თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება!
თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის
მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიაში“ უმასპინძლებს.
2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებული სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით ხვდება. პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ტრადიციულ, ფიზიკურ ფორმატს უბრუნდება: 50-ზე მეტი მონაწილე (მათ შორის გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა
ტიპის ორგანიზაციები); 100-მდე ლიტერატურული ღონისძიების 100-ზე მეტი მონაწილე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატორი და ხელოვანი ფესტივალის მთავარ სცენაზე; ტრადიციული, განსაკუთრებული პროგრამა პატარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ საბავშვო სივრცეში ფესტივალის მეგობარ „თიბისისთან“ ერთად - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლებიც წელს „ექსპო ჯორჯიაში“ გელით.
2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და ერთგულ დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინ ღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ. ფესტივალის სტუმრებს ოფიციალურ გახსნაზე ვიდეო მიმართვით მიესალმება გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.
ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი 2018 წელს საქართველოსგან გადაიბარა. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული სტატუსით იგი 2022 წლის ფესტივალზე ისარგებლებს. მიუხედავად ამისა, თურქეთის ფოკუს ქვეყნის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი მცირე დელეგაციით ეწვევა წლევანდელ ფესტივალს და ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში
დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის მკაცრად გასაკონტროლებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა. ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge
აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ. რიგით 23-ე ფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, აღნიშნულ ვებ გვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.
ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.