თბილისის წიგნის ოცდამეოთხე საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის გამო, 2020 წლის თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. 2021 წელს კი არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და შეძლო ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარება ფიზიკური სახით.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. იგი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. ფესტივალის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და ზოგადად საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.