ბოჰუმილ ჰრაბალი ტრაგედიისა და კომედიის ზღვარზე

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი: გიორგი ნიჟარაძე


იმ დროისთვის, როდესაც ბოჰუმილ ჰრაბალი მცირე რომანს - „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ - წერს, პრაღაში გაზაფხული ჯერ კიდევ არ „დამდგარა“. მის „მოსვლამდე“ სამი წელია დარჩენილი. არც ის უამრავი ომი მომხდარა ჯერ, რომელსაც ჩვენი სამყარო მომავალში იხილავს. თუმცა, რა საჭიროა „პრაღის გაზაფხული“, როცა ჰრაბალის ქვეყანას ოკუპაციის დიდი და მტკივნეული გამოცდილება უკვე აქვს. ჰრაბალი აქაც კლასიკური ჰრაბალია, თუმცა, არც ისე სიტყვაუხვი, როგორც მის მთავარ ნაწარმოებებში. ქართული თარგმანიც, როგორც წინა ორ შემთხვევაში, რასაკვირველია, მოწოდების სიმაღლეზეა.

„ორმოცდახუთი წელია, გერმანელებმა არა მხოლოდ მთელი მსოფლიო ვერ დაიპყრეს, ჩვენი პატარა ქალაქიც კი დაკარგეს“ - თხრობის დასაწყისშივე გვეუბნება 22 წლის ჩეხი ბიჭი, რკინიგზის სადგურის მორიგე, მილოშ ჰრმა და თავის ტრაგიკომიკურ სპექტაკლზე გვეპატიჟება. პირველივე ფრაზამ შესაძლოა ამბივალენტური გრძნობები გამოიწვიოს, გააჩნია რა ეროვნების ან მსოფლმხედველობის ადამიანი კითხულობს მას. თუმცა, მგონი მაინც სასაცილოა, მინიმუმ - ღიმილის მომგვრელი. აქედან იწყება ემოციების მყისიერ ცვლილებათა მთელი კასკადი, რომლის მატერიალური განსხეულება ალბათ ყველაზე მეტად ელექტროკარდიოგრამის გამოსახულებას ჰგავს. ორი საწინააღმდეგო პოლუსი ცალსახაა, პოლუსებს შიგნით კი შიგადაშიგ ბრაზის, გულისრევის, აღფრთოვანების და კიდევ ბევრი სხვა შეგრძნება ჭარბობს.

ორმოცდახუთი წელია და სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება. თუმცა, მილოშ ჰრმას თავისი გასაჭირი აქვს. სამედიცინო წიგნის მიხედვით ejaculatio precox სჭირს, თუმცა, აბა ვის სცხელა მილოშისთვის, როდესაც წუთი-წუთზე სამყაროს ბედი უნდა გადაწყდეს. საერთოდაც, რა ფასი აქვს ერთ ადამიანს, როდესაც საქმე სამყაროს ბატონობას უკავშირდება?! დათრგუნული მილოში გასაჭირის გამო თავის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა სიკვდილი მისთვის ჯერ ვერ მოიცლის, რადგან მილოშს საქმე აქვს გასაკეთებელი - გერმანელი ჯარისკაცი უნდა მოკლას და სისხლისმღვრელ ომში, უნებლიეთ, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

თავიანთი გასაჭირი აქვთ დისციპლინარული კომიტეტის წევრებს, რომლებსაც ხმა მიუვიდათ, რომ რკინიგზის მთავარმა მორიგემ, ვინმე პან ჰუბიჩკამ, თანამშრომელ ტელეგრაფისტ ზდენკა წმინდანს საჯდომი რკინიგზის სადგურის ბეჭდით მოუხატა. იმავეს გაკეთებაზე არც თავად იტყოდნენ უარს, თუმცა, მაგას ხომ დიდი გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა, რომელიც მხოლოდ პან ჰუბიჩკას აღმოაჩნდა. გოგონა კი ბედნიერია, კინემატოგრაფში გადანაცვლებას აპირებს. თუმცა, პან ჰუბიჩკა უნდა დაისაჯოს ამ მძიმე დანაშაულისთვის! მერე რა, რომ პიროვნების თავისუფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. რკინიგზის სადგურის ბეჭედზე ხომ გერმანული სიტყვებია ამოტვიფრული, რაც გერმანული ენის შეურაცხყოფას გულისხმობს!

გარეთ კი, ამასობაში, სიკვდილი ზეიმობს. ზღვა სისხლი მოჟონავს არტერიებიდან, თუმცა, ეს არტერიები ცხოველებს ეკუთვნით: ბოცვრებსა და ბატებს, ძროხებსა და ცხვრებს, ცხენებსა და ღორებს, ხარებსა და თხებს. თურმე, პან უფროსის ცოლს ცხოველის დაკვლის თავისი მეთოდი აქვს: თუ გინდა, რომ მისი ხორცი უფრო გემრიელი და ნაზი იყოს, ბლაგვი დანა ცხოველს ყელში უნდა გაუყარო და იქამდე უნდა ატრიალო და ატრიალო, სანამ წივილით არე-მარეს არ აიკლებს და ბოლოს წივილს საერთოდ შეწყვეტს. როგორც ჩანს, ზოგიერთები რთულ პერიოდშიც არ კარგავენ მაქსიმალური სიამოვნების მიღების შანსს.

უი, ჰო. სადღაც ადამიანებიც კვდებიან. თუმცა, სამყაროს ბატონობა დევს სასწორზე. ნაწარმოების ფინალურ სცენაში მილოშ ჰრმას გონება უნათდება. ვინ იცის, გერმანელი ჯარისკაცი მშვიდობიანობის დროს რომ ენახა, იქნებ ერთმანეთი მოსწონებოდათ და საერთო ენაც გამოენახათ. მაგრამ, განა რისი შეცვლა შეუძლია ერთი ადამიანის სიკვდილს ან სიცოცხლეს? მილოშის ჰიპნოტიზიორმა ბაბუამ გერმანელების ტანკების წინააღმდეგ ჰიპნოზით ბრძოლა სცადა, თუმცა, ტანკმა მისი საქციელი ყურად არ იღო, ზედ გადაუარა და თავი მოაწყვიტა. სამაგიეროდ, ამ ამბავმა სოფლის მაცხოვრებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია: ერთნი ამბობდნენ ბაბუა სრული გიჟი იყოო, მეორენი კი ამტკიცებდნენ, ყველა ჩეხი მასავით რომ მოქცეულიყო, ვინ იცის გერმანელები რას გაახერხებდნენო.

ვინ იცის, იქნებ მართლა აქვს ადამიანთა ერთიანობას აზრი? იქნებ ერთი ადამიანის სიცოცხლესაც აქვს ფასი? ან, იქნებ მართლა სჯობს შინ დავაყენოთ ტრაკები? ვინ იცის...