დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის
ბლოგის ავტორი - თემუკა ზოიძე
ამ ბოლო დროს გამომცემლობა პალიტრა L-მა მისთვის სახასიათო კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებების გარდა სულ უფრო აქტიურად დაიწყო უახლესი მსოფლიო ლიტერატურისთვის მნიშვნელოვანი ტექსტების გამოცემაც (მაგალითად, თვალი მიადევნეთ სერიას ლიტერე ინვენტე). ამავდროულად კი, ცოტა არ იყოს დაგუბებულ ქართულ საგამომცემლო სივრცეში ახალი გამომცემლობა პოლინომიალი გამოჩნდა იშვიათად დახვეწილი ლიტერატურული ალღოთი და ისეთ განსხვავებულ, ცოტა სარისკო გზამკვლევებს თუ არ უფრთხით, რომლებმაც შეიძლება თქვენთვის აქამდე სრულიად უცნობი, მაგრამ გამორჩეულად საინტერესო საკითხავი გაპოვნინოთ, მათი გამოცემები არ უნდა გამოგეპაროთ.
სწორედ ამ გამომცემლობების ჩვენთან ჯერ დამსახურებულზე ნაკლებად ცნობილ იმ ორ სიახლეზე მინდა მოვყვე, რომლებზეც წინასწარ ბევრი მეც არაფერი ვიცოდი და მხოლოდ ორივეს წაკითხვის შემდეგ გამიელვა თავში, რომ ამ წიგნებს გარკვეულწილად საერთო ტკივილი აერთიანებს. ისიც შეიძლება, რომ საერთოდაც რაღაცას ვაჩმახებ და არც არაფერი აქვთ საზიარო, გარდა იმისა, რომ ორივე ძალიან მაგარია და სულ არ უნდა ბევრი ლაილაი, უბრალოდ უნდა წაიკითხო (ვინიცობაა, ამ რევიუს ბოლომდე ჩაკითხვა დაგეზაროთ და მოკლე რეკომენდაცია გირჩევნიათ).
ისე მოხდა, რომ ჯერ ჯოან დიდიონის ჯადოსნური ფიქრის წელიწადი წავიკითხე და მერე მალევე მარიკე ლუკას რეინეველდის მძიმეა დღის ბოლო მივაყოლე. ერთი შეხედვით, ეს ტექსტები ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მათი შემოქმედები: ჯოან დიდიონი კლასიკოსად ქცეული გარდაცვლილი ავტორია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მარიკე ლუკას რეინეველდი კი თანამედროვე მწერალი; ის ამერიკელია, ეს ნიდერლანდელი; იმას უფრო ჟურნალისტად იცნობდნენ, ეს კი უმეტესად პოეტობდა; იმან მემუარები დაწერა, ამან კიდევ რომანი გააშანშალა. ერთი სიტყვით, ცა და დედამიწაო, მაგრამ მოიცათ, მე ჩემი უნდა გითხრათ და მაგათ შუა ხიდი გავდო, შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაზე ტყუილად კი არ ვსწავლობ! (ბებიაჩემს არ გააგებინოთ ოღონდ, ჰგონია, დიპლომატი უნდა გამოვიდე)
ისე, რა მაგარი იქნებოდა, ჯოან დიდიონი რომ ყოფილიყო ბებიაჩემი. განა მარტო ჩემთვის, მაგისთვისაც დიდი ამბავი იქნებოდა, რადგან, სამწუხაროდ, შვილიშვილი არ ჰყოლია. თუ რატომ შეიძლება მოგინდეს, დიდიონი ბებიაშენი იყოს, სულ რომ არაფერი იცოდე მასზე, ამისთვის მისი ფოტოების დათვალიერებაც კმარა: მისი მტკიცე და თან სევდიანი მზერისთვის თვალის გასწორება ერთ რამედ ღირს. ეს პატარა და თხელი ქალი, ხშირად სიგარეტით ხელში ან მზის სათვალით საუცხოო ქარიზმას რომ ასხივებს, თავის სფეროში რევოლუციონერი იყო, რომელმაც ამერიკული ლიტერატურის სხვა გიგანტებთან ერთად “ახალი ჟურნალისტიკის” ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. ჯოან დიდიანმა სახელი, პირველ რიგში, დოკუმენტური პროზით გაითქვა და თავის ესეებში ავთენტურად, მაგრამ ამავე დროს თავისი უნიკალური პერსპექტივით აღწერა და შემოინახა მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილებები, ფიგურები, რომლებმაც ამერიკული კულტურა განსაზღვრეს, ქალაქები, რომლებშიც ცხოვრობდა და მოგონებებს აგროვებდა. ამასთანავე, ის წერდა სცენარებს ფილმებისთვის, რომლებიც შეიძლება უკვე გინახავთ და გიყვართ კიდეც, და გამოქვეყნებული აქვს არაერთი რომანი, ბესტსელერებად რომ იქცა. ყოველივე ეს კი ლამის თანაბარი წარმატებით გამოსდიოდა თავდაუზოგავი შრომით გამოთლილი თავისი სამწერლობო ენით, წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ახდენს ყველაზე: დიდიონის საგულდაგულოდ დალაგებული სიტყვები და წინადადებები ჰარმონიულობით მუსიკალურ კომპოზიციას მიემსგავსება.
ჯოან დიდიონის ყველაზე ცნობილი ტექსტი ჯადოსნური ფიქრის წელიწადია, რომელიც თავისი ცხოვრების შედარებით უფრო გვიანდელ პერიოდში ტრაგიკული შემთხვევების დაუნდობლობამ დააწერინა: მაშინ, როცა საავადმყოფოში უგონოდ მყოფი შვილის გადარჩენის უმცირეს შანსებს ებღაუჭებოდა და ამაზე უარესი აღარაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ერთი ჩვეულებრივი ვახშმობისას ქმარი თვალწინ გარდაეცვალა. სწორედ ამ მომენტიდან იწყებს დიდიონი მემუარებში იმის გამოკვლევას, თუ როგორ მოქმედებს გლოვა ადამიანზე - ერთი მხრივ, საკუთარ ქმედებებს, განცდებს აკვირდება, ამავდროულად კი ამ თემაზე არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას შეისწავლის და საკუთარი თავისთვის პასუხების ძიებასთან ერთად მკითხველს გლოვის, როგორც ფენომენის, სიღრმისეულ გააზრებას სთავაზობს. თუმცა, ეს წიგნი არ არის მხოლოდ გლოვაზე, მეტიც, მგონია, რომ ის უფრო სიყვარულზეა. სწორედ მაშინ, როცა დიდიონმა ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა და ნელ-ნელა დაიწყო მიხვედრა, რომ ქმრისთვის სახლში ძველებურად გამზადებული ფეხსაცმელების მიუხედავად, ის უკან აღარ დაბრუნდება, მათი ურთიერთობის დრო გაჩერების ნაცვლად უკუღმა იწყებს სვლას და ვახშმობისას გულის მოულოდნელად გაჩერების წინა წამების, წუთებისა თუ დღეების გახსენებასთან ერთად მთელ განვლილ ურთიერთობას სულ სხვა თვალით აფასებს, ათწლეულობით ნაგროვებ საერთო მოგონებებს ახლებურად აცოცხლებს.
თუ ჯადოსნური ფიქრის წელიწადი სიყვარულზეა, მძიმეა დღის ბოლო უსიყვარულობაზე გვიყვება. ეს წიგნიც სიკვდილით იწყება: პროტაგონისტი და ნარატორი, ათი წლის იასი, რომელიც მკაცრ რელიგიურ ოჯახში იზრდება, საშობაო სუფრისთვის მოსუქებული კურდღლის გადასარჩენად ღმერთს შესთხოვს, რომ თავისთან საყვარელი ცხოველის ნაცვლად იასის უფროსი ძმა წაიყვანოს.
და ასეც მოხდება.
ამინ.
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ იასის გარე სამყაროსგან ისედაც ჩაკეტილ ოჯახს უსაზღვრო დარდისა და ტკივილის მუქი ფარდები ჩამოეფარება, რომლებთანაც დროდადრო ბიბლიიდან დაჟინებით ამოკითხული ნაწყვეტები ვერას გახდება. აუხსნელ მწუხარებასთან გასამკლავებლად ოჯახის წევრები სხვადასხვა დესტრუქციულ, მეტწილად თვითდესტრუქციულ ქცევებს მიმართავენ და ერთმანეთისთვის ნუგეშისცემის ნაცვლად საკუთარ თავებს იდანაშაულებენ: დედას ჰგონია, რომ წარსულში აბორტის გაკეთების გამო დასაჯა ასე უფალმა და ჭამაზე ლამის მთლიანად ამბობს უარს, უფროსი ძმის დაკარგვით გაოგნებული შვილები კი ფიქრობენ, რომ ცუდი ყოფა-ქცევის გამო მოიწიეს ეს ყველაფერი. იმ რელიგიური რწმენით მოწამლულებს, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ღმერთის მრისხანებით გაშინებს და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას დუჟმორეული გპირდება, გამოსავლად მხოლოდ თვითგვემა ესახებათ. ეს კი ყველაზე სასტიკად ბავშვობისა და ზრდასრულობის გასაყარზე მყოფ მოზარდებზე მოქმედებს, რომლებიც არსაიდან დამტყდარი უბედურების აუტანელი სიმძიმის გამო სიცოცხლისა და სიკვდილის, სურვილისა და დანაშაულის, სიყვარულისა და მარტოობის, სხეულისა და სამყაროს შესწავლას მეტისმეტად სასტიკ გარემოებაში იწყებენ.
უზომო სევდის მიუხედავად, დიდიონის ენამ კითხვისას მაინც შეიძლება გაპოვნინოს შვება, აი, მძიმეა დღის ბოლო კი ფიზიკურ დისკომფორტს განგაცდევინებს. ამ რომანში აღწერილი სცენები არც ისე იშვიათად იმდენად შემზარავია, რომ body horror-ის ჟანრს თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ. კითხვის პროცესში პერიოდულად მახსენდებოდა იენ მაკიუენის ცემენტის ბაღი თავისი დამთრგუნველი ატმოსფეროთი და მიხაელ ჰანეკეს ფილმების სისხლისგამყინავი ულმობელობა. ამ ეფექტს მარიკე ლუკას რეინეველდი თავისი უაღრესად პოეტური ენით აღწევს, რომელიც მცირეწლოვანი მთხრობლის პირით წარმოთქმული განსაკუთრებულად მშვენიერი და იმავდროულად შემაძრწუნებელია. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მის ამ სადებიუტო რომანს, რომელმაც საყოველთაო აღიარება და ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა 2020 წელს, მისი მშობლები შიშით ვერ კითხულობენ. თავზარდამცემ სიუჟეტთან ერთად ეს, ალბათ, იმის ბრალიც უნდა იყოს, რომ რომანში აღწერილი მოვლენები ნაწილობრივ მარიკე ლუკას რეინეველდის პირადი გამოცდილებითაა შთაგონებული: თავადაც ნიდერლანდების ერთ-ერთ ფერმაში, რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და სამი წლის ასაკში დაკარგა ძმა.
დიდიონის მემუარული ჯადოსნური ფიქრის წელიწადისგან განსხვავებით მძიმეა დღის ბოლო კია ფიქცია, მაგრამ მაინც ავტორის ბიოგრაფიით ნასაზრდოები. თანაც ამ ორი წიგნის პროტაგონისტები შეუვსებელი დანაკარგის შემდეგ დაახლოებით ერთ გზას გადიან: ორივე თავს იდანაშაულებს მომხდარში; ტანჯავთ ეჭვი, რომ უბედურების არიდება შეეძლოთ; უჭირთ დაჯერება, რომ რაც მოხდა, აღარ შეიცვლება; რაციონალობის საწინააღმდეგოდ გარდაცვლილი ახლობლის დაბრუნებას იმედით ელოდებიან. და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ უსაშველოდ მძიმეა, საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებულ კიდევ სხვა უამრავ წვრილმანზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებენ. განსაკუთრებით დღის ბოლოს.