დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: თემურ ზოიძე
წიგნის ეფექტური დასაწყისის განსაზღვრა რთული ამოცანაა, მაგრამ თუ სამანტა შვებლინის რომანს უსაფრთხო მანძილი გადაშლი, აუხსნელად იგრძნობ, მაინც როგორია ჩამთრევი დასაწყისი: მას ვეღარ მოწყდები და მხოლოდ გვიან თუ მიხვდები, რამდენად ღრმად შეტოპე.
როგორც ამბობენ ხოლმე, უსაფრთხო მანძილი თხელტანიანი რომანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. არა, რთული და დამღლელი საკითხავი ნამდვილად არ არის, მაგრამ მწერლის ნაამბობის, წიგნში აღწერილი ისტორიის მისაღებად და გადასახარშად გარკვეული დრო და ენერგიაა საჭირო. ამიტომაც ვერ წაიკითხავ მას ერთი ამოსუნთქვით: სხეული ხშირად მოგთხოვს ღრმად ჩასუნთქვას, რათა მიღებულ ემოციებთან გამკლავება შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ სამანტა შვებლინის ენა საკმაოდ სადაა და არც გადატვირთული მხატვრულობით გამოირჩევა, თავისი წერის სტილით, თხრობის ტემპით მაინც მაშინვე აჯადოებს მკითხველს. მართალია, ღრმა წყალივით შეიძლება შეტოპო მის ნაამბობში, მაგრამ ნაპირზე გამობრუნებაც მოგიწევს ხოლმე: წარამარა შეიძლება დაუბრუნდე უკვე წაკითხულ გვერდებს, რათა მთელი სიუჟეტის, რომელიც უცნაურ პაზლს ჰგავს, აწყობა შეძლო. თუმცა აქედანვე გეტყვით, რომ წიგნის დასრულების შემდეგაც შეიძლება ვერ იპოვოთ თავსატეხის დაკარგული ნაწილები.
ერთი შეხედვით, მთელი რომანის სტრუქტურა ორ პერსონაჟს — ამანდასა და დავიდს შორის გამართული დიალოგია: დავიდი ამანდას მის ცხოვრებაში მოულოდნელად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გახსენებაში ეხმარება და დროსა და სივრცეში ახლართულ მთხრობელს ამოსავალი წერტილის პოვნაში ეშველება. ამ პროცესში დავიდი მშრალ, ლაკონიურ მითითებებს გასცემს: "ახლა რას ხედავ?", "ამას მნიშვნელობა არ აქვს", "გააგრძელე", რითაც მოგონებების ლაბირინთში დაკარგულ ამანდას მიმართულებას აძლევს, ამავდროულად კი, თითქოს, მკითხველისგანაც ყურადღების მეტად დაძაბვას ითხოვს, რათა არაფერი გამორჩეს. თუმცა კითხვის პროცესში ნელ-ნელა ეჭვი გიპყრობს, რომ მათი საუბარი უფრო მონოლოგია: წიგნის სტრუქტურაც რომ არა (ამ ორ პერსონაჟს შორის გამართული საუბარი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული არ არის), ისე ჩანს, გეგონება ამანდას არა გვერდით მჯდომი დავიდი, არამედ გონების ხმა ელაპარაკებაო. "დრო აღარ არის" — ყველაზე ხშირად ამას იმეორებს დავიდი და ამანდასთან ერთად შენც სუნთქვა გიჩქარდება, რადგან გრძნობ, რომ წიგნი ისე შემოგეცლება ხელში, უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ მოასწრებ. თუმცა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
არგენტინელი მწერლის სამანტა შვებლინის 2014 წელს გამოცემული ეს რომანი ესპანურიდან ქართულად თამარ ლეჟავამ თარგმნა და წიგნს ორიგინალი სახელწოდება შეუნარჩუნა, თუმცა ინგლისურ თარგმანში მას ცხელებიანი სიზმარი დაარქვეს. ეს ვერსია უკეთ გამოხატავს ამ წიგნის ატმოსფეროს: ალბათ, ერთხელ მაინც ყველა ყოფილა ისეთ სიზმარში, საიდანაც თავის დაღწევას სასოწარკვეთილი ცდილობ და არაფერი გამოგდის. სწორედ ასეთ კოშმარში იმყოფება რომანის ნარატორიც, ამანდა, რომელსაც ფიზიკურთან ერთად სულიერი ტკივილები ტანჯავს.
სანაცვლოდ ორიგინალი სახელწოდება უსაფრთხო მანძილი უკეთ ეხმიანება წიგნის ერთ-ერთ მთავარ თემას: მშობლის საერთო შფოთვას, რომ საფრთხისგან შვილის დაცვა ერთხელაც შეიძლება ვეღარ შეძლოს, ამას კი დედა-შვილს შორის არსებული მუდმივი კავშირი, რომელიც ჭიპლარით გადაბმული ემბრიონიდან იწყება, მყისიერად გრძნობს. ამის გამო ეს რომანი განსაკუთრებით ახლობელი იქნება ყველა მშობლისთვის. თუმცა ამავდროულად უსაფრთხო მანძილის განცდა უფრო მასშტაბურადაც შეგვიძლია გავიგოთ: სამანტა შვებლინმა აღნიშნა, რომ წიგნის იდეა ნამდვილმა ამბებმა, პესტიციდებით წყლის მოწამვლის ფაქტებმა შთააგონა, რის გამოც არგენტინაში უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, ჯანმრთელობა მძიმედ დაზიანდა. ეს კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ როგორ დავკარგეთ უსაფრთხო მანძილი ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან: ვწამლავთ ბუნებას და უნებურად ისიც ვეღარ გვიცავს ჩვენ, როგორც ამ რომანის ორმა პერსონაჟმა დედამ ვერ შეძლო ბოლომდე დაეცვა შვილები.
ლათინოამერიკელი მწერლისგან, ალბათ, ბევრი ტრადიციული მაგიური რეალიზმის ელემენტების გამოყენებას ელის, თუმცა სამანტა შვებლინს უფრო მეტად მისტიკა შეამოაქვს თავის ტექსტში, სადაც ყოველდღიური პრობლემები ზებუნებრივ ძალებს ხვდება, რადგან სხვაგვარად, მხოლოდ ადამიანური ძალებით მათთან გამკლავება უკვე შეუძლებელი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველგვარი შემზარავი ურჩხულების, სახიფათო მოჩვენებებისა და ცივსისხლიანი მკვლელების გარეშე, წიგნის ფურცლები ცივი ოფლით იჟღინთება და ჟრუანტელდავლილი კანივით იბურძგლება, რადგან ამ სულ ერთი ციდა რომანში აუხსნელის მიმართ უსახელო შიში ბუდობს.