"ბოშური რომანსერო" - ადექით, ლორკა ისვრის!

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: მარიამ ქავთარაძე

პაბლო ნერუდა ამბობდა ლორკაზე, მის ლექსებს სხეული აქვსო. ჰოდა, არიან მკითხველები, დამეწრმუნეთ, არიან, რომლებთაც ესმით, რას ნიშნავს ტექსტის სხეულებრივი ფორმა, რომ ზოგი ტექსტი თავისი ფეთქვის მიყურადების საშუალებას გაძლევს. ამ ფეთქვის აღქმასაც სჭირდება რაღაც თავისებური და დაწერას ხომ მით უფრო. პროზაში, მაგალითად, აპდაიკის „ბრაზილია“ ვთქვათ და შეუძლებელია, სულ სულ მცირედით მაინც არ იგრძნო ის, რაზეც ვლაპარაკობ. აქ იმხელა სიმაღლეს აღწევს მწერლის ოსტატობა ამ აზრით, ქვა რომ ქვაა, იმასაც შეიძლება ვენა მოუნახოს და სისხლი აუჩქაროს. მაგრამ პოეზია ცოტა სხვაა. პოეზიაში მეტად შეიძლება ჭირდეს აზრს ისრის ფორმა მისცე და ისროლო და ისროლო ზუსტად და მოხვდეს და მოხვდეს ღრმად, რადგან აქ აზრმა თან უნდა ითვალოს, ირითმოს, ირიტმოს, იცეკვოს და თან სათქმელი ისე თქვას, სურათი პირდაპირ გააცოცხლოს. ჰოდა, ესპანურ ლირიკაში ლორკამ შეძლო ეს - ლექსისთვის მიეცა არტერიული წნევა და თან ეს გაეკეთებინა იმდენად ყოფითი, ნაცნობი სიტყვებით, რომ უბრალო ესპანელ ხალხს, რომელზეც ასე გატაცებით იყო შეყვარებული პოეტი, გაეგო მისი, მოესმინა, ეგრძნო და ზეპირად ემღერა.

ასე საზეპიროდ იქცა „ბოშური რომანსერო“, რადგან სწორედ აქ მოხდა ის, რისკენაც ლორკა მიიწევდა მთელი თავისი შემოქმედებით. „27-იანელთა“ თაობის სხვა წარმომადგენელთა შორის, ალტორაგირეს, ალესიანდრეს, ალბერტის, სნერუდას გვერდით იგი იყო ერთადერთი, რომელიც „გადაურჩა გონგორას ცივ სუნთქვას“ და გააგრძელა ავანგარდიზმისა და მაღალი კლასის უცხოდ ფაქიზი, ბალანსირებული შერწყმით. ეს პოეზია შეიყვარეს ბაროკოს გულშემატკივარებმაც, რომელნიც გონგორასეულ ჩიტებს, ვარსკვლავიან ცასა და ელვარე, ნაკლებმიწიერ სიტყვებს ეტრფოდნენ და უბრალო გლეხმაც, ვინც არც ერთის, არც მეორისა და არც მესამის კლასიკური სილამაზის სტანდარტები არ იცოდა და მით უფრო, არც ჰყვარებია, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვერავინ ასწავლიდა, თუ როგორ ხტუნავს ვასაკა, ათასჯერ არ უნახავს? და აი, ამბობს ლორკა „პრესისოსა და ქარში“

„თავის პერგამენტის მთვარეს -

უკრავს ბოშის გოგო დაირას

დაფნებს და ბროლ-მინდვრებს შორის

გზა დახტის ვასაკასნაირად“.

- და ეს უკვე სხვა საქმეა.

მაშინ, რევოლუციურ ესპანეთში, ფრანკისტებზე უკეთ არც არავინ უწყოდა ის, რომ ლორკამ ხალხთან სალაპარაკო ენა მონახა და ენასაც ხომ გააჩნია. მონახა ენა, როგორც განცდის კატალიზატორი, სადავე და ეს იმთავითვე იყო სისტემისთვის საფრთხე. ლორკა მემარცხენე, გამოუსწორებელი მეოცნებე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამდენად მძაფრი პერმანენტული აგრესიისა მემარჯვენეთა მიმართ, რომლის გამოხატვის ფორმა შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო მომწოდებლური, მისიონერული ხასიათისა, მიუხედავად მისი დევნისა, მკვლელობისა, ლორკა არ ყოფილა პოლიტიკური ფიგურა არც სიცოცხლეში და არც მის მერე, მის სიტყვასა და იდეებს არ ჰქონია დიქტატორული შემართება. ის მღეროდა ანდალუზიაზე, ანდალუზიურ ნაღველზე და ალბათ, რომ გეკითხათ, სხვა არაფერი ენდომებოდა, ეცხოვრა ამაყ, თავისუფალ, დემოკრატიულ ესპანეთში, სადაც თავის აგერ ახლახან წაკითხულ ლექსებს მკერდავსე ქალები ცხელ ქურამდე მიიყოლებდნენ და ზეპირად იღიღინებდნენ.

ჰოდა, თავისუფალ ესპანეთში ცხოვრება კი არ დასცალდა, მაგრამ ასე საღიღინო და რაღაცნაირ შეთვისებულ, შესისხლხორცებულ მწერლად კი იქცა კაცი, რომელმაც შეძლო და სევდა ყოველგვარი პათეტიკისგან, ყოველვარი მაღალფარდოვნებისგან დაცალა და მიწაზე ჩამოიყვანა, საგნების, ადამიანების, მოვლენების, სცენებისა და ატმოსფეროების ფორმა მისცა:

„ჯერ ისევ ცას ხევენ მამლები,

გარიჟრაჟს კინძავენ ხმა-ხმა,

როცა სოლედად მანტოია

ჩამოდის ბნელი მთის დაღმართს.

სხეული, ყვითელი რვალი,

სუნთქავს ცხენითა და ჩრდილით,

ძუძუებს, გაკვამლულ გრდემლებს,

ზრიალი ახსმია წყვილი“

გასაქანს თუ მისცემ, ალუზიებით შეიძლება გაივსოს თითო ლექსი. აგერ, ზემოთ მოყვანილ „შავი ნაღვლის რომანსში“, ცადეთ და ვერ დაინახეთ დონ კიხოტი? - არ გამოვა, აუცილებლად იპოვით სოლედად მანტოიაში ესპანელთა მეოცნებე წინაპარს და მამას და მშობელს და... მასში თუ არა, რომელიმე აქაურ ბოშაში მაინც, რომელთა ბოშურობა , აქვე მთარგმნელის შენიშვნა მოვიშველიოთ, მხოლოდ პოეტური პირობითობაა, ყველა მათგანი კი გინდა სახელით და გინდაც ხასიათით, ესპანელია.

იყო დიდი, ასევე ესპანელი მწერალი , ბლასკო იბანიესი. მის გენიალურ რომანში, „სისხლი და ქვიშა“ არის ერთი პასაჟი, საქვეყნოდ რომელია და მსოფლიოში ცნობილი ტორერო, ხუან გალიარდო კორიდაზე შესასვლელად ემზადება. ემზადება და ბარე 5 გვერდი ეთმობა მისი ვნებათაღელვის აღწერას, მის ნერვიულობასა და სისხლის დუღილს, მაგრამ გარეთ გასვლისას, სადაცაა რომ ხარის პირისპირ უნდა ვიხილოთ, კულმინაციურ წერტილში ავტორი ტოვებს პერსონაჟს და ბრბოს ქაოსის, მოგრიალე ტრიბუნების, არენაზე მიმავალ ტორეროთა ცხენების გაუჩერებელი სირბილის აღწერაზე გადადის. ამ დროს ხედავ, რა გატაცებით წერს იბანიესი ამ ყველაფერზე, როგორ ეამაყება, როგორ უხარია და როგორ ბავშვივით უბრწყინავს თვალები, რადგან ესპანეთია, რადგან მისია, რადგან ასეთია და ოლე, ოლე... გაექცევათ ხოლმე კალამი ასე და ეს ყველაფერი კი, კარგია, მაგრამ სადაა პერსონაჟი? რას გრძნობს ახლა? მხრებში შედგომა უნდა, ბრძოლის წინ ყოველთვის რაღაც უჩვეულოდ ჩუმი, გამოუთქმელი წინათრგრძნობა შეიპყრობს ხოლმე - მკითხველი (და შეიძლება მხოლოდ არაესპანელი მკითხველი) ისეთი დაბნეული, ყელწაგრძელებული ეძებს გალიარდოს აღტიკინებულ ბრბოში, როგორც ნაცნობ, ძვირფას სახეს, მაგრამ ვერ ხედავს. მხოლოდ არენაზე გამოსვლისას უბრუნდება ენაგაოფლილი ავტორი მას და ჩვენც იბანიესს რას მივედრებით და ჩვენივე მწირი წარმოსახვით გვიწევს დანაკლისის შევსება, მაგრამ აი, ლორკასთან ვპოულობდეთ იქნებ მას, სულ სხვა სახელით, სულ სხვა გვარით, მაგრამ ვინ რას დაგიშლის და ვინ რას მოგკითხავს და იყოს ეს კაცი გალიარდო სწორედ იმ გაბნეულ თუ გამორჩენილ კადრში და თავად მკითხველმა განსაჯოს საკუთარი განცდით, რამდენად ჰგავს ის მას, მაგრამ შეხედეთ ანტონიო ელ კამბორიოს... არ დაიზაროთ და ერთხელ ორივეს ერთად შეხედეთ:

„ანტონიო ტორეს ერედია,

კამბორიოთა ძე და ძირი,

მწვანე სიშავგრემნე მთვარის,

თვალებზე კულული ხშირი.

წნორის არგანი აქვს ხელში,

მშვიდად, ტანაკრეფით მიდის,

გზა სევილიისკენ უდევს,

დღეს ხართა ბრძოლაა დიდი.

ლიმონი დაკრიფა გზა-გზა,

და წყალში იმდენი ყარა,

რომ ფერი იცვალა ჩქერმა,

დადინდა ოქროვან ღვარად"

ხიბლში რომ შეხვალთ, არ გეკმაროთ იქნებ და იპოვოთ ფუენტესის არტემიო კრუსიც მასში და მრავალი და მრავალი კიდევ, სანამდის მეხსიერება და კიდევ უფრო, ემოციური ინტუიცია მიგყვებათ და მოხვიდეთ კიდეც იქნებ ჩვენებურ ყივჩაღის ბალადამდე. იმ ბალადამდე, ლეონიძემ რომ გადაათამაშა მერე, რომლის სულ სხვანაირ, თითქოს სულ სხვა სიუჟეტად გამოთლილ ალტერნატივას ლორკა „სხვისი ცოლის“ სახით გვთავაზობს ისევ „ბოშურ რომანსეროში“.

"როგორც რომ მაყვლოვანს გავცდით,

ჩათავდა ლელიც და ნარიც,

სილაში მოვთხარე ღრმული,

ჩავწურე მისი თმის ღვარი.

... და აღარც მინახავს მასუკან,

რადგანაც მიმუხთლა იმ ღამით,

ადგილს რომ ჩამყავდა ნარიყალს,

საბედოდ მაჩვენა თავი,

დამალა, რომ თურმე ქმარი ჰყავს."

ჰოდა, არც მე ვიქნებოდი პირველი და არც თქვენ, რომელიც ასე იახლობლებდა ლორკას, მასში რაღაც უჩვეულოს სხეულით იგრძნობდა. „ბოშური რომანსერო“ 1928 წელს გამოქვეყნდა. ვინ ვინ და, აგერ წერედიანი თვითონ ამბობს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უპირველეს ლირიკოსად აქცია მწერალიო. შეიყვარეს და გააღმერთეს და მოიკითხეს მშობლიურ გრანადაში დაკარგული დიდი ვნებათაღელვით 1936-ში, მაგრამ ფალანგისტები მაშინ ჟურნალ-ჟურნალ მოჰყოლიან მოურიდებელ ტყუილებს, რომ მოკლეს აქ, რომ არა, თურმე აქ, რომ არა, ვაზუსტებთ - აი, აქ... მედიის ასეთი მიკიბვ-მოკიბვის ფონზე არა მარტო ესპანეთი, მსოფლიო ითხოვდა სიმართლეს ამ ადამიანის შესაზარი დასჯის შესახებ. მაშინ უკვე დიდმა ინგლისელმა მწერალმა, ჰერბერტ უელსმა სცადა ლორკას ამბის გამორკვევა და წერილი გაგაზავნა ფრანსკიტულ ზონაში, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „მოუთმენლად მოელის, შეიტყოს ახალი ამბები გამოჩენილი კოლეგის, ფედერიკო გარსია ლორკას ბედ-იღბლის შეასხებ“. პასუხად გრანადის სამხედრო გუბერნატორს, პოლკოვნიკ ესპინოსას უცნობებია: „დონ ფედერიკო გარსია ლორკას ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია“. სპინოსა მაშინ ცრუობდა და ასე ცრუობდა დიდხანს ყველა პასუხად დაუსრულებელ შფოთვაზე გამოწვეული იმ ახალგაზრდა კაცის უსამართლო სიკვდილით, რომელიც მსოფლიო ლიტერატურულმა წრეებმა სიცოცხლეში შეიყვარეს, სიკვდილის შემდეგ კი - გააღმერთეს.

ლორკას სიკვდილის ობიექტურ და არგუმენტირებულ, შესაბამისი არქივით გამყარებულ ისტორიას თუ მოიძევთ, ნახავთ, რომ მრავალი მცდელობიდან ერთია მხოლოდ, ჯიუტი, ძალიან ჯიუტი ესპანელი ჟურნალისტის, რომლის სახელიც აღნიშვნას იმსახურებს, ხოსე ლუის ვილა სან ხუანის სტატია სათაურით „ფედერიკო გარსია ლორკას მკვლელობა: სრული სიმართლე“, დაწერილი ლორკას სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ, 1976-ში. სწორედ ამ წერილშია აღწერილი დიალოგი, რომელიც ლორკას დასაკავებლად მიმავალ ლუის ალონსოსა და პოეტის მეგობარ, მიგელ როსალესს შორის შედგა:

- რაში სდებთ ბრალს ლორკას? - იკითხავს როსალესი.

- „მას უფრო მეტი ვნება მოაქვს თავისი კალმით, ვიდრე სხვებს - თავიანთი პისტოლეტით“ - უბრუნებს ალონსო.

ალონსო რომ მართალი იყო თავისი პერსპექტივიდან, ამის დამადასტურებლად მე ჩემი მხრივ საკმაო ვთქვი, ეგაა, რომ ლორკას დაასწრეს და მოიშორეს მანამ, სანამ მეტს ავნებდა მემარჯვენეებს, სანამ მეტად ააფორიაქებდა ესპანელ ხალხს თავისი სიტყვითა და სიჯიუტით, სიმტკიცით, შეუპუებლობით.

ჰოდა, ამ „მავნებლობათაგან“ ერთ-ერთი უმთავრესი იყო „ბოშური რომანსერო“, რომლის წლევანდელი გამოცემა თარგმანის ხარისხით გაზვიადებული არ იქნება, ვთქვათ, მსოფლიო უმაღლესი კლასის თარგმანებს არ ჩამორჩება, ისევე, როგორც დავით წერედიანის სხვა ფანტასტიკური ნაშრომები. ანოტაციაში თვითონვე მიანიშნებს ამაზე:

„მუსიკალური პოეტები ძნელად, ან საერთოდ ვერ ითარგმნებიან, მაგრამ ლორკა მხოლოდ მუსიკა არ არის, უპირატესად მეტაფორაა, მეტაფორული ეფექტი კი, როგორც ლორკასავე მაგალითიდან ჩანს, ერთი ენიდან მეორეში ნაკლები დანაკარგით გადადის“.

ასე ჩათვალეთ, თავმდაბლობს მაინც მთარგმნელი აქ და ბოლომდე არ ამბობს, ლორკა გადმოქართულდა და ლამის ამ მეტაფორული ნერვის ფეთქვით ორიგინალს გაასწრო.

„მთვარე, სულთმობრძავი ვერცხლი,

და მთვარე, ნაფრცქვენი ნივრის,

ყვითელი კოშკების თავზე

ყვითლად თმაგაშლილი ივლის.“

... რა ითქმის მეტი, ჩვენი, მკითხველის იღბალია, სხვა თუ არაფერი.