ძლიერი ქალები

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: მანო სიდამონიძე

ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვების დახმარებით დამეწერა აქტუალურ და მტკინვეულ თემაზე, ძალადობაზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული პერიოდის, XXI საუკუნის, მთავარი ამოძახილია. ფიზიკურად უხეშმა მოპყრობამ და სიტყვიერად მორალური ზიანის მიყენებამ შესაძლოა ადამიანი რადიკალურად გადაასხვაფეროს, წარმოდგენები შეუცვალოს, ფსიქიკა შეურყიოს და გააბოროტოს. საუბედუროდ, ისინი , რომლებიც ძალადობენ, ვერ აცნობიერებენ თუ რა ტრამვას აყენებენ სხვებს. მოძალადეები მსხვერპლს უნგრევენ ცხოვრებას და უმრავლესობა ამით კმაყოფილდება კიდეც.. გაუმართლებელია ასეთი ამოუხსნელი საქციელი!

ლიან მორიარტის, ავსტრალიელი მწერლის, გახმაურებული რომანი ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია.

წიგნში მოთხრობილია პირივის ნახევარკუნძულზე დასახლებული რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავრბული ოჯახის შესახებ, რომელთა ცხოვრებაშიც ავტორმა საინტერესო შტრიხები შეიტანა და ამის დახმარებით თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული ელფერი მიენიჭა.

ჯეინი, ახალგაზრდა მარტოხელა დედა, გაექცა იმ მტკინვეულ მოვლენას, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა. გონებით იბრძოდა, არ ყრიდა ფარ-ხმალს, მაგრამ ეტყობოდა, რომ გული გაბზარული, ალაგ-ალაგ დალურჯებული და დასაფშვნელად გამზადებული ჰქონდა.

საქსონ ბენკსი - ამ სახელს ამოფარებულმა ადამიანმა დაუნგრია ჯეინს ცხოვრება, ის ლამაზი და ბავშვური წლები, რომლებიც თითოეული ინდივიდის განუყრელი მეგობარია. მან 20 წლის ჯეინი მიწასთან გაასწორა. მასთან სექსუალური კავშირის დამყარებისას ყურში მუდმივად ჩასისინებდა, რომ მსუქანი, უშნო პატარა გოგო იყო, იაფფასიანი სამკაულებითა და უგემოვნო კაბით.

ამ ღამისა და პიროვნების დავიწყებას ჯეინი 5 წლის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა სწორედ იმ საშინელ დღეს ჩაისახა ზიგი, უსაყვარლესი ბიჭუნა, რომელიც დედამ პირივის საჯარო სკოლაში შეიყვანა და იმედოვნებდა, რომ მისი სიმშვიდითა და სიბეჯითით ყველას მოხიბლავდა, თუმცა მოვლენები წარმოუდგენელად განვითარდა...

პირივის საჯარო სკოლა, რომლის ლოზუნგიც ამგვარად ჟღერდა: ,,...სკოლაში არავის ჩაგრავენ, ჩვენ არ ვეგუებით ჩაგვრას, ჩვენ ხელს არ ვაფარებთ ჩაგვრას...’’ ა.შ და ა.შ. როგორც ჩანს, ეს უბრალო შეძახილი აღმოჩნდა, რადგან სკოლის პირველივე დღიდან ზიგის დასდეს ბრალი ამაბელას ბულინგში. მასწავლებელიცა და მშობლებიც სრულ გაურკევლობაში იყვნენ, არაფერი რომ ვთქვა ჯეინზე, რომელმაც იეჭვა, იქნებ გენებმა უყივლა და მამამისს დაემსგავსაო, თუმცა ყველაფერი სხვაგარად იყო.

გარდა ჯეინის რთული ცხოვრებისა, ამ რომანში ყურადღებას იპყრობს სელესტი და მისი არაჩვეულებრივი, თითით საჩვენებელი ოჯახი. პერი, სელესტის ქმარი, შრომისმოყვარე კაცია, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი.ბუნებრივია, რომ ყველა დადებით მოვლენას თან სდევს უარყოფითიც. ამ შემთხვევაში კი სავალალოა ის ფაქტი, რომ პერი სელესტზე ძალადობს, ბინძურ სიტყვებს პირშივე ახლის, თუმცა, ამასთან ერთად, სიყვარულსაც ეფიცება. სწორედ მას დაემსგავსა ერთ-ერთი შვილი, ტყუპისცალი - მაქსი. დიახ, დიახ, სწორედ ის ჩაგრავდა ამაბელას და ამასთანავე აიძულებდა ზიგის, რომ ეს დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. პერი დიდ საიდუმლოს ინახავდა. ის ერთ ღამეს ჯეინს მისი დეიდაშვილის, საქსონ ბენკსის, სახელით გაეცნო და ცხოვრებაც დაუნგრია...

რომანს კიდევ ჰყავს ბრჭყვიალა, ლამაზი, 40 წლის გმირი, მედლინი, რომელიც მეორედაა გათხოვილი, პირველი ქორწინებიდან კი 14 წლის აბიგაილი ჰყავს, თავქარიანი გოგონა, რომელიც ერთ დღესაც საშინელ ამბავში ეხვევა. მიუხედავად ასეთი არეულობისა, მედლინი მუდამ ინარჩუნებს პოზიტიურ განწყობას და სელესტისა და ჯეინის ერთგული მეგობარია, განურჩევლად უყვარს ორივე. სამაგიეროდ არ მოსწონს და ვერ უგებს პირველი ქმრის ცოლს, ბონის, ქალს, რომელსაც ზემოაღნიშნული საიდუმლოს გამომჟღავნებისას გაახსენდა მამა, რომელიც დედამისზე ძალადობდა, ამიტომაც სასიკვდილოდ გაიმეტა პერი. ის არ შეუშინდა სასჯელს და პოლიციაში სიმართლეც აღიარა.

აქ დამთავრდა ქალების ტრაგიკული ცხოვრება. ამბავი პატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც ყოვედღიურად ვსაზრდოობთ.

ავტორმა დაგვანახა იმ მშიშარა კაცების ფსიქიკა, რომლებიც ქალებზე ძალადობენ.

რომანის დაწერას საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როდესაც ლიან მორეარტმა რადიოთი მოისმინა ქალის ინტერვიუ, რომელმაც მშობლების ძალადობრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

და ბოლოს, დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ არ არსებობს ქვეყნად ისეთი ტკივილი, რასთან გამკლავებაც ქალებს არ შეგვიძლია. ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. ისინი ცდილობენ, რომ დიდი პატარა ტყუილებისგან თავი შორს დაიჭირონ და ჯეინის თქმით, ეს სწორედ იმიტომ, რომ ,,ტყუილები ცხოვრებას ართულებს’’.

პს: კიდევ ერთხელ ვუხდი მარი კორინთელს მადლობას ასეთი საოცარი თარგმანისთვის.