დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის
ბლოგის ავტორი - ოლანი ბიწაძე
ბრაზილიელი მწერლის კლარის ლისპექტორის რომანის „ველურ გულთან ახლოს“ მთავარ პერსონაჟს ერთ-ერთ ეპიზოდში ბავშვობაში მამის მიერ საგანგებოდ მისთვის დაწერილი ლექსი ახსენდება:
„გვირილა იას იცნობდა.
ერთი – ბრმა, ერთიც – გიჟი.
ბრმას შეშლილის ხმა ესმოდა და ლაპარაკი მისი,
ბოლოს კი ის დაინახა, რაც სხვამ არავინ იცის…“
მართალია, მამამ ჟოანას ეს ლექსი უბრალოდ გასართობად დაუწერა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ სტრიქონებში შეიძლება იკითხებოდეს კონკრეტულად ამ ტექსტის პროტაგონისტის მთავარი ცხოვრებისეული ამოცანის პირობა, ზოგადად კი კაცობრიობის მარადიული საფიქრალი: ვინ არის ადამიანი – ის, ვისაც სხვები ხედავენ თუ ის, ვისაც თავად ხედავს საკუთარ თავში.
„ველურ გულთან ახლოს“ ცნობიერების ნაკადის რომანია, შინაგანი მონოლოგებით დაწერილი და მიუხედავად ამისა, მკაფიოდ სტრუქტუირებული საიმისოდ, რომ წარსულსა და აწმყოში, ბავშვობასა და ზრდასრულობაში წარმართულ ნარატივში არა მარტო პერსონაჟ(ებ)ის იდეოლოგიური დილემები გამოიკვეთოს, არამედ მათი გამომწვევი შესაძლო მიზეზები. ჟოანა ჯერ კიდევ მცირეწლოვან ასაკში კარგავს მშობლებს, მოგვიანებით გოგონაზე უარს ამბობენ აღმზრდელი ბიცოლა და ბიძა, საბოლოოდ კი მისგან მიდის ქმარიც. თუმცა, არცერთი „წასვლა“ ჟოანასთვის არ აღიქმება „მიტოვებად“, არამედ არჩევანად, რომელიც მან თავად გააკეთა, ბიძგად, რომლის გამომწვევიც თვითონვე იყო. შეიძლება ასეც ითქვას: ჟოანას აქვს კითხვები და ვიღაცების „წასვლა“ ზოგჯერ ამ კითხვების უზუსტესი პასუხებია.
ლიტერატურულ ნაწარმოებზე მსჯელობისას რომან ინგარდენი აღნიშნავს, რომ ტექსტის საგნობრივი შრე ყოველთვის შეიცავს „განუსაზღვრელობით ადგილთა“ წყებას, რომელთა რეკონსტრუირება და კონკრეტიზება მკითხველის ამოცანაა. რეცეფციული ესთეტიკის საფუძვლად ქცეული ცნებების მოხმობა მართებული იქნება კლარის ლისპექტორის რომანის განხილვისასაც, რადგან ტექსტი სწორედ ინგარდენისეული „განუსაზღვრელობითი ადგილების“ ერთობლიობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათგან ნაწილის განსაზღვრა, კონკრეტიზება პროტაგონისტის მისიაა, ნაწილისა კი – მკითხველის. ერთი მხრივ, წარსულიდან მომზირალი და აწმყოში გაჭედილი ჟოანა ცდილობს კითხვების ქაოსის დალაგებას, მეორე მხრივ კი, ჟოანას წარსულსა და აწმყოზე, მის ცნობიერსა თუ ქვეცნობიერზე ორიენტირებული მკითხველი აღადგენს იმას, რამაც ადამიანის რეალური სახე, მისი დანიშნულების მკაფიო სურათი უნდა მოგვცეს. ცხადია, ეს მარტივი გზა არაა, რადგან საკუთარი თავის პოვნის გზა ყოველთვის იმდენად ვიწრო ბილიკებზე გადის, რომ შეიძლება მათზე სიარულისას საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის მნიშვნელობა დაგავიწყდეს, ან უარესი – რაღაცის პოვნის სურვილით შეიარაღებული, შენგან დამოუკიდებლად, განიარაღდე. ჟოანას გზის ვიწრო ბილიკები ზოგჯერ კითხვების სახით ფორმულირებული დილემებია, ზოგჯერ – მარადიულად თანმდევი წარსულის მოგონებები, აუხსნელი სურვილები, სხვების ცხოვრებაში საკუთარი როლის განსაზღვრის მცდელობები და ა.შ. ამ ბილიკების „სივიწროვე“ კი სწორედ პერსონაჟისა და მკითხველის რეკონსტრუქციისა და კონკრეტიზაციის უნარის მოშველიებით შეიძლება „გაფართოვდეს“.
ბედნიერების არსი: მიზანი თუ საშუალება? – ერთხელ ჟოანამ მასწავლებელს ჰკითხა: „რის მისაღწევად არის საჭირო ბედნიერად ყოფნა?“ მართალია, მასწავლებელს მისთვის არ უპასუხია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ კითხვის დანიშნულება მთელი რომანის განმავლობაში სწორედ კითხვით წინადადებად ყოფნაა, მისი ექო ტექსტის ყველა ნაწილში ისმის, თითქოს ყველაფერი, რასაც ჟოანა აკეთებს და ამბობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს: ადამიანებს გვჭირდება, რომ ბედნიერები ვიყოთ, თუ ბედნიერება იმისთვის გვჭირდება, რომ კიდევ სხვა რაღაცას მივაღწიოთ? ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ბედნიერების არსის ბინარულობაა, რადგან სანამ ბედნიერებას არ მივაღწევთ, მანამდე არ ვიცით, რომ მას მეორე მხარეც აქვს. და წარმოიდგინეთ იმ გოგონას მდგომარეობა, რომელიც ამ კედელს ჯერ კიდევ ბავშვობაში ეჯახება, თუმცა ჟოანას ძალა სწორედ იმაშია, რომ ის არ ცდილობს, კედელი გაანგრიოს, მასში გავლას ცდილობს.
წერტილი განზომილების გარეშე – მარტოობის მაქსიმუმი – მარტოობის გარდაუვალობის გაცნობიერებას ადამიანების უმრავლესობა სასოწარკვეთილებამდე, ნებისმიერი გზით მარტოობისგან გაქცევის მცდელობებამდე მიჰყავს, ჟოანა კი მარტოობისგან კი არა, მარტოობისკენ გარბის, რასაც ბავშვობაში რამდენადმე გაუცნობიერებლად, მოგვიანებით კი თვითნებურად აკეთებს. არ ეწინააღმდეგება ინტერნატში მისი გაგზავნის იდეას, ერთადერთ ნაცნობებთან დაშორებას, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ სინამდვილეში ობოლმა ჟოანამ უკვე კარგად იცის საკუთარი მარტოობის გარდაუვალობის, იმის შესახებ, რომ ნაცნობებთან ყოფნა არ გამორიცხავს მარტოობის, სხვების მიერ შენი ვერგაგების, ვერმიღების შეგრძნებას. მოგვიანებით ჟოანა ოტავიოს (ქმარს) ეტყვის: „გიფიქრია, რომ წერტილი, ერთადერთი წერტილი განზომილების გარეშე, მარტოობის მაქსიმუმია? წერტილს თავის თავის იმედიც კი არ შეიძლება ჰქონდეს. ასეა თუ ისე, საკუთარი თავის გარეთაა.“ ჟოანა ხვდება იმას, რასაც ადამიანები, როგორც წესი, ან ვერ ხვდებიან, ან მიხვედრისთანავე ივიწყებენ. შეიძლება ითქვას, რომ რიგითი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მეგობრების გაჩენის, კარიერის აწყობის, დაქორწინების, შვილების ყოლისა თუ სხვათა შესახებ სწორედ ამის დავიწყების მცდელობაა, საკუთარი თავის გარეთ ყოფნის შიშით გამოწვეული სადღაც მყოფობა, ვიღაცებთან მყოფობა. და მიუხედავად იმისა, რომ ჟოანაც ქორწინდება, შვილის ყოლის ინიციატივა უჩნდება, მას გაცნობიერებული აქვს, რომ წერტილია განზომილების გარეშე. წერტილი, რომელსაც საკუთარი თავის იმედიც არ აქვს.
საკუთარი თავის უგულებელყოფა, როგორც თვითრეალიზების შესაძლებლობა – ჟოანას ისტორია სხვების მიერ მისი უგულებელყოფის ისტორიაა. მასზე უარს ამბობდნენ გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, რადგან ნებისმიერი ფორმით მისგან წასვლა, იქნება ეს გარდაცვალება თუ ინტერნატში გაგზავნა, გოგონას თავს უგულებელყოფილად აგრძნობინებდა. თუმცა ჟოანას სჯერა, რომ „მარტოობა იქიდან მოდის, რომ ყოველ სხეულს უსათუოდ საკუთარი დასასრული აქვს… სიყვარული სიკვდილში წყდება…“ ამიტომაცაა, რომ მას არ ეშინია არც იმის, რომ მასზე სხვები ამბობენ უარს, არც იმის, რომ თავად თქვას უარი სხვებზე და მეტიც, უარი თქვას საკუთარ თავზე. ფურცელზე საგანგებოდ ჩაწერილ წინადადებას – „პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს უგულებელყოფს, უფრო სრულად ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას“ – ჟოანა გონებაში კითხვას უსვამს: სიმართლეა თუ ტყუილი? ერთადერთი, რითაც ამ ფრაზის ჭეშმარიტება შეიძლება შემოწმდეს, მისი რეალობაში განხორციელება, საკუთარი თავის უგულებელყოფაა. ჟოანა ასეც იქცევა და მკითხველი, რომელიც მორიგი კითხვის პასუხის კონკრეტიზებას ცდილობს, ჟოანას ნაცვლად ასკვნის: სიმართლეა, სიმართლე!
ერთი ცხოვრების ტრაგედია – ვიღაცამ თქვა, ყველაზე ნაკლები, რაც ადამიანებს აქვთ, დროა და მაინც, ისე ვიქცევით, თითქოს დრო ყველაზე მეტი გვქონდესო. ცხოვრებისეული დროის მიმართ ჟოანას დამოკიდებულება მფლანგველური ნაკლებადაა, თუმცა არც ბოლომდე გაცნობიერებული. ჟოანა მხოლოდ რომანის დასასრულს იაზრებს, რომ მარტო ერთი ცხოვრება აქვს და ისიც ხელიდან უსხლტება. ამ „აღმოჩენამდე“ მისვლას წინ უსწრებს მთელი რომანი, რომლის დასასრულიც, რაღაც მხრივ, პერსონაჟ ჟოანას დასასრულიცაა, თუმცა არ გამორიცხავს მკითხველის ინტერპრეტაციაში მისი მომავლის რეკონსტრუქციას. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟოანა, რომელიც ერთი ცხოვრების, ერთხელ ცხოვრების ტრაგედიითაა შეძრული, აუცილებლად იპოვის ღმერთს, რადგან მის საპოვნელად მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს – მან ღმერთს მოუხმო – მაგრამ ეს ღმერთი არ იქნება რელიგიური სუბსტანცია, არამედ ღმერთი საკუთარ თავში და ჟოანა კი აღარ იქნება „ღამე ვარსკვლავების გარეშე“, არამედ ფეხზე წამომდგარი „ლამაზი და ძლიერი კვიცი“.
ჟოანას ცხოვრებისეული გზის ბოლოს, ტექსტის დასასრულს იკვრება ნაწარმოების ეპიგრაფად გამოტანილ ფრაზაში ჩამოთვლილი სამეული: „ის იყო მარტო. უგულებელყოფილი, ბედნიერი, ცხოვრების ველურ გულთან ახლოს.“ ჩვენ ჟოანასთან ერთად გავდივართ ვიწრობილიკებიან გზას, რომანის საგნობრივი შრეების აქტუალიზებით ვამჟღავნებთ დაფარულ ადგილებს, შევიგრძნობთ მარტოობის, უგულებელყოფილობისა და ბედნიერების ძალას. ზუსტად ასე ვუახლოვდებით ცხოვრების ველურ გულს: ბოლოს კი მას დავინახავთ, რაც სხვამ არავინ იცის.