ისტორია

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ ბოლო წლებში  100 000 ადამიანს მიაღწია.

ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების  მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებთან ერთად წარმოდგენილია სხვდასხვა ქვეყნის საელჩოები, სახელმწიფო მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობენ  მწერლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

2017 წელს ფესტივალს პირველად ჰყავდა ფოკუს ქვეყანა - ნორვეგია, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი 2018 წელს საქართველოსგან გადაიბარა. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა, თუმცა, პანდემიის გამო, აღნიშნული სტატუსით 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებლა. 2023 წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამას პოლონეთი წარადგენს.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გამომცემლობები და გამავრცელებელი ორგანიზაციები სტუმრებს წიგნებს, დამხმარე მასალებსა და წიგნის აქსესუარებს განსაკუთრებული ფასდაკლებით, სპეციალური სასაჩუქრე პაკეტების სახით სთავაზობენ. ამასთანავე, ფესტივალი წიგნთან, ლიტერატურასთან, სამწერლო და საგამომცემლო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაცია და ავტორების წარდგენა, საჯარო კითხვა, შეხვედრა და დისკუსია ავტორებთან,  საპატიო სტუმრის წარდგენა, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები, ინოვაციური პროექტები, როგორიცაა ,,მსახიობები ლიტერატურისათვის“. ფესტივალზე ყოველწლიურად ეწყობა საბავშვო კუთხე, იგეგმება შემეცნებით-გასართობი პროგრამები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ფესტივალის ფარგლებში იმართება ილუსტრაციებისა და წიგნების გამოფენა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ,,ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში იმართება, თუმცა, 2020 წელს რიგით 22-ე ფესტივალი, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ახალი ფორმატის მიუხედავად, ფესტივალი ტრადიციული ფორმატითა და განახლებული პროგრამით წარდგა, წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა კი დიდი წარმატებით განხორციელდა. გამომცემელთა ასოციაციის გადაწყვეტილებით რიგით 23-ე ფესტივალი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ფიზიკურ ფორმატს დაუბრუნდა. 2022 წლიდან წიგნის ფესტივალი ტრადიციულ ფორმატს სრულად  დაუბრუნდა. 2023 წელს, ფესტივალი საიუბილეო, 25-ე წელს იზეიმებს. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.