დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: მანო ერემაშვილი
აირის მერდოკის რომანი „შავი პრინცი“ პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად შეგვიძლია მივიჩნიოთ მასში ასახული თანამედროვე ეპოქის პრობლემების კონსტრუქციულ რეალობაში ასახვის გამო. მწერალი გრძნობს საკუთარ უპირატესობას-სიტყვის ხელოვნებას, მკითხველის გონებაში აშენებს და შემდეგ თავადვე ანგრევს არაერთ წარმოსახვით სამყაროს და ჩვენ, როგორღაც იმედგაცრუებულნი, ვიწყებთ წიგნის ხელახლა გადაკითხვას იმ იმედით, რომ პირადულ, ავთენტურ შთაბეჭდილებას შევიქმნით პერსონაჟებსა და მათ მიერ გადმოცემულ ალტერნატიულ ისტორიებზე. თუმცა, ძნელია ინდივიდუალურობის შენარჩუნება მაშინ, როდესაც პირველივე გვერდებზე, გამომცემლის წინათქმაში ვკითხულობთ: „ყოველი ხელოვანი უიღბლო შეყვარებულია, ხოლო უიღბლო შეყვარებულებს ყოველთვის სურთ თავიანთი ისტორიების მოყოლა“ და დიახ! ათასობით სასიყვარულო ისტორია წარმოგვიდგება თვალწინ და ჩვენდაუნებურად ფიქრობთ: „საწყალი ბრედლი, როგორ არ გაუმართლა?!“ შესაძლოა ასეც იყოს! ბრედლი პირსონი იწყებს წინათქმას და უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ის ცხოვრებისგან დაჩაგრული, ტრაგიკული წარსულისა და კრიზისული აწმყოს მქონე მწერალია, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ტანჯვაში განვლო და ასე იქნება მანამ, სანამ ავტორი ისევ არ მოინდომებს წიგნის მიწურულს თავისივე სიტყვებით აგებული ძლიერი, ურყევი კონსტრუქციის მქონე სამყაროს ნაწილებად დაშლას მხოლოდ რამდენიმე სიტყვით :“ ბრედლის ყველაფრის თავისებურად განმარტებისა და შემდეგ ვითომდა მწყობრი, ლოგიკური სურათის სურათის შექმნის უნარი აქვს. შეიძლება, ეს ყველას გვახასიათებს, მაგრამ წიგნებს არ ვწერთ. მან ჩვენი ერთობლივი ცხოვრების არც ისე სწორი სურათი დახატა“- და ჩვენ-წამკითხველნი, ვრჩებით მოტყუებულნი, სიტყვების მახეში გაბმულნი, რომლებსაც ვერ გადაგვიწყვეტია, წაკითხული ურთიერთგამომრიცხავი ისტორიებიდან რომელს ვიჯერებთ და რომელ პერსონაჟს თანავუგრძობთ.
თუმცა, წიგნის ღირსება მხოლოდ სიტყვებით თამაში არაა. მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქალ პერსონაჟთა სახეები. ქალები, რომლებიც ემორჩილებიან საზოგადოებრივ სტერეოტიპებს, მათ არ შეუძლიათ მამაკაცის მზრუნველობის გარეშე ცხოვრება და ყოველგვარ შეურაცხყოფას აიტანენ, ღალატსაც კი, მხოლოდ იმ მიზნით, რომ საყვარელ მამაკაცთან იყვნენ, სხვა შემთხვევაში მათი სიცოცხლე განწირულია, როგორც პრისცილას შემთხვევაში მოხდა. რეიჩელ ბაფენის პერსონაჟი კი ერთგავრი გალაშქრებაა ამ სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად. პერსონაჟი ძალიან გრძელ და დაბრკოლებებით სავსე განვითარების გზას გადის პირველიდან ბოლო გვერდამდე. კითხვის დაწყებისთანავე ზარავს მკითხველს ქმრისაგან ნაცემი, დაუცველი ქალის მდგომარეობის წარმოდგენა, რომელიც საცოდავად მოკუნტულა საძინებელში და არავინაა მის გვერდით, გარდა ბრედლი პირსონისა (შემდგომში საყვარელი მამაკაცი), თუმცა, საბოლოოდ, მანაც დასცინა უბედური ქალის გრძნობებს და სასიყვარულო რომანი წამოიწყო ბაფენების ერთადერთ ქალიშვილთან-ჯულიანთან. მხოლოდ ერთი საღამო, ერთი ოჯახური კამათი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ რეიჩელი გადაქცეულიყო შურისმაძიებელ ქალად, რომელიც საბოლოოდ გათავისუფლდა მასკულინური წნეხისგან.
და, რა თქმა უნდა, ჯულიანი. მისი პერსონაჟი ამბოხია ქალისთვის მიწერილი სტერეოტიპული ცხოვრებისა. ის არ ემორჩილება საზოგადოებრივ ნორმას; რომანტიკულ ურთიერთობას იწყებს კაცთან, რომელიც ასაკით მამად ეკუთვნის. ოხუნჯობს, დასცინის ხელოვანი ბრედლი პირსონისთვის ხელშეუხებელ სიწმინდეებს; ექსცენტრიკულ ტანისამოსში გამოწყობა და ჰამლეტის როლის გათამაშება სხვა რა უნდა იყოს თუ არა სარკასტული დამოკიდებულება მამაკაცური საწყისებისადმი და ფემინისტური სიძლიერის სააშკარაოზე გამოტანა.
„შავ პრინცში“ ქალები თავისუფლდებიან დიდი ხნის განმავლობაში დადებული ბორკილებისგან, ოჯახური თუ საზოგადოებრივი მოვალეობებისგან. ასე იქცევა კრისტიანი, პრედლის ყოფილი ცოლიც, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზება არა „ოჯახში“, არამედ პოლიტიკურ საქმიანობაში ჰპოვა. ქალები თავს აღწევენ მამაკაცთა ჩრდილისგან და თავად წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას. (თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით პრისცილაზე, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ). მერდოკმა ამ წიგნით სააშკარაოზე გამოიტანა ორ პოლუსად გახლეჩილი- ფმინისტური და მასკულინური-სამყაროს საუკუნოვანი პრობლემატიკა, რაც დღემდე აქტუალური საკითხია თანამედროვე საზოგადოებისთვის.
აირის მერდოკის ეს შესანიშნავი რომანი ახალი აღმოჩენაა ქართველი მკითხველისთვის და ვიმედოვნებ, „შავი პრინცი“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ქართველ (და არა მარტო) ქალბატონებს, რომ ჩვენ ვართ ინდივიდები, რომლებსაც თავად შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების წარმართვა, რომ გვაქვს პირადი სურვილები, ოცნებები და ინტერესები, რომ არ ვართ სუსტი სქესის წარმომადგენლები, რასაც ჯერ კიდევ ასე ჯიუტად გვიმეორებს ქალებს მთელი სამყარო. სიყვარული არა თუ ჩაგვრა ან დამორჩიელბაა, არამედ-ურთიერთშეტანხმება, ჰარმონია. და თუ ეს უკანასკნელი დეფორმირებული და შელახულია ნირწამხდარი სტერეოტიპების მიერ, რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი ინდივიდუალიზმისთვის მსგავსად მერდოკის პერსონაჟებისა?!