან გულის მომკვლელ აღსარებაზე არ გეგონეთ. ეს წიგნი ლიტერატურის უსაზღვრო ძალაზეა, რაშიც მისი ფინალი დაგარწმუნებთ: როგორ შეგვიძლია ჩავძვრეთ სხვა ადამაინების ტყავში, მათი ცხოვრება გამოვიაროთ, მათი თვალებით დავინახოთ, უკეთესად გავუგოთ და მეტიც - თუ მოვინდომებით, მათი ბედისწერაც კი შევცვალოთ. თუნდაც მხოლოდ წიგნის ფურცლებზე და მხოლოდ საკუთარი თავისთვის პატიების შესაძლებლობის მისაცემად, რათა ოდნავ მაინც შევიმსუბუქოთ სინანულით სავსე ცხოვრება.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მეგი თედორაძე „ყოველი ეპიზოდი ორ-ორჯერ ხდება. შიგნით და გარეთ. და ორივეგან სხვადასხვა ამბავია.“ გარეთ იყო ღამის სამი საათი, ხმამაღალი სიცილი, გულამოსკვნილი ტირილი და დაუსრულებელი ლანძღვა-გინება. შიგნით კი საბოლოო გააზრება იმისა, რომ რაღაც საუცხოოდ დიდებული და შთამბეჭდავი წავიკითხე. ჰო, ასე მოხდა იმ ღამით, ზეიდი სმითის «თეთრი კბილების» კითხვა რომ დავასრულე. მერე, მომდევნო რამდენიმე დღე, ვიჯექი და ვფიქრობდი, შე ასეთო გოგო, შე ისეთო გოგო, ეს რა გააკეთე, ეს რო გორ დაწერე, საიდან ან როდის მოასწარი ამდენი ამბის ჩამარხვა საკუთარ თავში-მეთქი. პასუხის ძიებაში ზეიდის უამრავ ინტერვიუს ვუყურე, მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელსაც, აი, ამას https://www.youtube.com/watch?-v=AB4nF5WD8l8&t=703s და მაინც ვერ მივხვდი როგორ და რანაირად. ბოლოს და ბოლოს, ეს ოხერი, მილიონმა ადამიანმა დაამთავრა კემბრიჯის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, მილიონი მათგანი გახდა პროფესორი თუ მკვლევარი, მაგრამ 24 წლის ასაკში ალბათ მხოლოდ ერთმა (ან სხვამაც და უბრალოდ მე არ ვიცი) შეძლო დაეწერა წიგნი, რომელიც მაიძულებდა ისე მეკივლა, თითქოს მე მომხვედროდეს ბარძაყში ტყვია ჰოდა, ეგეთი ამბავი იყო. იმის მერე განა დიდი დროა გასული, მაგრამ გული ვერც ერთ წიგნს ვეღარ დავუდე, ვერც ერთმა ამბავმა ვეღარ გამაგიჟა და მაცემინა თავში ხელი. ზეიდი ერთგან, მგონი, Occasional Essays-ში წერს, რომ მკითხველმა და მწერალმა თანაბრად უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს. მწერალმა უნდა იცოდეს, რომ ავერაგე ადამიანთან არ ექნება საქმე და ამ ადამიანს უკვე მრავალი სხვა, მათ შორის გენიალური, წიგნი ექნება წაკითხული, მაგალითად, წაკითხული ექნება კაფკა და ნაბოკოვი, ჰოდა, შენც, მწერალი რომ გქვია, უნდა ადგე და საკუთარ მკითხველს რაღაც ბანძობა კიარ უნდა შეაპარო, ხარისხიანი ტექსტი უნდა შექმნა და არაფერს მიანიჭო მნიშვნელობა, გარდა იმისა, თუ რას დატოვებ ფურცელზეო. წერის მიმართ ზეიდის ეს დამოკიდებულება არაჩვეულებრივად ჩანს «თეთრ კბილებში», იმდენი აქვს ნაფიქრი თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ შედარებაზე, იმდენჯერ აქვს დარედაქტირებული და შეცვლილი, რომ ტექსტი, თუ მის ენას დავაკვირდებით, ძალიან მდიდარია, ძალიან დიდი გასაქანის მქონეა. ზეიდიმაც გადასარევად იცის ეგ ამბავი და ამბობს ხოლმე, ყველაზე მეტად ალბათ ენა გამომარჩევს, როგორც მწერალსო. ენას თუ შევეშვებით და უშუალოდ შინაარსზე გადავალთ, ტექსტი პირდაპირი მნიშვნელობითაა დახუნძლული ამბებით. იმდენი ისტორიაა შიგნით, რომ, აი, ხე წარმოიდგინეთ, უამრავი თანაბრად მწიფე ნაყოფი რომ გამოუბამს. ასეთი წიგნია, მოკლედ. ამ წიგნში აუცილებლად შეხვდებით რამდენიმე ძალიან ძველ და ცნობილ ამბავს, მათ შორის, მამებისა და შვილების დაპირისპირებას, ჰამლეტისეულ ეჭვებს, კაენისა და აბელის ისტორიას, ნიცშეს მუდმივი განმეორების იდეას და კიდევ მრავალს, რომელსაც ჩემი მცირე ლიტერატურული ბექგრაუნდი, სამწუხაროდ, ვერ სწვდება. მაგრამ მაინც, რაზეა წიგნი? უპირველესად, როდესაც «თეთრ კბილებზე» საუბრობენ, ამბობენ, რომ ესაა წიგნი ემიგრანტებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ვერც იმჟამინდელ საცხოვრებელში დაუმკვირდებიათ ადგილი და დიდად აღარც სამშობლოსკენ მიუწევთ გული. მერე იმასაც დააყოლებენ ხოლმე, მეტი «კონკრეტიკისთვის», რომ ეს წიგნი არის ორ ოჯახზე და მათ ისტორიაზე და იმაზე, როგორ შეიძლება გყავდეს ქმარი/ცოლი, შვილები, მეგობრები და მაინც არ იყო ბედნიერი. როგორ შეიძლება ვერ გაარღვიო საკუთარი შესაძლებლობები და ჩალპე შენივე კომფორტის ზონაში. მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი არც ემიგრანტებზეა და არც ოჯახურ დრამებზე. ერთ პერსონაჟზეა, მხოლოდ ერთზე. «არ ბრძანდებოდა არჩიბალდ ჯონსი მამაცი და მშვენიერი რაინდი. არც მიზნები ჰქონდა, არც იმედები, არც ამბიციები. ეს იყო კაცი, რომელსაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ინგლისური საუზმეები და ჩხირკედელაობა ჰგვრიდა. მოსაწყენი კაცი. ბებერი კაცი. და მაინც… კარგი კაცი.» მიყვარს არჩიბალდ ჯონსი. მიყვარს არჩიბალდ ჯონსის ჰამლეტობა, რომელიც პირველივე გვერდებიდან ეცემა მკითხველს თვალში. ჰამლეტიც მიყვარს, ნამდვილი, შექსპირისა, მაგრამ ეს კაცი, არჩიბალდ ჯონსი, რომლისგანაც არასდროს არაფერს ელიან, რომელსაც არ შეუძლია აღიმაღლოს ხმა და აბაკუნოს ფეხები, რომელიც არასდროს სწვდება თავის ცოლს და მუცელში მუშტს არ ჩააზელს, რომელიც თხუთმეტი წლის მანძილზე ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ერთსა და იმავე ადამიანთან ერთად ერთსა და იმავე რესტორანში, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ღმერთი და რელიგია, რომელიც ომიდან ისე წამოვიდა, წვეთი სისხლი არ დაუღვრია, რომელიც თავს იკლავდა და ძალიან სასაცილო მიზეზით გადარჩა, რომელსაც იმდენად უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომ მაშინაც, როცა თავის მოკვლას გადაწყვეტს და მაშინაც, როცა წინ მოსაკლავად განწირული კაცი უწევს, მონეტას აგდებს, კაცი, რომელიც წლებია დაუსრულებელ წრეზე დადის თავის მეგობართან ერთად და თვალს ვერ უსწორებს საერთოდ ვერაფერს, რომელსაც სამად იკბალამდე არასდროს ჰყოლია გმირი, მაგრამ ჰყავდა მამა, რომელიც სახლიდან სიგარეტის საყიდლად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, რომელსაც ჰყავს ცოლი, რომელსაც არ აქვს კბილები, მაგრამ არის ღვთაებრივად ლამაზი, რომელსაც ფიზიკურად არაფერი სჭირდა, მაგრამ მაინც ჯარის იმ ნაწილში მოხვდა, რომელშიც ფიზიკური ნაკლის მქონე ჯარისკაცები ხვდებოდნენ – ეს კაცი მიყვარს ყველაზე მეტად და ეს კაცი მგონია მთავარი გმირი ამ წიგნისა. მთავარი კი არა, უმთავრესი. არჩიბალდ ჯონსი არის კაცი, რომელსაც დაუსრულებლად უყურებ წლების მანძილზე და ხედავ, რომ მის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი იცვლება, რომელიც ორმოცდაათი წელი გატყუებს და მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ისე გაარღვევს ბედისწერის უსასრულო წრეს, რომ ყბას ჩამოგიგდებს, გაშტერებულს დაგტოვებს და გაფიქრებინებს, რომ შენც შეგიძლია, რომ ერთხელაც იქნება და აღარც შენ ააგდებ მონეტას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომში არც შენ გაგიკეთებია რაიმე და მთელ შენს ცხოვრებასაც ცხოვრებად კი არა ცხოვრების ჩრდილად აღიქვამ, შენც შეგიძლია გმირი გახდე, თუკი მოინდომებ.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: თემუკა ზოიძე ძვირფასო მკითხველო, ერთ ზაფხულს, სულ თერთმეტი წლის რომ ვიქნებოდი, გაოფლილს გამომეღვიძა: ტრადიციული კოშმარებისგან შეწუხებულს ყელი გამშრობოდა და საშინლად მწყუროდა. უკვე შუაღამეს გადაცილებული იყო, ფეხზე ჩუსტების წამოუცმელად რომ გავაბოტე მისაღები ოთახისკენ: ხის დიდ მაგიდაზე წყლით სავსე დოქი მეგულებოდა. ოთახში შესულს დივანზე ჩაძინებული ბაბუაჩემი დამხვდა, რომელსაც ტელევიზორი ჩართული, პულტი კი ხელში დარჩენოდა. სანამ უხმაუროდ დავისხი ჭიქაში წყალი, მერე კი ხმაურიანი ყლუპებით დავლიე ისე, რომ ყელიდან ტრუსამდე ჩამეღვარა შემთბარი სითხე, ტელევიზორის მუქ ეკრანზე ბუნდოვანი ტიტრებიდან უცებ გასაოცარი კადრები ამოიზარდა: ულამაზეს იისფერ ყვავილებს შორის გოგონები დარბოდნენ. იმ ზაფხულს ძალიან მოწყენილი ვიყავი, სკოლის არდადეგებზე ვერსად წავედი, ჩემი თანატოლებიდან კი აღარავინ დარჩენილიყო რაიონში და მეც მარტო ვატარებდი იმ ოფლის სუნიან თვეებს. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეკრანზე მაინც შემევლო თვალი ვიღაცის ბედნიერებისთვის, თუმცა რას წარმოვიდგენდი, რომ იმ გოგონების ბავშვური სილაღე უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო და მალე ჩემიც თან მიჰყვებოდა: იატაკზე ჩამჯდარი ორ საათზე მეტ ხანს ვუყურებდი ფილმს და იქიდან ნახევარზე მეტი კრიჭაშეკრული ვტიროდი, რათა ხმამაღლა არ მესლუკუნა და ბაბუს არ გაღვიძებოდა. ის ფილმი „იისფერი» იყო, რომელმაც რაღაც წარმოუდგენელი ბოროტება მაჩვენა ისე, რომ მისი შიში მეტისმეტად ადრეულ ასაკში უკითხავად ჩასახლდა ჩემში. ამ ბოროტებას არ ჰქონდა სახელი, არც ფორმა თუ წარმომავლობა 53 და მისი მხვერპლი ნებისმიერი ვინმე შეიძლება გამხდარიყო ნებისმიერი მიზეზითა თუ მიზნით. ეს ასე იყო მანამ, სანამ გავიზრდებოდი და იმ წიგნს წავიკითხავდი, რომლის მიხედვითაც გადაიღეს სწორედ ის ფილმი: ელის უოკერის „იისფერი». მაშინ კი უკვე ვიცოდი, რომ ბოროტებას ხანდახან აქვს სახელი და მას რასიზმი ჰქვია, მისი მსხვერპლი კი მხოლოდ კანის ფერის გამო ხდება ვინმე; შეიძლება მას სექსიზმიც ერქვას და მისი სახელით გამართლდეს ის მრავალი ძალადობა, რომელსაც ქალები ასწლეულებია იტანენ, ან კიდევ კლასობრივი ჩაგვრა, როცა შენი სოციალური მდგომარეობის გამო ყოველი ამოსუნთქვა სიცოცხლისთვის ბრძოლის ფასად გიჯდება. ასეთ დიდ ბოროტებებზე გვიყვება წიგნის მთავარი გმირი სილი, რომელმაც არც კი იცის რა დააშავა ამდენი საშინელების გადატანა რომ უწევს. მაგრამ მე გეტყვით, რაც დააშავა: ის ქალად დაიბადა. თუმცა სულ ეს არ არის: ის შავია და მეტიც — ღარიბია! არც კი ვიცი, როგორ შეიძლება აიტანოს ერთმა ადამიანმა იმდენი ცხოვრებისეული ტვირთი, რამდენის თრევაც იმ პატარა ზურგით მოუწია სილის, თანაც ისე, რომ გვერდით არავინ ჰყავდა, ვისაც თუნდაც მხოლოდ გულს გადაუშლიდა და ენას მოიფხანდა. ალბათ, ვერც აიტანდა, ნელა, ძალიან ნელა დაგროვდებოდა მასში ტკივილი, სევდა, მწუხარება და სიბრაზე, რომელიც ბოლოს მასვე გამოხრავდა შიგნიდან ხის ჭიასავით. სწორედ ამიტომ დაიწყო სრულიად მიამიტური, გულწრფელი, გრამატიკული თუ საყოველთაოდ აღიარებული წესებისგან დაცლილი ენით ღმერთთან საუბარი. ღმერთთან, რომელსაც უნდა მოესმინა მისთვის. გაუპატიურება, ცემა, დამცირება, განივთება - სილიმ ყველაფერი გადაიტანა, რაც შეიძლება გადაეტანა ადამიანს და უფრო ზუსტად ქალს, რადგან ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბავი კი არა, ისტორიაა კაციობრიობისა, სადაც ქალებს მხოლოდ შიშის, ძალადობის, სისხლისა და სპერმის სუნით უწევთ ცხოვრება. ამ ყველაფერს კი ისე, როგორც საუკუნეებია გრძელდება ტრადიციად, სხვა ქალების მსგავსად ჩუმი დუმილით იტანდა სილიც, სანამ მის ცხოვრებაში არ გამოჩნდა შაგ ივერი. და იცი, შაგი რა ქალია? შაგი თავად შიშველი, დაუმორჩილებელი სიცოცხლეა, როგორც დუქანში მთელი გულით ნამღერი ჯაზი. მას უყვარს თავისი თავი და მისი დაჩაგვრაც იოლი არ გეგონოს, პიქირით - სილისაც კი ასწავლის საკუთარი სხეულის შეცნობას, შემდეგ შეყვარებას და ბოლოს დაუმორჩილებლობას. აქ, ამ სამყაროში ამბოხი ერთადერთი გამოსავალია, რათა შეგამჩნიონ, მოგისმინონ, თვალებში შემოგხედონ. ეს კი მხოლოდ ურთიერთთანაგრძნობით ხდება, როცა ცდილობ გაიზიარო სხვისი ტკივილი და იბრძოლო ამ ტკივილით გამოწვეული იარების შესახორცებლად, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვის ადგილას შეიძლება შენ ყოფილიყავი. ეს წიგნი კი თუ რაიმე ყველაზე ადამიანურს, იმ უსახელო ბოროტებაზე დიდებულს იტევს, ეს სწორედ იმ სოლიდარობის განცდაა, რომელიც ქალებს აქვთ ერთმანეთის მიმართ. ქალებს, რომლებმაც იციან რა გემო აქვს სახეში მოქნეულ მუშტს, შეუჩერებელად შრომას, მუდმივ შეურაცხყოფასა და უორგაზმო სექსს. სიუჟეტისგან დამოუკიდებლად თავად ამ წიგნს კიდევ ცალკე სასტიკი ბედი ხვდა წილად: ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად აკრძალული რომანია. რას გავაწყობთ, დღემდე არ გვიყვარს იმ საშინელებისთვის თვალის გასწორება, რომელიც სადმე სხვაგან, მაინცდამაიანც ვიღაც შავკანიან ქალებს კი არ ემართებათ ამერიკის რომელიღაც შტატში, აგერ სულ ახლოს, მეზობელი ბინიდან გამუდმებით ნივთების ლეწვისა და გინების ხმა რომ შემოდის, მეორე დღეს კი დალილავებული თვალით იმ ბინის მცხოვრებლის ბავშვურ ტყუილს უბრალოდ თავს რომ ვუქნევთ და მაშინვე ვივიწყებთ ამ ფაქტს, აი, მანდ ხდება ზუსტად. ჰოდა, ამ წერილს რატომ გწერ შენ, მკითხველო და არა ღმერთს, როგორც სილი აკეთებდა ამას: იმან არც სილის უსმინა და არც მე თავის დროს, როცა, ალბათ, ყველაზე მეტად მჭირდებოდა. უკვე ათასებსაც უთხოვიათ მრავალი რამ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. და იცი რატომ? ამდენი გოდების, ტირილის, კივილის, მუდარისა და ყვირილის მოსმენამ მგონი ყურის აპკები სულ დაუხეთქა და დაყრუვდა ის საცოდავი. ან კიდევ, უფრო რეალისტები რომ ვიყოთ, იქნებ სულაც მაგან გამოიგონა ის უფორმო, ყოვლისმომცველი ბოროტება, რომელიც განურჩევლად ყველას გვშთანთქავს და იმასაც სულ არ ანაღვლებს ჩვენი ბედი. ამას ბოლოც სილიც მიხვდა, როცა გულგახეთქილს წამოსცდა ერთხელ: „ღმერთი ასე ძაან რო ვეხვეწებოდი მთელი ცხოვრება და ვწერდი, კაცია და იმნაირია, როგორც სხვა კაცები. უინტერესო, არამზადა, წვრილმანი.» ამიტომაც მე და შენ, თუ რაიმე ადამიანური ჯერ კიდევ შემოგვრჩენია(ამის შესამოწმებლად თუნდაც ეს წიგნი გამოდგება), სულ მარტივად, მხოლოდ თანაგრძნობითაც შეგვიძლია შევცვალოთ ბევრი რამ, რადგან ჩვენ არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა - მხოლოდ მე და შენ. სიყვარულით. * სათაურად გამოყენებულია ფრაზა მარგარეტ ეტვუდის რომანიდან «ბრმა მკვლელი»
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მედეა იმერლიშვილი ფლენერი ო› კონორის მოთხრობებზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. ვინ იყო ფლენერი ო› კონორი - 39 წლის ასაკში იმავე ავადმყოფობით გარდაცვლილი ქალი, რომლითაც მამამისი მოკვდა, ის თექვსმეტისა რომ იყო და მერე დედასთან იზრდებოდა. ამერიკელი მწერალი ქალი ჯორჯიის შტატიდან. წარმოიდგინეთ ამერიკის სამხრეთი 30-იან, 40-იან წლებში, ვიდრე 60-იანებამდე. დაწერა ორი რომანი და დანარჩენი - სულ მოთხრობები, რომლებშიც არიან სულ დედა და შვილი, სულ თუ არა, ბევრში მაინც. დედა და ქალიშვილი. ქალი - მორწმუნე, არმორწმუნე, რაღაცნაირად მუდმივად მზადმყოფი მიმტევებლობისთვის, მაინც ღმერთისკენ მზირალი და შვილი კიდე, სულ სხვანაირი - არ ვიცი, დედის, არ ვიცი, მისი უგუნური იმედების გამპროტესტებელი. ისეთებიც არიან, სულ რომ არაფერზე ფიქრობენ, ყოველ საღამოს პარმაღზე ჩამომჯდარნი მზის ჩასვლის ცქერის მეტს არაფერს აკეთებენ. დედა და შვილი მარტოები ცხოვრობენ, ქალაქიდან შორს, ან ტყის პირას, სადღაც შორს, მიყრუებულ სოფლებში. პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან ხშირად არიან ხან ცალხელები, ხან ცალფეხწაჭრილები უბედური შემთხვევის შედეგად, ხანაც - უმანკო, უსუსური, გონებადაბინდული, ყმაწვილქალობაში დარჩენილი ოცდაათი წლის გოგოები. „ფლენერი ო› კონორის სამყარო სასტიკია» - ასე მაცნობს მისი მოთხრობების კრებულს - „კარგი კაცი სანთლით საძებარია" - გამომცემელი. სასტიკი? ალბათ არა. ვიტყოდი, უფრო - აცდენილი. „აცდენილი" მისი ერთ-ერთი მოთხრობის - „კარგი კაცი სანთლით საძებარია", პერსონაჟის მეტსახელია. ეს იცით როგორი კაცია? ციხიდან გამოქცეული, თითქოს, მამისმკვლელი, ზუსტად არც ვიცით. ეს სახელი მე თვითონ დავირქვი, რადგან დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთშეფარდებისა ვერაფერი გავიგე, ვერ გამომირკვევია, მაინც რა ჩავიდინე იმისთანა, ასეთი სასჯელი დამემსახურებინაო. ჰოდა ამ აცდენილობით იკვრება ფლენერი ო› კონორის ამ მოთხრობების სამყარო. აქ არიან ქალები, რომლებსაც შვილები არ უნდათ, რადგან ჰგონიათ, რომ არც ისინი უნდოდათ თავიანთ მშობლებს და ეშინიათ, თვითონაც ეგეთი მშობლები არ გამოდგნენ, ანდა პირიქით, ისეთები, რომლებსაც მზე და მთვარე მათზე ამოსდით, მაგრამ უცნაური რიდი აქვთ ამ თავიანთი, ოცდაათ წელს გადაცილებული გოგოებისა, მათთვის ბედნიერება უნდათ, მაგრამ თითქოს ბედნიერება საერთოდ გამქრალია. იცით როგორ? კი გინდა, მაგრამ ის ამ სამყაროში საერთოდ არ არსებობს და გინდოდეს, რამდენიც გინდა. ხომ ვთქვი, მარტოები ცხოვრობენ სადღაც შორს, მიყრუებულ სოფელში-მეთქი. მაგრამ რამსიშორეზეც არ უნდა დაემალონ ყველას და ყველაფერს, ეს ყველა და ყველაფერი მაინც უთუოდ პოულობს ამ უჩინარ და თავიანთ გაუგებარ სიკეთეში მოფუსფუსე ქალებს თავიანთი გოგოებით და სოფლის ბოლოში, მტვრიან გზაზე აუცილებლად ჩამოივლის ვინმე გადამთიელი, უსახელო, თავისებურად აცდენილი. ეს ქალები ხო სუ პარმაღზე სხედან, ან ხახვს გლეჯენ სახლის წინ ბოსტანში, ჰოდა, როგორც კი მოკრავენ თვალს ამ უცხო, აწოწილ კაცებს, ეგრევე იცი, რომ რაღაც მოხდება. კი, რაღაც ხდება, მაგრამ ისე ჩუმად, ყველაფერი ისე ჩუმად ხდება, მზის სხივებში, სოფლურ სიმშვიდეში, მტვრიან ფოთლებში აჭიატებული სამხრეთული მზის სხივებში, რომ ვითომც არაფერი. ერთი მოთხრობაა - „თაბაშირის ზანგი", ასეთი ცოტა წამიკითხავს, ან საერთოდაც, არცერთი. ბაბუა და შვილიშვილი არიან. მთვარის შუქით დაწყებული და მთვარის შუქით დამთავრებული ამბავია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ქალი შუქის მწერალია - ან მზის, ან მთვარის. ყველაფერი ან შუადღის ხვატში ხდება, თეთრის სიკაშკაშეში, ან მზის ჩამავალ სხივებში, ანაც, მთვარის ვერცხლისფერ ნათელში. ჰო, ბაბუა და შვილიშვილი არიან. ამ ბიჭს, ნელსონს, თორმეტიოდე წლის წინ, ქალაქში რომ დაბადებულა, მას შემდეგ, რაც დედამისს, მისტერ ჰედის ქალიშვილს, სოფელში, მამისეულ სახლში თითისტოლა ჩამოეყვანა, და მერე მოულოდნელად სულიც განუტევებია, იქ ფეხი აღარ დაუდგამს. ბაბუა და შვილიშვილი კი იყვნენ, მაგრამ მაინც ძმებივით ჰგავდნენ ერთმანეთსო, რადგან მისტერ ჰედი თურმე დღის შუქზე მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ნელსონი კი, მისი შვილიშვილი, ერთხელ უკვე დაბერებულს ჰგავდა, ამ ცხოვრებისა თითქოს ყველაფერი უკვე რომ იცის და სიამოვნებით ბევრ რამეს რომ დაივიწყებდა კიდევაცო. ერთ მშვენიერ დილით მატარებლით ატლანტაში მიემგზავრებიან. ეს მატარებელი კიდე, ცალკე ამბავია. საერთოდაც, მატარებლები მაგარი საინტერესო ადგილებია წიგნებში, კაცმა რომ თქვას. ასეთი ამბავია, წინასწარაც აღარ მინდა მოგიყვეთ მთელი მოთხრობა, ჩემი აზრით, საუკეთესო, ამ კრებულში. კრებული კი მოთხრობებისა, ცოტა ხნის წინ გამოსცა „დიოგენემ", ამას წინათ „სანტა ესპერანსაში" სხვა წიგნის საყიდლად შესულმა აღმოვაჩინე და იმის ნაცვლად ეს წამოვიყოლე. მთარგმნელები არიან ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე. დიდებული თარგმანია, ბარემ ამასაც ვიტყვი.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად და სიცივეს ჩვენს გულებში და გონებაში არ შეეღწია. იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები აღმოეჩინათ უცხ პლანეტელებს და ჩვენი ნარჩენები მუზეუმებში გამოეფინათ წარწერით: „სიცოცხლისთვის სახიფათოა.“ დათო ყანჩაშვილი ოდესმე თუ გიფიქრიათ, რას იტყოდნენ უცხო ცივილაზაციები, ადამიანთა მოდგმის განვითარებას თუ გადაავლებდნენ თვალს? ან რა მოხდება მაშინ, თუ ერთ დღესაც ადამიანთა რასა შეწყვეტს თავის სისასტიკითა და ძალადობით სავსე არსებობას და განვითარების გზას თუნდაც სხვა ცოცხალ არსებათა სახეობას დაუთმობს? ნეტავ, ისინი როგორ განვითარდებოდნენ ადამიანების მსგავსად ულმობლად მოექცეოდნენ ერთადერთ დედაპლანეტაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას მხოლოდ პირადი სარგებლისთვის, დახოცავდნენ სპილოებს მათი ეშვების, ირმებს მათი რქებისა და ვეფხვებს მათი ტყავის გამო? ერთმანეთსაც ჩვენსავით საუკუნეების განმავლობაში შეიძულებდნენ კანის ფერის, სქესისა თუ წარმომავლობის გამო? ვინ იცის, სიმართლე რომ ითქვას, ამაზე არც არასდროს მიფიქრია, სანამ ხელში კლიფორდ სიმაკის „ქალაქი" არ ჩამივარდა. წარმოიდგინეთ, როგორც ჩვენ ვსწავლობთ ანტიკურ თქმულებებს, ხალხურ ლეგენდებს, ბერძულ თუ სკანდინავიურ მითოლოგიას და მათში აღწერილი ამბებისა და გმირების ირეალურობაში წამითაც არ გვეპარება ეჭვი, მხოლოდ მათი სიმბოლური დატვირთვა, წარმომავლობა თუ ლიტერატურული ღირებულება გვაინტერესებს, ამის მსგავსად ერთ დღესაც, ძალიან შორეულ მომავალში სწორედ კაცობრიობის ისტორია გახდეს ისეთი ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომლის ავთენტურობასაც აღარავინ დაიჯერებს პატარების გარდა, რომელთაც გასართობად ეყვარებათ მათი მოსმენა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანში „ქალაქი" სწორედ მსგავს მოცემულობას ვაწყდებით, სადაც ძაღლებს(ჰო, არ მოგესმათ) ადამიანთა შესახებ ზღაპრები შემორჩათ და ისიც კი ვერ გაურკვევიათ, მათში აღწერილი ამბები საერთოდ რას ემსახურება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემთვის, ადამიანი მკითხველისთვის ძაღლებისგან განსხვავებით) ის „ზღაპრები" ისეთი ნამდვილი, ემოციური და შემაშფოთებელიც კი გამოდგა, რომ წიგნი შეუსვენებლად - ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა. ამაში ავტორის უდავოდ გამორჩეული ხელწერა დამეხმარა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას მოიწყინო, სხვა რამეზე გადაერთო ან ამბავი რომელიმე დეტალზე მიატოვო, პირიქით - წაკითხვის მერეც კიდევ დიდხანს გიტოვებს საფიქრალს. სავარაუდოდ, ძაღლების ხსენებისას ის მულტფილმები თუ კინოფილმები გაგახსენდათ, სადაც ჩვენი შინაური ცხოველები ჩვენგან გასაიდუმლოებულად საუბრობენ და ცალკე დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევიან, რამაც, შეიძლება, არასერიოზულად განგაწყობთ დასაწყისისთვის(როგორც ეს მე დამემართა), მაგრამ ყველაფერი ასე პრიმიტიულად სულაც არ არის: ცხრა მოთხრობისგან, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ამბებისგან შედგება ეს წიგნი, რომელთა ქრონოლოგიური განვითარება დასაწყისში გაჩენილ ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ კითხვას ლოგიკურ პასუხს სცემს. ამ ისტორიებს კი ის წინათქმები აკავშირებს და კრავს ერთიან რომანად, რომელთაც სწორედ ძაღლები წერენ მკითხველთათვის - ერთი შეხედვით ეს საოცარი იუმორით სავსე კომენატრები ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტებია. როგორც სამეცნიერო ფანტასტიკისთვისაა დამახასიათებელი, ყოველი მოთხრობის სიუჟეტი მომავალში ვითარდება: იწყება ერთი მომენტიდან და გრძელდება კიდევ უფრო შორეულ პერიოდამდე. ჟანრის მიუხედავად, არავინ იფიქროს, რომ მასში აღწერილი ისტორია სამეცნიერო ტერმინოლოგიითა დახუნძლული ან მხოლოდ ამ ჟანრის მოყვარულთათვისაა გასაგები, პირიქით, ეს ის იშვიათი გამონაკლისი მგონია, რომელიც განურჩევლად ყველა ტიპის მკითხველს უნდა მოეწონოს, რადგან ის არაფერზეა, გარდა წმინდად ადამიანური გრძნობებისა წიგნი იწყება „ქალაქით»: თანამედროვე ურბანიზაციისა და მეგაპოლისების საზღვრების ყოველდღიური გაფართოების ფონზე, როცა კულტურებს, ადამიანებს, რელიგიებსა და იდიოლოგიებს ერთი სივრცე შავი ხვრელივით ისრუტავს, წარმოსადგენადაც კი გაგვიჭირდება რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთ დღესაც ადამიანები ქალაქებს მასობრივად დატოვებენ. ერთი შეხედვით ეს საცოცებების, დანაგვიანებისა და დაბინძურებული ჰაერისგან გათავისუფლებად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ავტორი ახერხებს დაცარიელებული ქუჩების, ხავსმოდებული სახლებისა და წყობიდან გამოსული ტექნიკის ფონზე ადამიანთა უზომოდ სევდიანი მოგონებები გააცოცხლოს, რომელთა წარსული ცხოვრებაც იმ სიცარიელეში დაძრწის. ეს კი მხოლოდ დასაწყისია იმ ტრაგიკული ციკლისა, რომელსაც, თამამად ვიტყოდი, კლიფორდ სიმაკის წინასწარმეტყველური ტექსტი მოგვითხრობს კაცობრიობის მომავალზე. და მაინც, რა შუაში არიან ამ ყველაფერთან ძაღლები? აქედანვე გეტყვით: ეს წიგნი მწერალმა სწორედ თავის ძაღლს, სკოტის მიუძღვნა. ამაში სწორედ ავტორის ყველაზე ფაქიზი დამოკიდებულება ვლინდება ადამიანის საუკეთესო მეგობრად აღიარებული ცხოველების მიმართ, რომლებიც ამ წიგნში ფურცლიდან ფურცელზე დაჰყვებიან ადამიანებს და განვითარების ალტერნატიულ გზასაც გვიჩვენებენ. საერთოდაც კითხვის პროცესის რაღაც მომენტში ხვდები, რომ წიგნში ადამიანები კი არა, სწორედ ძაღლები არიან მთავარი გმირები და მკითხველისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაც ამის გააზრება ხდება - როგორც ზევსი, ამონრა თუ ოდინი გახდნენ ჩვენი წარსული ღვთაებები, ისე იქცევა ადამიანი ძაღლებისთვის მკვდარ ღმერთად. ბოლოსკენ მინდა დავამთავრო იმით, რითიც იწყება ეს წიგნი: ძაღლები ამაოდ სვამენ კითხვას - რა არის ადამიანი? ანდა რა არის ომი? ადამიანის რაობაზე საუკუნეებია ფილოსოფიური თუ რელიგიური თეორეტიკოსები იმტვრევენ თავს და დღემდე მაინც თავადაც ვერ გავრკვეულვართ ბოლომდე, ამიტომაც ამას ძაღლებიც თუ ვერ გაიგებენ, ალბათ, არაუშავს, თუმცა რაღას ვიტყვით ომზე? როცა ამ სიტყვებს ვწერ ან როცა თქვენ ამას წაიკითხავთ, ალბათ, სადღაც კიდევ რომელიღაც გასროლილ ტყვიასა თუ ჩამოვარდნილ ბომბს ისევ შეეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის კითხვის პარალელურად პირველი, რაც კი გამახსენდა ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი „მეხუთე ელემენტი" იყო, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი ლილუ სიტყვა „ომზე" არსებულ ინფორმაციას ეცნობა და ადამიანთა მიერ ჩადენილი ძალადობის გამო შეუჩერებლივ ტირის. ასე ვიყავი მეც - ვკითხულობდი წიგნს და მრცხვენოდა იმის, რაც ვიყავი, ვარ ან ვიქნები მერე.
დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ავტორი: მანჩო სიდამონიძე THE WORLD HAS BIGGER PROBLEMS THAN BOYS WHO KISS BOYS AND GIRLS WHO KISS GIRLS…მართლაც, რომ საზოგადოება გადაჭარბებული დოზით ერევა სხვის ცხოვრებაში და განიკითხავს მას. ყველაზე მთავარი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა - ტვინია. ორგანო, რომელიც ფიქრის მცდელობას გვაძლევს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი არ უშვებს იმ აზრს, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, უეცრად წარმოთქმულ სიტყვას. ეს ყველაფერი სხვის გულს, უბრალოდ ნაკუწებად აქცევს. წინ მივდივართ, ვეგუებით სიახლეებს, პატივს ვცემთ სხვების აზრს, არ ვებღაუჭებით წარსულს - ეს ,,სლოგანები’’ მარაზმია და მეტი არაფერი! რა მომავალზე და სიახლესთან შეგუებაზეა საუბარი, როდესაც ერთმანეთის პატივისცემა დაგვავიწყდა, გვეზიზღება ყველა და ამას საჯაროდაც ვაღიარებთ. არ გვრცხვენია საკუთარი სიტყვებისა და ეს ,,თავისუფლება’’ გვსიამოვნებს. არა, ტყუილია! არაფერიც არ გვსიამოვნებს. სამყაროში იმდენი პრობლებაა, რა ჩამოთვლის. ჩვენი მიზანი კი მათი ნელ-ნელა შემცირებაა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. სიყვარულს ვუარყოფთ, გრძნობას, რომელსაც შეუძლია ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს და მათგან შექმნას ლაღი, მომღიმარი სულები, რომლებიც ყველა დანარჩენს გულს უთბობენ. დღესდღეისობით სწორედ ასეთ ადამიანებს განიკითხავენ. ისინი დაემსგავსნენ დეტექტივებს, რომლებიც სულმოუთქმენლად ელიან ახალი საქმის გახსნას... დავით გაბუნიას სადებიუტო რომანი ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მაგალითია. ავტორის წერის სტილი გამორჩეული და ამ ეპოქისთვის სრულიად შესაფერისია. წიგნში მოთხრობილია ზურასა და თინას შესახებ. მათი ოჯახი არაფრით განსხვავდება სხვებისგან, არც მათი სიყვარულია გასაოცარი და მით უმეტეს, არც ცხოვრება. XXI საუკუნის რეალობა: კაცი სახლშია გამოკეტილი, ხოლო ქალი, მთელი დღის განმავლობაში, შეუსვენებლად შრომობს. 2012 წლის ცხელ ზაფხულს მოვლენები რადიკალურად იცვლება: მათი, ვითომდა დალაგებული ცხოვრება ნელნელა ირევა... ზურა - მშვიდი, გაწონასწორებული და აზრიანი კაცია. მისგან არანაირი ცუდი არ არის მოსალოდნელი, პირიქით, საოცარი და დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელის განძრევა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ ,,თავის შესაფერის’’ სამსახურს ელოდება, როგორც დღევანდელი კაცების უმეტესობა, ამიტომაც სახლში, ბავშვებს უვლის. თინა კი მას ღალატობს. ამ ერთი დამშლელი ფაქტის მიუხედავად, რომანის მთავარი აზრი სხვა საკითხში მდგომარეობს... როგორც ზემოთ ვახსენე, 18 აგვისტოს ყველაფერი 360 გრადუსით ტრიალდება. მათ წინა კორპუსში, რომელიც მხოლოდ ორი ნაბიჯის მოშორებითაა აშენებული, გადმოდის ახალგაზრდა, 21 წლის ბიჭი, რომელსაც წითელი, ალფა-რომეო ჰყავს. შოთიკო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, კერძოდ კი- გეი. ავტორს კარგად ჰყავს დახასიათებული როგორც ის, ისე მისი დამოკიდებულება ზურას მიმართ. მას სიცოცხლის ეშინოდა. ყოველდღე უშვებდა იმ ფაქტს, რომ ვიღაცის მსხვერპლი გახდებოდა. სიკვდილის შემდეგ კი, პოლიციას ერთი მოწმე, ზურას სახით, ეყოლებოდა და სწორედ ამით იმშვიდებდა თავს ავტორს შოთიკოს საყვარლად შემოჰყავს ახალი პერსონაჟი, ჰალსტუხიანი - მერაბი, რომელიც 61 წლის ბისექსუალი მამაკაცია. ამ ორი ადამიანის შეხვედრები და ერთად გატარებული ღამეები ზურამ ცოლის კამერით დააფიქსირა. ყველაფერი, თავისდა უნებურად, ტვინში ჩაებეჭდა. ნოუთბუქშიც კი შეინახა სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონდა საკუთარი ქმედება, ინსტიქტმა საწინააღმდეგოსკენ უბიძგა. ეს ყველაფერი კი ერთ დღეს განადგურდა. 21 სექტემბერს შოთიკო მერაბის ხელით გამოესალმა სიცოცხლეს, შეწყვიტა სუნთქვა, გაცივდა, სისხლმა კი მთელი ოთახის იატაკი დაფარა. ზურამ ეს ამბავი თავისდა ,,სასიკეთოდ’’ გამოიყენა და მიიღო, როგორც ცხოვრების შანსი. მერაბის გონებაში კი სინამდვილეში რა მოხდა , არავინ იცის. მას არ შეეშინდა ზურას მუქარის. მიხვდა, რომ შანტაჟში უნდა ეცხოვრა, ამიტომაც თავი მოიკლა. დავით გაბუნია თითოეულ პერსონაჟს სულით აშიშვლებს და არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რომელიმე მათგანზე ცუდი ვთქვათ. ეს მათი პირადი არჩევანია! დღესდღეისობით აღარაფერია გასაკვირი და გასაკიცხი, პირიქით, თითოეული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს. ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ სიტყვა - გეი თავდაპირველად უდარდელს, მხიარულსა და კაშკაშას აღნიშნავდა. ქართულ ენაში კი ამას დამაკნინებელ წოდებად მიიჩნევენ. ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ასეთი სახის სიახლეები, ერის გადაშენების მომასწავლებელია, ხოლო დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი, ახალი ამბავია, რომელსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ბისექსუალის, ლესბოსელის ან გეის სექსუალური იდენტობის განვითარება კომპლექსური და ხშირად რთული პროცესია.ისინი იმ ადამიანების საზოგადოებაში არ იზრდებიან, რომლებიც მათ ორიენტაციას იწონებს. პირიქით, ადამიანები მათ გარშემო ხშირად საკითხისადმი უცოდინრობით ან მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. დავით გაბუნიამ ძალიან დიდი და საშიში ნაბიჯი გადადგა. მან სწორად და ნათლად დაგვანახა ის ცხელ-ცხელი პრობლემები, რომლებიც ამ საუკუნის მთავარი ამოძახილია. მე ყოველთვის მემახსოვრება ზურა, რომელიც ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის ,,ეზოში გამავალი ფანჯრის’’ მთავარ გმირს - ჯეფერის მახსენებს. ის ხომ ფანჯრიდან დანახული მკვლელობის მომსწრე გახდა. ასევე მემახსოვრება თინა, რომელიც საკუთარ განცდებსა და ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერი უშველა. ყველა და ყველაფერი მიატოვა და სახლიდან წავიდა. რაც მთავარია, არასდროს მიეცემა დავიწყებას - შოთიკო, ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. არავის აქვს უფლება, სხვისი ლაღი ხასიათი შეცვალოს, სხვის სიცოცხლეს ზიანი მიაყენოს და ადამიანად არ ჩათვალოს, სექსუალური უმცირესობის ნებისმიერი წარმომადგენელი!