ჩემი პირადი გმირი

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: მეგი თედორაძე

„ყოველი ეპიზოდი ორ-ორჯერ ხდება. შიგნით და გარეთ. და ორივეგან სხვადასხვა ამბავია.“

გარეთ იყო ღამის სამი საათი, ხმამაღალი სიცილი, გულამოსკვნილი ტირილი და დაუსრულებელი ლანძღვა-გინება. შიგნით კი საბოლოო გააზრება იმისა, რომ რაღაც საუცხოოდ დიდებული და შთამბეჭდავი წავიკითხე. ჰო, ასე მოხდა იმ ღამით, ზეიდი სმითის «თეთრი კბილების» კითხვა რომ დავასრულე. მერე, მომდევნო რამდენიმე დღე, ვიჯექი და ვფიქრობდი, შე ასეთო გოგო, შე ისეთო გოგო, ეს რა გააკეთე, ეს რო გორ დაწერე, საიდან ან როდის მოასწარი ამდენი ამბის ჩამარხვა საკუთარ თავში-მეთქი. პასუხის ძიებაში ზეიდის უამრავ ინტერვიუს ვუყურე, მათ შორის ჩემთვის ყველაზე საყვარელსაც, აი, ამას https://www.youtube.com/watch?-v=AB4nF5WD8l8&t=703s და მაინც ვერ მივხვდი როგორ და რანაირად. ბოლოს და ბოლოს, ეს ოხერი, მილიონმა ადამიანმა დაამთავრა კემბრიჯის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი, მილიონი მათგანი გახდა პროფესორი თუ მკვლევარი, მაგრამ 24 წლის ასაკში ალბათ მხოლოდ ერთმა (ან სხვამაც და უბრალოდ მე არ ვიცი) შეძლო დაეწერა წიგნი, რომელიც მაიძულებდა ისე მეკივლა, თითქოს მე მომხვედროდეს ბარძაყში ტყვია

ჰოდა, ეგეთი ამბავი იყო. იმის მერე განა დიდი დროა გასული, მაგრამ გული ვერც ერთ წიგნს ვეღარ დავუდე, ვერც ერთმა ამბავმა ვეღარ გამაგიჟა და მაცემინა თავში ხელი.

ზეიდი ერთგან, მგონი, Occasional Essays-ში წერს, რომ მკითხველმა და მწერალმა თანაბრად უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს. მწერალმა უნდა იცოდეს, რომ ავერაგე ადამიანთან არ ექნება საქმე და ამ ადამიანს უკვე მრავალი სხვა, მათ შორის გენიალური, წიგნი ექნება წაკითხული, მაგალითად, წაკითხული ექნება კაფკა და ნაბოკოვი, ჰოდა, შენც, მწერალი რომ გქვია, უნდა ადგე და საკუთარ მკითხველს რაღაც ბანძობა კიარ უნდა შეაპარო, ხარისხიანი ტექსტი უნდა შექმნა და არაფერს მიანიჭო მნიშვნელობა, გარდა იმისა, თუ რას დატოვებ ფურცელზეო. წერის მიმართ ზეიდის ეს დამოკიდებულება არაჩვეულებრივად ჩანს «თეთრ კბილებში», იმდენი აქვს ნაფიქრი თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ შედარებაზე, იმდენჯერ აქვს დარედაქტირებული და შეცვლილი, რომ ტექსტი, თუ მის ენას დავაკვირდებით, ძალიან მდიდარია, ძალიან დიდი გასაქანის მქონეა. ზეიდიმაც გადასარევად იცის ეგ ამბავი და ამბობს ხოლმე, ყველაზე მეტად ალბათ ენა გამომარჩევს, როგორც მწერალსო.

ენას თუ შევეშვებით და უშუალოდ შინაარსზე გადავალთ, ტექსტი პირდაპირი მნიშვნელობითაა დახუნძლული ამბებით. იმდენი ისტორიაა შიგნით, რომ, აი, ხე წარმოიდგინეთ, უამრავი თანაბრად მწიფე ნაყოფი რომ გამოუბამს. ასეთი წიგნია, მოკლედ. ამ წიგნში აუცილებლად შეხვდებით რამდენიმე ძალიან ძველ და ცნობილ ამბავს, მათ შორის, მამებისა და შვილების დაპირისპირებას, ჰამლეტისეულ ეჭვებს, კაენისა და აბელის ისტორიას, ნიცშეს მუდმივი განმეორების იდეას და კიდევ მრავალს, რომელსაც ჩემი მცირე ლიტერატურული ბექგრაუნდი, სამწუხაროდ, ვერ სწვდება.

მაგრამ მაინც, რაზეა წიგნი? უპირველესად, როდესაც «თეთრ კბილებზე» საუბრობენ, ამბობენ, რომ ესაა წიგნი ემიგრანტებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ვერც იმჟამინდელ საცხოვრებელში დაუმკვირდებიათ ადგილი და დიდად აღარც სამშობლოსკენ მიუწევთ გული. მერე იმასაც დააყოლებენ ხოლმე, მეტი «კონკრეტიკისთვის», რომ ეს წიგნი არის ორ ოჯახზე და მათ ისტორიაზე და იმაზე, როგორ შეიძლება გყავდეს ქმარი/ცოლი, შვილები, მეგობრები და მაინც არ იყო ბედნიერი. როგორ შეიძლება ვერ გაარღვიო საკუთარი შესაძლებლობები და ჩალპე შენივე კომფორტის ზონაში. მაგრამ ჩემთვის ეს წიგნი არც ემიგრანტებზეა და არც ოჯახურ დრამებზე. ერთ პერსონაჟზეა, მხოლოდ ერთზე.

«არ ბრძანდებოდა არჩიბალდ ჯონსი მამაცი და მშვენიერი რაინდი. არც მიზნები ჰქონდა, არც იმედები, არც ამბიციები. ეს იყო კაცი, რომელსაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ინგლისური საუზმეები და ჩხირკედელაობა ჰგვრიდა. მოსაწყენი კაცი. ბებერი კაცი. და მაინც… კარგი კაცი.»

მიყვარს არჩიბალდ ჯონსი. მიყვარს არჩიბალდ ჯონსის ჰამლეტობა, რომელიც პირველივე გვერდებიდან ეცემა მკითხველს თვალში. ჰამლეტიც მიყვარს, ნამდვილი, შექსპირისა, მაგრამ ეს კაცი, არჩიბალდ ჯონსი, რომლისგანაც არასდროს არაფერს ელიან, რომელსაც არ შეუძლია აღიმაღლოს ხმა და აბაკუნოს ფეხები, რომელიც არასდროს სწვდება თავის ცოლს და მუცელში მუშტს არ ჩააზელს, რომელიც თხუთმეტი წლის მანძილზე ერთსა და იმავე კერძს მიირთმევს ერთსა და იმავე ადამიანთან ერთად ერთსა და იმავე რესტორანში, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ღმერთი და რელიგია, რომელიც ომიდან ისე წამოვიდა, წვეთი სისხლი არ დაუღვრია, რომელიც თავს იკლავდა და ძალიან სასაცილო მიზეზით გადარჩა, რომელსაც იმდენად უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომ მაშინაც, როცა თავის მოკვლას გადაწყვეტს და მაშინაც, როცა წინ მოსაკლავად განწირული კაცი უწევს, მონეტას აგდებს, კაცი, რომელიც წლებია დაუსრულებელ წრეზე დადის თავის მეგობართან ერთად და თვალს ვერ უსწორებს საერთოდ ვერაფერს, რომელსაც სამად იკბალამდე არასდროს ჰყოლია გმირი, მაგრამ ჰყავდა მამა, რომელიც სახლიდან სიგარეტის საყიდლად წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა, რომელსაც ჰყავს ცოლი, რომელსაც არ აქვს კბილები, მაგრამ არის ღვთაებრივად ლამაზი, რომელსაც ფიზიკურად არაფერი სჭირდა, მაგრამ მაინც ჯარის იმ ნაწილში მოხვდა, რომელშიც ფიზიკური ნაკლის მქონე ჯარისკაცები ხვდებოდნენ – ეს კაცი მიყვარს ყველაზე მეტად და ეს კაცი მგონია მთავარი გმირი ამ წიგნისა. მთავარი კი არა, უმთავრესი.

არჩიბალდ ჯონსი არის კაცი, რომელსაც დაუსრულებლად უყურებ წლების მანძილზე და ხედავ, რომ მის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი იცვლება, რომელიც ორმოცდაათი წელი გატყუებს და მერე, ერთ მშვენიერ დღეს, ისე გაარღვევს ბედისწერის უსასრულო წრეს, რომ ყბას ჩამოგიგდებს, გაშტერებულს დაგტოვებს და გაფიქრებინებს, რომ შენც შეგიძლია, რომ ერთხელაც იქნება და აღარც შენ ააგდებ მონეტას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომში არც შენ გაგიკეთებია რაიმე და მთელ შენს ცხოვრებასაც ცხოვრებად კი არა ცხოვრების ჩრდილად აღიქვამ, შენც შეგიძლია გმირი გახდე, თუკი მოინდომებ.