თქვენთვის ლეიბის ქვეშ წერილებია (ერთი წიგნის რეცენზია)

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: გვანცა გუბელაძე

ერთ მშვენიერ ზაფხულს, როდესაც ბებიაჩემს ვესტუმრე სოფლად, მაკრატელი ვთხოვე ფერადი ფურცლების გამოსაჭრელად. მაშინ შვიდი ან რვა წლის თუ ვიქნებოდი. ბებიაჩემი უსინათლო იყო და ლეიბის ქვეშ ინახავდა ნივთებს, რომელი ნივთებიც, იცოდა, აუცილებლად დასჭირდებოდა. ასე, მარტივად აღმოაჩენდა მათ, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მაკრატლის ძიებაში ლეიბის ქვეშ სხვა ნივთებსაც წავაწყდი, მათ შორის, ფოტოს, რომელზედაც პატარა ბებიაჩემი დედასთან და მამიდასთან ერთად ხის ჩრდილში იდგა. თავიდან გამიკვირდა, როგორ შეიძლება, ლეიბის ქვეშ რაიმე მოათავსო - მეთქი, მაგრამ მერე გავაცნობიერე, ლეიბის ქვეშ ჩვენი ბებიები და ბაბუები ისეთ რამეებს ინახავდნენ, რაც სურდათ, არასდროს დაეკარგათ და დაევიწყებინათ, მაშინაც კი, თუ ამ რაღაცას ვერ ხედავდნენ.

ეს წერილი არ არის ლეიბის ქვეშ შენახულ ნივთებზე, არც ბებიაჩემზე, რომელიც, რასაკვირველია, ძალიან მიყვარდა.

წიგნზე მინდა გიამბოთ, რომელსაც ასე ჰქვია „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. ეპისტოლარული ჟანრის ამ ლიტერატურაში ადრესატი ყველასათვის უსაყვარლესი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია, ქალი, რომელმაც გასაოცარი სამყარო შექმნა ბავშვებისთვის და არამხოლოდ.
როგორი წერილები არ უნახავს ლიტერატურას, ლამაზი ბაფთებით გამოკრული, სურნელოვანი ეთერზეთებით გაჯერებული, გაკრული ხელით თუ პირიქით, დინჯად შესრულებული. წერილები, რომელშიაც სიყვარულში უტყდებიან ერთმანეთს, წერილები, რომელშიც ტოვებენ, წერილები, რომელშიც დაბრუნებას ითხოვენ. მაგრამ ეს ყველასგან განსხავებული წერილებია. სხვა თუ არაფერი, ის ხომ ლეიბის ქვეშ ჰქონდა შენახული სარა შვარტს და მისი ცხოვრების თანამგზავრი და მრჩეველი გახდა. დიახ, ადრესანტი სწორედ ეს თორმეტი წლის გოგონა იყო, რომელმაც გაბედა და საკმაოდ თამამი წერილი მისწერა საყვარელ მწერალს.

წარმოვიდგინე, ყველაფერი რომ დღეს ხდებოდეს, დღეს რომ საშუალება გვქონდეს ცოცხალ ასტრიდთან ურთიერთობის, როგორ მოვიქცეოდით? დიდი მონდომებით მოვძებნიდით ასტრიდს სოციალურ ქსელში, თვალს გადავავლებდით მის ყველა აქტივობას, გავხსნიდით “ჩათს” და მოუთმენლად დაველოდებოდით პასუხს წერილზე, რომელიც ასე იწყება: „ძვირფასო ასტრიდ !“ .

ასტრიდიც გვიპასუხებდა, აუცილებლად გვიპასუხებდა. ისე, როგორც ყველა ბავშვს, რომელიც მას წერილს უგზავნიდა. უამრავი ბავშვიდან ასტრიდის ცხოვრებაში სწორედ სარა შვარტი შეიჭრა რაღაცნაირად გამორჩეულად. 1971 წლიდან - 2002 წლამდე მოყოლებული (ასტრიდის გარდაცვალებამდე) მათი ორმოცამდე წერილი არაერთ ამაღელვებელ ისტორიას იტევს... იგი თანაბარმნიშვნელოვნად იპყრობს, როგორც შვილების, ასევე დედებისა და ბებიების თაობის ყურადღებას.

მთავარი სათქმელი ყოველთვის სტრიქონებს შორის იმალება, ერთი სიტყვიდან მეორე სიტყვამდე. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება სწორად ჩაწვდეს აზრს და გაითავისოს. ასე წერდა ასტრიდიც პასუხებს სარას. ფაქიზად არჩევდა თითოეულ სიტყვას, რათა თინეიჯერული სადარდებლით გზააბნეული გოგონასთვის დახმარების ხელი გაეწოდებინა და „მორალისტი“ კი არა, მისი მეგობარი გამხდარიყო. თავად ასტრიდმაც ხომ საკმაოდ რთული გზა განვლო. ვის თუ არა ასტრიდს, სხვას ვის უნდა გაეგო გოგონასთვის, რომელიც მსახიობობაზე აუსრულებლად ოცნებობდა, ვინც, საკუთარ თავს მახინჯ ბავშვად მიიჩნევდა, ვისაც მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ვინც მოზარდობის ასაკში გაუპატიურების მსხვერპლი გახდა?

ერთ-ერთ წერილში ასტრიდი აღნიშნავს კიდეც, რომ სარა განსაკუთრებულად თავისიანად მიიღო. იქნებ იმიტომ, რომ ისინი რაღაცით ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს. იქნებ იმიტომ, რომ ორივეს ცხოვრება ერთ დიდ ბობოქარ თავგადასავალს წარმოადგენდა.

ასტრიდ ანა ემილია პატარა ქალაქში იზრდებოდა, იგი იმ ქალაქში პირველი გოგონა იყო, რომელმაც თმა სულ მოკლედ, ბიჭურად შეიჭრა. ამ ფაქტმა თანაქალაქელების აჟიოტაჟიც კი გამოიწვია. 16 წლის ასაკში მან ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა, აქ შეხვდა რეინოლდს, თავისზე გაცილებით უფროს მამაკაცს. ორიოდ წელში ასტრიდი მისგან დაფეხმძიმდა. რეინოლდს უკვე ჰყავდა შვიდი შვილი და ცოლი, რომელთანაც განქორწინების საკითხებს აგვარებდა. მომავალ მწერალს სკანდალებისგან თავის არიდების მიზნით სტოკჰოლმში მოუწია გადასვლა. მატერიალური ხელმოკლეობის გამო, იძულებული გახდა გაჩენისთანავე გაეგზავნა ვაჟი, ლარსი, დანიურ ოჯახში გასაზრდელად.

ასტრიდი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, სულ წუხდა... შვილის სანახავად ჩადიოდა ხოლმე, მაგრამ ეს არ უვსებდა არსებულ სიცარიელეს.

1928 წელს ასტრიდ ერიკსონმა სამეფო ავტოკლუბში მდივნად დაიწყო მუშაობა. მისი უფროსი სტურე ლინდგრენი იყო. ამბობენ, სტურეს ისე შეუყვარდა ასტრიდი, მის გამო ცოლი მიატოვაო. 1931 წელს ასტრიდი სტურეზე დაქორწინდა და თავისი ბიჭუნა ლარსი უკან დაიბრუნა. ამ ქორწინებასაც სდევდა თან სკანდალი და მითქმა-მოთქმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ასტრიდის პირადი ცხოვრება ნამდვილად არ გამოირჩეოდა სიმშვიდით.

იქნებ მართალია და განსაცდელი მართლა ანიჭებს ადამიანს განუსაზღვრელ ძალას ? ისეთს, რომ ერთხელაც შენს მითს წერ და ასტრიდი ხდები.
ამ წიგნში კიდევ ერთხელ გაიცნობთ ასტრიდ ლინდგრენს, როგორც გულწრფელობით, სილაღითა და სიკეთით სავსე მწერალს, ერთ მისთვის უცნობ გოგონას ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში უანგარო სიყვარულს რომ ანახებს.

რამდენ მშობელს, რამდენ მასწავლებელს დაეხმარება ეს წიგნი გახდეს ასტრიდი და ამოიცნოს გარშემომყოფი ახალგაზრდების სურვილები, ფიქრები, განცდები, ტკივილები. რომ იმ მოზარდში, რომელიც სკოლას აცდენს, იგვიანებს გაკვეთილებზე, ჩადის ათასგვარ სისულელეს, გარბის სახლიდან, იმალება ადამიანი, საკუთარი სიმძიმეებითა და სიმსუბუქით და მას ერთადერთი რაც სჭირდება არის, იგრძნოს სიყვარული და სითბო. რამდენი მათგანი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, დაფიქრდება და საკუთარ თავს ჩაეკითხება: “რა შემიძლია ახალგაზრდის ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად?”

„უცნაურია, რომ მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობა ხშირად ადამიანების მთელ ცხოვრებას განსაზღვრავს.“ - წერს ასტრიდი სარას, რომელსაც ის პრობლემები აწუხებს, რაც ნებისმიერ თანამედროვე თინეიჯერს შეიძლება აწუხებდეს. სარა შვარტივით მანაც შეიძლება მოწიოს სიგარეტი, ალკოჰოლით გაიჭყიპოს რომელიმე წვეულებაზე, ვერ გაუგოს მშობელს და ჰო, სამწუხაროდ, გახდეს ძალადობის მსხვერპლიც.

თუკი ასტრიდის წიგნები ბავშვობაში სინათლით ავსებდა ჩვენს ყოველდღიურობას, ახლა ამ წიგნში თავმოყრილი წერილები, განსაკუთრებულად, თინეიჯერების მეგზური გახდება. უფროსებს კი, კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, გავაანალიზოთ, ურთიერთობებს ასაკი არ აქვს და მოზარდის უკან იმალება ადამიანი, რომელიც ჩვენგან ითხოვს ისე მოეპყრან, როგორც ზრდასრულს.

ადრესანტი და ადრესატი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრილან.

უკანასკნელი წერილი სარა შვარტმა 2002 წელს გაგზავნა. ასტრიდს პასუხი არ გაუცია. იგი ხომ სწორედ ამ წელს, 94 წლის ასაკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.

„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ 2012 წელს გამოვიდა. წიგნი ქართულად 2018 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. თარგმნა ლიკა ჩაფიძემ. ორიოდე სიტყვას თარგმანზეც ვიტყვი. მთარგმნელი ცდილობს ზუსტად შეინარჩუნოს ის ენა, რომელიც 12 წლის მოზარდის მეტყველებას უკვე ჩამოყალიბებული მწერლის მეტყველებისაგან განასხვავებს. ეს კი მკითხველს ეხმარება აღიქვას წიგნი, როგორც, ერთი მხრივ, ადრესანტისა და, მეორე მხრივ, ადრესატის ურთიერთობის შედეგად გადმოცემული ამბავი.

„ტრარალანლალანლეი“ მკითხველებო, თქვენთვის ლეიბის ქვეშ წერილებია პატარა სარასგან და დიდი ასტრიდისგან. წერილები, რომლებიც არ უნდა დაკარგოთ და დაივიწყოთ.

მიაკითხეთ...
ფრთხილად გახსენით და წაიკითხეთ...