,,ჩვეულებრივი ადამიანები“ - ბუნდოვნად მბზინავი ალუბლები

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: ოლანი ბიწაძე


,,რატომ არ შემიძლია ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო?“ -ამ კითხვის დასმით ირლანდიელი მწერლის სალი რუნის ნაწარმოების პერსონაჟი თითქოს პარადოქსულ სურვილს აჟღერებს (ადამიანებს, როგორც წესი, სურთ, არაჩვეულებრივები იყონ ხოლმე), თან მკითხველსაც აეჭვებს, მაშინ წიგნს ,,ჩვეულებრივი ადამიანები“ რატომ ჰქვიაო. საერთოდაც, ვინ არის ამ წიგნში ჩვეულებრივი? ან რა არის ჩვეულებრიობის საზომი? კითხვის ავტორის შეფასებითვე, ჩვეულებრიობის დასტური სხვებისგან მიღებული სიყვარულია და თუ არავის უყვარხარ, გამოდის, შენში რაღაც რიგზე ვერ არის, ,,ბუნების შეცდომა“ ხარ.

სინამდვილეში ეს მიდგომა ისეთივე მცდარია, როგორც მარიანის (ერთ-ერთი პროტაგონისტის) დასკვნა, რომ არავის უყვარს. ის ერთ ადამიანს მაინც უყვარს, ზუსტადაც რომ მისი არაჩვეულებრიობის გამო, და ისევ პარადოქსამდე კი მივდივართ, მაგრამ არაჩვეულებრიობის ნიშნით შეყვარებული ადამიანიც ჩვეულებრივია.

ტექსტი ორი ახალგაზრდის შესახებ გვიამბობს, რომლებიც ზრდასრულებად ჩვენ თვალწინ ყალიბდებიან. მათი გაზრდის პროცესზე ბევრი რამ ზემოქმედებს დაწყებული პატარა ქალაქის სოციალური გარემოთი, გაგრძელებული პატარა ქალაქიდან დიდში გადასვლით გამოწვეული სტრესით თუ თვითდამკვიდრებისას განცდილი კრახით ან გამარჯვებით, დასრულებული იმ ადამიანებით, რომლებიც ყველა ამ ეტაპზე გმირების ცხოვრებაზე, მათი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ნებით თუ უნებურად კვალს ტოვებენ. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ მარიანზეც და კონელზეც ისე არაფერს უმოქმედია, როგორც ბავშვობას, რომელიც შესაძლოა ნაწარმოებში არ ჩანს, თუმცა მისი მოქმედების შედეგებს ჩვენ ორივე გმირის მაგალითზე ვხედავთ. შემთხვევითი არაა, რომ ,,არასასურველი ბავშვის“ სტატუსით გაჩენილი კონელი მთელი ცხოვრება იტანჯება მიუღებლობის განცდით, იმის ირიბი შიშით, რომ არავის სჭირდება, ან უარესი - არ სჭირდება მას, ვინც უყვარს; მოძალადის ოჯახში გაზრდილი მარიანი კი ძალადობის საპასუხო ვარიანტებიდან ყველაზე მცდარს ირჩევს - მორჩილებას, დანებებას. მარიანიც და კონელიც ცხოვრებისეული სატყუარებით ცდილობენ თავიანთი შიშების კომპენსაციას, ოღონდ ისინი დროდადრო როლებს ცვლიან. სკოლაში კონელია პოპულარული ბიჭი, რომელთან მეგობრობაც ყველას უნდა, კოლეჯში კი მარიანია პოპულარული გოგო. მაშინ მათი გზები სად იკვეთება? ყველგან და არსად. ყველგან იმიტომ, რომ სკოლაშიც, კოლეჯშიც მარიანი და კონელი ერთი სოციუმის წევრები არიან; არსად იმიტომ, რომ სოციუმის დაუწერელ კანონებს უფლებას აძლევენ, მათი ცხოვრება განსაზღვროს, გადაწყვეტილებები მათ ნაცვლად მიიღოს, საჯაროდ სათქმელი და დასამალი ინფორმაცია დაახარისხოს. თუმცა, შედეგად იმას კი არ იღებენ, რაც სურთ, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ რაც ეგონათ, რომ სურდათ, თურმე გაცილებით რეალურ სურვილს ფარავდა - ერთად ყოფნის სურვილს.

შეიძლება უცნაურია, მაგრამ ნაწარმოების კითხვისას მთავარი განცდა, რომელიც, როგორც მკითხველს, არ მტოვებდა, პროტესტი იყო. საამისოდ ტექსტში ბევრი მიზეზია, თუმცა, ვფიქრობ, მათი კლასიფიკაცია შეგვიძლია. მარიანის შემთხვევაში ზუსტად იმასთან გვაქვს საქმე, რაზეც ლუიზ გლიკი ესეში ,,შურისძიების შესახებ“ საუბრობს - ,,გაბრაზება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოხატულებაა, რომ შენკენ ნასროლი ისარი მიზანს მოხვდა, დაიჭერი და ახლა სისხლი გდის.“ მართლაც, მარიანიც გლიკისეულ გზას ირჩევს - ოჯახის წევრებისგან, თანაკლასელებისგან, პარტნიორებისგან მიღებულ დამცირებას მრისხანებით კი არ უპასუხოს, არამედ თავდაჭერილობით, სიმშვიდით, გულგრილობით, რასაც ადამიანები სიამაყედ მონათლავენ და ჩათვლიან რა, რომ მათმა მცდელობამ დამცირებული არათუ შეურაცხყო, არამედ გააამაყა, იფიქრებენ, რომ ნასროლი ისარი მიზანს აცდა. ეს მხოლოდ ფასადურად, სინამდვილეში კი რა ხდება? მარიანი ზუსტადაც რომ დამცირებულია, ფიზიკური თუ მორალური ძალადობისგან ,,დაჭრილი“ და ,,შინაგანი სისხლდენით“ კვდება.

კონელის შემთხვევაში უზარმაზარ გაუბედაობასთან გვაქვს საქმე. მისი გაუბედაობა იმდენად იმ მოტივით არაა პროვოცირებული, რომ ,,კაცებს ქალების თავისუფლების შეზღუდვა უფრო აინტერესებთ, ვიდრე პირადი თავისუფლების კვლევა,“ -რამდენადაც უბრალოდ პირადი თავისუფლების კვლევის შიშით. ამიტომაცაა, რომ კონელი მატერიალურ მდგომარეობას თუ სხვა რიგ ფაქტორებს უფლებას აძლევს, დაჩაგრონ.

,,თუ გჩაგრავენ, საკუთარი თავის შესახებ ახალს ვერაფერს ისწავლი, მაგრამ თუ მჩაგვრელი ხარ, შენს თავში ისეთ რამეს აღმოაჩენ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დაივიწყებ,“ -ვფიქრობ, ,,ჩვეულებრივი ადამიანების“ ეს ფრაზაა გმირების სამაშველო რგოლი. ოღონდ ეს რგოლი დაზიანებულია და გმირების გადარჩენა არ შეუძლია. კონელიც და მარიანიც მანამ ვერ გადარჩებიან, სანამ არ მიხვდებიან, რომ დაჩაგრულის სახელთან შეგუება საკუთარი თავის ძიებაზე უარის თქმას ნიშნავს, და თუ ძველ ჩინურ სიბრძნეს დავუჯერებთ, ,,როცა კაცი თავს ვერ პოულობს, მას თავისი მოდგმა შთანთქავს.“ მათ ამის შესახებ გაუცნობიერებლად იციან და ამიტომაც გაურბიან ოჯახს, თუმცა, აკი, მარიანი ბოლოს ხვდება - ,,ადამიანებს ვერ გაექცევი, მათგან ვერ გათავისუფლდები, ფუჭი იქნება ყველა მცდელობა.“ იქნებ ადამიანებისგან გაქცეული ისევ ადამიანებისკენ უნდა გაიქცე? ალბათ მხოლოდ ეს არ იქნება ფუჭი და ალბათ ამიტომაც აქვს ტექსტს მოლოდინიანი ფინალი.

მე ისეთი დასასრულები მიყვარს, რომლებიც ,,დასასრულის“ ეტიმოლოგიას არ ამართლებს და ბოლო ფრაზის წაკითხვის შემდეგ მრჩება განცდა, რომ იმის იქით იმაზე საინტერესო ამბებია, ვიდრე ბოლო ფრაზამდე იყო. ,,ჩვეულებრივი ადამიანების“ წაკითხვის შემდეგ კი, როცა ამ წიგნზე ვფიქრობ, ვფიქრობ ,,ბუნდოვნად მბზინავ ალუბლებზე“, რომელთა ბზინვარებასაც შეიძლება ბევრი ვერავინ ამჩნევდეს, მაგრამ თვითონ ალუბლები ხომ მაინც ამჩნევენ, არა?