თბილისის წიგნის 27-ე საერთაშორისო ფესტივალი 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის წიგნის ოცდამეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 2025 წელს, 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.