სიკვდილის კულტურა

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: ანი დიდიშვილი


„არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მდგომარეობა შევუმსუბუქო“, – ჰიპოკრატე ევთანაზიას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3-4 ასეული წლით ადრე, საკუთარ ფიცში ახსენებს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თან იმდენმა და იმხელებმა, რომ მთვარეზეც კი მოვახერხეთ ფეხის დადგმა, მაგრამ ევთანაზიაზე კონსენსუსი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო დაუძლეველი ამბავია კაცობრიობისთვის, რადგან ამ დროს ერთმანეთს ეჯახება ერთი მხრივ სიცოცხლის და მეორე მხრივ – პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება.

საქართველოს კონსტიტუცია სიცოცხლის უფლებას მე-15 მუხლით იცავს: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლე რომ აბსოლუტური უფლებაა, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა მოიცავს თუ არა სიცოცხლის უფლება სიკვდილის უფლებას, საკითხავი აი, ეს არის!

1984 წლის ალკმაარის საქმე: 95 წლის მოხუცი პაციენტი ხშირად კარგავდა გონებას, რადგან არ შეეძლო საკვებისა და სითხის მიღება. მან ექიმს მოსთხოვა ევთანაზიის გაკეთება, რის საპასუხოდაც ექიმმა გამართა კონსილიუმი, სადაც დადგინდა, რომ პაციენტს გამოჯანმრთელების შესაძლებლობა არ ჰქონდა. მან შეასრულა მოხუცის თხოვნა, თუმცა ევთანაზიის გამოყენების შემდეგ ის გაასამართლეს. აპელაციის შედეგად უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექიმი დადგა კონფლიქტის წინაშე: მას უნდა შეენარჩუნებინა ადამიანის სიცოცხლე ან გაეთავისუფლებინა ის ფიზიკური ტანჯვისგან. საბოლოოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ექიმმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დანიელ ვისერის „მთის დედოფალი“ ევთანაზიის თემას ეხმიანება და თხრობის უნიკალური მანერით გადმოსცემს რობერტ ტურინის ცხოვრების ქრონიკებს მზრუნველობის სახლში – 45 წლის რობერტ ტურინი თავისი ნებით ცხოვრობს დაწესებულებაში. გარესამყაროსგან სრული იზოლირებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, საკუთარ იდენტობას არ ღალატობს – ისევ ძველებურად უყვარს სასმელი, ენამახვილობა და ფლირტი. ტურინს გაანალიზებული აქვს თავისი როგორც ამჟამინდელი, ისე მომავალი მდგომარეობა და ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ევთანაზიაა. სიცოცხლის დასრულების უამრავი ხერხი არსებობს, თუმცა, რატომ არ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი კანონიერი, უმტკივნეულო და ამავდროულად წყნარიც იყოს?!

„მთის დედოფალში“ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, ტურინი თავად გვიყვება საკუთარ ამბებს და მისი თვალებით აღქმული გარემო წიგნის დასაწყისშივე რადიკალური და მკაფიოა:

„საკმარისია, ბატონმა ტურინმა საკუთარ სხეულს დახედოს, რომ მისთვის მაშინვე ცხადი ხდება, როგორი დაუნდობელია ბუნება. ვის უნდა დააბრალოს, თუ არა ბუნებას, რომ 45 წლის მამაკაცს, სხეული რომ 65-ისას მიუგავს, 85 წლის მოხუცივითაც კი არ შეუძლია სიარული“.

ტურინის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არაა უაზროდ ტრაგიკული, პირიქით, ზედმეტად რეალისტურიც კია – მან იცის, რომ მისი ცხოვრება უაზრო და უინტერესოა, ტკივილები უძლიერდება, რცხვენია მედდების, რომელთაც უსიამოვნო საქმის შესრულება უწევთ და აბეზრებს ზოგიერთი მათგანის დამრიგებლური ხასიათი. რა გასაკვირია რომ მას ობიექტურად სურს სიკვდილი და მუდამ ცდილობს შვეიცარიაში მოხვედრას, იქ, სადაც ევთანაზია ნებადართულია.

საზოგადოებრივი ემპათია და სხვისი ჯ ა ნ ს ა ღ ი სურვილების პატივისცემა ნაწარმოების მთავარი ღერძია და მარტივად რომ ვთქვათ, წიგნი სწორედ იმაზეა თუ როგორ ცდილობს ერთი ადამიანი ნებაყოფლობით თქვას უარი იმ სამყაროზე, რომელსაც აღარაფერი აქვს რობერტ ტურინისთვის დარჩენილი. ავტორის მთავარი მოწოდება და პროტაგონისტის ერთადერთი თხოვნა, რომ ვიღაცამ თანაუგრძნოს, მისცეს ტანჯვის დასრულების შესაძლებლობა, სიკვდილისადმი უბრალო ან მომენტალური ობსესია არაა. საზოგადოების პასუხი ტურინის უდიდეს თხოვნაზე, რომელსაც იმაზე მეტჯერ იმეორებს ვიდრე ჰოლდენ კოლფილდი კითხვას „სად მიფრინავენ იხვები, როცა ცენტრალურ პარკში ტბა იყინება?“, ორივე შემთხვევაში ანალოგიურია: ტურინი და ჰოლდენი გიჟები ხომ არ არიან?!

მზრუნველობის სახლში ცხოვრების ერთფეროვანი და მონოტონური რიტმი ცვლის ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაციის ძველებურ ფორმებსაც. კვირაში ერთხელ ტურინს სტუმრობს ულამაზესი ცოლი და ცდილობს ამ შეხვედრისთვის სასაუბრო თემები წინასწარ შეარჩიოს ხოლმე, რათა მის ოთახში უხერხულმა სიჩუმემ არ დაისადგუროს. როცა სათადარიგოდ შეგროვებული სასაუბრო თემები იწურება „ხანმოკუ“ (იაპონური სიჩუმის კულტურა) ცოლ-ქმრის პანაცეად იქცევა:

„საკმარისია, ბატონმა ტურინმა მოისურვოს, რომელიმე მათგანს აუხსნას, რომ სჭირდება ადამიანი, რომელიც შვეიცარიაში წაიყვანს, რათა ტურინმა, ბოლოს და ბოლოს, შეძლოს და წერტილი დაუსვას საკუთარ ცხოვრებას, მაშინვე მუნჯდებიან. …განუმარტავენ, რომ სულიერად ჯანსაღად არის, რომ ძალიან ადრეა და მისთვის სიკვდილის დრო ჯერ არ დამდგარა. …ტურინმა ხომ Youtube-ის ვიდეოებშიც ნახა, რომ ადამიანები, რომლებიც შვეიცარიაში უმტკივნეულო მოკვდინების მიზნით მიდიან, სრულიად ნორმალური ადამიანებივით გამოიყურებიან“.

და ბოლოს, ტურინის, როგორც მარტოხელა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს წარმოსახვითი მეგობარი, კატა სახელად დუკაკისი, რომელიც მის ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს ხდის. ყველას, ვინც ამ კატის არსებობას იგებს, ეჭვი შეაქვს ტურინის საღ გონებაში და დუკაკისი მათ თვალში გაფანტული სკლეროზის ანდერძია. წარმოსახვითი მეგობრის, როგორც თანამზრახველის (Partner in crime – თითქოს ქართული არ გვყოფნის) არსებობა საერთოდ არაა გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ნიშანი. პროტაგონისტს სჭირდება მეგობარი, სახე, რომელიც ახლობელია, მას კარგად იცნობს, დაცლილია პერსონალურობისგან და ტურინს აძლევს იმპროვიზაციის, საკუთარი გემოვნებით სხვისი ჩამოყალიბების საშუალებას.