ერთი მკითხველის მონანიება

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: თემუკა ზოიძე

იენ მაკიუენი, რომელსაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრიტანელ ავტორად მიიჩნევენ, მსოფლიომ პირველად „ცემენტის ბაღით“ გაიცნო. მართალია, ოცდათექვსმეტი წლის დაგვიანებით, მაგრამ 2014 წელს ქართულ ენაზეც პირველად მისი შემოქმედებიდან ეს რომანი ითარგმნა და მეც მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერმა მის შესახებ ამ წიგნით გავიგე. წიგნს სხვა წიგნი მოსდევს და წლებთან ერთად შეიძლება სულ გადაგავიწყდეს ზოგიერთი მათგანი, თუნდაც თავის დროზე ძალიან აღფრთოვანებულიყავი მისით, „ცემენტის ბაღი“ ის რომანია, რომელიც შენი საყვარელი წიგნი შეიძლება ვერ გახდეს, მაგრამ ერთხელ წაკითხვის შემდეგაც გონებიდან ვერ ამოიშლი მასში განვითარებულ ამბებსა თუ იქ გამეფებულ ატმოსფეროს: დღესაც კი ამ რომანზე ფიქრისისას მაშინვე უსიამოვნო სუნს ვგრძნობ, სხეული მეძაბება და მგონია, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი გაწებილია – ჰაერით დაწყებული, ჩემი კანით დამთავრებული. ეს ის შეგრძნებებია, რომლებიც წიგნის კითხვის დროს მქონდა და დღემდე უცვლელად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ამან მწერლის იმ დიდ ოსტატობაში დამარწმუნა, რომლითაც მოახერხა და ლამის ფიზიკურად განმაცდევინა წიგნში აღწერილი მოვლენები. ამიტომაც მისი მორიგი წიგნის ქართულ თარგმანს მოუთმენლად ველოდებოდი.

იენ მაკიუენის ზემოთ ხსენებული პირველი წიგნისგან განსხვავებით, „მონანიება“ გაცილებით უფრო სქელტანიანი რომანია, რამაც შეიძლება ნაკლებად მონდომებული ან ოდნავ ზარმაცი მკითხველი დააფრთხოს. ამ ტიპის მკითხველი არც შეცდება: წიგნის პირველ ნაწილში ნაკლებად შეხვდებით დაძაბულ სიუჟეტს, დამაინტრიგებელ პერსონაჟებსა თუ ამბის განვითარების სწრაფ ტემპს, რამაც კითხვის პროცესი ბევრისთ - ვის შეიძლება მოსაწყენი გახადოს. 

თუმცა თხრობის ამ დუნე ტემპში მწერლის იმაზე დიდი ჩანაფიქრი იმალება, ვიდრე უბრალოდ კვანძის შეკვრამდე შესავლის დეტალურად გადმოცემაა: რომანის სიუჟეტი XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ვითარდება, იენ მაკიუნმა კი მოახერხა და XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, 2001 წელს მოგვიყვა ეს ამბავი ისე, როგორც ამას სწორედ იმ პერიოდის მწერალი გააკეთებდა.

უფრო გასაგებად რომ ვთქვა, კითხვის განმავლობაში ყოველი აბზაციდან აბზაცამდე იმის შეგრძნება მქონდა, რომ არა პოსტმოდერნულ რო­მანს, არამედ მოდერნიზმის თვალსაჩინო ნიმუშს ვკითხულობდი; ეს წიგნი არა იენ მაკიუენის, არამედ ვირჯინია ვულფის უნდა ყოფილიყო: „გზა შუქურისკენ“ თუ წაგიკითხავთ, მარტივად მიხვდებით ლამის კინემატოგრაფიული სიზუსტით ყოველი დეტალი ისეა აღწერილი, რომ პერსონაჟებთან ერთად გრძნობ მზის მწველი სინათლისგან გამოწვეულ თავის ტკივილს, სახლის მოძველებული შპალერის სუნსა და ვახშმისთვის გაპრიალებული ვერცხლის დანაჩანგლის ბრწყინვალებას. მწერალი ენას ისე სრულყოფილად ფლობს და ყოველ წინადადებას ისე გამოზომილად აწვდის მკითხველს, რომ მასში გაბნეული სიტყვების კბილებს შორის მოქცევა და სათითაოდ დაგემოვნება შეგიძლია. 

ასეთი რამ სხვა ინგლისელ მწერალსაც გაუკეთებია: ჯონ ფაულზმა თავისი „ფრანგი ლეიტენანტის საყვარლით“ სცადა ვიქტორიანული ეპოქა იმ პერიოდისვე ლიტერატურული სტილით გაეცოცხლებინა და ამავდროულად პოსტმოდერნული ირონია არ დაევიწყებინა. ასე იქცევა იენ მაკიუენიც, როცა წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში თავისივე წერის სტილს მეორეხარისხოვან პერსონაჟს აკრიტიკებინებს.

„მონანიება“ ოთხ ნაწილადაა დაყოფილი და ხსენებული თხრობის აუჩქარებელი ტემპის მიუხედავად, უკვე პირველივე ნაწილის ბოლოს სუნთქვა გეკვრის მასში დატრიალებული ამბების გამო: როგორ დაუნგრევს მოზარდი გოგონა ადამიანებს მთელ ცხოვრებას მხოლოდ იმის გამო, რომ სიყვარულით გაერთიანებული წყვილის სექსს ძალადობად მიიჩნევს. როცა ამ ეპიზოდს ვკითხულობდი, ქართულ მედიაში აქტიურად განიხილავდნენ სექსუალური განათლების ავკარგიანობას, ხოლო მოსახლეობის ნაწილი სიკვდილით ემუქრებოდა მას, ვისაც ბავშვებისთვის საჭირო ცოდნის მიწოდება სურდა. ამის გამო წიგნის ეს მონაკვეთი ერთიორად ემოციური გამოდგა ჩემთვის და მომინდა, როგორღაც რუპორი მეშოვა, ქუჩაში გამოვსულიყავი და ხმამაღლა წამეკითხა ყველასთვის ეს რომანი, რათა ამჯერად მაინც ენახათ რამდენად საზიანოა ცოდნის ნაკლებობა, არასწორი წარმოდგენები და მათგან გამოწვეული უნებლიე აკვიატებები.

წიგნის შემდეგი ნაწილი სულ სხვა პერპექტივიდანაა მოთხრობილი: ამჯერად მწერალი დეტალურად და შეულამაზებლად აღწერს მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს, რომლის ქარცეცხლშიც მკითხველისთვის უკვე ნაცნობი პერსონაჟები გაეხვევიან. მიუხედავად ამისა, კითხვისას ომის ძალადობრიობაზე მეტად ის გადარდებს, რომ წიგნის გმირებმა როგორმე მოახერხონ და მათგან დამოუკიდებელად გამოწვეულ ამ კატასტროფას გადაურჩნენ მხოლოდ ერთი მიზნისთვის: მათ ცხოვრებაში მანამდე დატრიალებულ უსამართლობას რომ პასუხი გასცენ. თუნდაც შურძიების მწველი სიამოვნების მისაღებად.

შურისძიებაა ის მუხტი, რომლითაც მთლიანად ივსები კითხვის პროცესში. შურისძიება თუ არა, სამართლიანობის აღდგენის სურვილი წიგნის კითხვას შეუწყვეტლივ გაიძულებს და უფრო გაზიზღებას იმ ერთადერთ პერსონაჟს, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება დაანგრია. აი, სწორედ ამ დროს იწყება რომანის მესამე ნაწილი და იენ მაკიუნი კიდევ ერთხელ სევდიანად უღიმის მკითხველს: მთავარი ანტაგონისტი, რომელიც ყოველი გვერდის გადაფურცვლასთან ერთად უფრო და უფრო გძულდა, ისევე შეგეცოდება, როგორც დანარჩენები. მეტიც - კიდევ უფრო მოგიკვდება გული მასზე და საკუთარ თავზეც, რადგან რაა იმ ადამიანზე მეტად საწყალობელი, ვიდრე ის, ვინც მთელი არსებით ნანობს თავის დანაშაულს, მაგრამ გამოსწორება უკვე აღარ შეუძლია. შენ კი, ნებიერა მკითხველი, რომელსაც მორალური პრინციპების ერთგული და კეთილშობილი ადამიანი გეგონა თავი, აქამდე ეჭვშეუტანლად კიცხავდი მას.

არ ვიცი რაღას უნდა ელოდეს ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ემოციების შემდეგ რიგითი მკითხველი ერთი რომანისგან, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, რაც მის ფინალში, წიგნის მეოთხე ნაწილში მოხდა. სულ რამდენიმე გვერდიანმა ეპილოგმა არა მხოლოდ მანამდე მოთხრობილი მთელი ისტორია, არამედ ყველა ჩემი წარმოდგენა, ემოცია თუ შთაბეჭდილება თავდაყირა დააყენა. ეს წიგნი მხოლოდ ვიღაცის სინანულის ცრემლებზე ან გულის მომკვლელ აღსარებაზე არ გეგონეთ. ეს წიგნი ლიტერატურის უსაზღვრო ძალაზეა, რაშიც მისი ფინალი დაგარწმუნებთ: როგორ შეგვიძლია ჩავძვრეთ სხვა ადამაინების ტყავში, მათი ცხოვრება გამოვიაროთ, მათი თვალებით დავინახოთ, უკეთესად გავუგოთ და მეტიც - თუ მოვინდომებით, მათი ბედისწერაც კი შევცვალოთ. თუნდაც მხოლოდ წიგნის ფურცლებზე და მხოლოდ საკუთარი თავისთვის პატიების შესაძლებლობის მისაცემად, რათა ოდნავ მაინც შევიმსუბუქოთ სინანულით სავსე ცხოვრება.