დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის
ბლოგის ავტორი - სესილი ერაგია
„ბარდნარის ჩიტები“ ყველაზე ნათლად გვანახებს, რომ ცხოვრება, არაფერია, თუ არა ბუმერანგი, რომელიც ადრე თუ გვიან ყოველ ჩვენგანს მიუბრუნდება. ვიძენთ რამეს? - ეჭვი არაა, რომ ცხოვრება მას უმალ გამოგვტაცებს.
„იქნებ ჯოჯოხეთი სწორედ აქაა - მიწიერი უდაბნოს ხანგრძლივ ტყვეობაში? იქნებ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთის ატანა სიცოცხლეშივე გვიწევს...“
წიგნში მრავალ პრობლემურ თემასთან ერთად, წამოწეულია ქალთა აღიარების საკითხი. ვიქტორიანული ეპოქის მიერ ქალის როლის გაუფერულება, რომანშიც იკვეთება, განსაკუთრებით მძაფრად კი მაშინ წარმოჩნდება, როცა ახალშობილი, ვაჟის ნაცვლად გოგონა აღმოჩნდება (ნამდვილ კაცად ხომ ის მიაჩნდათ, ვინც ვაჟებს ზრდიდა!) „რას წარმოადგენს დედისთვის ქალიშვილი? მას, ვინც საკუთარ ტკივილს, საკუთარი ახალგაზრდობის ანარეკლს ახსენებს და გაივლის იმავე გზას, რომელიც თვითონ გაუვლია? რომელიც მასავით დაღვრის ცრემლებს? არა, მამაო! ვცდილობ დავივიწყო, ქალიშვილი რომ მყავს, და თუ მაინც ვფიქრობ მასზე, ვფიქრობ ისე, როგორც ვიფიქრებდი ვაჟიშვილზე. ვაჟიშვილები - აი, ვინ არ ავიწყდება დედას.“
წიგნის მრავალფეროვან პერსონაჟთა შორის, ფიონას გამოვარჩევდი. ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება სხვისთვის და სხვისი ინტერესებისთვის ცხოვრობდა; რომელმაც გრძნობები ჩაიკლა, გულგრილობის ნიღაბი აიფარა და ვერც შვილების შეყვარება შეძლო სათანადოდ... შეუძლებელია გვერდი ავუარო ფრენკს, რომელიც ვერ შეეთვისა ოჯახს და მშობლიურ ფესვებს მოწყდა, რათა გაუბედურებული კვლავ დაჰბრუნებოდა მას. პეტსი, რაინერი, ჯეიმსი - ისინი, ჯერ კიდევ ბავშვები ემსხვერპლნენ ომს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მომკვდარა. ზოგი სულიერად განადგურდა, ზოგი სამუდამოდ დასახიჩრდა.
„ბარდნარის ჩიტების“ პერსონაჟები, - როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს - ისე ქრებიან, რომ ანთებას ვერც ასწრებენ. რა რჩება მათგან? ან რა რჩებათ თავად მათ განვლილი ცხოვრებიდან? მოვალეობები, მოვალეობები, მერე კი... მერე ცხოვრება მთავრდება. მოსაგონარიც კი არაფერია.
„გზის სირთულეებს სრულად მხოლოდ ის იცნობს, ვისაც ფეხი დაუსხლტა და დაეცა“. პერსონაჟებს ყოველივე ეს საუკეთესოდ მოეხსენებათ და ისიც იციან, რომ ბედნიერება ტანჯვის გარეშე არ მიიღწევა, სწორედ ამიტომ სჩადიან თვითმკვლელობის ტოლფას საქმეებს და წუთითაც კი არ იხრიან წარბს. დასკვნა ერთია - „საუკეთესო ადამიანებს რატომღაც ყველაზე მეტი ტანჯვა ხვდებათ წილად“.
მეგიცა და რალფიც დაბადებულიყვნენ იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც უყვარდათ და ვინც ეძვირფასებოდათ, თანდათანობით, მტკივნეულად გამოსცლოდათ ხელიდან და დაეკარგათ. ისინი, იმ ძველი კელტური ლეგენდის ჩიტები იყვნენ, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხლებოდნენ ეკალს და დასისხლიანებული მღეროდნენ იმ ერთადერთ სიმღერას, რომლის ფასი მხოლოდ თავად უწყოდნენ... „ეკალი გულს რომ უგმირავს, სიკვდილის მოახლოებას ვერც კი ამჩნევს: მანამ გალობს, ვიდრე ბგერების ამოთქმის ძალა შესწევს. მაგრამ ჩვენ, გულში ეკალს რომ ვისობთ, გვესმის, რასაც ვაკეთებთ. ყველაფერი ვიცით, მაგრამ გულს მაინც ვიფლეთთ. მაინც ვგალობთ.“
...
ვარდი. ფერფლი. ვარდის ფერფლი.
ღმერთო, მაინც რა ლამაზი იყო ეს სიყვარული...