შუშის სასახლე

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: ინგა ანთიძე

ყველა ჩვენი ისტორიებიდან მოვდივართ. ისტორიებიდან, რომლებიც, ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. ზოგიერთი ჩვენგანი ჯიუტად ცუდ ამბებს ჰყვება მუდამ, მაშინ როცა სხვებს მხოლოდ კარგი დროება აქვთ გასახსენებელი, ზოგიც წარსულის გარომანტიკულებას ახდენს. სადავოა, რომელ ნაწილში ექცევა ჯანეტ უოლსის ამბავი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მისი ცხოვრების ისტორია 31 ენაზე თარგმნილი ბესტსელერისა და ამავე სახელწოდების ძალიან ცნობილი ფილმის საფუძველი გახდა.

ჯანეტის მემუარები მის ბავშვობას აღწერს მშობლებთან, რომელთაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის შვილების გამოკვებაზე მეტად ადარდებდათ.

ამ წიგნზე მოსაზრებები აუცილებლად გაიყოფა. ზოგისთვის უოლსების ოჯახის ისტორია ჯოჯოხეთი იქნება, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის კი – ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე ამბავი. გვერდით ჩავლილი ადამიანებისთვის უოლსები არაფრით გამოირჩევიან სხვა ათასობით უსახლკაროსგან, თუმცა მათი ცხოვრება დაუსრულებელი თავგადასავალია. აკი აღნიშნავს კიდეც ჯანეტის დედა – როზმარი, მამათქვენთან ცხოვრება მოსაწყენი არასდროს ყოფილაო. ვერც იქნე­ბოდა, რექსი ხომ სხვა მამებისგან განსხვავებით ვარსკვლავებს ჩუქნიდა შვილებს. ჯანეტ უელსი შუშის სასახლე მთარგმნელი: ნინო ბარძიმიშვილი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ შუშის სასახლე ინგა ანთიძე სიუჟეტის განვითარებასთან ერთად პერსონაჟებისგან დამაფიქრებელ კითხვებს ვაწყდებით და მხოლოდ მათზე ფიქრი თუ მოგწყვეტს კითხვის პროცესს. ერთხელაც უოლსების უფროსი გოგონა – ლორი კითხულობს როდის შეგიძლია თქვა, რომ სადმე გიცხოვრია, „თუ რომელიმე ქალაქში ღამეს გაათევ, ნიშნავს, რომ იცხოვრე იქ? თუ ორ ღამეს რომ გაათევ? თუ ორი კვირით რომ დარჩები?“. როზმარიც ხშირად აჟღერებს საინტერესო აზრებს, რომ დამნაშავედ არავინ იბადება, რომ ყველაში უნდა აღმოაჩინოთ ცუდის საპირწონედ კარგი თვისება და ადამიანი მის გამო შეიყვაროთ.

ალბათ სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ჯანეტის მამასაც. რექსი გამოუსწორებელი ლოთია, რომელიც ლამის მთელ შემოსავალს სასმელსა და სიგარეტში ხარჯავს. თუ როგორ აღწერს მწერალი მამამისის პერსონას, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრება მხოლოდ თეთრ და შავ ფერებად არ იყოფა და სწორედ პერსონაჟების ამბივალენტურობა არ­თულებს რომანის გვერდით გადადებას. რექსის მთელი ცხოვრება ყველაფერ იმის წინააღმდეგ წასვლაა, რასაც საზოგადოების სახით ვიცნობთ. მას შეუძლია სხაპასხუპით მოჰყვეს ვრცელი ზღაპრები სამსახურებზე, რომლებიც არასოდეს ჰქონია და უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებზე, რომლებიც არასდროს აუღია. თუმცა სამსახურს ვერასოდეს ინარჩუნებს და შვილებს თავს უკეთესი მომავლის იმედებით და ოცნებებით უტენის. იქამდეც კი მიდის, რომ სათაურში ნახსენები შუშის სასახლის გეგმას ხაზავს. რექსსაც თითოეული ჩვენგანივით თავისი დემონები ჰყავს, თუმცა მათთან ბრძოლის ნაცვლად უკიდეგანო ოცნებებშია გადაშვებული და რეალობას თვალს ვერ უსწორებს. მორალურ სიცხადესა და კეთილშობილებას ასე დაშორებული ადამიანი ალბათ იშვიათად თუ შეგვხვდება, მაგრამ სწორედ მას შეუძლია ჯანეტში სილამაზე მაშინაც კი შეამჩნიოს, როცა თავად მისი ქალიშვილი ამას ვერ ახერხებს.

როზმარის ქმარზე კიდევ უფრო მცირე რაოდენობით აქვს მშობლის ინსტინქტები, მაგრამ კლდიდან წყალში თავით ხტება, უდაბნოში ხატავს და ხმამაღლა კითხულობს შექსპირს. ლორის არ სჭირდება სამყაროში ალიაქოთი და მხოლოდ სულელური პატარა სტიპენდია უნდა.

ბრაიანი შინ ეკლებით დაკაწრული სახითა და მკლავებით ბრუნდება და მადლობისა და ქება–დიდების მოლოდინის გარეშე ამატებს ფულს დების ყულაბაში.

თავად ჯანეტს კი სურს მაჯის საათი ჰქონდეს იმ ადამიანებივით, რომლებსაც შეხვედრებზე ეჩქარებათ. ბავშვებმა ისწავლეს, როგორ ეზრუნათ საკუთარ თავებსა და ერთმანეთზე, მაგრამ ვერ გაუფრთხილდნენ მათ შორის ყველაზე სუსტს. უმცროსი გოგონა მაურინი – სითეთრემდე ქერა აბრეშუმივით თმისა და უამრავი წარმოსახვითი მეგობრის პატრონი დედმამიშვილებისგან განსხვავებით, სულ ეძებდა ვიღაცას, ვინც მასზე იზრუნებდა და ყოველთვის პოულობდა ვინმეს, ვისაც მისთვის ხელის გაწვდენის სურვილი ჰქონდა. თუ მცირე ემპათია და თანაგრძნობის უნარი მაინც გაგაჩნიათ, ეს წიგნი განრისხებამდე, მძვინვარებამდე, დაუოკებელ რისხვამდე მიგიყვანთ და ამავდროულად, განცვიფრებულს დაგტოვებთ, როგორ გადაურჩნენ ბავშვები აღწერილ ბნელ ყოფას. ამაზე ფიქრისას კუნდერა გამახსენდა, რომელიც „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“ ერთ–ერთ პერსონაჟზე ამბობს, რომ „გოგოს, რომელიც „რაღაც ამაღლებულს“ ესწრაფვის, ამის ნაცვლად კი ლოთებისთვის ლუდის მიტანა და და–ძმის ჭუჭყიანი სარეცხის რეცხვა უხდება, ცხოვრებისეული ძალების უზარმაზარი მარაგი უგროვდება, რომლის მსგავსიც არ დასიზმრებიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც წიგნებზე ეძინებათ ხოლმე.“ ჯანეტმა და მისმა და–ძმამ ცხოვრებაზე იმდენი რამ ისწავლეს, ეს ბუნებრივს ხდის მათ გამოღწევას საშინელი ბავშვობიდან.

ავტორი ისე წერს მის მიერ განვლილ ჯოჯოხეთზე, რომ არსად იგრძნობა საკუთარი თავის სიბრალული. არასდროს განსჯის მშობლებს, უბრალოდ ყვება იმას, რაც იყო. შუშის სასახლის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტია, რომ ავ­ტორი ახერხებს უნიკალური გამოცდილების ხალხთან ისე მიტანას, რომ მკითხველმა საკუთარ ცხოვრებასთან პარალელი გაავლოს მიუხედავად იმისა, რომ ნაგავსაყრელზე საჭმელი არასდროს უძებნია. წიგნს თან იუმორის ტონალობა და განწყობა სდევს. შესაძლოა იმიტომ, რომ ჯანეტი ბავშვობაში მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. მაშინ როცა ყველა ბავშვი ერთნაირად გაჩხინკული და გარუჯულია. მათთვის მთავარია, ვინ დარბის სწრაფად და ვისი მამა არ არის ქალაჩუნა. „როგორ გგონია, იქნებ შეგეძლოს, აღარ დალიო?“ – მაგრამ მამისათვის დასმული ეს კითხვა რეალობასთან შემზარავი სიცხადით გაბრუნებს, დასასრულისკენ რექსის სიტყვები კი – “ხანდახან კარგი დრო მაინც გვიტარებია, არა?”, მკითხველს ფიზიკურ ტკივილს ჰგვრის. აუტანელი სიმწრითა და მთელი სიმძაფრით გრძნობ, მათი ცხოვრების ფონზე რა უმნიშვნელოა ჯანეტისთვის უცნობი სახელები სტენლი კუბრიკი და ვუდი ალენი, რომელთაც საღამოობით უდარდელად განვიხილავთ. გარეკანისთვის ალბათ იდეალური სურათია არჩეული – როზმარიმ ფანჯრებზე ვიტრაჯის ეფექტის შესაქმნელად ფერადი ბოთლები ჩაამწკრივა – რაც თითქოს სიმბოლოა, როგორ აფერადებდნენ უოლსები შვილების ბავშვობას გამოგონილი ამბებით, თუმცა ერთხელაც ახალი ამბების სააგენტოდან მოწოდებული ამბების შედეგად ჯანეტი იგებს, რომ დედა და მამა მოვლენათა დამახინჯებულ ვერსიებს უყვებიან და სამყაროც უფრო გასაგები ხდება. შეამჩნევს, როგორ არის ქვეყნიერებას მოწყვეტილი და დავიწყებული ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ და ძალაუნებურად მათ ცხოვრებასთან პარალელს ავლებ.

იდეალურად არის არჩეული სათაურიც. შუშის სასახლე გრანდიოზული დაპირებების სიმბოლოა, რომელიც რექსმა ამ დაპირებების მსგავსად, ნამსხვრევებად აქცია.

წიგნი კიდევ ერთხელ გვახსენებს, ბავშვების გადმოსახედიდან დანახული რეალობა ზრდასრულების თვალით დანახულისგან რამდენად განსხვავდება და რაც უფრო უახლოვდება წიგნი დასასრულს, უფრო და უფრო ნათლად და მკაფიოდ იკვეთება, ავტორის დამოკიდებულებისა და შეხედულებების ცვლილება. გაზრდასთან ერთად, ჯანეტის წარმოსახვა და იმედები შუშის სასახლეზე თანდათან იმსხვრევა.