საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალზე.
ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში.
ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებები ლაივ რეჟიმშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა ფესტივალის ვებ-გვერდზე და ჩვენ ციფრულ პარტნიორ veli.sotre-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store.