თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25-27 სექტემბერს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნა და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცა.

თბილისის წიგნის ფესტივალში მონაწილეობა 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღო. თითოეულმა მათგანმა მკითხველებს სპეციალური საფესტივალო ფასდაკლება შესთავაზა. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებგვერდზე www.gpba.ge.

ფესტივალის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა შესაძლო რისკის შეფასების შედეგად და პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი რისკის შემცველი გახდა როგორც ფესტივალის მონაწილეების, ისე სტუმრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური სახით 22-27 სექტემბერს ExpoGeorgia-ში უნდა ჩატარებულიყო.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. ფესტივალის მეგობარია თიბისი.