იუვალ ნოა ჰარარი – „კაცობრიობის მოკლე ისტორია”

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის

ავტორი:  ია გელიტაშვილი

იუვალ ნოა ჰარარი 1976 წელს ისრაელში დაიბადა. ჰომო საპიენსი – კაცობრიობის მოკლე ისტორია 2011 წელს ებრაულ ენაზე, 2014 წელს ინგლისურად, ხოლო 2020 წელს ქართულად გამოვიდა, თარგმნა ნიკა სამუშიამ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სერია აკადემიაში გამოსცა.

იქამდე, სანამ უშუალოდ კაცობრიობის მოკლე ისტორიაზე მოგიყვებოდეთ, გავიხსენებ ფროიდსა და ადამიანის სამ, კოსმოლოგიურ, ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ, დარტყმას: თავიდან ადამიანს სწამდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში უძრავად დგას, მზე მთვარე, პლანეტები მის გარშემო მოძრაობენ. ადამიანი ვერ გრძნობდა დედამიწის მოძრაობას, მაგრამ ხედავდა როგორ ჩადიოდა და ამოდიოდა მზე, მთვარე, როგორ ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ცაზე ვარსკვლავები. იგი თავს ხედავდა იმ წრის ცენტრში, რომელიც სამყაროს მიემართებოდა. ამ ილუზიის დანგრევა ნიკოლაი კოპერნიკის სახელს უკავშირდება, ესაა პირველი, კოსმოლოგიური შეურაცხყოფა ადამიანისთვის.

მეორე ბიოლოგიური შეურაცხყოფა მდგომარეობს ადამიანისა და ცხოველის მსგავსებაში, რის შესახებაც დარვინის შრომები მოგვითხრობს: ადამიანი არ წარმოადგენს სხვა არაფერსა და უკეთესს თუ არა ცხოველს.

ყველაზე მტკივნეული და მესამე ფსიქოლოგიური შეურაცხყოფაა – „მე“ არაა ბატონი საკუთარ სახლში. ქვეცნობიერისა და ცნობიერის მუდმივი ჭიდილი.

აქვე მოვიხმობ კონრად ლორენცის ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელ ცოდვას, რადგან ჰარარის მარტივად გადმოცემული იდეები მეტად მარტივად გასაგებია აკადემიურ კონტექსტში, განსაკუთრებით მაშინ თუ ყოველ დილას დავუსვამთ ჩვენს თავს კითხვას ვართ თუ არა ბედნიერები? ლორენცი ერთ-ერთ ცოდვად კაცობრიობის ინდოქტრინაციასა და გრძნობების გაცივებას ასახელებს, რომელშიც ადამიანის სწრაფ ზრდას მოიაზრებს დედამიწაზე და სიხარულისა და მწუხარების უნარების სწრაფ მონაცვლეობას, როდესაც ადამიანს იმდენად ეშინია მწუხარების, და არ უნდა მისი განცდა რომ ამასთან ერთად სიხარულის უნარიც უქვეითდება. ეს მის სურვილში, აღარ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, გამოიხატება.

მოცემულ ავტორებზე ყურადღების გამახვილებით გაჩვენებთ, რომ ჰარარის ტექსტი არ არის რაიმე ახალი, მაგრამ მოცემულია იმდენად მარტივი ენითა და მაგალითებით რომ ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ისტორიისა და სამეცნიერო ნაშრომების ცოდნა.

ეს არ არის წიგნი, რომელიც წინასწარი სიუჟეტის გადმოცემით უინტერესო ხდება, რადგან ის თავად ქმნის სიუჟეტს თქვენს თავში, იწყებთ ფიქრს, რომელიც ჭორაობაზე მეტია და კითხვების დასმას…

ახლა კი, გადავიდეთ უშუალოდ ჰარარის წიგნზე, რომელშიც ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის სრული ისტორია ჰარარისეული ინტერპრეტაციით არის წარმოდგენილი. მას მოჰყავს მაგალითები ფაქტების გასამყარებლად და სვამს მუდმივად კითხვებს, რომელიც ეხება ადამიანის ბედნიერებას, მისი განვითარების ეტაპებს, მის გარშემო არსებულ ცხოვრებასა და თავად მას, რადგან ის არის ის, ვინც კითხვებს პასუხი უნდა გასცეს…

მისი თანამედროვე და მარტივი შედარებები ტექსტს სასიამოვნო საკითხავ მოქნილობას სძენს „როგორც მთავრობა გადაანაწილებს ქვეყნის ბიუჯეტს თავდაცვიდან განათლების სისტემაში, ისევე ნაწილდებოდა ადამიანის ენერგია კუნთებიდან ნეირონებში’’.

ადამიანის ცხოვრებაში ცეცხლის გაჩენის მნიშვნელობა და მისი დანთების შესაძლებლობა ნებისმიერი მაშინ არსებული ადამიანისთვის – ‘’ცეცხლის მოშინაურებით ადამიანს მიეცა წვდომა კონტროლირებად და პოტენციურად უშრეტ ენერგიის წყაროზე. არწივისგან განსხვავებით ადამიანს შეეძლო ზუსტად განესაზღვრა სად და როდის დაანთებდა ცეცხლს და ამ რესურსს უამრავ საქმეში იყენებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის ძალა, ადამიანის სხეულის ფორმით, სტრუქტურით ან ღონით არ იზღუდებოდა. ერთ ქალს უბრალო კაჟის ქვით ან ჯოხით მთელი ტყის გადაწვა სულ ერთ საათში შეეძლო. ცეცხლის ათვისებამ სამომავლო სურათი განსაზღვრა’’.

ასევე ჰარარი უშვებს, რა მოხდებოდა მაშინ, თუ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა:

რა მოხდებოდა მაშინ თუ ‘’ჰომო საპიენსთან ერთად ნეანდერტალელები და დენისოვებიც გადარჩენილიყვნენ, რა ტიპის კულტურები, საზოგადოებები და პოლიტიკური სისტემები ჩამოყალიბდებოდა მსოფლიოში, სადაც ადამიანთა რამდენიმე, განსხვავებული სახეობა იცხოვრებდა? რა ფორმით წარმოიქმნებოდა რელიგიები? შერაცხავდა ბიბლია ნეანდერტალელებს ადამ და ევას შთამომავლებად? მოკვდებოდა იესო დენისოვების ცოდვების გამოსასყიდად? მიუჩენდა ყურანი ადგილს სასუფეველში ყველა პატიოსან ადამიანს, განურჩევლად სახეობისა?’’

ჰარარის მიერ წარმოდგენილი ადამიანის შესაძლო გადარჩენა უკავშირდება მის მრავალრიცხოვან ჯგუფებთან თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის უნარს, მის გრძელვადიან გეგმებს, წარმოდგენებს, აზროვნებისა და განვითარების უნარს, ნებას, სინამდვილისა და გამოგონილი ამბების აღრევას, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს დაპატრონებისა და სხვა სამყაროების დაპყრობის მცდელობას. ადამიანის, როგორც მოცემული სახის მქონეს, გაქრობასა და გადაშენებას. ტექნოლოგიურ და ნებისმიერ პროგრესს, რომელმაც გამოიწვია თუ არა ადამიანის ბედნიერების სურვილის მოკვდინება, რადგან იმდენად ვართ ორიენტირებულები არ ვიყოთ უბედურები – ამის ფონზე შეგვწევს ბედნიერად ყოფნის შესაძლებლობა?

და ბოლოს, როგორ მოვედით აქამდე?…

თუ ადამიანთა ისტორიის გადააზრებასა და ახალი საკვლევი კითხვების გაჩენას ჰარართან ერთად არ შეუშინდებით, მაშინ წინ მშვენიერი მოგზაურობა გელით თქვენსავე ძალიან მოკლე ისტორიაში.