„კირკე“ - არც მიწისა და არც ცისა

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: მარიამ მახარაძე

ათიოდე წლის წინ, როდესაც „სამეფო კარის თამაშების“ პირველ სერიას ვუყურე, დედოფალმა სერსეი ლანისტერმა ჰელიოსის ასული კირკე გამახსენა, რადგან „კირკე“ ინგლისურად წარმოითქმის, როგორც „სერსი“. გულწრფელი ვიქნები თუ გეტყვით, რომ სახელების მსგავსებამ ცოტათი იმედიც კი გამიცრუა. ჩემთვის კირკე უფრო საინტერესო და ამოუცნობი პერსონაჟია, ვიდრე მისი ჯორჯ მარტინისეული სეხნია. უცნაური ხასიათის ქალღმერთი, რომელიც ადამიანებს ღორებად აქცევს, ეჭვიანობის ნიადაგზე ქმნის ურჩხულ სცილას და თვით ყველაზე გამორჩეული გმირებიც კი უფრთხიან.

თუ ოქროს საწმისის მითში კირკე, მასავით ძლიერი და იდუმალი ქალის – მედეას ჩრდილშია მოქცეული, „ოდისეაში“ უკვე კარგადაა გამოკვეთილი მისი პერსონაჟი. ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე მოხერხებულსა და ცბიერ ოდისევსსაც კი უჭირს მასთან გამკლავება. შეიძლება ჰომეროსის ნიჭის დამსახურებაცაა რომ აიელი გრძნეულის ისტორიებს საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავს აქტუალობა. ამბობენ ბრიტანელი მხატვარი ჯონ უოთერჰაუსი შეპყრობილი იყო კირკეს სახებით.  მხატვრის მიერ შექმნილ ყველა ნახატზე განსხვავებულ ქალს ვხედავთ, შურისმაძიებელს, მოწყენილს, მომხიბლავს, სასტიკს. კირკეს მრავალსახებს ვხვდებით  წიგნებში, ფილმებში, მხატვრობაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კედელზეც კი, თუმცა, მხოლოდ მადელინ მილერმა მოახერხა, რომ მითიური ქალღმერთი ჩემამდე მოიყვანა,  ჩემს ახლობელ ადამიანად ექცია, ჩემთვის ნაცნობი ემოციებით და განცდებით.

როგორია 21-ე საუკუნის ქალი მწერლის თვალით დანახული კირკე? პირდაპირ გეტყვით, რომ ისეთი არა, როგორსაც მანამდე ვიცნობდით. ის კვლავ წარმატებით აქცევს კაცებს ღორებად, ქმნის მითოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ურჩხულს, ძმის მკვლელობის შემდეგ სისხლს და ცოდვას ბანს მედეას, მაგრამ უკვე თანაგრძნობას იწვევს, გულშემატკივართა მთელ არმიას იძენს და, ჩვენდა გასაკვირად, გვინდა, რომ გაიმარჯვოს კიდეც.

საინტერესოა როგორ ახერხებს მითიური პერსონაჟი გაჯეტების ხანის მკითხველთა გულის დაპყრობას? ალბათ იმით რომ ის თავისი დროის ფემინისტია, ფემინისტი იმ გაგებით, რომ იბრძვის თავისი უფლებებისთვის, ცდილობს იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ შეეგუოს არსებულ რეალობას. როცა სანთლის შუქზე ძილის წინ ბებია მითებს მიყვებოდა, მეგონა, რომ ღმერთებს და ქალღმერთებს იმის გაკეთება შეეძლოთ, რაც უნდოდათ. თუმცა, ასე არ ყოფილა. ბერძენი ღმერთები ძალიან ჰგვანან ადამიანებს - უყვართ, სტკივათ, ეჭვიანობენ, უხარიათ და განიცდიან, მოკვდავთა მსგავსად. ასეთია კირკეც. ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს რაც ბედნიერებისთვის საკმარისი უნდა იყოს. ძლევამოსილი მზის ღმერთის, ჰელიოსის ქალიშვილია და ოლიმპოზე ცხოვრობს, მაგრამ სხვა ღმერთებისა და ქალღმერთებისგან განსხვავებით არაფრითაა გამორჩეული, რაც მისი გარიყვისა და დაცინვის მიზეზი ხდება. ჩვენი დროის ქალღმერთის ამბავშიც სწორედ ეს მომწონს. არ არის თავიდანვე ძლიერი და იდეალური. არც ისეთი ლამაზია, როგორც აფროდიტე ან არტემიდა, არც განსაკუთრებული უნარები აქვს, მაგრამ თავიდანვე ვგრძნობთ რომ ის დანებებას არ აპირებს.

კირკე მამის ფეხებთან წოლასა და მოსმენასაა მიჩვეული. ყველაფერს გვიან ხვდება, ეშინია მამის, ვერ ეწინააღმდეგება დედას, ბებიას, და-ძმას, გამუდმებით დაცინვის ობიექტია, მაგრამ დგება მომენტი როცა საკუთარი უნარების შესახებ გაიგებს და ირწმუნებს. ამ წამიდან მისი შესაძლებლობების ზღვარი იშლება.

ნაწარმოების დასაწყისში ვხედავთ ქალს, რომელიც დასჯილია და მზადაა მდუმარედ მიიღოს სასჯელი, კრთის მზის ღმერთის წინაშე, მაგრამ უნდა, რომ იყვიროს: დიახ, ეს მე ვარ, ვისაც ჯადოქრობა შეუძლია, ვინც ღმერთების ნება შევცვალე, ვინც მოკვდავი უკვდავად და ქალღმერთი ურჩხულად ვაქციე! მაგრამ არ შეუძლია. ჯერ არა.

კირკემ ბევრი რამ უნდა გამოიაროს, საკუთარ ძალებში უნდა დარწმუნდეს, რომ წლების შემდეგ შეძლოს და ღმერთებს, მათ შორის მამამისს, წინ აღუდგეს და გაბედულად უთხრას: „მე ასე მსურს!“ ძლევამოსილ ათენას კი მიუგოს: ცას მხრებით დავიჭერ, რომ ვერაფერი დამაკლო.

ფურცლიდან ფურცელზე მარტოსული, დაბნეული, სუსტი ქალი ჩვენს თვალწინ, დაუღალავი შრომის და საკუთარ თავზე მუშაობის წყალობით, ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ პერსონაჟად იქცევა და საწადელსაც აღწევს – პოულობს თავისუფლებას.

ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის საფლავის ქვაზე ვხვდებით წარწერას:

„არაფრის იმედი მაქვს, არაფრის მეშინია, თავისუფალი ვარ.“ ალბათ, ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის თავისუფლების მიღწევა. თუ არაფრის გეშინია და არც არაფრის იმედი გაქვს, ესე იგი შენი თავის ბატონი თავადვე ხარ. ნაწარმოების ბოლოს კირკე თავისუფალია. მას არ აქვს ღმერთების იმედი, იცის, რომ თუ ოდესმე დახმარების ხელი დასჭირდა, ის მისივე მკლავის ბოლოსაა. რისი უნდა ეშინოდეს ქალს, რომელიც ზღვის ფსკერზე ჩადის ისეთი იარაღის მოსაპოვებლად, რომელიც ზევსსაც კი დაამარცხებს? კირკე თავისუფალია. თავისუფალი, მიუხედავად გადასახლებისა, რადგან თავისუფლება პირველ რიგში შინაგან თავისუფლებას გულისხმობს.

კაზანძაკისის წაკითხვის შემდეგ, ცხოვრების რთულ მომენტებში სულ მახსენდება მისი გმირის, ალექსის ზორბასის საქციელი. როცა ჭექა-ქუხილი და ძლიერი ტალღები მის სახლს დანგრევას უქადდა, ფანჯარასთან მივიდა და ხმამაღლა შესძახა: „ჩემს სახლს ვერ დაანგრევ, ჩემს ცეცხლს ვერ ჩააქრობ, ჩემს სახლში ვერ შემოხვალ!“

ალბათ, ასეთ ძლიერ ადამიანებად არ იბადებიან. ზორბასად და კირკედ უნდა გადაიქცე. ამისთვის კი უამრავი თავგადასავალი უნდა გადაგხდეს.

მადელინ მილერის ეს შესანიშნავი ბესტსელერი ფაქტობრივად კირკეს ოდისეაა. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენი გმირი სახლში არ ბრუნდება, არამედ საკუთარი თავის ძიებაშია. წიგნში გვხვდება ის ისტორიები, რომლებიც ბევრჯერ მოგვისმენია, წაგვიკითხავს, გვინახავს ნახატებზე თუ კინოში. ზოგი ისტორია შეცვლილია, თუმცა არ გინდა წამოყვირება, რომ ეს ასე არ იყო (ვიცით კი როგორ იყო?). მწერალი კარგად იცნობს ბერძნულ მითოლოგიას და გვაწვდის ვერსიებს, რატომ შეიძლებოდა ოლიმპოზე მცხოვრები ქალღმერთს კაცების ღორებად ქცევით შეექცია თავი? იმიტომ, ხომ არა, რომ სასტიკ სამყაროში თავი დაეცვა? შეიძლება ითქვას, რომ ავტორი მაგიური რეალიზმის ელემენტებსაც იყენებს. კარგად იცის, რომ ამბის ძალა არა უშუალოდ ამბავში, არამედ მის გადმოცემაში და ფსიქოლოგიაშია. ის იმდენად რეალურად აღწერს მითიურ ამბებს, რომ მარტივად ვემორჩილებით, მივყვებით და ვიჭყიტებით ოლიმპოს მთაზეც, მინოტავრის ლაბირინთშიც, ზღვის ფსკერზეც. მთავარ გმირს ყველგან მივყვებით და გვინდა რომ გაიმარჯვოს.

ვფიქრობ, რომ ამ წიგნით მკითხველი სიამოვნებას მიიღებს არა მხოლოდ ძველის ძველი ამბების ახლიდან და ცოტა სხვა, ქალის თვალით დანახული პერსპექტივის წაკითხვის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ცხოვრების რთულ მომენტებში, როცა ვფიქრობთ რას მოიმოქმედებდნენ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები, გაგვახსენდება აიას გრძნეული და ვიკითხავთ: რას იზამდა ჩემ ადგილას კირკე? ცას მხრებით დაიჭერდა, ყველას წინ აღუდგებოდა.

ერთ ეპიზოდში, ზღვის ურჩხული, ტრიგონი ეუბნება: „არ მოგწონს ეს სამყარო ბავშვო? მაშინ ახალი შექმენი!“

დიახაც, რომ ახალს შექმნიდა. მას არ მოსწონს ღმერთები. მიაჩნია, რომ მოკვდავებთან უფროა მისი ადგილი, ვიდრე ოლიმპოზე. უკვირს, როცა ოდისევსის სიტყვები ესმის: „ჯერ არასდროს შევხვედრივარ ღმერთს, რომელსაც ასე მოსწონს ღმერთობა“. არც მიწისაა და არც ცის. კუნძულ აიას ჯადოქარია.

ასე, რომ კარგად მოკალათდით, მოემზადეთ ძალიან მარტივი ენით, ახლიდან მოყოლილ უძველესი ამბების კიდევ ერთხელ, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხად. თუმცა, კი ბევრჯერ შეგეკვრებათ სუნთქვა მედეას, აიეტის, კოლხეთის, პასიფაეს და სხვა ნაცნობი სახელის გაგებისას.

არ აქვს მნიშვნელობა მითოლოგია გიყვართ თუ არა. ვფიქრობ, რომ წიგნი უნდა მოეწონოს მათაც, ვისაც მითოლოგია უყვარს და მწერალს აუცილებლად აპატიებენ კლასიკურ სიუჟეტიდან მეტად ორგანულ გადახვევებს, და მათაც, ვისაც მითოლოგია დიდად არ იტაცებს. ანუ, ყველას.