„შაშვი შაშვი მაყვალი“ - თამთა მელაშვილი

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: მანანა ერემაშვილი

“რა იყო ჩემი ცხოვრება, აბა, მითხარი! წამში გაირბინა. ვინმეს რომ ეთქვა, აბა, ეთერო, შენი ცხოვრება მომიყევი, რას მოვყვებოდი? სიბერის გეგმვას? საყვარელი რომ გავიჩინე  ბოლო დღეებში, ან იქნებ მაგას? სხვის სამსახურში რომ გავატარე ყმაწვილქალობა? რას მოვყვებოდი? სხვა რა იყო ჩემი ცხოვრება, თავგადასავალი?“ - თ. მელაშვილი

ვინ არის ქალი? ან იქნებ კითხვას არასწორად ვსვამთ. იქნებ ქალი „რა-ობა“ უფრო მეტადაა ვიდრე „ვინ-ობა“? პიროვნულობა ხომ ინდივიდის სურვილების, ოცნებების, ვნებების ერთობლიობას გულისხმობს, მაგრამ რა ემართება „ქალურობას“ თუ ჩამოთვლილთაგან თითოეული საზოგადოების ფართო ასპარეზზე განსჯის საგნად იქცევა და ნელ-ნელა გაუჩინარების პირას დადგება. სად გადის ზღვარი მორჩილებასა და თავისუფლებას შორის და რა დროს იწყება ქალური ამბოხი მიყუჩებული ემოციების გასაცოცხლებლად.

ეთეროს პერსონაჟი თამთა მელაშვილის რომანიდან „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ სხვა არაფერია, თუ არა მიძინებული ქალურობის გამოღვიძება. განაცრისფერებული ცხოვრებიდან ჭრელ ყოველდღიურობაში გადანაცვლება, ძიება იმ ავთენტურობისა, აქამდე მხოლოდ დილით ადგომა და სხვა ქალებზე ადრე მაყვლის შესაგროვებლად წასვლა რომ ეგონა გმირს და ალბათ, ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა წამი სიკვდილთან მიახლოებისა; მდინარეში გადავარდნის ტრაგიზმის გაცნობიერება ხდება ის გარდამტეხი მომენტი ეთეროს ცხოვრებაში, რომელმაც უბიძგა შინაგანი ძვრებისკენ. მასში არა „პარფიუმერიის“ გამყიდველის, მარტოხელა, ნაპოლეონსა და ტარხუნის ლიმონათზე შეყვარებული ადამიანის, არამედ ვნებებით, ემოციებით აღსავსე ქალის სახე იღვიძებს. ქალი, რომელსაც სურს აწ უკვე „სამარეს მიტანებული“ სხეული სექსუალურ ასპარეზზე გამოცადოს.

სხეული გამბედავი, მეამბოხე ინსტანციაა, განსხვავებით გონებისგან. მთელი ტექსტის განმავლობაში ეთეროს  ფიქრებს და შეხედულებებს არა თუ ვერბალიზებული ფორმით ვეცნობით, არამედ მისი ჩუმი, შინაგანი ხმები გვესმის, რომელსაც მკითხველის გარდა, მსმენელი არ ჰყავს. ვნებით აღვსილი საკუთარ ემოციებსაც კი ვერ გამოხატავს,  იმალება, ვაი, და ვინმემ არ დაინახოს, არ მოუსმინოს, არ მიუხვდეს. მხოლოდ საკუთარ თავთან თუ იქნება გულწრფელი, რადგან სხვა დანარჩენი სამყარო მის მიმართ დაუნდობელია; განა შეიძლება, გაამხილოს გინეკოლოგთან ვიზიტის სურვილი მაშინ, როდესაც ორმოცდარვა წელს მიტანებული შინაბერაა?! განა სრულიად ამორალური ქმედება არაა ქალისთვის სახლში მამაკაცის სტუმრობა, თანაც გვიან ღამით?! ქალმა უნდა იცოდეს, რომ იგი აუცილებლად იქცევა საჯარო განხილვისა და განსჯის ობიექტად.

ეთერომ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან იცის, თუ როგორი უმოწყალოა პატრიარქალური იდეოლოგიით შეპყრობილი საზოგადოება. ოჯახი, რომელიც თავშესაფარი უნდა ყოფილიყო დაობლებული ეთეროსთვის, არაფერი აღმოჩნდა, გარდა მოსამსახურედ გადაქცევის საშუალებისა. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უვლიდა ორ მამაკაცს-მამასა და უფროს ძმას, მათთან მხოლოდ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მოგონებები აკავშირებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მის ცხოვრებაში მამაკაცის ადგილი აღარაა, მხოლოდ საკუთარი თავია. მის ცნობიერებაში კაცი  მსახურებასა და ძალადობასთან, დაკარგულ თავისუფლებასთან ასოცირდება. იგი თავად არის საკუთარ სივრცეში დომინანტი და სწორედ ამ დომინანტობის სხვასთან გაზიარების შედეგად დაკარგული დამოუკიდებლობის შიში აიძულებს პერსონაჟს, უარი თქვას პირად ცხოვრებაზე.

ეთეროს პერსონაჟი ერთიცაა და თან მრავალიც. მისი ამბავი პირადულიცაა და საზოგადოც.  უამრავი ქალია ჩვენ გარშემო, რომლებსაც ეთეროს მსგავსად ჩუმი ამბოხი გაუმართავთ საკუთარ თავთან და დამახინჯებულ წარმოდგენებთან. იბრძვიან თავის დამკვიდრებისთვის, ემოციების ხმამაღლა გამოთქმისთვის, ცხოვრების გაგრძელებისა და  ვნებების ქმედითუნარიანობისთვის, მაშინაც კი, როდესაც პატრიარქალური საზოგადოება უსინდისოდ იმუქრება  მარტოხელა დედის სტატუსითა თუ განწირული მომავლის ხატებით და აიძულებს ქალს, ეძებოს თავშესაფარი ან იბრძოლოს გადარჩენისთვის.