საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს 12:00-ზე გაიხსნება.
წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და საბავშვო აქსესუარები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.
ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა, ამიტომ აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.
თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას, მათ შორისაა ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.
უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფოკუს ქვეყნის სტატუსს.
გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. ფესტივალი გასული წლის მსგავსად, წელსაც ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, ვებ გვერდზე tbilisibookfestival.ge საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.
ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თიბისი. ფესტივალს მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმა ველი.