მნიშვნელოვანი მოვლენები

რეგისტრაცია გამომფენებისთვის

გამომფენთა რეგისტრაცია თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის 25 მარტიდან დაიწყება. ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

რეგისტრაცია

ბლოგი

ჯუნიჩირო ტანიძაკი “ნაზი თოვა”

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - ნინო დოფიძე “ჰანამის (ჰანამი – საკურას ყვავილობით ტკბობა) მთელი ხიბლი მისი სილამაზით შორიდან ტკბობაა.” იუკიკოს მომავალი მამამთილი. ზოგჯერ კითხვა დაუმორჩილებლობის აქტია ყოველგვარი პირობითობების მიმართ, სწორად წარმართული კითხვა კი ყველაფრისგან დაგიცავს საკუთარი თავისგანაც კიო, – ამბობს დანიელ პენაკი წიგნში “რომანივით საკითხავი” და ძალიან მიყვარს დანიელ პენაკიც და ეს ამბავიც. მიყვარს ლიტერატურის ჯადოსნური ძალა, მოგცეს ყველაფერი და იქცეს შენს მთავარ მცველად და საყრდენად. ჯილდოა მკითხველისთვის ასეთი საკითხავი, როგორც ჯუნიჩირო ტანიძაკის დიდი საგა “ნაზი თოვა” და თუ რატომ ვფიქრობ ასე, შევეცდები ქვემოთ უფრო ვრცლად მოვყვე. ავტორს წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირის, საჩიკოს პროტოტიპად საკუთარი მესამე ცოლი, მაცუკო მორიტა ჰყოლია და ცოლის დებისგან კი დები მაკიოკების პერსონაჟები გამოიკვეთენ. რომანი აუკრძალავს სამხედრო ცენზურას, რომლის კვალი წიგნშიც ჩნდება თხრობის ბოლოს დღესასწაულების და სიხარულების, პომპეზურობის შეზღუდვების და აკრძალვების სახით, თუმცა მაინც გამოცემულა სამ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. “ნაზი თოვა” დები მაკიოკების ამბავია. მათი თავგადასავალი ჩემთვის ყველაზე საინტერესო, შორეულ და იდუმალ ქვეყანაში ვითარდება და დებთან ერთად, მკითხველისთვის, ერთ-ერთი მთავარი ამბავი იაპონიაა, თავისი ყოფა-ცხოვრებით, წესებითა და ტრადიციებით, ქალაქებითა და ისტორიით. წიგნში ასახული ქვეყანა საუკეთესო მასპინძელია და თავს კიდევ უფრო გაყვარებს. დები მაკიოკების საგვარეულო დიდება, მამის სიკვდილის მიუხედავად, არ გამქრალა, ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს მისი სიმდიდრე, სიუხვე და ხელოვნებისადმი სიყვარული და მფარველობა. მამას უფროსი ქალიშვილის, ცურუკოს ქორწილისას სამი სახელგანთქმული მხატვრისთვის დაუხატინებია იაპონიის სამი ცნობილი ხედი და სამფენიანი კიმონო შეუკერავთ. იუკიკოს ქორწილისთვის კი, რომელიც როგორც იქნა უნდა შედგეს, მრავალი მიაის (წყვილის გასაცნობი შეხვედრა) და წუხილის, ლოდინის შემდეგ, საჩიკოს ნახმარი კიმონოების ყიდვამ მოუწია, რადგან 7 ივლისის ბრძანებით შეიზღუდა ფუფუნების საგნების შეძენა და მამაც დიდი ხნის მკვდარი იყო. ოთხი და: ცურუკო, საჩიკო, იუკიკო და თაეკო განსხვავებული და საინტერესო დები არიან. თითქოს წელიწადის ოთხ დროს ჰგავნან. ჩემი წარმოდგენით, მათ შორის უფროსი და ცურუკო ზამთარია, საჩიკო – შემოდგომა, იუკიკო – გაზაფხული, თაეკო კი – ზაფხული. დებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. განსაკუთრებით საჩიკოა ყველა მათგანის შემკრები, მოსიყვარულე, დედასავით მზრუნველი და თავისუფლების თვისებით ყველაზე უფრო შემკული. მისთვის მთავარი ბედნიერება ყველას კარგად ყოფნა და მშვიდი, მყუდრო დღეებია, როცა არაფერი აფერხებს ბედნიერებას, როდესაც ყველა ისე ცხოვრობს როგორც უხარია. რა თქმა უნდა მასაც აწუხებს “მთავარი სახლის,” საკუთარი ოჯახის, მეგობრების, გარშემომყოფების, საზოგადოების აზრი, თუმცა ისე არა რომ პიროვნული თავისუფლება შეეზღუდოს ან მის ცხოვრებას რაიმე ჩრდილი მიადგეს. მის ამ სიმშვიდესა და ბედნიერებას საყვარელი მეუღლე, ტეინოსკეც განაპირობებს, რომელიც საჩიკოს მსგავსად თავისუფლებისა და ბედნიერების ადამიანია. მას ძალიან უყვარს საჩიკოს დები, მოსწონს მათზე ზრუნვა და დიდ სინაზეს იჩენს მათთან ურთიერთობაში. ცხადია საჩიკოს და ტეინოსკეს თანაცხოვრებას სიძნელეებიც ახლავს, მაგრამ თითქმის უმნიშვნელო, რადგან მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ჰყავთ შესანიშნავი ქალიშვილი ეცუკო, გულწრფელები არიან, სიმდიდრე არაა მათთვის სიხარბე, სიცოცხლით ტკბობა ყველაზე კარგად ეხერხებათ. თაეკო, ყველაზე პატარა და ყველაზე თანამედროვე დაა, დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და ებრძვის მოძველებულ, ოჯახურ ტრადიციებს, რომელიც ავალდებულებულებს დაემორჩილოს უფროს დას და სიძეს, ე.წ. მთავარ სახლს, მათი მითითებით გადაწყვიტოს რა უნდა მომავალში, გათხოვება თუ დიზაინერობის სწავლა პარიზში. თაეკოს განსაკუთრებულად უყვარს დასავლური წეს-ჩვეულებები, ჩაცმულობა და მათი თავისუფლება და არაფერს იშურებს იმისთვის, რომ თავგადასავლებში გადაეშვას, თუმცა ასევე არ ივიწყებს ძველ, იაპონურ ტრადიციებს, არც მისგანაა დაშორებული და სწავლობს იამამურას ცეკვას, რომელიც ძალიან ტრადიციული და განსაკუთრებულია როგორც ჩაცმულობით ისე წარმოდგენით და თაეკოს შესრულებული ცეკვა “თოვლი” ისეა აღწერილი, სინაზით და ცოცხლად, რომ ნამდვილად ნანახი მგონია რომ მაქვს. აქვე არ მასვენებს ერთი ფიქრი, თაეკოს ხასიათი თუ არ მიგვანიშნებს უნდა მიგვანიშნებდეს ავტორის სურვილს, რა ურჩევნია მას და მგონია რომ მისთვისაც ორივე კულტურის არსებობა ყველაზე კარგი პოზიცია იქნებოდა, დასავლურის გათვალისწინება, რასაც ვერაფერი შეაჩერებს და ძველი, იაპონური ტრადიციების დაცვა და მოფრთხილება, რაც ერთმანეთს ხელს ვერ და არ შეუშლის. მთავარი შიში ხომ ესაა ხოლმე, რომ სიახლე ძველს გაანადგურებს. დებიდან ყველაზე მეტად მაინც იუკიკო მომწონს, მისი ძალიან ჩუმი, მორიდებული, უთქმელი ხასიათის, კითხვის სიყვარულის გამო, ამოვიწერე კიდეც მისი წაკითხული წიგნები: ბაირონის პოემა “შილონის ტყვე,” ანატოლ ფრანსის ნოველები და დაფნა დიუ მორიეს “რებეკა.” იუკიკოს ძალიან უყვარს ოსაკა და საჩიკოსთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მორჩილება ტოკიოში წაიყვანს, უფროსი დის ცურუკოს და მისი მეუღლის მოთხოვნით, რომლებსაც ევალებათ უმცროს დებზე ზრუნვა, მათი გათხოვება, და ეს ეთვლებათ მთავარ მოვალეობად. იუკიკო საჩიკოს დახმარებით მაინც ახერხებს ტოკიოსგან თავის დაღწევას, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაბრაზებდა მისი სიჩუმე და სურვილებზე უარის თქმა. ძალიან დიდი ხელოვნებითაა აღწერილი და მოთხრობილი თითოეული პერსონაჟი, მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისწრაფებები და ცხოვრების ფაქიზი, პოეტური სტილი. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია საჩიკოს მსახური ო-ჰარუ. მისი ერთგულება და მისდამი ბატონების, საჩიკოს და ტეინოსკეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. მათ ო-ჰარუ უყვართ, ენდობიან, ახლობლად და თანასწორად მიიჩნევენ და ისევე ზრუნავენ მასზე, როგორც ოჯახის წევრზე. ძირითადად წიგნის პერსონაჟებზე საუბარს შევყევი, მაგრამ მათი ცხოვრება გვიყვება წიგნის სათქმელს, მის სურვილს შეინარჩუნოს ქვეყნად სიფაქიზე, პოეტურობა, რომანტიკა, სიცოცხლით ტკბობა (რაც უკვე ალბათ მეორეჯერ ვახსენე და არ ვთვლი რომ ზედმეტია), წმინდა იაპონური ხასიათი, რომელმაც იცის სიცოცხლის, ბუნების, დღის ფასი, ჰანამით (საკურას ყვავილობის პერიოდი) ტკბობის რიტუალი და ტრადიცია აქვს და მთელი რიგი დღესასწაულების ბუნების ძალის, მშვენიერების აღსაქმელად და გასააზრებლად. ვგულისხმობ თუნდაც საჩიკოს და ტეინოსკეს სიმწვანის საყურებლად წასვლას ნარაში და წვიმის წვეთების ხმაურის სავანეში განმარტოებას და იმას, როცა შეგიძლია ასეთი სახელი დაარქვა სავანეს და დააწერო ალაყაფს “წვიმის წვეთების ხმაურის სავანე.” ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რაც იკვეთება და რასაც ასეთი დიდი ლიტერატურა ადასტურებს ხოლმე ისაა, რომ სამყარო ერთი მთლიანობაა, უხილავი თუ ხილული კავშირებით და ადამიანი მის დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ნაწილში ბედნიერებისთვის, თავისივე წარმოდგენილი ბედნიერებისთვის იბრძვის, მიისწრაფვის, მიემართება და სულ ერთნაირი, მსგავსი ნაბიჯებით, განსხვავებული ფერებითა და ხასიათით, სიმაღლითა და სიდაბლით და ზუსტად ეს განსხვავებულობაა მამოძრავებელი ძალა. კოლინ მაკალოუ - "ბარდნარის ჩიტები"

21/05/2023

კოლინ მაკალოუ - "ბარდნარის ჩიტები"

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის ბლოგის ავტორი - სესილი ერაგია   „ბარდნარის ჩიტები“ ყველაზე ნათლად გვანახებს, რომ ცხოვრება, არაფერია, თუ არა ბუმერანგი, რომელიც ადრე თუ გვიან ყოველ ჩვენგანს მიუბრუნდება. ვიძენთ რამეს? - ეჭვი არაა, რომ ცხოვრება მას უმალ გამოგვტაცებს.   „იქნებ ჯოჯოხეთი სწორედ აქაა - მიწიერი უდაბნოს ხანგრძლივ ტყვეობაში? იქნებ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთის ატანა სიცოცხლეშივე გვიწევს...“   წიგნში მრავალ პრობლემურ თემასთან ერთად, წამოწეულია ქალთა აღიარების საკითხი. ვიქტორიანული ეპოქის მიერ ქალის როლის გაუფერულება, რომანშიც იკვეთება, განსაკუთრებით მძაფრად კი მაშინ წარმოჩნდება, როცა ახალშობილი, ვაჟის ნაცვლად გოგონა აღმოჩნდება (ნამდვილ კაცად ხომ ის მიაჩნდათ, ვინც ვაჟებს ზრდიდა!) „რას წარმოადგენს დედისთვის ქალიშვილი? მას, ვინც საკუთარ ტკივილს, საკუთარი ახალგაზრდობის ანარეკლს ახსენებს და გაივლის იმავე გზას, რომელიც თვითონ გაუვლია? რომელიც მასავით დაღვრის ცრემლებს? არა, მამაო! ვცდილობ დავივიწყო, ქალიშვილი რომ მყავს, და თუ მაინც ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ ისე, როგორც ვიფიქრებდი ვაჟიშვილზე. ვაჟიშვილები - აი, ვინ არ ავიწყდება დედას.“   წიგნის მრავალფეროვან პერსონაჟთა შორის, ფიონას გამოვარჩევდი. ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება სხვისთვის და სხვისი ინტერესებისთვის ცხოვრობდა; რომელმაც გრძნობები ჩაიკლა, გულგრილობის ნიღაბი აიფარა და ვერც შვილების შეყვარება შეძლო სათანადოდ... შეუძლებელია გვერდი ავუარო ფრენკს, რომელიც ვერ შეეთვისა ოჯახს და მშობლიურ ფესვებს მოწყდა, რათა გაუბედურებული კვლავ დაჰბრუნებოდა მას. პეტსი, რაინერი, ჯეიმსი - ისინი, ჯერ კიდევ ბავშვები ემსხვერპლნენ ომს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მომკვდარა. ზოგი სულიერად განადგურდა, ზოგი სამუდამოდ დასახიჩრდა.   „ბარდნარის ჩიტების“ პერსონაჟები, - როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს - ისე ქრებიან, რომ ანთებას ვერც ასწრებენ. რა რჩება მათგან? ან რა რჩებათ თავად მათ განვლილი ცხოვრებიდან? მოვალეობები, მოვალეობები, მერე კი... მერე ცხოვრება მთავრდება. მოსაგონარიც კი არაფერია. „გზის სირთულეებს სრულად მხოლოდ ის იცნობს, ვისაც ფეხი დაუსხლტა და დაეცა“. პერსონაჟებს ყოველივე ეს საუკეთესოდ მოეხსენებათ და ისიც იციან, რომ ბედნიერება ტანჯვის გარეშე არ მიიღწევა, სწორედ ამიტომ სჩადიან თვითმკვლელობის ტოლფას საქმეებს და წუთითაც კი არ იხრიან წარბს. დასკვნა ერთია - „საუკეთესო ადამიანებს რატომღაც ყველაზე მეტი ტანჯვა ხვდებათ წილად“.   მეგიცა და რალფიც დაბადებულიყვნენ იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც უყვარდათ და ვინც ეძვირფასებოდათ, თანდათანობით, მტკივნეულად გამოსცლოდათ ხელიდან და დაეკარგათ. ისინი, იმ ძველი კელტური ლეგენდის ჩიტები იყვნენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხლებოდნენ ეკალს და დასისხლიანებული მღეროდნენ იმ ერთადერთ სიმღერას, რომლის ფასი მხოლოდ თავად უწყოდნენ... „ეკალი გულს რომ უგმირავს, სიკვდილის მოახლოებას ვერც კი ამჩნევს: მანამ გალობს, ვიდრე ბგერების ამოთქმის ძალა შესწევს. მაგრამ ჩვენ, გულში ეკალს რომ ვისობთ, გვესმის, რასაც ვაკეთებთ. ყველაფერი ვიცით, მაგრამ გულს მაინც ვიფლეთთ. მაინც ვგალობთ.“ ... ვარდი. ფერფლი. ვარდის ფერფლი. ღმერთო, მაინც რა ლამაზი იყო ეს სიყვარული...  

21/05/2023