ანდრო ბუაჩიძე - „ტრამვაი, სახელად წარსული“

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ბლოგის ავტორი: გურამ მგელაძე


                                             ,,უნდა მოძებნო ხსოვნის ნაფლეთები და შეაწებო,

                                          ფაქიზად შეაწებო, რომ შენს არსებობას აზრი დაუბრუნო,

                                   აზრი დაუბრუნო ყველაფერს, რაც დაგეფანტა და გაგებნა,

                                   რადგან ყველაზე ძნელი უაზრობაა, რომელიც თანდათან

                             ადამიანივით გიახლოვდება და მხრებზე გაწყობს სველ ხელებს…“

                                                                           ანდრო ბუაჩიძე „ცარიელი ოთახი“


ანდრო ბუაჩიძის მოთხრობებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულის „ტრამვაი, სახელად წარსული“ კითხვისას მისივე ლექსის ერთი ფრაზა ამეკვიატა: „მე ვმოგზაურობ ახლა ჩემს ვრცელ მახსოვრობაში“… ცხადია, შემთხვევით არ ქცეულან ეს სიტყვები წიგნის ერთგვარი ფარული ინტონაციის, ტემპორიტმის განმსაზღვრელ რეფრენად. ყოველი მოთხრობა ხომ წარმოადგენს მედიტაციას ხსოვნაზე, მეხსიერებაზე და ზოგადად, დროზე, დროის სტრუქტურაზე, მის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანატომიაზე.


კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების მთავარი პერსონაჟი (ის თავისი პოლისემანტიკური ბუნებით გაცილებით მეტია, ვიდრე მწერლის პიროვნული თვისებების ერთგვარი მხატვრული სიმულაკრი) ფაქიზი სულიერი წყობის ლირიკული სუბიექტია, მტკივნეულად, მთელი სიმძაფრით რომ განიცდის ყოფიერების აბსურდულობას, ყოფიერების სიხისტეს… აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თხრობაში შეჟონილია მელანქოლიის, მოწყენილობის, გარინდებისა და ლირიზმის ძლიერი ნაკადი, რაც განსაზღვრავს კიდეც კრებულის კომპოზიციურ მთლიანობას და ამბის დრამატურგიული ხაზების კალაპოტს. აქ მოთხრობილი ისტორიების ტრაგიკომიკურ ბუნებასა და ეგსისტენციალური სკეფისის განცდას მწერლისეული ხედვის წერტილი, მისი ინტროსპექციული ბუნება განაპირობებს.


ხშირია ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების და რთულად ასახსნელი, სახელშეურქმეველი ემოციური მდგომარეობების მოხელთების მცდელობები. მაგ. სადარბაზოში არსებული ნაღვლიანი ბურუსი და ამ ბურუსის ნოტიო მდუმარება, ზაფხულის მოთენთილი და ტკბილი სიზანტე, დაქსელილ ძარღვებში რომ გივლის და თვლემას გგვრის, ქალაქური შემოღამებები, ჩრდილების წრიალი, ხეების შრიალი და რაღაცნაირი „ფხიზელი“ გარინდება.


 ანდრო ბუაჩიძისეული ურბანისტული აღწერები ზღვარზეა რეალობასა და ირეალობას შორის, რაც კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს მის ტექსტებში ასახულ ქალაქს. ხშირია გროტესკული გარდასახვები ( მძაფრად ექსპრესიონისტული ტონალობები, რამაც ედუარდ მუნკის ფერწერული ტილოები მომაგონა), რაც უკვე ოთხმოცდაათიანების თბილისის ამბებში მჟღავნდება. ქალაქი დაცარიელებულ საიქიოს ჰგავს თავისი შემზარავი ღამეებით და კოშმარის მეტაფიზიკური განზომილებით…


***

„იქნებ ადამიანი მთელი თავისი არსებით მახსოვრობაა და მეტი არაფერი. ოღონდ ეს მახსოვრობა შეგრძნებებისგან შედგება და ეს შეგრძნებები უსასრულოა და როცა ადამიანები ქრებიან, შეგრძნებებიც წყვეტენ ნათებას.“ –  აი, ასეთ თვალსაზრისს ვხვდებით პირველივე მოთხრობაში. მართლაც, რომ დავაკვირდეთ, კრებულს ხსოვნის აკლდამაც შეიძლება ეწოდოს, ოღონდ მასში ასახული ემოციური ნაკადის სიტყვებად გარდასახვას და სხვადასხვა ასაკთან თუ ხასიათის შტრიხთან „შედუღაბებული“ ამბივალენტური მდგომარეობების, ქცევების აღწერას უბრალო მხატვრული რეკონსტრუქციის ფუნქცია არა აქვს. ის განცდითია იმდენად, რამდენადაც თავის არსში გულისხმობს კათარტულ ასპექტს, როგორც მთხრობელისთვის, ასევე მკითხველისთვისაც. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ მოთხრობაში ასახული ამბავი (დავარქვათ მას შეგრძნებების ნარატივი) თავისივე თავის დამკვირვებელია. საკუთარი ცნობიერის (ხშირად ქვეცნობიერის) წიაღში ჩაბრუნებულ მზერას მტკივნეული სიშიშვლით ამოაქვს „ბნელ ხვეულებში მიძინებული ამოუცნობი ქიმერების“ ხსოვნის ნაფლეთები… გახსენების პროცესი მტკივნეულია იმდენად, რამდენადაც თხრობა თავისთავად გულისხმობს საჯაროობის, ხილვადობის რადიუსის ზრდას. შედეგად, ის რაც მეტად ინტიმური, პერსონალური და კამერულია ხდება სხვების ინტერპრეტაციის, განხილვის, ანალიზის საგანი, თუმცა ანდრო ბუაჩიძისეული ამბები დაცლილია ყოველგვარი ხმაურისგან, ეპატაჟისგან, რადგან ყოველი მათგანი ჭვრეტით-მედიტაციური ხასიათისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან კითხვის სპეციფიკურ სტრატეგიას, მეთოდს მოითხოვს. აქ არ უნდა აჩქარდე, არ უნდა აქოშინდე, არ უნდა წაბორძიკდე, რათა სრულფასოვნად შეიცნო ( შეიგრძნო!) ყოველი მოთხრობის იდუმალი, ქვეტექსტუალური მუსიკა და ლირიზმის ნათება, მისი მაცოცხლებელი ენერგია.


***

ემილ ჩორანი თავის საკულტო წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ დროის სპეციფიკურ აღქმაზეც ამახვილებდა ყურადღებას: „ბავშვობიდან ვგრძნობდი საათების სვლას, თავისუფალს ყველანაირი კავშირისგან, ყველა ქმედებისა და მოვლენისაგან, დროის განცალკევებას იმ ყველაფრისაგან, რაც ის არ იყო, მის ავტონომიურ არსებობას, მის განსაკუთრებულ სტატუსს, მის იმპერიას, მის ტირანიას. ცხადზე ცხადად მახსოვს ის შუადღე, როცა დაცარიელებული სამყაროს წინაშე პირველად ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ დაუმორჩილებელ წამთა რბოლა, რომლებიც საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობდნენ. დრო ჩემს ხარჯზე სცილდებოდა ყოფიერებას.“ აშკარაა, რომ განცდის ამგვარი სიმძაფრე მოდერნისტული ცნობიერების პირმშოა, კრიზისული ეპოქის გამოხატულებაა, პიროვნების შინაგანი სულიერი ლანდშაფტის ანარეკლია. 


 ანდრო ბუაჩიძისეული დრო, ჩორანის მსგავსად, ხედვის უჩვეულო რაკურსში „იშიფრება“, ხოლო წარმოსახვის გამღიზიანებლებად, უმეტეს შემთხვევაში, დროის ქარტეხილის გამო სახეცვლილი ქალაქი უბანი, შენობები, ნივთები თუ ადამიანები გვევლინებიან. პროტაგონისტი ოდისევსივით დაეხეტება მეხსიერების ბნელ ტალანებში, ქვეცნობიერის ცხრაკლიტულში, თავის პერსონალურ ჰადესში, რათა ხსოვნის ნაფლეთების „შეწებების“, „შენივთების“ მეშვეობით, წარსულში ჩაკარგულ ხმათა „რეანიმაციის“ წყალობით საზრისი, ერთგვარი საყრდენი დაუბრუნოს საკუთარ არსებობას. ამ თვალსაზრისით, ყოველი მოთხრობა ხსნის დაუოკებელი მოთხოვნილებიდან და სასიცოცხლო სივრცის პოვნის სურვილიდანაა ამოზრდილი.


დავაკვირდეთ „აგარაკის“ პირველივე ფრაზას: „ კიკეთის სახლი დამესიზმრა. ამ სახლმა ბაბუაჩემი გამახსენა, რადგან ის უმეტესად კიკეთში გადაღებულ ფოტოებზეა აღბეჭდილი.“ აი, ეს კამერტონი განსაზღვრავს თხრობის მდინარებას, მის ლინგვისტურ ქსოვილს, ემოციურ სპექტრს, ტექსტში „კოდირებული“ მარადიული ძრავის გუგუნს. დროს აქ პირდაპირ შენობები „ ასხივებენ“ და ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ერთდროულად ორი პარალელური რეალობის მიჯნებს შორის ან მათი „შეჯახების“ შედეგად წარმოქმნილი ენერგეტიკული ველის ეპიცენტრში აღმოჩნდი. ეს იმ ტიპის განზომილებაა, სადაც კალენდარული დროის აღქმა უფერულდება, ხოლო საგნები და მოვლენები კი ცნებამდელ მდგომარეობებს უბრუნდებიან.


„აგარაკში“ მეხსიერების მრავალპლასტიანი ბუნება დროის რამდენიმე ნაკადის მეშვეობით საცნაურდება: პირველია რეპრესიების პერიოდი ( ბაბუას ხაზი), მეორეა -პროტაგონისტის ბავშვობა და ბოლოს – აწმყო დრო ანუ ფუტურო რეალობა. ამ გამოშიგნული და ცნობიერებადაზიანებული ყოფიერების იმიჯია კიკეთის აგარაკის და ზოგადად, სივრცის სავალალო მდგომარეობა: „ უკვე სახლთან ვიდექი და შევყურებდი ჩამოფხავებულ კედლებს. ეს ისეთი რეალობა იყო, რომელსაც მოჩვენების მისხალიც არ ერია. შორიახლოს მდგარ სხვა სახლებსაც გავხედე. იქაც ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. არამცთუ არავინ არ იყო, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ აქაურობა კარგახნით მივიწყებოდა ყველას.“


შემდეგ: „ … მთელი ეს სამყარო რეალობაში დაემსგავსა ოკეანის ფსკერზე დაშვებულ გემს, რომლის კაიუტები მოღიავებულია და იქ არავინ შედის და იქიდანაც აღარავინ გამოდის. და ვგრძნობ: რეალობაზე უფრო მძაფრად ეს სამყარო ჩემს ქვეცნობიერებაში არსებობს. მე ხომ იქ მუდმივად ვარ, მუდმივად ვეხები იმ რიფებს, რომლის ქვეშაც ეს სამყაროა გაშლილი. უცნაურია, ახლაც კი, ახლაც, როცა კიკეთში ჩემი სახლის ჩატეხილი კიბის საფეხურზე ვზივარ, მე იმ ქვეცნობიერ უკუნში დავდივარ და ხან რას ვეჯახები და ხან რას…“


***

დასაწყისში ხედვის წერტილზე ვსაუბრობდი და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ „შინ ვერდაბრუნებას“. ამ, შინაგანი მონოლოგის მახასიათებლებით რეკონსტრუირებული, მოთხრობის არსიც სწორედ ხედვის წერტილის განსაზღვრაში, საჭვრეტი ლინზის ფოკუსის გასწორებაში მდგომარეობს. საერთოდ, ანდრო ბუაჩიძის პოეტიკის ერთ-ერთი უარსებითესი კომპონენტი სწორედ შინაგანი მზერის, ხედვის დიაპაზონის უჩვეულო, უნიკალურიც კი, მდგომარეობაა. თბილის მასთან ხშირად შორი მანძილიდან ჩანს ( „ საღამოვდება და მე შემიძლია ჩემი მაღალსართულიანი სახლის მეთორმეტე სართულიდან გავხედო სივრცეს, გავხედო თრიალეთის ქედს, ქვემო და ზემო ბაგებს, წყნეთს, შორს, ქედის ხერხემალზე გამწკრივებულ მუქყვითლად მოციმციმე ელნათურებს. იქით ბეთანიაა, კიკეთია, მანგლისია, მარადისობაა, სხვა მხარეა, უკვე განვლილი ცხოვრებაა, ენითუთქმელი ნაღველია.“), ხშირად კი უშუალოდ კონკრეტული უბნიდან, რესტორნიდან, ქუჩიდან, სასაფლაოდან, ხიდიდან. „ ტრავმაი, სახელად წარსული“, მაგალითად და „მანათობელი წერტილები“ დიუსელდორფში მოხვედრილი პროტაგონისტის ხეტიალს ასახავს: სასტუმროს ნომერი, ბისმარკშტრასე, ჰაინრიჰ ჰაინეს ხეივანი, ჩიხები, დუმილი, სიბნელე… „მოთხრობისთვის თემას დავეძებ“ – საკუთარ თავს ახსენებს მთხრობელი და ნელ-ნელა ქვეცნობიერის ფსკერიდან ნაფლეთებად ამოდიან შთაბეჭდილებები, ხმები, საგნები, ამბები, მტკივნეული შეგრძნებები… ის დიუსელდორფშის ქუჩებშიც საკუთარ ქალაქს ეძებს, საკუთარი ქალაქის აკუსტიკას. უფრო უკეთ, იმას, რაც მხოლოდ ნარატორის მეხსიერების კედლებზეა შემორჩენილი. შედეგად ჩნდება სიუცხოვის, სევდის და ეგსისტენციალური მოწყენილობის, სულიერი ლტოლვილობის, მარტოსულობის განწყობა…


„შინ ვერდაბრუნებაში“ ავტორი ვაკის სასაფლაოს ატმოსფეროს იხსენებს: „ … სასაფლაო მარადისობის სივრცეშია განფენილი. მარადისობა, ენითუთქმელი მუდმივობა აქ სითხესავით ყველაფერზეა გადაღვრილი – ქვებზე, წარწერებზე, კვიპაროსებზე, რკინის ღობეებზე, დღისით იგრძნობა ეს გადმოღვრილი მუდმივობის ნათელი და იგრძნობა ღამითაც“. ეს ფრაგმენტი მთლიანი კრებულის მეტაფორადაც შეგვიძლია აღვიქვათ, რადგან ყოველ მოთხრობას ( ისევე, როგორც ლიტერატურულ პორტრეტებს) უცნაური, ჟელატინის სუბსტანციისმაგვარი მუდმივობის მკვრივი სხივი აკრავს გარსივით…


გავიხსენოთ „სოლოლაკში“ ასახული გარემო: სადარბაზოებში გამეფებული ბურუსის ნაღვლიანი სინოტივე, ხმების, ბგერების, გრძელი სხივების პანოპტიკუმი, მოძრავი ჩრდილების გაუთავებელი, მთრთოლვარე ტოკვა, ჰაერში მოძრავი მტვრის ნაწილაკები და დროის ფრთხილი, უხმაურო დინება…


***

წერილის სათაურად გამოყენებული „ყოფნის ხსოვნა“ ემილ ჩორანის ფრაზაა. ვფიქრობ, ანდრო ბუაჩიძის „ტრამვაი, სახელად წარსულის“ ორი მაგისტრალური თემის მოხელთება სწორედ ამ, მეტაფორასავით ტევადი, ფრაზის სახით შეგვიძლია. კრებულში წარმოდგენილი მოთხრობების აბსოლუტური უმრავლესობა ხომ ხსოვნისა და ყოფიერების შეხების წერტილებს იკვლევს. ანდრო ბუაჩიძე ჩვეული ოსტატობით, ლირიზმის უმძაფრესი შეგრძნებით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენობრივი არსენალისა და სააზროვნო დიაპაზონის მეშვეობით ახერხებს ხსოვნის ჰადესში მოგზაურობასა და ცნობიერების ფსკერზე მიძინებული მთვლემარე შთაბეჭდილებების „შეღვიძებას“. 


განცდა კი , კრებულის კითხვისას რომ მეუფლებოდა, ვლადისლავ ხოდასევიჩის ერთ ბრწყინვალე ლექსშიცაა ასახული, რომელიც, სხვათა შორის, ანდრო ბუაჩიძემ თარგმნა და „ტრამვაის“ ეპიგრაფადაც გამოდგებოდა:

„ ჩამოვიფერთხავ ქუთუთოზე ძილის ნამცეცებს,

და ვარ მთელი დღე მღელვარებით და შფოთვით სავსე.

 საღამოობით დავეცემი, თითქოს ამცელეს,

ბოლო ამბორი დაღლილობის წამაქცევს წამსვე.

მაგრამ არ მოაქვს მოსვენება ძილშიაც იღბალს,

და მესიზმრება მიწიერი, მშფოთვარე ცხადი,

 ჩემივე ბოდვა მეყურება სიზმრების მიღმა,

და დღეს ვიხსენებ უკვე განვლილს და არანამდვილს.“