დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალისთვის
ავტორი: ია კელერმანი
ყურებიან სარწეველა სკამში ჩავჯექი და წიგნის კითხვა დავიწყე, ასე მარტივია სხვის ტყავში შეძვრე და მისი უკეთ გაიგო. ყოველი ახალი ამბის წინ, საზურგე შეამოწმო და მიხვდე – მზად ხარ თუ არა, ახალი თავგადასავლისათვის.
კითხვის პროცესში ბევრ ისეთ ამბავს ნახავთ, რომელიც დღევანდელობასთან ძალიან ახლოსაა, არ მიყვარს ეს სიტყვათა შეთანხმება, თუმცა კითხვის დროს, არ არსებობს, იგივე არ დაინახოთ. სიკვდილის ქრონიკებიდან დაწყებული, ადამიანისა და საზოგადოების გაუცხოებით გაგრძელებული, წარსულში დაბრუნებითა და გაანალიზებით, როგორ იქეცით ბედნიერ და იმედით სავსე ადამიანიდან, უიმედო და უბედურ ადამიანად, არა მხოლოდ თქვენ, არამედ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ცხოვრების იმედსა და ბედნიერ მომენტებს 30 წლის წინ იზიარებდით, რა შეიცვალა?…
წიგნი მუდმივი კითხვის დასმის მცდელობაა, სხვებსა და საკუთარ თავზე დაკვირვებით.
ჰო, რა შეიცვალა? რა მოხდა? რატომ აღარ დარბიხართ ღვინით ხელში იმ ადამიანთან, რომელიც ერთ დროს თქვენი საუკეთესო მეგობარი იყო, დავიჯერო ეს მის გარდაცვალებას უკავშირდება? და ირბენდით მაშინ, თუ ის ისევ ცოცხალი იქნებოდა? არა? მაშინ რა მოხდა? ჰო, თქვენგან ვითხოვ პასუხს, ცოტახანს გაჩუმდით, სხვებს არა მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ, რა მოხდა? რატომ გიხარიათ სხვისი სიკვდილი, გგონიათ თქვენ მუდამ ცოცხალი იქნებით?…. ამ კითხვას პროტაგონისტსა და მისი თვალით დანახულ საზოგადოებას კი არ უნდა ვუსმევდე, არამედ ვჩერდებოდე, აღარ ვაგრძელებდე წერას და საკუთარ თავს ვეკითხებოდე.
ავსტრიელი ავტორის, პროზაიკოსისა და დრამატურგის თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა“ მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. ავტორი ძალიან კარგად იცნობს იმ სფეროს, რაზეც წერს. ქართულად თარგმნილი ორივე წიგნი თეატრს, მის გარშემო არსებულ სიტუაციას, საზოგადოების სურვილებს, მოლოდინებს, რეალობას, ადამიანებს, მათ ცხოვრებას, საკუთარი თავის ამ საზოგადოების ნაწილად ვეღარ მიჩნევას ეხება, თუმცა თან ისე, რომ მას ვერ გაექცევი.
ბოლო დროს, საზოგადოებას, რასაც მედია კიდევ უფრო ამძაფრებს, თან გასდევს სიკვდილის ქრონიკა და ყველა მედია საშუალება ნეკროლოგადაა ქცეული.
წიგნი პროტაგონისტის თხრობით და ძველ, არასასიამოვნო, მეგობრებთან შეხვედრით იწყება. შეხვედრა მოსალოდნელი და ამავე დროს, შემთხვევითია და პერსონაჟს მეგობრის გარდაცვალების შესახებ, აწვდის ინფორმაციას, რომელიც ისედაც იცის. აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია, პერსონაჟი ხაზს უსვამს როგორი ბედნიერები არიან აუერსბერგერები არასასიამოვნო ამბის გადმოცემით, მწუხარებაზე დაკვირვებით, რომელსაც მათი ნათქვამი შენს სახეზე აჩენს.
წიგნს წინ უძღვის ვოლტერის ფრაზა – „რადგან ვერ შევძელი ადამიანების გონზე მოყვანა, ვარჩიე, მათგან შორს ვყოფილიყავი ბედნიერი“, რომელსაც სხვადასხვა ფორმულირებით ტექსტში ხშირად აჟღერებს პროტაგონისტი.
ძველ მეგობრებთან ვახშამზე მიწვეული პერსონაჟი ყურებიანი სავარძლიდან აკვირდება შეკრებილ საზოგადოებას და მთლიანი წიგნი ერთგვარი „თავის მართლებაა“, წარმოდგენაა იმ საზოგადოების მანკიერების, რომელშიც 30 წლის განმავლობაში ტრიალებდა და უკვე 20 წელია ჯერ გაუუცხოვდა და შემდგომ გაექცა კიდეც.
ბერნჰარდის ტყის ჩეხვა, რომელსაც ავტორმა აღზნებაც უწოდა, გაუცხოებულ ადამიანს საშუალებას აძლევს დააკვირდეს იმას, რასაც ერთ დროს, უკანმოუხედავად გამოექცა. აძლევს ანალიზის შესაძლებლობას.
„ეს ქალაქი ხომ ჩემი ქალაქია და მუდამ ჩემი ქალაქი იქნება და რომ ეს ადამიანები ჩემიანები არიან და მუდამ ჩემიანები იქნებიან-მეთქი და მივრბოდი და მივრბოდი და ვფიქრობდი, რომ მე, როგროც ყველაფერ საშინელს, გენცგასეზე ამ საშინელ, ეგრეთ წოდებულ შემოქმედებით ვახშამსაც გადავურჩი’’.
ორმხრივი უარყოფითი დამოკიდებულება, რის დასანახავადაც საუბარი არ არის საჭირო, ისედაც ჩანს, მოშორებით, დამკვირვებლის პოზიციაში მჯდომი ერთი ადამიანიდან ნელა გადაიტან მზერას მეორე ადამიანზე და ყველაფერი ცხადია
„როგორც ათწლეულების მანძილზე მარიდებდნენ თვალს, როგორც ათწლეულების განმავლობაში მე ვარიდებდი“ – „ყველა გრძნობს რომ მძულს, რომ მეზიზღებიან, ესმით კიდეც“ – პროტაგონისტის დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, ცალმხრივი არ არის, თუ იგი ფიქრობს რომ ვახშამს დაუფიქრებლად დათანხმდა, მისი აზრით, მასპინძლებმაც დაუფიქრებლად დაპატიჟეს.
წიგში ხშირია მის მიერ, მუდმივი აღნიშვნა იმის, რომ ისევ სკამზე ზის, ისევ აკვირდება, ისევ იხსენებს და უცებ ამის ფონზე, საკუთარ თავს დაუსვამს კითხვას, რომ ამ ადამიანებთან ერთად, ბედნიერიცა და მომავლის იმედით სავსეც იყო, ჰოდა რა უქნა საკუთარ თავს? ან რა უქნეს ადამიანებმა საკუთარ თავს, რად იქცნენ, როგორ გადაააქციეს ცხოვრება შემოქმედებით ვახშმად, რომელიც ყოველთვის სხვისთვისაა მიძღვნილი და თან იმისთვის, ვინ ყოველთვის იგვიანებს, ვინც არასდროს არ მოდის.
წიგნი დღევანდელობას შემოქმედებითი უიმედობითაც მოგაგონებთ, წარმოდგენილი ყველა პრობლემა, რეალობასთან დაჯახებას და ბავშვობის ასაკიდან გამოსვლას ძალიან ჰგავს, მაშინ, როცა შედეგებს სთხოვ შენს თავს და მიზეზები უცნობია, ამიტომაც უკან დაბრუნება, ყურებიან სავარძელში მოკალათება, შორიდან დაკვირვება და მდუმარედ ყველა ამბის თავიდან გავლა გიწევს.
კმაყოფილების მომგვრელი უმაღლესი მწვერვალი, რომელმაც თავისი ნიჭი ვენაში ჩამოსვლის პირველ კვირაშივე გაფლანგა.
ჩარჩენილობა – „ჯოანას დაკრძალვის ფაქტზე მეტად ის მთრგუნავდა, რომ მის კუბოს უკან სულ შემოქმედებითი გვამები მისდევდნენ, სულ ხელმოცარულები, რომლებიც გადაუღებელმა თავსხმა წვიმამ სასაცილოობამდე გაასაცოდავა“.
„ნამდვილი ცხოვრებით არ გიცხოვრია, მხოლოდ ნათამაშევი ცხოვრება გაქვს. არა ნამდვილი, ყველაფერი, რაც შენ გეხება და ყველაფერი, რაც შენ ხარ, მხოლოდ ნათამაშევი“ – სასაფლაო აღვიქვი ყველაზე უფრო ბუნებრივ რამედ დედამიწაზე.
და ბოლოს, ისე ახლოს ვართ ადამიანებთან გვგონია ეს კავშირი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგვყვება, არადა ძაალიან მალე მთავრდება ყველაფერი და ადამაინები იმაზე მეტად ხდებიან უცხოები ჩვენთის, ვიდრე მაშინ არიან, როცა გვგგონია რომ ყველაზე კარგად ვიცნობთ მათ.
„ტყის ჩეხა“ – დაგაფიქრებთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე, რომლისთვისაც, დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გიკითხავთ რა უყავით საკუთარ თავს, და თუ კითხვა სხვისი მისამართით გაგიჩნდათ, სხვას დააბრალეთ, დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თქვენს თავს კითხეთ, წამოდექით ყურებიანი სავარძლიდან და ამბავი გააგრძელეთ, რადგან ყველასა და ყველაფერს გაექცევით საკუთარი თავის გარდა.