დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: მანჩო სიდამონიძე
THE WORLD HAS BIGGER PROBLEMS THAN BOYS WHO KISS BOYS AND GIRLS WHO KISS GIRLS…მართლაც, რომ საზოგადოება გადაჭარბებული დოზით ერევა სხვის ცხოვრებაში და განიკითხავს მას. ყველაზე მთავარი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა - ტვინია. ორგანო, რომელიც ფიქრის მცდელობას გვაძლევს. ადამიანთა გარკვეული ნაწილი კი არ უშვებს იმ აზრს, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, უეცრად წარმოთქმულ სიტყვას. ეს ყველაფერი სხვის გულს, უბრალოდ ნაკუწებად აქცევს.
წინ მივდივართ, ვეგუებით სიახლეებს, პატივს ვცემთ სხვების აზრს, არ ვებღაუჭებით წარსულს - ეს ,,სლოგანები’’ მარაზმია და მეტი არაფერი!
რა მომავალზე და სიახლესთან შეგუებაზეა საუბარი, როდესაც ერთმანეთის პატივისცემა დაგვავიწყდა, გვეზიზღება ყველა და ამას საჯაროდაც ვაღიარებთ. არ გვრცხვენია საკუთარი სიტყვებისა და ეს ,,თავისუფლება’’ გვსიამოვნებს. არა, ტყუილია! არაფერიც არ გვსიამოვნებს.
სამყაროში იმდენი პრობლებაა, რა ჩამოთვლის. ჩვენი მიზანი კი მათი ნელ-ნელა შემცირებაა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. სიყვარულს ვუარყოფთ, გრძნობას, რომელსაც შეუძლია ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს და მათგან შექმნას ლაღი, მომღიმარი სულები, რომლებიც ყველა დანარჩენს გულს უთბობენ. დღესდღეისობით სწორედ ასეთ ადამიანებს განიკითხავენ.
ისინი დაემსგავსნენ დეტექტივებს, რომლებიც სულმოუთქმენლად ელიან ახალი საქმის გახსნას...
დავით გაბუნიას სადებიუტო რომანი ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მაგალითია. ავტორის წერის სტილი გამორჩეული და ამ ეპოქისთვის სრულიად შესაფერისია. წიგნში მოთხრობილია ზურასა და თინას შესახებ. მათი ოჯახი არაფრით განსხვავდება სხვებისგან, არც მათი სიყვარულია გასაოცარი და მით უმეტეს, არც ცხოვრება. XXI საუკუნის რეალობა: კაცი სახლშია გამოკეტილი, ხოლო ქალი, მთელი დღის განმავლობაში, შეუსვენებლად შრომობს. 2012 წლის ცხელ ზაფხულს მოვლენები რადიკალურად იცვლება: მათი, ვითომდა დალაგებული ცხოვრება ნელნელა ირევა...
ზურა - მშვიდი, გაწონასწორებული და აზრიანი კაცია. მისგან არანაირი ცუდი არ არის მოსალოდნელი, პირიქით, საოცარი და დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხელის განძრევა და მუშაობა შეუძლია, მაგრამ ,,თავის შესაფერის’’ სამსახურს ელოდება, როგორც დღევანდელი კაცების უმეტესობა, ამიტომაც სახლში, ბავშვებს უვლის. თინა კი მას ღალატობს. ამ ერთი დამშლელი ფაქტის მიუხედავად, რომანის მთავარი აზრი სხვა საკითხში მდგომარეობს... როგორც ზემოთ ვახსენე, 18 აგვისტოს ყველაფერი 360 გრადუსით ტრიალდება. მათ წინა კორპუსში, რომელიც მხოლოდ ორი ნაბიჯის მოშორებითაა აშენებული, გადმოდის ახალგაზრდა, 21 წლის ბიჭი, რომელსაც წითელი, ალფა-რომეო ჰყავს. შოთიკო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, კერძოდ კი- გეი. ავტორს კარგად ჰყავს დახასიათებული როგორც ის, ისე მისი დამოკიდებულება ზურას მიმართ. მას სიცოცხლის ეშინოდა. ყოველდღე უშვებდა იმ ფაქტს, რომ ვიღაცის მსხვერპლი გახდებოდა. სიკვდილის შემდეგ კი, პოლიციას ერთი მოწმე, ზურას სახით, ეყოლებოდა და სწორედ ამით იმშვიდებდა თავს
ავტორს შოთიკოს საყვარლად შემოჰყავს ახალი პერსონაჟი, ჰალსტუხიანი - მერაბი, რომელიც 61 წლის ბისექსუალი მამაკაცია. ამ ორი ადამიანის შეხვედრები და ერთად გატარებული ღამეები ზურამ ცოლის კამერით დააფიქსირა. ყველაფერი, თავისდა უნებურად, ტვინში ჩაებეჭდა. ნოუთბუქშიც კი შეინახა სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მას არ მოსწონდა საკუთარი ქმედება, ინსტიქტმა საწინააღმდეგოსკენ უბიძგა. ეს ყველაფერი კი ერთ დღეს განადგურდა. 21 სექტემბერს შოთიკო მერაბის ხელით გამოესალმა სიცოცხლეს, შეწყვიტა სუნთქვა, გაცივდა, სისხლმა კი მთელი ოთახის იატაკი დაფარა. ზურამ ეს ამბავი თავისდა ,,სასიკეთოდ’’ გამოიყენა და მიიღო, როგორც ცხოვრების შანსი. მერაბის გონებაში კი სინამდვილეში რა მოხდა , არავინ იცის. მას არ შეეშინდა ზურას მუქარის. მიხვდა, რომ შანტაჟში უნდა ეცხოვრა, ამიტომაც თავი მოიკლა. დავით გაბუნია თითოეულ პერსონაჟს სულით აშიშვლებს და არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ რომელიმე მათგანზე ცუდი ვთქვათ. ეს მათი პირადი არჩევანია!
დღესდღეისობით აღარაფერია გასაკვირი და გასაკიცხი, პირიქით, თითოეული ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს.
ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ სიტყვა - გეი თავდაპირველად უდარდელს, მხიარულსა და კაშკაშას აღნიშნავდა. ქართულ ენაში კი ამას დამაკნინებელ წოდებად მიიჩნევენ. ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ასეთი სახის სიახლეები, ერის გადაშენების მომასწავლებელია, ხოლო დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი, ახალი ამბავია, რომელსაც დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ბისექსუალის, ლესბოსელის ან გეის სექსუალური იდენტობის განვითარება კომპლექსური და ხშირად რთული პროცესია.ისინი იმ ადამიანების საზოგადოებაში არ იზრდებიან, რომლებიც მათ ორიენტაციას იწონებს. პირიქით, ადამიანები მათ გარშემო ხშირად საკითხისადმი უცოდინრობით ან მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.
დავით გაბუნიამ ძალიან დიდი და საშიში ნაბიჯი გადადგა. მან სწორად და ნათლად დაგვანახა ის ცხელ-ცხელი პრობლემები, რომლებიც ამ საუკუნის მთავარი ამოძახილია. მე ყოველთვის მემახსოვრება ზურა, რომელიც ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის ,,ეზოში გამავალი ფანჯრის’’ მთავარ გმირს - ჯეფერის მახსენებს. ის ხომ ფანჯრიდან დანახული მკვლელობის მომსწრე გახდა.
ასევე მემახსოვრება თინა, რომელიც საკუთარ განცდებსა და ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერი უშველა. ყველა და ყველაფერი მიატოვა და სახლიდან წავიდა. რაც მთავარია, არასდროს მიეცემა დავიწყებას - შოთიკო, ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.
არავის აქვს უფლება, სხვისი ლაღი ხასიათი შეცვალოს, სხვის სიცოცხლეს ზიანი მიაყენოს და ადამიანად არ ჩათვალოს, სექსუალური უმცირესობის ნებისმიერი წარმომადგენელი!