დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: მედეა იმერლიშვილი
ფლენერი ო› კონორის მოთხრობებზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.
ვინ იყო ფლენერი ო› კონორი - 39 წლის ასაკში იმავე ავადმყოფობით გარდაცვლილი ქალი, რომლითაც მამამისი მოკვდა, ის თექვსმეტისა რომ იყო და მერე დედასთან იზრდებოდა. ამერიკელი მწერალი ქალი ჯორჯიის შტატიდან. წარმოიდგინეთ ამერიკის სამხრეთი 30-იან, 40-იან წლებში, ვიდრე 60-იანებამდე. დაწერა ორი რომანი და დანარჩენი - სულ მოთხრობები, რომლებშიც არიან სულ დედა და შვილი, სულ თუ არა, ბევრში მაინც. დედა და ქალიშვილი. ქალი - მორწმუნე, არმორწმუნე, რაღაცნაირად მუდმივად მზადმყოფი მიმტევებლობისთვის, მაინც ღმერთისკენ მზირალი და შვილი კიდე, სულ სხვანაირი - არ ვიცი, დედის, არ ვიცი, მისი უგუნური იმედების გამპროტესტებელი. ისეთებიც არიან, სულ რომ არაფერზე ფიქრობენ, ყოველ საღამოს პარმაღზე ჩამომჯდარნი მზის ჩასვლის ცქერის მეტს არაფერს აკეთებენ. დედა და შვილი მარტოები ცხოვრობენ, ქალაქიდან შორს, ან ტყის პირას, სადღაც შორს, მიყრუებულ სოფლებში. პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან ხშირად არიან ხან ცალხელები, ხან ცალფეხწაჭრილები უბედური შემთხვევის შედეგად, ხანაც - უმანკო, უსუსური, გონებადაბინდული, ყმაწვილქალობაში დარჩენილი ოცდაათი წლის გოგოები.
„ფლენერი ო› კონორის სამყარო სასტიკია» - ასე მაცნობს მისი მოთხრობების კრებულს - „კარგი კაცი სანთლით საძებარია" - გამომცემელი. სასტიკი? ალბათ არა. ვიტყოდი, უფრო - აცდენილი. „აცდენილი" მისი ერთ-ერთი მოთხრობის - „კარგი კაცი სანთლით საძებარია", პერსონაჟის მეტსახელია. ეს იცით როგორი კაცია? ციხიდან გამოქცეული, თითქოს, მამისმკვლელი, ზუსტად არც ვიცით. ეს სახელი მე თვითონ დავირქვი, რადგან დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთშეფარდებისა ვერაფერი გავიგე, ვერ გამომირკვევია, მაინც რა ჩავიდინე იმისთანა, ასეთი სასჯელი დამემსახურებინაო. ჰოდა ამ აცდენილობით იკვრება ფლენერი ო› კონორის ამ მოთხრობების სამყარო.
აქ არიან ქალები, რომლებსაც შვილები არ უნდათ, რადგან ჰგონიათ, რომ არც ისინი უნდოდათ თავიანთ მშობლებს და ეშინიათ, თვითონაც ეგეთი მშობლები არ გამოდგნენ, ანდა პირიქით, ისეთები, რომლებსაც მზე და მთვარე მათზე ამოსდით, მაგრამ უცნაური რიდი აქვთ ამ თავიანთი, ოცდაათ წელს გადაცილებული გოგოებისა, მათთვის ბედნიერება უნდათ, მაგრამ თითქოს ბედნიერება საერთოდ გამქრალია. იცით როგორ? კი გინდა, მაგრამ ის ამ სამყაროში საერთოდ არ არსებობს და გინდოდეს, რამდენიც გინდა.
ხომ ვთქვი, მარტოები ცხოვრობენ სადღაც შორს, მიყრუებულ სოფელში-მეთქი. მაგრამ რამსიშორეზეც არ უნდა დაემალონ ყველას და ყველაფერს, ეს ყველა და ყველაფერი მაინც უთუოდ პოულობს ამ უჩინარ და თავიანთ გაუგებარ სიკეთეში მოფუსფუსე ქალებს თავიანთი გოგოებით და სოფლის ბოლოში, მტვრიან გზაზე აუცილებლად ჩამოივლის ვინმე გადამთიელი, უსახელო, თავისებურად აცდენილი. ეს ქალები ხო სუ პარმაღზე სხედან, ან ხახვს გლეჯენ სახლის წინ ბოსტანში, ჰოდა, როგორც კი მოკრავენ თვალს ამ უცხო, აწოწილ კაცებს, ეგრევე იცი, რომ რაღაც მოხდება. კი, რაღაც ხდება, მაგრამ ისე ჩუმად, ყველაფერი ისე ჩუმად ხდება, მზის სხივებში, სოფლურ სიმშვიდეში, მტვრიან ფოთლებში აჭიატებული სამხრეთული მზის სხივებში, რომ ვითომც არაფერი.
ერთი მოთხრობაა - „თაბაშირის ზანგი", ასეთი ცოტა წამიკითხავს, ან საერთოდაც, არცერთი. ბაბუა და შვილიშვილი არიან. მთვარის შუქით დაწყებული და მთვარის შუქით დამთავრებული ამბავია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ქალი შუქის მწერალია - ან მზის, ან მთვარის. ყველაფერი ან შუადღის ხვატში ხდება, თეთრის სიკაშკაშეში, ან მზის ჩამავალ სხივებში, ანაც, მთვარის ვერცხლისფერ ნათელში. ჰო, ბაბუა და შვილიშვილი არიან. ამ ბიჭს, ნელსონს, თორმეტიოდე წლის წინ, ქალაქში რომ დაბადებულა, მას შემდეგ, რაც დედამისს, მისტერ ჰედის ქალიშვილს, სოფელში, მამისეულ სახლში თითისტოლა ჩამოეყვანა, და მერე მოულოდნელად სულიც განუტევებია, იქ ფეხი აღარ დაუდგამს. ბაბუა და შვილიშვილი კი იყვნენ, მაგრამ მაინც ძმებივით ჰგავდნენ ერთმანეთსო, რადგან მისტერ ჰედი თურმე დღის შუქზე მეტისმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ნელსონი კი, მისი შვილიშვილი, ერთხელ უკვე დაბერებულს ჰგავდა, ამ ცხოვრებისა თითქოს ყველაფერი უკვე რომ იცის და სიამოვნებით ბევრ რამეს რომ დაივიწყებდა კიდევაცო. ერთ მშვენიერ დილით მატარებლით ატლანტაში მიემგზავრებიან. ეს მატარებელი კიდე, ცალკე ამბავია. საერთოდაც, მატარებლები მაგარი საინტერესო ადგილებია წიგნებში, კაცმა რომ თქვას. ასეთი ამბავია, წინასწარაც აღარ მინდა მოგიყვეთ მთელი მოთხრობა, ჩემი აზრით, საუკეთესო, ამ კრებულში. კრებული კი მოთხრობებისა, ცოტა ხნის წინ გამოსცა „დიოგენემ", ამას წინათ „სანტა ესპერანსაში" სხვა წიგნის საყიდლად შესულმა აღმოვაჩინე და იმის ნაცვლად ეს წამოვიყოლე. მთარგმნელები არიან ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე. დიდებული თარგმანია, ბარემ ამასაც ვიტყვი.