საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 1998 წელს დაარსდა. დღესდღეობით საქართველოში მოქმედ, აქტიურ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელ ორგანიზაციათა დაახლოებით 90 პროცენტი სწორედ მისი წევრია.
ასოციაცია განსაზღვრავს და იცავს წიგნის სექტორის ინტერესებსა და საავტორო უფლებებს, უზრუნველყოფს ბეჭდვის თავისუფლებას საგამომცემლო სფეროში; მართავს როგორც ადგილობრივ წიგნის ბაზრობებს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე პროფესიულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ქართველი გამომცემლებისა და გამავრცელებელი ორგანიზაციებისათვის. ამასთანავე, ასოციაცია უკვე მრავალი წელია მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე და წარადგენს საქართველოს ეროვნულ სტენდს; გამოხატავს სექტორის საერთო ინტერესებს და იცავს მას თავისუფალი ბაზრისა და თანაბარი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით; იცავს გამოცემის თავისუფლებასა და საავტორო უფლებებს, ხელს უწყობს წიგნის სფეროში დარგის განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და სრულყოფას. ამ დარგში ჩართული პროფესიონალებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ასოციაციამ შექმნა პროფესიული ეთიკის კოდექსი და აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე.
ასოციაციის უმთავრესი მიზანია ლიტერატურული პროცესისა და საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა; ზრუნვა ნებისმიერი ასაკის ადამიანების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, წიგნიერების დონის ამაღლებაზე; ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა; წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და შესაბამისი სოციალური ინსტიტუტების მხარდაჭერა. ასოციაცია მუდმივად იცავს წიგნის სექტორის წარმომადგენლების ინტერესებს. ასოციაცია წარმოადგენს გამომცემლებს, მათ ინტერესებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან სექტორისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს საავტორო უფლებები, სასკოლო სახელმძღვანელოები თუ აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივები.
2007 წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახდა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (International Publishers Association - IPA) წევრი. ასოციაცია წევრია IPA-ს ისეთი მნიშვნელოვანი კომიტეტების, როგორებიცაა აღმასრულებელი, გამოცემის თავისუფლების, ინკლუზიური გამოცემებისა და წიგნიერების კომიტეტები. IPA-სთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, მისი წარმომადგენლები არაერთხელ ეწვივნენ საქართველოს უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ გამართეს შეხვედრები სექტორისთვის კრიტიკულ საკითხებზე როგორც ადგილობრივ გამომცემლებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან. 2020 წელს, საქართველოში პირველად ჩატარდა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმი. იგი ერთადერთი გლობალური ფორუმია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება და აერთიანებს სახელმძღვანელოების პროფესიონალ გამომცემლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის წევრი 2016 წელს გახდა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის სექტორის განვითარებისთვის წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ტრადიციული და ახალი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, საქართველოს რეგიონალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი, საქართველოს ეროვნული სტენდები საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, 2018 წლის „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი - საქართველო“. მიმდინარე წელს ასოციაციამ განახორციელა თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი, რომელიც 2020-2021 წლებში ორ ეტაპად ჩატარდა და თბილისის ყველა საჯარო სკოლა მოიცვა. ამას გარდა, ასოციაციამ სარეზიდენციო პროგრამა შესთავაზა ქართველ მწერლებს. პროგრამის მიზანია ავტორთა მოტივაციის გაზრდა, ნაყოფიერი სამუშაო პროცესისა და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაა, რის შედეგადაც, მომავალი წლის აპრილამდე, შეიქმნება და გამოიცემა სრულიად ახალი ლიტერატურული ნამუშევრები. 2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გეგმავს ქართველი ავტორების შეხვედრებს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდამჭერები და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მწერალთა სახლი, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს პენცენტრი, თიბისი ბანკი, იურიდიული კომპანია LBP.