ძაღლებსა და ადამიანებზე

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი

იქნებ სჯობდა, ჩვენც გადავშენებულიყავით დიდი გამყინვარებისას დინოზავრებთან ერთად და სიცივეს ჩვენს გულებში და გონებაში არ შეეღწია. იქნებ სჯობდა ჩვენი ნაფეხურები აღმოეჩინათ უცხ პლანეტელებს და ჩვენი ნარჩენები მუზეუმებში გამოეფინათ წარწერით: „სიცოცხლისთვის სახიფათოა.“

დათო ყანჩაშვილი

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რას იტყოდნენ უცხო ცივილაზაციები, ადამიანთა მოდგმის განვითარებას თუ გადაავლებდნენ თვალს? ან რა მოხდება მაშინ, თუ ერთ დღესაც ადამიანთა რასა შეწყვეტს თავის სისასტიკითა და ძალადობით სავსე არსებობას და განვითარების გზას თუნდაც სხვა ცოცხალ არსებათა სახეობას დაუთმობს? ნეტავ, ისინი როგორ განვითარდებოდნენ ადამიანების მსგავსად ულმობლად მოექცეოდნენ ერთადერთ დედაპლანეტაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას მხოლოდ პირადი სარგებლისთვის, დახოცავდნენ სპილოებს მათი ეშვების, ირმებს მათი რქებისა და ვეფხვებს მათი ტყავის გამო? ერთმანეთსაც ჩვენსავით საუკუნეების განმავლობაში შეიძულებდნენ კანის ფერის, სქესისა თუ წარმომავლობის გამო? ვინ იცის, სიმართლე რომ ითქვას, ამაზე არც არასდროს მიფიქრია, სანამ ხელში კლიფორდ სიმაკის „ქალაქი" არ ჩამივარდა.

წარმოიდგინეთ, როგორც ჩვენ ვსწავლობთ ანტიკურ თქმულებებს, ხალხურ ლეგენდებს, ბერძულ თუ სკანდინავიურ მითოლოგიას და მათში აღწერილი ამბებისა და გმირების ირეალურობაში წამითაც არ გვეპარება ეჭვი, მხოლოდ მათი სიმბოლური დატვირთვა, წარმომავლობა თუ ლიტერატურული ღირებულება გვაინტერესებს, ამის მსგავსად ერთ დღესაც, ძალიან შორეულ მომავალში სწორედ კაცობრიობის ისტორია გახდეს ისეთი ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომლის ავთენტურობასაც აღარავინ დაიჯერებს პატარების გარდა, რომელთაც გასართობად ეყვარებათ მათი მოსმენა. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანში „ქალაქი" სწორედ მსგავს მოცემულობას ვაწყდებით, სადაც ძაღლებს(ჰო, არ მოგესმათ) ადამიანთა შესახებ ზღაპრები შემორჩათ და ისიც კი ვერ გაურკვევიათ, მათში აღწერილი ამბები საერთოდ რას ემსახურება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემთვის, ადამიანი მკითხველისთვის ძაღლებისგან განსხვავებით) ის „ზღაპრები" ისეთი ნამდვილი, ემოციური და შემაშფოთებელიც კი გამოდგა, რომ წიგნი შეუსვენებლად - ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა. ამაში ავტორის უდავოდ გამორჩეული ხელწერა დამეხმარა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას მოიწყინო, სხვა რამეზე გადაერთო ან ამბავი რომელიმე დეტალზე მიატოვო, პირიქით - წაკითხვის მერეც კიდევ დიდხანს გიტოვებს საფიქრალს. სავარაუდოდ, ძაღლების ხსენებისას ის მულტფილმები თუ კინოფილმები გაგახსენდათ, სადაც ჩვენი შინაური ცხოველები ჩვენგან გასაიდუმლოებულად საუბრობენ და ცალკე დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწევიან, რამაც, შეიძლება, არასერიოზულად განგაწყობთ დასაწყისისთვის(როგორც ეს მე დამემართა), მაგრამ ყველაფერი ასე პრიმიტიულად სულაც არ არის: ცხრა მოთხრობისგან, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი ამბებისგან შედგება ეს წიგნი, რომელთა ქრონოლოგიური განვითარება დასაწყისში გაჩენილ ყველა სერიოზულ თუ არასერიოზულ კითხვას ლოგიკურ პასუხს სცემს. ამ ისტორიებს კი ის წინათქმები აკავშირებს და კრავს ერთიან რომანად, რომელთაც სწორედ ძაღლები წერენ მკითხველთათვის - ერთი შეხედვით ეს საოცარი იუმორით სავსე კომენატრები ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი მარგალიტებია. როგორც სამეცნიერო ფანტასტიკისთვისაა დამახასიათებელი, ყოველი მოთხრობის სიუჟეტი მომავალში ვითარდება: იწყება ერთი მომენტიდან და გრძელდება კიდევ უფრო შორეულ პერიოდამდე. ჟანრის მიუხედავად, არავინ იფიქროს, რომ მასში აღწერილი ისტორია სამეცნიერო ტერმინოლოგიითა დახუნძლული ან მხოლოდ ამ ჟანრის მოყვარულთათვისაა გასაგები, პირიქით, ეს ის იშვიათი გამონაკლისი მგონია, რომელიც განურჩევლად ყველა ტიპის მკითხველს უნდა მოეწონოს, რადგან ის არაფერზეა, გარდა წმინდად ადამიანური გრძნობებისა

წიგნი იწყება „ქალაქით»: თანამედროვე ურბანიზაციისა და მეგაპოლისების საზღვრების ყოველდღიური გაფართოების ფონზე, როცა კულტურებს, ადამიანებს, რელიგიებსა და იდიოლოგიებს ერთი სივრცე შავი ხვრელივით ისრუტავს, წარმოსადგენადაც კი გაგვიჭირდება რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთ დღესაც ადამიანები ქალაქებს მასობრივად დატოვებენ. ერთი შეხედვით ეს საცოცებების, დანაგვიანებისა და დაბინძურებული ჰაერისგან გათავისუფლებად შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ავტორი ახერხებს დაცარიელებული ქუჩების, ხავსმოდებული სახლებისა და წყობიდან გამოსული ტექნიკის ფონზე ადამიანთა უზომოდ სევდიანი მოგონებები გააცოცხლოს, რომელთა წარსული ცხოვრებაც იმ სიცარიელეში დაძრწის. ეს კი მხოლოდ დასაწყისია იმ ტრაგიკული ციკლისა, რომელსაც, თამამად ვიტყოდი, კლიფორდ სიმაკის წინასწარმეტყველური ტექსტი მოგვითხრობს კაცობრიობის მომავალზე. და მაინც, რა შუაში არიან ამ ყველაფერთან ძაღლები? აქედანვე გეტყვით: ეს წიგნი მწერალმა სწორედ თავის ძაღლს, სკოტის მიუძღვნა. ამაში სწორედ ავტორის ყველაზე ფაქიზი დამოკიდებულება ვლინდება ადამიანის საუკეთესო მეგობრად აღიარებული ცხოველების მიმართ, რომლებიც ამ წიგნში ფურცლიდან ფურცელზე დაჰყვებიან ადამიანებს და განვითარების ალტერნატიულ გზასაც გვიჩვენებენ. საერთოდაც კითხვის პროცესის რაღაც მომენტში ხვდები, რომ წიგნში ადამიანები კი არა, სწორედ ძაღლები არიან მთავარი გმირები და მკითხველისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაც ამის გააზრება ხდება - როგორც ზევსი, ამონრა თუ ოდინი გახდნენ ჩვენი წარსული ღვთაებები, ისე იქცევა ადამიანი ძაღლებისთვის მკვდარ ღმერთად.

ბოლოსკენ მინდა დავამთავრო იმით, რითიც იწყება ეს წიგნი: ძაღლები ამაოდ სვამენ კითხვას - რა არის ადამიანი? ანდა რა არის ომი? ადამიანის რაობაზე საუკუნეებია ფილოსოფიური თუ რელიგიური თეორეტიკოსები იმტვრევენ თავს და დღემდე მაინც თავადაც ვერ გავრკვეულვართ ბოლომდე, ამიტომაც ამას ძაღლებიც თუ ვერ გაიგებენ, ალბათ, არაუშავს, თუმცა რაღას ვიტყვით ომზე? როცა ამ სიტყვებს ვწერ ან როცა თქვენ ამას წაიკითხავთ, ალბათ, სადღაც კიდევ რომელიღაც გასროლილ ტყვიასა თუ ჩამოვარდნილ ბომბს ისევ შეეწირება უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ამიტომაც ამ წიგნის კითხვის პარალელურად პირველი, რაც კი გამახსენდა ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ფილმი „მეხუთე ელემენტი" იყო, რომელშიც ერთ-ერთი პერსონაჟი ლილუ სიტყვა „ომზე" არსებულ ინფორმაციას ეცნობა და ადამიანთა მიერ ჩადენილი ძალადობის გამო შეუჩერებლივ ტირის. ასე ვიყავი მეც - ვკითხულობდი წიგნს და მრცხვენოდა იმის, რაც ვიყავი, ვარ ან ვიქნები მერე.