ს ხ ვ ა დ ქცევის ამბავი — მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახი“

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: ნანა აბულაძე

წაგიკითხავთ ისეთი წიგნი, რომელზეც ვერც ის გითქვამთ, მომეწონაო, და ვერც — ის, არ მომეწონაო? ამ წერილშიც ერთ ასეთ, უჩვეულო, წიგნზე უნდა გესაუბროთ, წინააღმდეგობრივ განცდებს რომ აღუძრავს მკითხველს. ეს წიგნი მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახია“, რომელიც 2021 წელს გამოსცა „დიოგენემ“. უჩვეულო თემის გამო როდია — მარგინალები და მარგინალობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გავრცელებული თემაა. ბოლო დროს მკითხველებისა თუ ლიტერატურული წრის მიერ ატაცებულ-შეყვარებული წიგნებიდან სულ მცირე სამის დასახელება შემიძლია, სწორედ ამ თემაზე რომ არის: „მესამე ნაპირი“, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, „მსხლების მინდორი“. ეს ჩამონათვალი კიდევაც გაგრძელდება, „მეორე ოთახს“ კი ამ ნუსხიდან შეცვლილი პერსპექტივა გამოარჩევს — ტექსტში აღწერილი მოვლენები თავად მარგინალების მიერ კი არაა აღქმული და გადმოცემული, არამედ იმგვარი პერსონაჟის მიერ, რომელიც, მართალია, მარგინალია, მაგრამ მარგინალთა ჯგუფს არ ეკუთვნის. ის ორ სხვადასხვა ონტოლოგიურ მდგომარეობას შორისაა გაჭედილი, ზღვრულ ფაზაშია ანუ ლიმინალურ ფაზაში.

ლიმინალობა ნიშნავს გარდამავალ მდგომარეობას — ამ მომენტში პერსონაჟს (ან გმირს, ან ადამიანს) უკვე დაკარგული აქვს ძველი იდენტობა, მაგრამ ახალი ჯერ არ შეუძენია. ასეთ მდგომარეობაშია, მაგალითად, ტარიელი ასმათთან ერთად გამოქვაბულში ცხოვრებისას — ის აღარც ძველი ტარიელია, სასახლეში რომ ცხოვრობდა არხეინად და სატრფოს დავალებით ხატაელებს აწიოკებდა, მაგრამ ჯერ არც — ის ახალი ტარიელი, რომელმაც ნესტან-დარეჯანი უნდა დაიხსნას.[1] ოდისევსისთვის ლიმინალური ფაზა, ალბათ, ნიმფა კალიფსოსთან ცხოვრების ხანაა. გახსოვთ? შინ ოდისევსი შენიღბული ბრუნდება და მას ვერავინ ცნობს (ერთგული ძაღლის გარდა). ათენას მიერ მისი გარდასახვა ბერიკაცად შეგვიძლია, წავიკითხოთ, როგორც მინიშნება იმაზე, რომ ამდენთავგადასავალგამოვლილი ადამიანი ვეღარ იქნება ის, ვინც და რაც ამ თავგადასავლებამდე იყო.

მაგდა კალანდაძის რომანის პროტაგონისტისთვის კი, ელენესთვის, ლიმინალობა სექსუალობას უკავშირდება — ელენე ქვიარი ქალია, ოღონდ — „კარადაში“ ანუ თავის სექსუალურ ორიენტაციას საგულდაგულოდ მალავს; არ ერევა აქტივისტების წრეში და ცოტა ხანს ქმარიც კი ჰყავს, რომელსაც საბოლოოდ შორდება და მარტო რჩება.

როგორ ფიქრობთ, რის შემდეგ იწყება ლიმინალობის ფაზა ელენეს ცხოვრებაში? ეს გარდამტეხი გამოცდილება, რომელიც ელენეს ძველი ონტოლოგიური მდგომარეობიდან აგდებს და ახალში გადაჰყავს, პირველი სიყვარულია — მას თავისი გერმანულის მასწავლებელი, ლიანა, უყვარდება, რომელთანაც ფარული, ხუთწლიანი რომანი დააკავშირებს. თუ ტექსტს წაიკითხავთ, ნამდვილად მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ეს ამბავი ძალზე ძუნწადაა გადმოცემული, მთხრობლის კომენტარებისა და მსჯელობის გარეშე, გაუანალიზებლად. თუმცა მაინც არის ერთი მინიშნება, რომ სწორედ პირველი სიყვარულია ახალ ფაზაში გადამყვანი ბიძგი — ელენე თანატოლების გამოცდილებას თავისას უპირისპირებს:

„[…] ჩემს კურსელებს რომ მანქანის უკანა სავარძლებზე ზასაობისგან და სკვერების ძელსკამებზე ძუძუებში ხელების ფათურისგან ნერვები ჰქონდათ დაწყვეტილი, მე საღამოობით წრიულ ავტობუსს მივყვებოდი ხოლმე საბურთალოზე, მეექვსე სართულის თეთრ კარზე ზარს ვრეკავდი და მთელი ღამე ვუყურებდით ფილმებს, ვსვამდით კარამელის ჩაის, ვტყნაურობდით მაშინაც კი, როცა გვეძინა [] დედაჩემიც მშვიდად იყო, რომ სხვებივით ვიღაც უსაქმურ ბიჭებთან არ დავწანწალებდი. (გვ.17)

ესე იგი, ლიანასთან ურთიერთობა გარკვეულ საზღვარს აჩენს ელენესა და მის თანატოლებს შორის, ამ ურთიერთობის წყალობით, ელენეს აქვს ის გამოცდილება, რომელიც მის თანატოლებს არ (უფრო სწორად, ვერ) აქვთ. ეს გაუცხოება იმ წრესთან, რომელიც ადრე ელენესთვის ახლობელი იყო, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრდება:

ლიანასთან გატარებულმა წლებმა მეგობრების შეძენის უნარი ერთიანად დამიჩლუნგა. არავის ვენდობოდი, ვერავის ვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვცდილობდი ყველასთან დისტანცია შემენარჩუნებინა [] (გვ.36)

ელენე რომ ჰეტერონორმატიულ საზოგადოებას არ ეკუთვნის, ცხადია დედასთან მისი ურთიერთობიდანაც — დედას ის მაინც ყოფილი ქმრის, რეზოს, ცოლად მიაჩნია და მათ შერიგებას მოელის. დედა-შვილს შორის ამ კონფლიქტის კარგი ილუსტრაციაა სცენა მკერავთან. მკერავიც, ცისანა, დედის აზრზეა, საზოგადოებრივი მორალის მხარესაა: „კიდე ეწევა შენი გოგო ბედს, ცოტა თავს მიხედავს და იქნება ისევე ანგელოზივით,“ — ანუგეშებს ის ელენეს დედას. ელენე კი ამ სიტყვების გაგონებისთანავე დგება და მკერავს ემშვიდობება, რის გამოც დედისგან საყვედურების წყებას მიიღებს „უცხვირპირობის“, „უპატივცემულობისა“ და „უსაქციელობის“ შესახებ. რა თქმა უნდა! ქალმა ხომ უნდა მოითმინოს, როცა მის პირად ცხოვრებაში ხელებს აფათურებენ, სულერთია, ამას მშობელი დედა სჩადის, თუ უცნობი ადამიანი. ელენე კი ასე არ მოიქცა. და აქ ამ პასაჟის მეორე მნიშვნელობაც იკვეთება: ის, რასაც ხშირად ჩვენი გარშემომყოფები „ზრდილობად“ და „ტაქტად“ შეფუთავენ ხოლმე, სინამდვილეში, ქალების დაჩაგვრისა და გაუბედურების, მათზე ზეწოლის საშუალებაა. ელენეც სწორედ იმიტომ არ ეკუთვნის ამ, დომინანტურ, ნორმათა წესრიგს, რომ ამ ზეწოლას თავს არ უხრის. თუმცა ვერც ბოლომდე შეწინააღმდეგებას ბედავს, რადგან შეწინააღმდეგება სხვა ნორმათა წესრიგში მოაქცევს. ეს მეორე ნორმათა წესრიგი კი სწორედ ისეთივე უცხოა ელენესთვის, როგორიც პირველი — როცა შეყვარებული, ლილი, შესთავაზებს, ეგ თავისუფალი ოთახი შენს ბინაში ლენას მიაქირავე, ჩვენს წრეში ტრიალებს და კარგი გოგოაო, ელენეს რეაქცია ასეთია: „შენი და ჩემი წრე ერთი და იგივე არ არის-მეთქი, ლილი, გავიფიქრე, მაგრამ თქმით კი არაფერი მითქვამს.“ (გვ. 18)

თუმცა ოთახს მაინც გააქირავებს — ასე შემოდიან ტექსტში ლენა და მისი მეგობარი ქვიარაქტივისტები: ნიკო, ცოტნე და ნუცა. სწორედ მათთან ურთიერთობისას ხდება ცხადი ელენეს გაუცხოვება ლილის „წრესთან“. ამ გაუცხოვებას რამდენიმე კომპონენტი აქვს:

1.სხვა სამეტყველო ენა: „ბიჭები გაურკვეველი ჟარგონით კამათობენ, როგორც ვხვდები, რაღაც ახალგამოსულ სერიალს თუ შოუს აკრიტიკებენ.“ (გვ.33) აქვე კარგი მაგალითია თავად ლილის მეტყველება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ელენეს სამეტყველო სტილისგან და, როგორც ჩვენში უყვართ ხოლმე თქმა, „უხამსობების“ სიუხვით გამოირჩევა: „რა რავი, შეჩემა, შენც სულს მოითქვამ […]“ (გვ.18) „არა, ბებიაშენისამ, ბიძაშვილები ვგონივართო, გადაიხარხარა.“ (გვ.29) „[…] ლილი კი ცოფდება ხოლმე, შიგ ხო არა გაქვს, ვიღაც კაცებში ხო არ გეშლებიო […]“ (გვ.93)

2.სხვა დამოკიდებულება არსებულ ნორმათა წესრიგთან: ელენე ლენასა და ლილის სწორხაზოვან აზროვნებას საყვედურობს. მაგალითად გამოდგება ის მონაკვეთი, რომელშიც ელენეს ნიკოს დირექტორობა გაუკვირდება მისი „კაფანდარა“ აღნაგობის გამო და ლენა დასცინებს.

აი, ამას ვგულისხმობ, როცა ლენასნაირი გოგოებისგან თავის შორს დაჭერა მინდა ხოლმე. ყოველი სიტყვა უნდა აკონტროლო, [] და ისეთი არაფერი წამოგცდეს, რაც ამ სამყაროში არსებულ რეალობას აღწერს [] ლილისაც სულ ამაზე ვეკამათები ხშირად უჭირს ზღვრის გავლება რაც არის და რაც უნდა, რომ იყოს, იმას შორის. გვიხსნის ელენე (გვ. 37)

3.სხვა ნორმათა წესრიგი: ნუცა და ნუკო ჩხუბობენ და ელენე ნიკოს დამშვიდებას შეეცდება, დაწყნარდიო, — ეტყვის. მაგრამ ამ ნათქვამს სულაც არ მოჰყვება ის რეაქცია, რომელსაც ელენე მოელის — ლენას გაეცინება, ნიკო კი განუმარტავს: „ჩვენო, ერთმანეთს როგორც წესი, ეგეთ რაღაცებს არ ვეუბნებითო. არ გვგონია, რომ აღელვებულ და გაბრაზებულ ადამიანს დამშვიდება სჭირდება, პირიქით, ბრაზი ლეგიტიმურია და არც ვინმეა ვალდებული, ტონი გაასწოროსო.“ (გვ.59) დააკვირდით: „როგორც წესი“ — ამბობს ნიკო და ამით ზოგად ნორმაზე მიგვანიშნებს. ეს ნორმა კი ელენესთვის ახსნის შემდეგაც უცხო რჩება: „ვერაფერი გავიგე“ — გამოგვიტყდება ის.

4.სხვა ინტერესები: ელენემ არ იცის, რომელ სერიალს განიხილავენ ბიჭები კიბეზე ასვლისას, მათ მიერ შერჩეული ორი სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიცია კი ერთნაირ „ბრაგაბრუგად“ მიაჩნია (გვ. 51); ოდნავადაც არ ადარდებს კლიმატის პრობლემები ანუ „ეს ბუნების დაცვა თავისი საკითხავი მასალებიანა“(გვ. 50). ასევე, წარმოდგენა არა აქვს, რა „ვაგინა-მონოლოგების“ დადგმაზე ელაპარაკება ლენა (გვ. 57).

ზემოთ წინააღმდეგობრიობა ვახსენე და აი, მიზეზამდეც მივედით — ეს გაუცხოება ელენესგან მკითხველს გადაეცემა, რადგანაც მთელი ამბავი და ყველა პერსონაჟი ელენეს თვალთახედვიდან არის დანახული. სწორედ ამის გამო ტოვებს ტექსტი უცნაურ, წინააღმდეგობრივ განცდას — ის წარმოაჩენს ქვიართემს, როგორც სხვას და ყოველ გვერდზე გვიმტკიცებს ამ სხვაობრიობას. ქვიართემი ერთგვარი სუბკულტურა გამოდის, ხოლო მთხრობელი, ელენე, ამ სუბკულტურასა და კულტურას შორის გაჩხერილი, აჩენს დისტანციას სხვასა და მკითხველს შორის, რაც ტექსტის ბოლომდე ნარჩუნდება.

ეს დისტანცია კი, თავის მხრივ, სწორედ მთხრობლის ლიმინალური მდგომარეობითაა გამოწვეული — ის ხომ თავს ქვიართემს არ მიაკუთვნებს. მისთვის ქვიართემი მართლაც ისინი არიან, სხვები. ხშირად პირდაპირ ასეც მოიხსენიებს, ნაცვალსახელით: „[…] ყველა ამათი მტერია და ამათ რომ ჰკითხო, მარტო თვითონ არიან ცამდე მართლები და შეუცდომლები.“ (გვ. 96, ხაზი ჩემია — ნ.ა.)

საკითხის ასე დასმა ერთ საჭირბოროტო კითხვას აჩენს: რისთვის გვჭირდება მარგინალობის/მარგინალების რეპრეზენტაცია ლიტერატურაში? იმისთვის, რათა ვუთხრათ მკითხველს, რომ ეს სხვები არიან და სხვათა პრობლემებია? თუ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ: მარგინალობა არ არსებობს? განა მარგინალობაზე წერისას ავტორის განზრახვა დიქოტომიის ჩვენ/სხვა ჩამოშლა არ უნდა იყოს? „მეორე ოთახი“, პირიქით, ხომ არ ამყარებს ამ დიქოტომიას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავ ელენეს უნდა გავადევნოთ თვალი — ის (და მასთან ერთად, მკითხველიც) ამ სხვას ნელ-ნელა უახლოვდება. დაახლოების მოტივაცია კი დაუძლეველი ცნობისმოყვარეობაა — ელენე განზრახ გადის ოთახიდან, რათა შეიტყოს რაზე საუბრობენ ლენა და მისი მეგობრები; ლილის ნაცვლადაც ინტერესის გამო მიდის აქციის გადასაღებად. მართალია, ეს ყველაფერი ერთ დიდ შიშად და სირცხვილად უჯდება, მაგრამ უკან არ იხევს. ამასობაში, ირკვევა, რომ ლენა არც ისეთი სხვა ყოფილა, როგორიც თავდაპირველად გვეგონა. ამ მხრივ, საყურადღებოა ის მონაკვეთი, ლენა რომ სამინისტროში მიდის, შეხვედრაზე, რათა 17 მაისის აქციის დეტალები შეათანხმოს, ამ შეხვედრისთვის კი საგანგებოდ გამოეწყობა კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. ელენეს აღქმაში ეს ოდნავ აფერმკრთალებს იმ ზღვარს, მასა და ლენას შორის რომ არსებობს: „რომ ჰკითხო, დიდი მეამბოხეები და დამრტყმელები არიან, არადა, აგერ, სამინისტრო უხსენეს და უცებ ჩემხელა ქუსლებზე შეხტა ეს სიფრიფანა გოგო.“ (გვ.102)

ეს ზღვარი საბოლოოდ გადაილახება ტექსტის ფინალში, რომელშიც ლენას თითქოს უწყინარი წამოწყება ელენეს საბოლოოდ გამოიყვანს ლიმინალური ფაზიდან და ელენეც ეგუება ამას.

„ნეტავ დედას ვინ მოუყვება.“ — ესაა რომანის ბოლო ფრაზა. ელენემ უკვე იცის, რომ ის, რასაც მალავდა, გაცხადდა და იღებს კიდეც ამას, როგორც გარდაუვალ მოცემულობას. ამიტომაც იმას კი არ ფიქრობს, დედაჩემმა არ გაიგოსო, არამედ ისღა გაეფიქრება, ნეტავ ვინ მოუყვებაო. მოყოლით კი აუცილებლად მოუყვებიან და ელენეც ვეღარ დაბრუნდება დედასთან, როგორც აქამდე, რადგან ის უკვე გამოვიდა „კარადიდან“, სხვა ონტოლოგიურ მდგომარეობაში გადაინაცვლა, სხვა გახდა.

ამ სხვად ქცევაში სხეულიც მონაწილეობს. სხეულს ელენესთვის ამბივალენტური დატვირთვა აქვს: ის, ერთი მხრივ, სიამოვნების, ხოლო, მეორე მხრივ, ტკივილისა და სირცხვილის წყაროა (მაგალითად იკმარებდა ის მონაკვეთიც, რომელშიც ელენე გვიამბობს, როგორ შეეცვალა ფორმა მის სხეულს და როგორ ეუბნება ამის გამო უარს ლილის სექსუალურ ურთიერთობაზე; ასევე — პასაჟები, რომლებიც თვიურისას სხეულებრივ დისკომფორტს აღწერს). ელენ სიკსუ, მწერალი და ფემინისტი მოაზროვნე, მიიჩნევს, ქალმა თავისი სხეული უნდა დაწეროსო, — ასე უნდა დაუახლოვდეს ქალი ენას, რომელიც ნორმათა სისტემაა და ამიტომ მასკულინური ფენომენია, და საკუთარ სექსუალობასაც, რომელსაც უზღუდავენ, ე.ი. დაიბრუნოს ენაც და სხეულიც. ენას, სხეულსა და სექსუალობას შორის ეს კავშირი ელენეს შემთხვევაშიც მყარდება — ის თანდათან გადალახავს ტაბუს:

მერე უკვე თამამად წარმოვთქვი: მუტელი თავი დაბლა დავხარე და ნაპრალში თითები შევაცურე. მუტელი. მეჩვენებოდა, რომ იმ ოთახში შევედი, რომლის კედელზეც წეღან უბრალოდ ყური მქონდა მიდებული. მუტელი. აი, რა ყოფილა თურმე. აი, როგორ რქმევია. (გვ.58)

სხეული მონაწილეობს ფინალურ სცენაშიც — ის თავისებურად ეპასუხება ელენეს გარშემო დატრიალებულ ამბავს:

ფეხებს შორის სისველეს ვგრძნობ. თბილი სითხე მუხლებამდე ჩამდის. ფეხებს ერთმანეთს ვატყუპებ და წამოდგომას ვცდილობ. გადაუღე, გადაუღე, მესმის ისევ და ახლა ტელეფონი მანათებს სახეში. თვალებს ვხუჭავ. წინ ყველაფერი ბრჭყვიალებს. გახურებული ლოყით ისევ ასფალტს ვეკრობი. წამოაყენე, გადავიყვანოთ, ბრძანებას გასცემს ვიღაც. ჟაკეტის სახელოთი ცხვირიდან წამოსულ სისველეს ვიწმენდ. მალე გათენდება [.] (გვ. 113)

ამ პასაჟში ყველაფერი ერთადაა: დაკავების სცენაც, დიალოგიც, გარემოს აღწერაც, ფიქრიც და სხეულებრივი შეგრძნებებიც. სხეული უკვე აღარ არის ცალკე, ის ამ ერთიანობის ნაწილად იქცა, ამ ქაოსის ნაწილად და ამ ქაოსთან, გარესამყაროსთან დიალოგსაც მართავს.

აქ საბოლოოდ დაიძლევა ყოველგვარი გაუცხოება: მკითხველის წინააღმდეგობრივი განცდები თანაგანცდაში გადადის, ელენე კი თავისი ოთახიდან — „მეორე ოთახში.“ რომანის სათაურმა ბევრს ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“ მოაგონა. არადა, სინამდვილეში, ამ შესიტყვების საკვანძო კომპონენტი არის არა „ოთახი“, არამედ — „მეორე“ ანუ იგულისხმება არა ქალის პირადი სივრცე, არამედ სწორედ ამ სივრცის გადალახვა და შესვლა სხვა სივრცეში, სხვა მდგომარეობაში, სხვა ფაზაში. ეს პროცესი საკუთარ სხეულთან დაახლოებასაც მოიაზრებს — აკი ელენემ ის თავად შეადარა ოთახს, რომელზეც აქამდე, „უბრალოდ ყური ჰქონდა მიდებული“.

ახლა უკვე შეგვიძლია, ზემოთ დასმულ კითხვასაც გავცეთ პასუხი: „მეორე ოთახში“ ზღვარი ჩვენსა და სხვას შორის არ იშლება, ის მხოლოდ გადაილახება. ავტორის ამ ესთეტიკურ პოზიციასაც, შეგვიძლია, მოვედავოთ, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ტექსტს თავისი არგუმენტი აქვს: „ლილისაც სულ ამაზე ვეკამათები — ხშირად უჭირს ზღვრის გავლება რაც არის და რაც უნდა, რომ იყოს, იმას შორის.“

„მეორე ოთახი“ გვიყვება იმის შესახებ, „რაც არის“. თუ სიმართლეს არ უფრთხით, გირჩევთ ამ წიგნს. თუ უფრთხით, მაინც გირჩევთ — ეგებ ელენესთან ერთად დაძლიოთ ეგ შიში…

[1] ამის შესახებ იხ. მაკა ელბაქიძის ძალზე საინტერესო სტატია „ვეფხისტყაოსნის“ ქრონოტოპი ლიმინალობის თეორიის კონტექსტში.“ კადმოსი, no.2 (2010): 25–47.