TIBF 2019: ფინეთი

30/05/2019 -
Expo Georgia

2019 წლის თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა გახლდათ ფინეთი. ფოკუს ქვეყნის პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ „ფილის“ (FILI-Finnish Literature Exchange) ორგანიზებით განხორციელდა.

2014 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი – “Finnland. Cool.” – სწორედ „ფილის“ ხელმძღვანელობით განხორციელდა და ფინეთი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საპატიო სტუმარ ქვეყნად ითვლება. 2019 წელს, აღნიშული პროექტის 5 წლის თავზე ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდმა დაგეგმა ღონისძიებების სერია სლოგანით - „ჩაუყარე საძირკველი მომავალს“ (“build a structure for the future“). სწორედ ამ ღონისძიებების სერიის ფარგლებში განხორციელდა თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტიც.

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ ფინელი მწერალები: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი. ფესტივალის ფარგლებში ფინელმა ავტორებმა გამართეს შეხვედრები და პანელ დისკუსიები ქართველ მწერლებთან ერთად. ფინეთის, როგორც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყნის პროექტის ფარგლებში თბილისს ეწვია ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ფინურ-შვედური გამომცემლობის Forlaget ხელმძღვანელი ფრედრიკ რაჰკა, რომელიც გახლავთ საქართველოში კარგად ცნობილი საბავშვო მწერლის ტუვე იანსონის გამომცემელი და „მუმინ ჩერიქთერზის“ (Moomin Characters) საგამომცემლო დირექტორი. ფესტივალის ფარგლებში ფრედრიკ რაჰკამ გამართა შეხვედრა, სადაც ისაუბრა ტუვე იანსონისა და „მუმინების“ თავგადასავლისა და წარმატების შესახებ.